Thursday, January 9, 2014

კირიონი, ამბროსი და... კაიაფა


კირიონი, ამბროსი და... კაიაფა

ახლა,  როცა თითქოს ყველაფერი ძალიან ცუდად არის. როცა ხელისუფლებაში სოციალისტური შეფერილობის სუბიექტები მოვიდნენ, რომლებიც ხალხის კეთილდღეობაზე მხოლოდ  და მხოლოდ ლაქლაქებენ და მათი ერთადართი საზრუნავი,  სინამდვილეში,  საკუთარი ბიუჯეტის გაზრდაა; როცა უმრავლესობის ცნობიერება სომნაბულურ მდგომარეობაში გაიყინა და საქმე იქამდეც კი  მივიდა, რომ ერთმა გაურკვეველი შინაარსის ფრაზამ მასები დაძრა და უსასრულო რიგში ჩააყენა . . .
მე,  ამ დროს, ოთხმოციანი წლების ბოლო მახსენდება და გოგი ცაბაძის ერთი სიმღერა. კერძოდ,  ეს სიტყვები:  „ჩემი ქვეყნის სამშვიდობო დღე დგება“... სიგიჟეა? ალბათ, არ ვიცი, მაგრამ, განწყობაც რომ  შესაბამისი მაქვს... მაშინაც სწორედ ასე იყო, რაღაც დიდის და ნათელის მოახლოების შეგრძნება მქონდა წინა წლებში, სანამ ქვეყნის  გამოფხიზლების პერიოდი დადგებოდა  და დაიწყო კიდეც . . .  ეროვნული მოძრაობა დაიწყო . . .  ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ულამაზესი ხანა. და მე გულწრფელად მეცოდება ის ადამიანები, რომლებმაც იმ წლების სიდიადე ვერ შეიგრძნეს და გულგრილები დარჩნენ ამ მოძრაობის მიმართ; უფრო მეტად ისინი მეცოდება, ვინც კბილებს აღჭიალებდა და მუშტებს კუმშავდა ბოღმით და რისხვით აღვსილი; ყველაზე მეტად კი ისინი მეცოდება, ვისაც ხელში იარაღი ააღებინეს და სისხლში ჩაახშობინეს ამდენი ხნის ნანატრი და ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება . . .

დღეს კი სახელმწიფო ინსტიტუტების მეთოდური განადგურება მიმდინარეობს, თუმცა,  ოსტატურად და უმტკივნეულოდ. ასე მგონია, მასობრივი ანესტეზია ჩაუტარეს მოსახლეობას.

და  მაინც . . . ჩემი ქვეყნის  სამშვიდობო დღე დგება. . .  დიახ, ეს გარდუვალია და, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მუდმივად შეინარჩუნებს მართვის სადავეებს, ო, რა მწარედ, როგორ მწარედ ცდება!


ფანატიზმი და ნიჰილიზმი. . . ერთი შეხედვით, თითქოს ანტონიმებია, მაგრამ,  ფანატიზმი გაცილებით საშიში მოვლენა ყოფილა. თუმცა, ორივეს გაუნათლებლობა კვებავს . . . 

და  მაინც . . . ჩემი ქვეყნის  სამშვიდობო დღე დგება. . . რისი იმედი მაქვს? არ ვიცი . . .

კირიონი  -- თავისუფალი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პატრიარქი, მოკლეს  დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის  ბრძოლის გამო . . .
ამბროსი  -- შეეწირა თავისუფლებისთვის  ბრძოლას . . .

კაიაფა და მისი მიმდევრები: „ჩვენ არ გვყავს მეფე კეისრის გარდა“. . .

ეს ლექსი კი მაშინ მომიფრინდა, როცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე შეტრიალდებოდა საქართველოს ბედი.

ჰიმნი   თავისუფლებას
თავისუფლება . . .  სულს სწყურია თავისუფლება,
თავისუფლება   --  უსასრულო,  დაუსაბამო,
თავისუფლება   --   ნიჭი ღმერთთა და შემოქმედთა,
თავისუფლება   --   თვით სიწმინდის ძირი უძირო.
თავისუფლება   --   მიუწვდომი ჩინებულთათვის,
თავისუფლება   --   ნათლის სვეტი, სვეტი  უჩრდილო,
თავისუფლება   --   თვით უსაზღვრო,  ზღვარი ურჩთათვის,
თავისუფლება   --   უჩინოთა ჩინი უჩინო.
თავისუფლება   --   გაჭენებულ კენტავრის დარი,
თავისუფლება   --  უნაპირო, უკიდეგანო,
თავისუფლება   --  კამკამა წყლის  უხვი   ჩანჩქერი,
თავისუფლება   --   უბიწო და თითქოს უბრალო.
თავისუფლება   --   აზრთა ბრძოლა სიმართლისათვის,
თავისუფლება   --   ღირსეულთა ჟამი უჟამო,
თავისუფლება   --  ამაღლებულ სულთა სავანე,
თავისუფლებავ,      შემოგევლოს მთელი სამყარო!
26 იანვარი (დავით აღმაშენებლის ხსენების დღე)
  2012 წ.

და  მაინც . . . ჩემი ქვეყნის  სამშვიდობო დღე დგება. . .

სიყვარულით  --  ნატალია ბუკია
მოძრაობა „რუსეთი არ არის ერთმორწმუნე!!!“
10.01.2014