Tuesday, December 25, 2012

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მეხუთე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეხუთე
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები თანხმდებიან იმაზე, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება, ერთი მხრივ, რომ პოზიტიური მოვლენა იყო, რადგან  მას მიეცა ფართოდ გავრცელების შესაძლებლობა --  მისი აღმსარებლობა საშიშროებას აღარ წარმოადგენდა, მეორე მხრივ, იმპერიებმა  დაიწყეს ამ რელიგიით მანიპულირება -- თავისი ინტერესებისათვის გამოყენება,   ამდენად, მას ხშირად კონიუნქტურის ჩარჩოებში აქცევდნენ და მნიშვნელოვნად აუფასურებდნენ მის ძირითად პრინციპებს. ასე მოხდა, როგორც ბიზანტიისა და რომის იმპერიებში, ასევე რუსეთში . . .
 საქართველოს სამეფო კარს დალხენილი ცხოვრებისთვის  არასოდეს ეცალა, მუდამ თავდაცვით ომებში იყო ჩართული. შესაბამისად,  ეკლესიაც, ასე თუ ისე, თავისუფალი იყო სახელმწიფოს ზეწოლისგან.   თუმცა, მაინც, რამდენჯერმე  გახდა   საჭირო მისი განწმენდა  . . .
რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის დაპყრობის შემდეგ კი, საქართველოს ეკლესიას დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. ჯერ ტაძრები გაძარცვეს, პერანგებიც კი შემოხსნეს და რუსეთში გაგზავნეს, ვითომ რესტავრაციისთვის, ამას მიაყოლეს  ხატები, საეკლესიო ჭურჭელი და სხვა ძვირფასი ნივთები. მრავალი სასულიერო პირი დევნეს და დახოცეს. პირველად ეს ისტორიები რუსი ნაროდნიკის ნიკოლოზ დურნოვოს მონოგრაფიიდან -- „ქართული ეკლესიის ბედი“  --  შევიტყვე, რომელიც ერთ-ერთმა მოწაფემ ჩამოიტანა სასწავლებელში.  იღუმენმა, როგორც კი ნახა, აგვიკრძალა მისი წაკითხვა და ჩამოგვართვა წიგნი.
შემდეგ გავაცნობიერე, რომ  ფიზიკურ განსაცდელზე უარესი საქართველოს ეკლესიის  სულიერი ძარცვა იყო, რომლის შედეგებმაც ათწლეულების შემდეგ იჩინა თავი მთელი თავისი მასშტაბებით . . .
ეროვნული მოძრაობის დასაწყისში გავიცანი და დავუახლოვდი ქ-ნ ლია ანდღულაძეს, რომელიც შემდეგ განათლების მინისტრად დაინიშნა.  თბილისში ჩამოსვლისთანავე  სწორედ მასთან მივედი,  დაწვრილებით მოვუყევი სამცხის ამბავი და ვთხოვე, რომ პირადად  ეცნობებინა პრეზიდენტისთვის, რადგან იმედი არ მქონდა, რომ სხვა ვინმე შეძლებდა არსებული საშიშროების შეფასებას და საკითხის მოგვარებას.  ძალიან შეწუხდა, მაგრამ  მითხრა, რომ ამ ეტაპზე თვითონაც გართულებული ჰქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია და დამისახელა სასულიერო პირი, რომელიც უზენაესი საბჭოს  წევრი იყო და  მირჩია მასთან მივსულიყავი. ეს სასულიერო პირი, იმ პერიოდში ძალიან პოპულარული -- ქაშვეთის ტაძრის ეზოში ვნახე და პრობლემის ახსნის შემდეგ ვთხოვე, რომ  შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გადაეცა ეს ინფორმაცია ბ-ნი ზვიადისთვის უშუალოდ.  მან   წერილის დაწერა მომთხოვა.  მართალია, ჯერ შევყოყმანდი, მაგრამ, რაკი დაჟინებით ითხოვდა, დავწერე მოკლედ და მეორე დღეს მივუტანე. თან, კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ პირადად პრეზიდენტისთვის  გადაეცა.  რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევხვდი, რათა გამეგო, რა რეაქცია მოჰყვა გადაცემულ ინფორმაციას და სახტად დავრჩი, როცა მითხრა, რომ ჩემი წერილი საპატრიარქოში იყო და თან დაამატა, მიდი მდივანთან და გამოართვიო.  ძალიან აღვშფოთდი და ვუთხარი: მე  სხვა გზებიც მაქვს , რომ პრეზიდენტს შევხვდე  და  ამასაც მოვახსენებ, ახლა კი  რაკი ასე გაახმაურეთ ეს ამბავი, პირველიერარქთან შეხვედრა მომიხერხეთ-მეთქი. ხელახლა დავწერე  წერილი, ახლა უკვე პატრიარქის სახელზე, რომელზედაც ჩემს გარდა, კიდევ რამდენიმე მოწაფემ მოაწერა ხელი  და საპატრიარქოში მივიტანეთ, ეს წერილი ახლაც იქ უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, არ გაანადგურეს . . .
