Monday, December 29, 2014

რჩევები პუტინს



1996    წელს  ლექსი  მივუძღვენი   „მსოფლიო  პოლიტიკოსს“,  მიხვდით,  ალბათ,  ვისაც  ვგულისხმობ. 
ასე  იწყება: 
შენი  ჯავშანი  თითქოს  მტკიცედ  არის  ნაჭედი,
მილიონ  გვამზე  სისასტიკით  გადაგივლია
  შენი    მსოფლიო  პოლიტიკა    არის  ნაქები“...    და  ა.შ.
  ჰოდა,  წუხელ  გამახსენდა  ეს  ლექსი.    მერე  ვიფიქრე,  პუტინსაც  ხომ  ეკუთვნის-მეთქი  ჩემგან  ერთი  ლექსი  და  აი,  ის,  რაც  გამოვიდა  --  წინასაახალწლო  საჩუქარი:

მახსოვს,  პუშკინმა  ბონაპარტეს  ლექსი  მიუძღვნა, 
მე    შენ  მოგიძღვნი  ამ  სტრიქონებს,  მივბაძავ  პუშკინს,
უკანსკნელი  იმპერიის  იმპერატორო, 
„მესამე  რომის“  ძლიერებავ,  ო,  დიდო  პუტინ!

შენი  ჯავშანიც,  თითქოს  მტკიცედ  არის  ნაჭედი,
მაგრამ,  „მსოფლიო  პოლიტიკის“...  რა  მოგახსენო?
მავთულხლართების  მხლართავი  ხარ,  სწორუპოვარი,
ვინძლო,  ევროპის  სანქციებმა  არ  მოგასვენონ!

შენ  საბჭოეთის  ნამსხვრევები  გარგუნა  ბედმა,
თუმცა,  ოცნებობ  სტალინის  დროს  შექმნილ  „კავშირზე“.
„ოცნებას  არვინ  მოუკლავსო“,  ზოგნი  ამბობენ,
მაგრამ,  მე  გირჩევ,  ეგ სიბრიყვე  ნუ  დაგამშვიდებს!

უკრაინასთან  ომი  რუსეთს  წელში  გადასტეხს
და    ეს  ბრძოლები  შენთვის  არის  „ის   ვატერლოო“,
შემდეგ  კი...  შემდეგ  კავკასიას  უნდა  შეეშვა,
დიახ,  სრულიად  კავკასია    უნდა  დატოვო!

„წმინდა  ელენეს“  კუნძულს,  მენდე,  არ  გაღირსებენ,
საწამლავიც  კი  სანატრელი  შენ  გაგიხდება,
ერთი  გზა  გრჩება:  მონასტერში  უნდა  წახვიდე!
ალბათ,  კირილიც,  მალე,  შენ  იქ  დაგელოდება.

იქ  გაიხსენებთ  გახუნებულ,  წარსულ  დიდებას
და  იმ  სანუკვარ  სსრკ-ს,    რომ  შესწვდით  ლამის... 
მერე  კი...  მერე  დაიტირებთ  „პრავოსლავიეს“,
შენ  და  კირილმა  საქვეყნოდ  რომ  მოსჭერით  თავი.

აჰა,  გითხარი,  სულ  ეს  იყო,  რისი  თქმაც  მსურდა,
ახლა,    წადი  და  ხალხს  მიხედე,  შენს  მშიერ  რუსეთს,
თორემ  თუ  „აღსდგნენ“,  მონასტერიც    უკან  დაგრჩება, 
და  შეეყრები  ჯოჯოხეთურ    ვაებას,  ულევს... 
29.12.2014  წ.
მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“


