Tuesday, December 25, 2012

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მეექვსე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეექვსე -- დემოკრატიის საწყისები
2003 წლის  რევოლუციას, გულახდილად გეტყვით, ერთგვარი სკეპტიციზმით შევხვდი, რადგან  როგორც ზემოთ ვთქვი,  უშუალოდ ვერ ვადევნებდი თვალს მიმდინარე მოვლენებს და ის, რაც აქეთ-იქიდან მესმოდა, მორიგი ფარსი მეგონა.
იმავე წლის ბოლოს ჩემი  თანამშრომლისგან  გავიგე, რომ ცხადდებოდა კონკურსი ეთნიკური და რელიგიური შემწყნარებლობის პროგრამაში ჩართვისთვის  და მისივე რჩევით მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა, როგორც კულტურის ინსტიტუტის პედაგოგმა, მოვხვდი ჯგუფში  და  2004 წლის მაისში ამ ჯგუფთან ერთად  გავემგზავრე აშშ-ში.
ბავშვობიდან თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო ჩემთვის უმთავრესი.  ცხადია, თავისუფლებისკენ  სავალ  რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე   გზაზე  სიარულისას ბევრი გამოცდა ელის ადამიანს. ამიტომ, სკოლაშიც, სტუდენტობისასაც და შემდეგაც, სამსახურის პერიოდში, ბევრი უსიამოვნება შემხვედრია.  მაგრამ,  როცა ბედმა ინება და იმ ქვეყანაში მოვხვდი, რომელშიც თავისუფლების ხარისხი  დედამიწაზე არსებული ქვეყნების თავისუფლების ხარისხს, მართლაც ბევრჯერ აღემატება, მივხვდი, რომ მაინც საბჭოთა დაღი მაქვს დასმული, რომლის დაძლევა არ არის მარტივი.
ტოტალიტარულ ქვეყანაში გაზრდილ ადამიანს დიდი ძალისხმევა, მენტალური რევოლუცია სჭირდება, რომ ჩაწვდეს ნამდვილი დემოკრატიის  ფასეულობებს, ზუსტად შეაფასოს ისინი და თავისი ქვეყნის ტრადიციების ფონზე გაიაზროს მათი მნიშვნელობა.
 პროგრამა ხორციელდებოდა მასაჩუსეტსის  შტატის ქალაქ ამჰერსტში, სწავლებისა და განვითარების ინსტიტუტის მიერ. მისი ხელმძღვანელი იყო მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის თანამშრომელი ბ-ნი სტივენ ჯონსი. აღნიშნული შტატი გამორჩეულია თვით აშშ-სთვის, როგორც ყველაზე პროგრესული რეგიონი.
პირველივე წუთებიდან ვიგრძენი, რომ მოვხვდი ქვეყანაში, რომლისთვისაც უმთავრესი ფასეულობა ადამიანი და მისი ღირსებაა.  უპირველესი საზრუნავი   თანამოქალაქეთა სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღეა.   სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც  უზიარებენ  თავიანთ გამოცდილებას განსხვავებული  აზრის, აღმსარებლობის, თუ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი  თანაარსებობის მშენებლობაში.
მოახლოებული იყო პრეზიდენტის  არჩევნები.  ჩვენ გვიხდებოდა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში მისვლა.  და რამაც გამაკვირვა  იყო ის, რომ ყველგან დაუფარავად აკრიტიკებდნენ თავიანთ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ერაყში ომის დაწყების გამო. მაგრამ,  ეს კრიტიკა იყო სრულიად კონკრეტული ომის გამო და არა მისი პიროვნული თვისებებისა თუ რაღაც დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, ამავე დროს, იგრძნობოდა პატივისცემა თვით პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ --  მისი პიროვნების  ღირსების შეურაცხმყოფელი არც ერთი ფრაზა არ თქმულა.
დემოკრატიას, როგორც თავისუფლებას, თავისი კრიტერიუმები აქვს. ისევე, როგორც თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, დემოკრატიასაც აქვს თავისი ეთიკური ნორმები, რომლის დარღვევა ანარქიას იწვევს. დემოკრატიის ჩამოყალიბებას მხოლოდ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ რთულ პროცესში საზოგადოების იმ ფენას ეკისრება, რომელიც ყველაზე მეტი ნდობით და გავლენით სარგებლობს სოციუმში, ანუ -- კულტურულ, რელიგიურ თუ საგანმანათლებლო კერებს.
დემოკრატია,  გასაგები მიზეზების გამო, მთლიანად ქრისტიანულ ფასეულობებზეა აგებული. მისი ფუნდამენტური პრინციპები, როგორც ქრისტიანობისა, არის ღირსება, ზნეობა,  თავისუფლება.