 ეკლესიის მეთაურთან  შეხვედრა კი არ მოხერხდა.  როგორც გვითხრეს, მან ეს არ მოისურვა . . .
 რამდენიმე დღის შემდეგ  სასწავლებელში დავბრუნდი.  იღუმენს, როგორც ჩანდა, უკვე გაგებული ჰქონდა წერილის ამბავი, მაგრამ პირდაპირ არაფერი უთქვამს, ჩვენი დაშინება დაიწყო. ჯერ გვითხრა:  თქვენ იცით, ბერის წყევლა რას ნიშნავსო! მერე თქვა:  რუსეთში  ისეთ ქალებს ვიცნობ, რომლებიც ძალიან მაგარ ჯადოებს აკეთებენ, მათ შეუძლიათ მთელ საქართველოსაც გაუკეთონ ჯადოო. რა თქმა უნდა, ეს სასაცილოდაც არ  გვყოფნიდა და ვეუბნებოდით კიდეც:  განა, არსებობს წყევლა ან ჯადო, რომელიც ღვთის ძალასა და სამართლიანობას  აღემატება? მოყვასისა და სამშობლოს უანგარო მსახურებას ადამიანი  ღმერთისკენ მიჰყავს,  ხოლო თუ ან ერთს, ან მეორეს  ღალატობ და სამშობლოს მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, ისედაც დაწყევლილი ყოფილხარ და რაღა  ჯადოა საჭირო?
როცა პუტჩის დაწყების დღეს დავიჭერი,  იღუმენის მომხრეები სიხარულისგან ხტოდნენ თურმე: ბერის წყევლამ უწია, დაკოჭლდებაო.  როცა დავბრუნდი და დამინახეს, რომ არ ვკოჭლობდი, ყურები ჩამოყარეს . . .
გადატრიალების შემდეგ რამდენჯერ მიფიქრია მწარე ირონიით: აჰა, ესეც შენი ჯადო-მეთქი!
თუმცა,  მაშინ ხალხის უმრავლესობაზე აშკარა ძალადობა მოხდა. ამაში დასარწმუნებლად (ვინც ამ ამბებს არ მოსწრებია და თავისი თვალით არ უნახავს), საკმარისია You Tube-ში აკრიფოს:  „1992 წლის 2 თებერვალი“ და ნახავს თუნდაც  ერთ  ეპიზოდს იმ სისხლიანი ისტორიიდან . . .  
ალბათ, ჯადოს ვარიანტი დღევანდელ რეალობას უფრო მიესადაგება: ევროატლანტიკური სივრცის კარიბჭესთან მიყვანილი ქვეყანა, ლამისაა ისევ  ლომის ხახაში აღმოჩნდეს და ამ საფრთხეში თავად ხალხის უმრავლესობის არჩევანმა ჩაგვაგდო.  