Tuesday, December 23, 2014

ახლოვდება ქრისტეშობა


დეკემბრის  25  ახლოვდება  და  ისევ  გასული  საუკუნის  ბოლო  მახსენებს  თავს.
რა  იქნებოდა  90-იანი  წლების  დასაწყისში  კირიონი  ან  ამბროსი  რომ  ყოფილიყო  საქართველოს    პატრიარქი?
  სწორედ  მაშინ  იყო  საჭირო  განათლებული,  პროგრესული  მეთაური  საქართველოს  ეკლესიაში.    70-წლიანი  ათეისტური  პერიოდის    (თუმცა,  უფრო  სწორი  იქნება,  ას  სამოცდაათწლიანი  მონობის  და  უიდეობის)  შემდეგ  აუცილებელი  იყო  ხალხისთვის  სწორი  მიმართულების  მიცემა;    მრევლის  გარკვევა  ქრისტიანობის,  საზოგადოდ,  რელიგიის  არსში;  მრევლის  კეთილად  განწყობა  სხვა  აღმსარებლობის  ადამიანების  მიმართ.
გასული  საუკუნის  დასაწყისში,  თავისუფალი  საქართველოს  პირველმა  პატრიარქმა  კირიონმა    აკურთხა  ახალი  სტილის  სამოქალაქო  კალენდარი.    მისი  თაოსნობით  ეკლესიაშიც    იგეგმებოდა  რეფორმები,    მათ  შორის  იგი  აპირებდა  საეკლესიო  კალენდრის  ახალი  სტილით  შეცვლას.  საქართველოს  ეკლესიის  განახლება  სათავეს  დაუდებდა  მის  სრულიად  განთავისუფლებას  რუსეთის  ეკლესიის  გავლენისგან.  სწორედ  ამიტომ  იჩქარეს  კირიონის  თავიდან  მოშორება  და  მოკლეს  იმავე  წელს  --1918-ში,  საქართველოს  რესპუბლიკის  მიერ  დამოუკიდებლობის  მოპოვებისთანავე. 
საეკლესიო  კალენდრის  განახლება  განახორციელა  ამბროსი  ხელაიამ,  თუმცა,    შემდეგ,  საეკლესიო  მმართველობაში  რენეგატულმა  ფრთამ  გაიმარჯვა  და  ისევ  დაუბრუნდნენ  ძველ  სტილს,  რამაც  საქართველოს  ეკლესია  ჩამორჩენილ  რუსეთს  მიაბა. 
დღეს  მხოლოდ  რუსეთის  ეკლესიის  გავლენის  ქვეშ  მყოფი  ქვეყნების  ეკლესიები  დარჩნენ  საეკლესიო  კალენდრის  ძველ  სტილზე.    ეს  ეკლესიები   არ  აღიარებენ,  რომ    25  დეკემბერს   25  დეკემბერია,  ამიტომ  ამ  დღეს  არ  აღნიშნავენ  შობას,  არამედ  ჯიუტად  გაიძახიან:   7  იანვარს   არის  25  დეკემბერიო   და   13  დღის  დაგვიანებით   ზეიმობენ.     
მათ  შორის  ვართ  ჩვენც,  საქართველოს  ეკლესია,  რუსეთის  კუდში  მოჩანჩალე,    შუასაუკუნეობრივი  მენტალიტეტით...
ასე,  რომ    25  დეკემბერს  მთელი  პროგრესული  სამყარო  იზეიმებს  ქრისტეშობას,  ჩვენ  კი...    ისევ  ახალი  წლის  შემდეგ,  „ერთმორწმუნე“  რუსეთთან  ერთად.  

 ნატალია ბუკია
23.12.14
მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“

  

Friday, December 5, 2014

რელიგია, თუ იმპერიის იდეოლოგია?



