Friday, November 28, 2014

რელიგია და სახელმწიფო


ნებისმიერი    მოძღვრების    თუ    ფილოსოფიის    ინტერპრეტაცია    სრულიად    სხვადასხვაგვარად    რომ    არის    შესაძლებელი,    ვფიქრობ,    ეს    ყველასთვის    ცხადია.    ამით    სარგებლობდნენ და სარგებლობენ    ყველა    დროის   მმართველები,    განსაკუთრებით    --    იმპერიების.        ისინი    ყოველთვის    ისე    ირგებენ    რელიგიურ    ინსტიტუტებს,    როგორც    საკუთარ    სამოსს.    მათი    ერთ-ერთი    მთავარი    მიზანი    ხალხის    დამორჩილებაა.    თავისუფალ    ქვეყნებში    ეს    დრო    წარსულს    ჩაბარდა.    თუმცა,   იქაც   დარჩა    დიდი    პრობლემა   --  ტერორიზმი,    რომელსაც,    ჩემი აზრით,    მუსლიმანური    რელიგიის    არასწორი    ინტერპრეტაცია    განაპირობებს.   
ყველა    მსოფლიო    რელიგია    თავისი    არსით    ჰუმანურია.    თუმცა    უდიდესი    მნიშვნელობა    აქვს    მის    ადეკვატურ    აღქმას.  
ქვეყნის    კულტურის    დონეს    და    წარმატებას    სწორედ    მისი    საზოგადოების    უმრავლესობის    მრწამსი    განსაზღვრავს.    მრწამსი    არის    ის,    რისიც    ადამიანს    სჯერა.    თუ    ეს    გაუაზრებელი,    ბრმა    რწმენაა,    ის    ფანატიზმს    ჰგავს.    განათლებული    ადამიანის    რწმენა    ამ  სფეროში   მისი    ცოდნის    პროპორციული    უნდა    იყოს.    და  თუ  ეს  ასე  არ  არის,   ან    ფანატიზმთან    გვაქვს    საქმე,    ან    ფარისევლობასთან.
ჩვენს    ქვეყანაში    სწორედ    ეს    პრობლემაა.       
მოდით,    ვცადოთ,    გამოვიკითხოთ:   
1.     რა    არის    მართლმადიდებლობა?   
2.     არის    ის    უპირატესი    სხვა    რელიგიებზე    და    თუ    ასეა,    რატომ?
3.     რამ    განაპირობა,    რომ    საქართველოს    მოსახლეობის    უმრავლესობა    ამ    რელიგიის    მიმდევარია?
გარწმუნებთ,    პასუხები    ყოველგვარ    მოლოდინს    გადააჭარბებს    (ცხადია,    სასულიერო    პირების    პასუხების    ჩათვლით).
უმეტესობა    ან    უსაგნო    ბოდვას    დაიწყებს,    ან    ტრადიციებზე    გაამახვილებს    ყურადღებას    (არადა,    ეს    რომ    იყოს    მთავარი,    დღემდე    საქართველო    წარმართულ    ქვეყნად    უნდა    დარჩენილიყო),    ან    თეოლოგიით,    თუ    დოგმატიკით    გაგიბურღავთ    ტვინს    (თუ,    რა    თქმა    უნდა,    სათანადო    ცოდნა    გააჩნია    (თორემ    ხშირად    ისეთი    „დოგმატური    წიაღსვლები“    ისმის    ამბიონებიდან,  რომ  სჯობს,    ყურებში    თითები    დაიცოთ).    აქედან    ვერც    ერთი    კატეგორიის    პასუხი    ვერ    გაგაგებინებთ    ნათლად:    მაინც    რა    დევს    ამ    მართლმადიდებლობაში    ასეთი,    რომ    საქართველოს    მოსახლეობის    ხან    95%    (ზოგჯერ    98-იც    კი)    უპირობო    ჭეშმარიტებად    აღიარებს    მას.    პასუხი    მარტივია:    საქმე    გვაქვს    ან    ავტორიტეტების    ბრმა    მიმდევრობასთან,    ან    პირად    გამორჩენასთან,    მატერიალური    იქნება    ეს    თუ    კარიერული;    მოკლედ,    როგორც    თავიდანვე    აღვნიშნეთ,    ასეთ    რწმენას    საფუძვლად    უდევს    ან    ფანატიზმი    ან    ფარისევლობა.
თუმცა,    ერთი    სავარაუდო    პასუხი   გამომრჩა  --  სასწაულები,    რომლითაც  ხშირად  ამტკიცებენ   „მართლმადიდებლობის უტყუარ ჭეშმარიტებას“    სასულიერო  პირები.
