Tuesday, December 25, 2012

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მეორე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
           წერილი მეორე -- საბჭოთა სინამდვილე
პირველ წერილში ვამბობდი:  ჩემზე უკეთ იცით-მეთქი, ყველაფერი, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.  ისიც დავძინე, რომ ცოდნას მხოლოდ მაშინ აქვს  ფასი, როცა მისი გამოყენება შეგიძლია. ანუ, როცა შეგიძლია, ამ ცოდნის ბაზაზე ლოგიკური მსჯელობა და მოცემულ სიტუაციაში ოპტიმალური არჩევანის გაკეთება.
წერილის ბოლო ნაწილში კი აღვნიშნე, რომ თუ საზოგადოებას სურს, რომ მისი პატივისცემის ღირსი მთავრობა ჰყავდეს, უპირველეს ყოვლისა,  ამ საზოგადოების თითოეულმა წევრმა  უნდა გაიაზროს ღირსების ცნება და შემდეგ დაფიქრდეს, რამდენად მიესადაგება ეს ცნება მის პიროვნებას.
ყოველი ტირანული სახელმწიფი, უპირველესად, თავისი მოქალაქეების ღირსების აყრას ცდილობს, რადგან ღირსებააყრილი ადამიანი ადვილი დასამორჩილებელია. შორს რომ არ წავიდეთ, მოდით, ჩვენი ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო პერიოდი -- საბჭოთა სინამდვილე გავიხსენოთ.
70-იანი წლების ბოლოს, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდით, მე და ჩემი თანაკურსელი სადიპლომო ნაშრომზე სამუშაოდ   მათემატიკის ინსტიტუტს მიგვამაგრეს. იმ პერიოდში მოსკოვის ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტიდან რამდენიმე თანამშრომელი იყო ჩამოსული მივლინებით. მე და ჩემი მეგობარი დილიდან საღამომდე თავჩაღუნული ვმუშაობდით, რომ მოგვესწრო ნაშრომის დამთავრება. ერთ დღეს გვიყურა ერთ-ერთმა ჩამოსულმა ახალგაზრდა კაცმა, მეორე დღეს გვიყურა,  მერე მიუბრუნდა თავის თანამშრომელ ქალებს და ხმადაბლა ეუბნება:  Видите, как они работают, не то что вы, что вяжете целый день.  გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ასეთი რამ არ მქონდა ჯერ ნანახი. თურმე, სად ხარ?  როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და მეც სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, მაშინ მივხვდი, რომ ეს  ჩვეულებრივი ამბავი იყო: თუ თემაზე ათ ადამიანს უნდა ემუშავა, აქედან მაქსიმუმ სამი მუშაობდა, ხოლო დანარჩენები ან ქსოვდნენ ან თამაშობდნენ. თვის ბოლოს კი დამშვიდებული სინდისით იღებდნენ ხელფასს. მეტიც, აბა, გაებედათ და  პრემია მხოლოდ მათთვის მიეცათ, ვინც  მუშაობდა, ისეთ ამბავს ატეხდნენ! ..
 ჰოდა, მე ვფიქრობ, ამას რომ შეეჩვევა ადამიანი -- უსაქმურობაში ხელფასის აღებას,  ეს უკვე ერთი ნაბიჯია უღირსებისკენ.
შემდეგ სამი ასეთი ტიპის სამსახური გამოვიცვალე და ყველგან იგივე ხდებოდა. სულ ბოლო მაინც ყველაზე კომიკური იყო.  იქ გადასვლიდან ერთ კვირაში ვიკითხე: ეს სად მოვხვდი, ცისფერი მთებია-მეთქი? რა თქმა უნდა, მაშინვე მიურბენინეს დირექტორს ამბავი, შედეგმაც არ დააყოვნა და 1989 წლის  9 აპრილის შემდეგ, როცა სამსახურებიდან გასაშვები ხალხის სიები დგებოდა, იმ სიაში პირველი ჩემი გვარი ეწერა.  სხვათა შორის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, როცა მოსკოვისა და ლენინგრადის დაქვემდებარების სამეცნიერო ინსტიტუტებიც დაიშალა, ამ ჩვენმა დირექტორმა ინსტიტუტის ქონება მიითვისა და მილიონერი გახდა. გამდიდრების ეს მეთოდი პოსტსაბჭოთა სივრცეში  აპრობირებული საშუალება იყო.
დამეთანხმებით,  აქ  უკვე ღირსებაზე  ზედმეტია ლაპარაკი . . . 