რა    არის    მართლმადიდებლობა?   
ზოგადად, მართლმადიდებლობა, ქრისტიანული რელიგის ერთ-ერთი განშტოებაა. ეს სახელწოდება ამ კონფესიამ ქრისტიანული სამყაროს განხეთქილების შემდეგ  დაიმკვიდრა.
1054 წელს აღმოსავლეთის(ბიზანტიის) და დასავლეთის(რომის) ეკლესიებს შორის დაიწყო წინააღმდეგობა, რომელსაც წმინდა პოლიტიკური საფუძველი ედო, ეს იყო ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის. საბაბად კი, განხეთქილებას, დოგმატური საფუძველი დაუდეს. კერძოდ,  ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამს) მე-8 მუხლის ერთ ფრაზას (და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი  მამისაგან  გამოვალს...).  დასავლეთის  ეკლესია ასე გამოთქვამდა: რომელი მამისაგან  და  ძისაგან  გამოვალს... მიუხედავად იმისა, რომ ამ  ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია ჰქონდა,  ეს საკითხი სწორედ მაშინ წამოსწიეს, როცა პოლიტიკურმა ვითარებამ მოითხოვა. ამ განხეთქილებას დიდი სქიზმა ეწოდა(სქიზმა - ბერძნ . დაყოფა).
ამის შემდეგ, დასავლეთმა ავის აღმსარებლობას კათოლიკე( ანუ საყოველთაო, მსოფლიო) უწოდა, ცხადია არც აღმოსავლეთი ჩამორჩა განდიდების სურვილში და თავის კონფესიას ორთოდოქსული(მართლმორწმუნე) შეარქვა. 
საუკუნეების მანძილზე დაპირისპირება თანდათან უფრო ღრმავდებოდა.
 1965 წლიდან ტენდენცია შეიცვალა და იყო არაერთი მცდელობა ამ ორი სამყაროს ხელახლა გაერთიანებისა, თუმცა ჯერ-ჯერობით --  უშედეგოდ. რადგან  ამ გაერთიანებას ყოველი ძალისხმევით ეწინააღმდეგება მოსკოვი, რომელიც ცდილობს არ დაკარგოს თავისი გავლენა მართლმადიდებელ სამყაროზე.
რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში?
განხეთქილების შემდეგ საქართველოს ეკლესიას არ შეუწყვეტია ურთიერთობა რომის ეკლესიასთან, ამას მოწმობს არაერთი ისტორიული წყარო. შესაბამისად,  არც ხალხში ყოფილა რადიკალური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. საზოგადოდ, საქართველოს მოსახლეობა ვიწროკონფესიური მიდრეკილებებით არ  გამოირჩეოდა.
ეროვნული მოძრაობის დროს გააქტიურდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დღე და ღამ ცდილობდნენ იმპერიის რელიგიის „პრავოსლავიეს“  პროპაგანდას.  ბეჭდავდნენ ჟურნალებს, გაზეთებს, სტატიებს: „ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა“, „მართლმადიდებლობას სდევნიან“,  „რუსეთი მესამე რომია“,  „მოსკოვი სარწმუნოების ციტადელია“  და ა.შ
ამ მხრივ ძალიან აქტიურობდა რამდენიმე სასულიერო პირი, ერთმა მათგანმა უზენაესი საბჭოს დეპუტატობაც მოახერხა(როგორც ბიძინა იტყოდა).
მახსოვს 80-იანი წლები,  თითქმის ცარიელ ტაძრებში რომ აღევლინებოდა მსახურება. ასე იყო სიონში, ქაშვეთში, სამებაში(ცხადია პატარა სამებაში, დიდი მაშინ არც არსებობდა), ანჩისხატში ...
შემდეგ მრევლის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდებოდა იმპერიის ზედამხედველობა. რაკი საქართველო პოლიტიკურად ხელიდან ეცლებოდა რუსეთს,  მან იდეოლოგიაზე დაამყარა თავისი იმედები და არც შემცდარა ...
შეშფოთებით ვადევნებდი თვალს, როგორ იცვლებოდა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების მენტალიტეტი. ისინი ისე დაეწაფნენ იმპერიის იდეოლოგიას, თითქოს ცხოვრებაში არაფერი სმენოდათ   ქრისტიანობაზე, არც კლასიკოსები წაეკითხათ, არც ამ თემაზე შექმნილი მხატვრული   ნაწარმოებები ენახათ თუ მოესმინათ. ყველაზე მეტად სამწუხარო კი ის იყო, რომ საწინააღმდეგო აზრის გაგონებაც კი არ სურდათ. ასე დავკარგე უამრავი მეგობარი, რომელთაგან ბევრმა ჩემი მაგალითით დაიწყო ეკლესიაში სიარული. ამას ძალიან განვიცდიდი, თუმცა, შემდეგ, როცა ამ ტენდენციამ ტოტალური ხასიათი მიიღო, მივხვდი, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს მაინც მოხვდებოდნენ ამ იდეოლოგიის გავლენის ქვეშ . . .
ვფიქრობ, მოაზროვნე ადამიანისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა  არის  ამჟამად ჩვენთვის მართლმადიდებლობა.   
ჩვენი ქვეყნისთვის მართლმადიდებლობის დღევანდელი ინტერპრეტაცია არის იდეოლოგია, იმპერიის იდეოლოგია, რომლითაც იგი მართავს  ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (როგორც გამოკითხვები ადასტურებს, 95-98%-ს).   
და თუ ვერ განვთავისუფლდით მისგან, ვერავითარი ევროატლანტიკური სივრცე ვერ გვიშველის,  ისევე, როგორც -- სიმსივნით დაავადებულ ადამიანს ანტალიაში გასეირნება.
ნატალია ბუკია
5.12.14
მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“