Tuesday, November 9, 2021

გოლგოთა

 

ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ (მანამდეც), დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მუდმივად მეორდება გოლგოთას მისტერია. ისტორიკოსი არ გახლავართ და ახლა არც სურვილიც მაქვს  ისტორიულ თუ გეოგრაფიულ წიაღში ვეძებო მაგალითები.

გავიხსენებ მხოლოდ საქართველოს უახლეს პერიოდს.

მანამდე გოლგოთას მისტერიის არსი გავიხსენოთ. ეს არის ქრისტეს მიერ განვლილი გზა მისი შეპყრობის შემდეგ, დაცინვა, აბუჩად აგდება,  წამება, საწამებელი იარაღის, ჯვრის აკიდება,  გოლგოთის ბორცვამდე სიარული, შემდეგ ჯვარზე გაკვრა, ლახვრით გვერდის განგმირვა და სიკვდილი, რასაც ქრისტეს აღდგომა მოჰყვა. ეს  გზა ქრისტემ ნებაყოფლობით განვლო.  მან თქვა, რომ ამით იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და ყველა მის მიმდევარს მოუწოდა, ჩემი გზა განვლეთო.     

ახლა, საქართველოს უახლესი ისტორია. ილია ჭავჭავაძე, რომლის მკვლელობასაც წინ უძღოდა ათასგვარი სიბინძურის გავრცელება მისი მისამართით, ანუ ფსიქოლოგიური წამება. მისი მკვლელები ამაყობდნენ კიდეც ჩადენილი დანაშაულით. მხოლოდ  ათწლეულების შემდეგ  მოხდა ამ საშინელი მოვლენის გააზრება და ილიას აღიარება წმინდანად, ანუ  ქრისტეს მიმდევრად.

ზვად გამსახურდია. მის მკვლელობას წინ უძღოდა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური წამება. ახლა იმ ადამიანებს, რომლებიც მას ებრძოდნენ, ჩვენზე, მის  მომხრეებზე აღმატებულ ზვიადისტებად  მოაქვთ თავი.  გავა კიდევ რამდენიმე წელი, და ზვიად გამსახურდიას მიეგება ის პატივი, რაც მას, როგორც  პირველ პრეზიდენტს ეკუთვნის და ამავე დროს ის აღიარებული იქნება წმინდა მოწამედ.

და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი. მან ნებაყოფლობით აიღო ეს ტვირთი საკუთარ თავზე. იგი გადის დამცირების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების გზას და ამაზე პასუხისმგებლობა, მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე, თითოეულ ჩვენგანს აკისრია.

და ეს ხდება მთელი ცივილური სამყაროს თვალწინ. იმ ქვეყნების თვალწინ, რომლებიც მსოფლიოს წინაშე კეკლუცობენ თავისი ქრისტიანობით...

როგორ დამთავრდება ეს ამბავი? არ ვიცი. ცხადია, ჩემი უდიდესი სურვილია, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს,  აქ  და ახლა.