დღეს უყვართ საუბარი უფასო საბჭოთა განათლების სისტემაზე, როგორც რაღაც საუკეთესოზე. მიკვირს, ნუთუ აღარ ახსოვთ მოვლენა, რომელსაც ძნელად მოეძებნება მსოფლიოში ანალოგი: კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში, პერიოდი, როცა დამკვიდრდა ტერმინი -- უმაღლესში მოწყობა. ზოგიერთ ინსტიტუტში ამ სიმახინჯემ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ   თვით სემესტრთშორის  გამოცდებზეც  კი ნიშნები იყიდებოდა.   საქართველოში   საკმაოდ მაღალი ტაქსა იყო, ამიტომ გარბოდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში: იქ ერთი ბოთლი არაყიც საკმარისიაო. და ამ სისაძაგლეს ჩადიოდნენ მასწავლებლები, ლექტორები, პროფესორები.  მერე უკვირდათ: რატომ არ ფასობს საბჭოთა დიპლომი ცივილიზებულ ქვეყნებშიო.
ჰო,  უფასოზე გამახსენდა -- სამედიცინო მომსახურება. მოდით, მოკლედ ჩამოვთვლი ზემოდან ქვემოთ: ოპერაციაში, სასწრაფოს გამოძახებაში, თვით საავადმყოფო ფურცელში, სინამდვილეში, ფული უნდა გადაგეხადა. ახლა შემომედავებით, ის რა ფული იყო, ამასთან შედარებით, ახლა რომ არის გადასახადიო. ჯერ ერთი, მაშინდელი მაღალი ხელფასი 200 მანეთი იყო,  მეორე --  ის ფული ჩვენ უკვე გადახდილი გვქონდა მრავალრიცხოვანი  გადასახადის სახით,  სინამდვილეში იქვითებოდა შემოსავლის 80%-ზე მეტი, როგორც შემდეგ გაირკვა და არა 10%, როგორც ოფიციალურად იყო ცნობილი ; მესამე --  ექიმია თუ პროფესორი, ჯიბეში ფულის ჩაცურებას რომ ეჩვევა, განა,  ეს მის ღირსებას არ აკნინებს?
ახლა -- ორიოდე სიტყვა ქურდულ სამყაროზეც:
მე-6 თუ მე-7 კლასში ვიყავი, როცა „გამომძიებლის ჩანაწერები“ წავიკითხე , იმ პერიოდში  საკმაოდ პოპულარული წიგნი იყო. მწერალს, ასე მახსოვს, რუსული გვარი ჰქონდა. იქ მოთხრობილმა ერთმა ამბავმა ისე გამაკვირვა, რომ მერე დიდი ხნის მანძილზე სულ მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და დღემდე  მახსოვს.
 სიტუაციაში გასარკვევად მოკლედ მოგითხრობთ:
უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმარს აბანოში მოპარავენ ძვირფას პორტსიგარას, რომელიც მისთვის ორმაგად ძვირფასია, რამდენადაც  საგვარეულოა. ცხადია, შეიძვრება მთელი საგამომძიებო სისტემა,  რადგან, შეგახსენებთ, რომ საბჭოთა პერიოდში უცხოელი სტუმარი მართლაც უცხო ხილი იყო, იშვიათობას წარმოადგენდა. და აქედან იწყება მთავარი, სწორედ ის, რამაც მე გამაოცა: გამომძიებელი იბარებს ცნობილ „კანონიერ ქურდს“,  მისი დახმარებით პოულობს მოპარულ ნივთს და მისივე მოხერხებით ისე ჩუმად უდებენ ჯიბეში,  რომ უცხოელს ბოდიშებსაც კი ახდევინებენ
თქვენ, შესაძლოა , ახლა ჩემმა გაოცებამ გაგაკვირვოთ. რა არის ამაში ახალი, ეს
ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყოო. დიახ, საქმეც ის არის, რომ იმ ფენომენს, რაც ჩემთვის, როცა ბავშვი ვიყავი, გასაკვირი და მიუღებელი იყო, საზოგადოება შეჩვეული, შეგუებული იყო მაშინაც და  მას შემდეგაც, როცა, თითქოს, რელიგიური გახდა.
თუმცა, ორმაგ მორალზე სხვა დროს მოგახსენებთ . . . 
ახლა კი დავუბრუნდები ისევ იმ პერიოდს.
 როცა  შინაურები აღარ მოვასვენე შეკითხვებით,  დედაჩემმა  უფრო საოცარი რამ მიამბო, რომელიც თავისი მოსწავლეობის პერიოდში  თელავის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს შეემთხვა:
 მატარებლით მგზავრობისას მან დაკარგა ორი დიდი ჩემოდანი, რომელიც ახლადშეძენილი ნივთებით იყო სავსე. აქეთ ეცა, იქით ეცა, ცხადია, ვერ იპოვნა. შემდეგ საქმეში ჩახედული ადამიანების რჩევით დაიბარა თავისივე სკოლის   მოსწავლე, რომელიც  ქურდულ სამყაროსთან იყო კავშირში და მას სთხოვა დახმარება. ჩემოდნები,  დაიბრუნა, მაგრამ,  ცხადია, ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო.
 მოდით, ახლა ერთად ვიფიქროთ შედეგებზე: რა ავტორიტეტი უნდა შერჩენოდა იმ სკოლის დირექტორს და როგორი „გმირი“ შეემატა საზოგადოებას  მოსწავლის სახით. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს წერილი ღირსებას ეხება . . .
შემდეგ და შემდეგ, უკვე აღარ მაკვირვებდა ეს ყველაფერი, თუმცა, პროტესტის გრძნობა განმიახლდა, როცა ერთ-ერთ ოჯახში მამამ თავის ათიოდე წლის შვილს მხარზე ხელი გადახვია და სიამაყით წარმოთქვა: „ჩემი შვილი ქურდი უნდა გამოვიდეს!“
90-იან წლებში კი სკოლაში მუშაობისას იმის მოწმეც გავხდი ერთ-ერთი  მასწავლებელი მოსწავლეებს შორის ქურდულ გარჩევებში რომ იღებდა მონაწილეობას.