მე შემთხვევით არ დამიწყია ჩემი წერილები საბჭოთა პერიოდისა და 90-იანი წლების მოგონებებით. იმ ეპოქაში ჩამოყალიბებული ადამიანისთვის ისეთი, თითქოს, მარტივი  ცნებაც კი, როგორიც არის ზნეობა, შესაძლოა, სადავო გახდეს.  მაგალითად, როცა შენ უშუალო  მოწმე ხდები რაიმე დანაშაულისა და ამის შესახებ შეატყობინებ სამართალდამცავ ორგანოებს, ცივილურ ქვეყანაში ამას  მოქალაქეობრივი ვალის მოხდას უწოდებენ, ხოლო ჩვენთან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ბევრი ადამიანი ამ ქმედებას „ჩაშვებას“  უწოდებს. მაგრამ, როცა რაღაც დაუსაბუთებელი ბრალდება გაჟღერდება  ცნობილი ადამიანისა თუ თანამდებობის პირის მიმართ, და შენ ამას კაჭკაჭივით იმეორებ, თუმცა, მტკიცებულებები არ გაგაჩნია, მაგრამ,  ერთი სული გაქვს, რომ ეს ბრალდება მართალი აღმოჩნდეს, ეს სრულიად მიღებული ნორმაა აქ.  დემოკრატიულ ფასეულობებთან კი ამას არავითარი საერთო არა აქვს. სამწუხაროდ,  ჩვენთან, წინასაარჩევნო პერიოდში  დაუსაბუთებელი , ცრუ ბრალდებებით  გამოირჩეოდა ოპოზიციური მედია-საშუალებების დიდი ნაწილი.  ცივილურ საზოგადოებაში ისინი უბრალოდ გაკოტრდებოდნენ, რადგან მათ არავინ მოუსმენდა.
დემოკრატიული საზოგადოებისთვის პიროვნების  დამნაშავედ გამოცხადება მიუღებელია, მანამდე, სანამ მისი დანაშაული სასამართლოს მიერ საბოლოოდ არ დამტკიცდება. ორჯერ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ამ საქმეს, როცა ეს მაღალი თანამდებობის პირს ეხება.
სრულიად  განსაკუთრებულია ცივილური საზოგადოების დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.  როგორც დროშა და გერბი, პრეზიდენტიც, როგორც ქვეყნის სიმბოლო, უდიდესი  პატივისცემით სარგებლობს და მეტიც, მისი ღირსების შელახვას თითოეული მოქალაქე საკუთარ შეურაცხყოფად აღიქვამს.
ამას წინათ, რაღაც გაზეთს გადავხედე და ვიღაც საეჭვო რეპუტაციის მქონე ქართული წარმომავლობის რუსეთის ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე რაღაცას  ჭორაობს. უბედურება ეს არ არის, უბედურება ის არის, რომ ამ სიბინძურეს ქართული გაზეთი ბეჭდავს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამ გაზეთს  ხალხი ყიდულობს და ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ვინც ამ სისულელეებს გაუთავებლად იმეორებს, საწინააღმდეგო აზრის გაგონებაც კი არ სურს.
ცივილური ქვეყნის მოქალაქეები  იმ ვიღაც ჟურნალისტს საკადრის  პასუხს გასცემდნენ . . .
პირველივე წერილში ვწერდი, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრი სამხილი არსებობდა შევარდნაძისა და მისი კრიმინალური ბანდის წევრების მიმართ, მაგრამ, ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ გადაჰყვა.  ეს იყო  დემოკრატიული პრინციპების  დანეგვის პრეცედენტი. თუმცა,  რევოლუციით მოსული ხელისუფლების უფრო ხისტად მოქმედების ფორმატიც არ აღიქმებოდა  გადაცდომად,  თვით უცხოელი პარტნიორების თვალშიც კი, რადგან  ისედაც ნათელი იყო შევარდნაძის რეჟიმის სრული უსამართლობა.
დღეს კი მე მრცხვენია,  რომ ჩემს ქვეყნას ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცივილიზებული ქვეყნების ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას აპრიორულად აცხადებს, რომ ხელისუფლება, რომელმაც მას მშვიდობიანად, და მეგობრულადაც კი, გადააბარა თანამდებობა, კრიმინალური იყო და ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მაღალჩინოსნებს აპატიმრებენ (!)
დემოკრატიული  საზოგადოება არაფრით არ დაუშვებდა იმას, რაც აქ ხდება:   ქვეყნის სამართალდამცავ და უშიშროების ორგანოებს ბიუჯეტს  უმცირებენ,  საიდუმლო დოკუმენტებს ასაჯაროებენ, საეჭვო ვითარების აღმოჩენისას ამ ორგანოებს მოსმენებს უკანონოდ უთვლიან, ჯაშუშებს პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებენ . . . ეს იმ დროს, როცა მეზობლადაა ისეთი ვერაგი მტერი, რომელიც თავისი ხალხის მასობრივ ჟლეტასაც კი არ ერიდება, როცა ეს სჭირდება.  და თუ შესუსტდა უსაფრთხოების დამცველი ორგანოები და ამავე დროს ქუჩაში გამოვიდა ათასობით კრიმინალი, რომელიც ორ კაპიკად შეუძლია დაიქირავოს იმ შენმა მტერმა, ხალხმრავალ ადგილებში ტერორისტული აქტის მოწყობას რაღა აღუდგება წინ?  ასეთი აქტი არაერთხელ დაგეგმა იმ  ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა  და სწორედ სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების ეფექტურმა მუშაობამ აგვაცილა თავიდან მასობრივი უბედურება.  ზოგიერთი მათგანი მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა.  დარწმუნებული ვარ, ბევრი, ალბათ, არც გაახმაურეს, რომ მოსახლეობაში შიში არ დაენერგათ. ახლაკი, ამ  ორგანოებს სჯიან . . . ეფექტურობისთვის.
