Monday, September 23, 2013

ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია


ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია

20  სექტემბერს გადაცემა „პოზიციაში“ კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა(?)  განაცხადა: არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდებაო.  გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავ: ფრჩხილებში ჩასმული კითხვის ნიშანი ამ პოლიტიკოსის კვალიფიკაციას დავუსვი.
როგორც ჩანს,  ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა, ზოგიერთ ასეთ პოლიტიკოსს აფიქრებინა, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა პოლიტიკურად ბნელია.   მაშ, რას ნიშნავს „კოჰაბიტაცია დასრულდება“? თუ კოჰაბიტაცია დასრულდება, რა დაიწყება, კონფრონტაცია, თუ ბრეჟნევის უძრაობის პერიოდი?  ანუ განხვავებული პოზიციის ადამიანებს შორის ხელჩართული ბრძოლა იქნება თუ აღარ იარსებებს განსხვავებული აზრი?
მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ კოჰაბიტაცია არც დაწყებულა. იყო გარკვეული მცდელობა წინა ხელისუფლების მხრიდან: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, რომლის შედეგადაც ბევრ ადამიანს შეეცვალა შეხედულება როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიმართ; შეთავაზებები კონსულტაციებზე. განსაკუთრებით, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის წარმოების საკითხებში. მაგრამ, სამწუხაროდ -- უშედეგოდ.  მინდა, განვაცხადო: ამ ყველაფერს მოსახლეობა ხედავს და სათანადო დასკვნების გამოტანაც არ უჭირს. ამიტომ, „ახალ“ ხელისუფლებას მივმართავ: ნუ გათვლით თქვენს წარმატებას   მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილის გულისმოგებაზე, რომელშიც პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ  დაბალია. ასეთი გზით მიღწეული წარმატება  ხანმოკლე იქნება, რადგან   დღეს ძალიან სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია, და შესაბამისად იცვლება ადამიანების შეხედულებები.  დემოკრატია  განსხვავებული აზრის მქონე  ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების  კულტურის ამაღლების უწყვეტი  პროცესია, რასაც სწორედ კოჰაბიტაციას უწოდებენ ცივილურ ქვეყნებში.  
მოსახლეობის უმეტესობას  ყველა ქვეყანაში და ცხადია, მათ შორის, აქაც, თანამოქალაქესთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩევნია, სადაც ყველა ადამიანს აქვს საშუალება გამოთქვას თავისი აზრი და დაიცვას თავისი უფლებები.  ასეთი გარემოს შექმნას კი ხელს უშლის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ცინიკურ-იქედნური გამონათქვამები მათგან  განსხვავებული აზრის მქონე პირთა მისამართით, მით უმეტეს, როცა ეს პირი სახელმწიფო ინსტიტუტის სახეა.   ასეთი პრეცედენტები  ქვეყანაში ინსპირირებს  ქაოსს, უხამს და  ხულიგნურ გამოხდომებს, რასაც პრაქტიკულად ვხედავთ.
ნატალია ბუკია
მოძრაობა „რუსეთი არ არის ერთმორწმუნე!!!“
23.09.2013