ყოველივე ამის შემდეგ სათქმელად ღირს თუ არა არ ვიცი, მაგრამ  მაინც ჩამოვთვალოთ საბჭოთა სინამდვილის „ტკბილი“ მოგონებანი:  მაღაზიაში  ან წონას დაგაკლებდნენ ან  ხურდას, უფრო ხშირად -- ორივეს, თან ისე უხეშად გექცეოდნენ, თითქოს მათი ვალი გქონდა.
 ღმერთმა დაიფაროს და, თუ რაიმე საბუთი დაგჭირდებოდა, იმდენს გატარებდნენ, რომ თავბედს გაწყევლინებდნენ, წუწუნ-ბუზღუნით ფულსაც დაგცინცლავდნენ და ბოლოს და ბოლოს მჟავე სახით მოგიგდებდნენ საბუთს, თუ მანამდე მოთმინება არ გამოგელეოდა და არ გაიქცეოდი ბრძოლის ველიდან.  ჩემი ნათქვამი თუ გადაჭარბებულად მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ არკადი რაიკინის სკეტჩი, როცა რაღაც საბუთის დევნით გაწამებული ადამიანი ბოლოს ფსიქიატრიულ კლინიკაში მიჰყავთ, ის კი დაუსრულებლად იმეორებს: Справочку, вот такую справочку . . . თან თითების მოძრაობით ნელ-ნელა აპატარავებს წარმოსახვით ცნობას.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად აშენდა იუსტიციის სახლები. ყოფილხართ? გისარგებლიათ მათი სასიამოვნო მომსახურებით? წადით, სანამ გვიან არ არის, თორემ  მგონი დანგრევას თუ გაუქმებას უპირებენ. ჩვენმა მრავალმხრივ განსწავლულმა და სამართლიანობისთვის თავგადაკლულმა იუსტიციის მინისტრმა ხომ ბრძანა: იუსტიციის სახლების აშენება სისულელე იყო, რადგან ეს სახლები ძვირი ჯდება და სხვა არაფრისთვისაა გამოსადეგი, გარდა იმისა, რომ კარგად ემსახურება ხალხსო(?!).  რაღა დავამატო? „მაიმუნი და სათვალე“ მახსენდება . . .