ჯადო იქით იყოს, და სსრკ-ში შემავალი ქვეყნების ხალხის ფსიქოლოგიის  შესწავლაზე და დამორჩილებაზე რომ მოსკოვის არაერთი ინსტიტუტი მუშაობდა, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია.  ჰოდა, როგორც გამოჩნდა,  კარგადაც უმუშავიათ . . .
ახლა კი დავუბრუნდები სასწავლებლის ამბავს.
იღუმენმა იზოლაციაში მომაქცია -- ყველას აუკრძალა ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ, მალევე ინფორმაციამ პრეზიდენტამდე მაინც მიაღწია და მისი დაჟინებული მოთხოვნით იღუმენი  ჩამოაცილეს სასწავლებელს. როგორც ჩვენ გვითხრეს, ის რუსეთში წავიდა. ეპარქიის ეპისკოპოსმა სასწავლებელი ახალციხეში გადაიტანა,  სადაც დავამთავრეთ კიდეც კურსი.
პოლიტიკური გადატრიალების შემდეგ იღუმენი დაბრუნდა და   თავისი მომხრეების დახმარებით გამოაძევა  ეპისკოპოსი.
 მალევე ეს იღუმენი ეპისკოპოსად აკურთხეს.
სასწავლებლის ამბები დაწვრილებით აღვწერე მონოგრაფიაში, რომელიც ხელნაწერის სახით გავავრცელე.  როგორც შემდეგ მითხრეს, ჩემი ნაწერი ამ ჩვენს იღუმენსაც ჩაუვარდა ხელში.  წაუკითხავს და უთქვამს:  ჰო,  ყველაფერი მართალია, რაც დაუწერია,  რა მოხდა მერეო . . . 
გარკვეული ხნის შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ იგი რაღაც ბნელ საქმეებში  გაიხლართა, ის ამბავი ადგილობრივი ახალგაზრდის მკვლელობასთან იყო დაკავშირებული და მისი იქ ყოფნა, თვით მისთვისვე  გახდა საშიში ,  ამიტომ   სხვა ეპარქიაში გადაიყვანეს  . . .   მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლებული (!).
სხვათა შორის, ჯაბას თარეშის პერიოდში ბევრჯერ მითქვამს ცინიკურად: ეკლესიის  მეთაური  ახლა „ის“  რომ იყოს, საქართველო ჯოჯოხეთის დასრულებული ხატი იქნებოდა-მეთქი.
მისი პიროვნება, ვფიქრობ, ასე თუ ისე გასაგებია მკითხველისთვის. მხოლოდ ერთს დავამატებ.
პირველად რომ ჩავედი სასწავლებელში,  შევნიშნე, რომ მონასტრის ტერიტორიაზე მიმოფანტული იყო ქვები. ეს ქვები მონასტრის კომპლექსის  ტაძრებიდან იყო ჩამოცვენილი. რამდენიმე ხნის შემდეგ იღუმენმა მშენებლობა წამოიწყო და იმ ქვებით გალავანი ააშენებინა. მერე იკვეხნიდა, წარწერიანი ქვები სულ უკუღმა ჩავაყოლებინე გალავანშიო . . .
სასწავლებელთან საბოლოო განშორებისა და   თბილისში დაბრუნების შემდეგ, ისევ ქ-ნი ლიას დახმარებით დავიწყე მუშაობა სკოლაში. საქმე ის არის, რომ არ მინდოდა ისეთ სკოლაში მივსულიყავი, სადაც დირექტორი შევარდნაძის ხელისუფლების კუდის ამწევი იქნებოდა. ქ-ნი  ლია კი, როგორც ყოფილი მინისტრი, იცნობდა დირექტორებს და თვითონ შემირჩია სკოლა.