 ცივილური საზოგადოება ასეთი გულგრილი  და გულხელდაკრეფილი არ იქნებოდა საკუთარი უსაფრთხოების მიმართ.
ჩვენ  . . . ჩვენ   მასონთა  თუ სიონელ ბრძენკაცთა შეთქმულების მითებით  ვართ  გაბრუებული. ამჯერად, უმთავრესი  პრობლემა  მასონური დროშაა. . . 
ცხადია, პარლამენტის წევრებს და მილიარდერებს მოსალოდნელი საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ, ისინი დაცვით და  ბრონირებული მანქანებით დაბრძანდებიან,  რაც მთავარია, მოახერხეს და  პრეზიდენტი დაცვის გარეშე დატოვეს . . . ხოლო თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, რაიმე მასობრივი უბედურება მოხდა, ამაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, ისევ განტევების ვაცი -- ნაცმოძრაობა იქნება! 
ქრისტიანობის ერთ-ერთი სათნოება ჰუმანიზმია.
ამერიკელების ჰუმანიზმი  მართლაც რომ რაციონალურია.  მე ვოცნებობ, სწორედ ასეთ რეალისტურ ქვეყანაში ვცხოვრობდე და არა ისეთ ფსევდოჰუმანურში, სადაც ათობით ახალგაზრდის მკვლელს ციხეში განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭეს და ისეთ პირობებშია, რომელსაც  ბევრი უდანაშაულო თავისუფალი მოქალაქე  ინატრებდა.
მით უმეტეს, საშიშია ასეთი ფსევდოჰუმანიზმის ბაცილა საზოგადოებაში, რომლის დიდ ნაწილსაც  დემოკრატიულ ფასეულობებზე არავითარი წარმოდგენა არა აქვს.
არჩევნების შემდეგ  შევარდნაძის დროინდელმა  ერთმა მაღალჩინოსანმა რიხით განაცხადა: ხალხმა ხმა ივანიშვილს მისცა და არა კოალიციაში შემავალ რომელიმე პარტიასო.  ოღონდ, არ დაუზუსტებია, რომ არა ივანიშვილს, არამედ -- მის მილიარდებს. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც   მოსახლეობის 80% -ზე მეტი უცხადებს ნდობას ეკლესიას.   რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის  პრიორიტეტული უნდა იყოს სულიერი ღირებულებები.  მაშ, საიდან, ასეთი მატერიალიზმი?  საიდან, ასეთი, მაპატიეთ და, სიხარბე და მათხოვრული სული? საიდან, საქართველოს ჭორვილიზაციაზე, ანუ მთელი ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარების რეჟიმზე გადაყვანის ცისფერი ოცნება?
კარგად აღნიშნა, ამას წინათ,  ბ-მა კახა ბენდუქიძემ, მართლაც,  თუ ეს გვინდოდა,  არ ჯობდა, სამოცმილიარდერი  შეიხისთვის მიგვეყიდა ჩვენი სამშობლო?
დღესაც პრემიერმინისტრის მილიარდებს  შესციცინებენ, თორემ სუბიექტი, რომელიც პარლამენტის უხუცესს უპატივცემულოდ მიმართავს, პირველივე დღეს, როცა ჯერ დამტკიცებულიც კი არ არის თანამდებობაზე და ქვეყნის პრეზიდენტს  კი აგდებულად  მოიხსენიებს --„ ეს კაციო“,  ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას.
მას,  დემოკრატიული საზოგადოება,  არც ენდობოდა! რადგან დემოკრატიული საზოგადოება ღირსეული მოქალაქეების ერთობაა, სადაც ბინძურ ჭორებს გასავალი არა აქვს, სადაც, ბ-ნი მერაბ კოსტავას სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ,  თავიანთი ქვეყანა უყვართ და არა თავიანთი თავი ამ ქვეყანაში.
ცხადია, ცივილური საზოგადოების მახასიათებელი ფასეულობები ერთბაშად ვერ აღვიქვი. ზემოთ მენტალური რევოლუცია ვახსენე, მაგრამ, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა -- თავისუფალი ქვეყნის ჰაერის ჩასუნთქვამ დაჩქარებული მენტალური ევოლუცია გამოიწვია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემში საკმაოდ დაძაბულად  და წინააღმდეგობრივად, მაგრამ  მაინც პროგრესულად.
   
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
25.12. 2012 წ.        


No comments:

Post a Comment