იმპერიას მრავალი მეთოდი აქვს, ადამიანში პიროვნების გათელვისა და ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სახელმწიფო ქონების დატაცებაში  ფართო საზოგადოების ჩართვა.  მაგალითად, როცა აღარ გეთაკილება, ვთქვათ,  დენის მოპარვა.
მამაჩემი ფიზიკოსი იყო და რამდენ სტუმარს, ჩვენს ოჯახში მოსულს, გაჰკვირვებია: კაცო, ფიზიკოსი ხარ და მრიცხველი არ იცი, როგორ გააჩერო? მერე დაუწყია ახსნა.  მამაჩემი ჩაიცინებდა და არაფერს პასუხობდა.
არ ვიცი, ღირს თუ არა საუბარი  ისეთ წვრილმანზე,  სნობიზმი რომ ჰქვია. თუმცა, მის შედეგებს თუ გავიაზრებთ, აღარც წვრილმანად მოგვეჩვენება.
მაშ,  ორიოდე სიტყვა ამ მოვლენაზე:
რამდენიმე ადამიანისგან შედგენილი   ერთი გარკვეული ჯგუფი თავს დანაჩენებისგან აღმატებულად წარმოაჩენს, თითქოსდა, რაღაც თვისებებისა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო, შემდეგ  ამ ჯგუფს ეტმასნება ყველა, ვისაც საკუთარ ღირსებაში ეჭვი ეპარება. ადამიანთა ეს ერთობლიობა ქმნის ფსევდოელიტას, რომელთაც,  პრეტენზია უჩნდებათ, რომ მხოლოდ თვითონ არიან გამორჩეული ადამიანები, მხოლოდ ისინი ფლობენ რაღაც ჭეშმარიტებას, რასაც სხვა ვერ შეწვდება.
ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი  იყო ამ ფსევდოელიტარული აზროვნების ნაცვლად თანაბრობის შეგრძნების დამკვიდრება. მაგრამ თანაბრობის მნიშვნელობას რომ მიხვდე, ღირსება უნდა გაგაჩნდეს ადამიანს.

შევარდნაძის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა მან დემოკრატის იმიჯი მოირგო და ისე დაგვიბრუნდა, ყველა უკეთურება  აღმატებულ ხარისხში ავიდა და არნახული მასშტაბები მიიღო. ეს იყო უკანონობის, აღვირახსნილობის, სისასტიკის, მოკლედ, ბოროტების თარეშის პერიოდი, სრული ანარქია.  ამ თემაზე აქ აღარ გავაგრძელებ -- შემდეგ წერილში მოგახსენებთ . . .

ამ  წერილებს   გულისტკივილით ვწერ და  ნამდვილად არ მინდა  ვინმეს განაწყენება.  ცხადია, მეც ამავე საზოგადოების წევრი ვარ და ამიტომ, ვაცნობიერებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას.  უბრალოდ, მინდოდა კიდევ ერთხელ  გადაგვევლო თვალი  მორალის რა დონე იყო საზოგადოებაში 2003 წელს, როცა  ხელისუფლებაში მოსული სულ ახალგაზრდა გუნდი სახელმწიფოს მშენებლობას შეეჭიდა.
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
01.12. 2012

No comments:

Post a Comment