ჩემი სკოლის დირექტორი, აწ გარდაცვლილი, ბ-ნი ჯემალ ვეკუა, ცნობილი მათემატიკოსის, აკადემიკოს ნიკოლოზ ვეკუას შვილი იყო. ბ-მა ნიკომ პრეზიდენტის მხარდამჭერ ინტელიგენციის მიტინგზე წერილი გამოგზავნა, რადგან თვითონ უკვე ძალიან მძიმედ იყო ავად და დასწრება არ შეეძლო.  წერილში ნათქვამი იყო, რომ მთელი სულითა და გულით ჩვენთან იყო და მხარს უჭერდა კანონიერ ხელისუფლებას. ამის გამო გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს  უარი უთხრეს დაკრძალვის ხარჯების დაფარვაზე, რაც მას ეკუთვნოდა სახელმწიფოსგან, როგორც აკადემიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს . . .
სკოლა არც მოწაფეობისას მიყვარდა და არც მასწავლებლობისას, მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა  ბ-ნ ჯემალთან. იგი იყო პირდაპირი, მართალი, გულწრფელი ადამიანი, ღმერთმა ნათელი დაუმკვდროს მას . . . 
გადიოდა დრო. უღიმღამოდ ცვლიდა დღე დღეს და წელიწადი წელიწადს. პოლიტიკურ ამბებს ვერ ვადევნებდი თვალს და სურვილიც არ მქონდა. ჯერ  ერთი,  ტელევიზორი გაფუჭდა, მისი შეცვლა ან გარემონტება არ შეგვეძლო, მეორეც, ვერ წარმომედგინა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლებოდა რაიმე კარგი მომხდარიყო უახლოეს მომავალში. 
იმ ბნელ პერიოდში ერთი ნათელი  წერტილი ჩემი ერთ-ერთი სამსახური  -- კულტურის ინსტიტუტი  იყო.
საოცარი ის იყო, რომ იმ პერიოდში, როცა თითქმის ყველა სასწავლო
დაწესებულება სრული სვლით მიდიოდა უკან, ბ-მა თემურ ჟღენტმა ინსტიტუტის დაარსება შეძლო. ამით მან ბევრ მეცნიერს და პედაგოგს, რომლებიც არსებული უპერსპექტივობის გამო დეპრესიას განიცდიდნენ, თვითრეალიზაციის საშუალება მისცა.  სამწუხაროდ, ზოგიერთმა მადლობა იმით გადაუხადა, რომ უგანა, სწორედ კრიტიკულ მომენტში, როცა ამ ინსტიტუტის, უფრო სწორედ -- უკვე უნივერსიტეტის,  ყოფნა-არყოფნის საკითხი წყებოდა . . .
ახლად დაარსებული ინსტიტუტის კვალობაზე კულტურის ინსტიტუტი, მართლაც წარმატებული იყო. მის კედლებში მოხვედრილს, თითქმის მავიწყდებოდა გარეთ არსებული პრობლემები. ერთადერთი, რითაც თავს მახსენებდა რეალობა, სიცივე იყო, რადგან მაშინ გათბობის დამონტაჟება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა.
ყოველ 26 მაისს, ჩვენი ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ოპერის თეატრში  მართავდნენ კონცერტს, რომელიც თავისი აკადემიური დონით პროფესიონალურს არ ჩამოუვარდებოდა.სტუდენტებიც აშკარად გამოირჩეოდნენ თავიანთი ზრდილობით და განათლებით. იმ დროს, როცა ყველგან, ყოველ ნაბიჯზე  უშვერი გინება ისმოდა, ჩვენთან ერთ უწმაწურ სიტყვას ვერ გაიგონებდი. ერთმა ჩემმა ახლობელმა, რომელსაც რამდენიმე დღე მოუხდა ჩვენს ინსტიტუტში ყოფნა და სტუდენტებთან ურთიერთობა,  მითხრა, თქვენი ინსტიტუტი მართლაც რომ ამართლებს თავის სახელწოდებასო!
სწორედ ამ ინსტიტუტსა და ჩემს ადრინდელ თანამშრომელს ლელა ნანუაშვილს ვუმადლი იმ მენტალურ რევოლუციას, რაც ჩემში 2004 წლის შემდეგ მოხდა, რაზეც დაწვრილებით შემდეგ მოგახსენებთ.

პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
19.12. 2012 წ.          

No comments:

Post a Comment