სამწუხაროდ,    „სასწაულებზე“   ყურადღების  გამახვილებას    ხშირად    მედიაც  უწყობს  ხელს,    რაც    ყველაზე    სავალალოა,    ამ      იაფფასიან    პროპაგანდაში    მონაწილეობაზე    არც    მაღალი    რეიტინგის  მქონე    ტელევიზიები    და    პროფესიონალი    ჟურნალისტები      ამბობენ    უარს.         
აი,    სწორედ    აქ    უნდა    იდგეს    თავის    დონეზე    სახელმწიფო.  სახელმწიფო  სტრუქტურის  წარმომადგენელმა,    თუნდაც    თვითონ    რომელიმე    რელიგიის    მიმდევარი    იყოს,    უპირატესობა    არ    უნდა    მიანიჭოს    ამ      რელიგიას  და    ამით,    თავს    არ  მოახვიოს  იგი    სხვებს.
განათლების  სისტემამ  კი  უნდა  იზრუნოს  იმაზე,  რომ  პედაგოგებმა  ზეწოლა  არ  მოახდინონ  ბავშვის  რწმენაზე,  რათა  თავისუფლად  განვითარდეს  ბავშვის  აზროვნება  და  დამოუკიდებლად  შეძლოს  თავისი  საკუთარი  მრწამსის  ჩამოყალიბება.  როცა  მოზარდი  სტანდარტებით  იზრდება,  მას  არჩევანი  აღარ  რჩება. 
ასევე,   ჯარში  არ  უნდა  ხდებოდეს  რომელიმე  რელიგიის  თავსმოხვევა.
საზოგადოდ,  რწმენა  ინტიმური  საკითხია  და  მისი  საქვეყოდ  გამოტანა  აკნინებს  მის  მნიშვნელობას.    
ქვეყნის    მმართველებს    იმდენი    გამოცდილება    უნდა    გააჩნდეთ,    რომ    იცოდნენ,  რომ    დემოკრატიის    პრინციპები,    ადამიანის    უფლებები,    ლიბერალიზმი    არც    ერთი  რელიგიის    საკუთრება    არ  არის,    იგი    კაცობრიობის    მონაპოვარია,    რომელიც    სულიერი    კანონებიდან    გამომდინარეობს.    ამ    სულიერ    კანონებს    კი    თანაბრად    აღიარებენ,  როგორც        მსოფლიო    რელიგიური    თუ    ფილოსოფიური  სისტემები,    ასევე,  ზოგადად,    კეთილი    ნების    ადამიანები.   
ახლა,  ზემოთ  დასმულ  კითხვებს  მივუბრუნდეთ.  მოდით,  საკუთარ  თავთან  მაინც  ვიყოთ  გულწრფელნი.  გვაქვს  ამ  კითხვებზე  ნათელი  პასუხი?  ვფიქრობ,  უმრავლესობას --   არა.   მაშ,  ასე  ბრმად  როგორ  მივყვებით  ინსტიტუციას  (საპატრიარქოს),  რომელიც  ხშირად  ღიად  ატარებს  აგრესიულ,  ანტიქრისტიანულ,  ანტისახელმწიფოებრივ  პოლიტიკას?
ორიოდე  სიტყვა  გულწრფელობაზეც  ვთქვათ.  ცხადია,  ეს  ინდივიდუალური  საკითხია,  მაგრამ,  როცა  საზოგადოებაში  მრავლდება  არაგულწრფელი  ადამიანების  რიცხვი,  პრობლება  საზოგადოებას  ექმნება  და  აქედან  გამომდინარე  --  სახელმწიფოსაც.  და  როცა  ამ  საზოგადოების  95  თუ  98  პროცენტი  უპირობოდ  იჩემებს  რელიგიურობას  და  ამავე  დროს,  გულწრფელობის  დეფიციტი  გვაქვს,  უნდა  მივხვდეთ,  რომ  რაღაც  უცნაური  ხდება  ჩვენს  თავს.
მრავალი  უბედურების  მიზეზი,  სწორედ,  არაგულწრფელობაა.    ორმაგი  სტანდარტების  სიმრავლე  ჩვენს  ქვეყანაში  ამით  არის  გამოწვეული.  ამ  სენზე  დაფიქრება  და  მისგან  განთავისუფლების  გზების  მოძიება  კი  ბევრ  პრობლემას  მოაგვარებდა  ჩვენს  ქვეყანაში.
ნატალია ბუკია
26.11.14
მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“