Tuesday, December 25, 2012

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი პირველი


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი პირველი -- შესავალი
რაზეც მე ახლა  გესაუბრებით, ყოველმა თქვენგანმა ჩემზე უკეთ იცით  და დამეთანხმებით, რომ  ცოდნას, მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა მას პრაქტიკაში იყენებ.
მოგეხსენებათ, ხალხის ბრბოდ ქცევა ძალიან ადვილია და მე ვხედავ, რომ ჩვენ ამ უფსკრულის პირას ვდგავართ, ამიტომ არ შემიძლია გულგრილი ვიყო.
აშკარაა,  რომ ხელოვნურად ხდება აგრესიის, შურისძიების ჟინის, ურთიერთბეზღობის, ქონების ერთმანეთისათვის წაგლეჯის დაუოკებელი წყურვილის  ესკალაცია, რასაც არასოდეს, არც ერთ საზოგადოებაში და დროში კარგი არაფერი მოჰყოლია. პირიქით, ყოველთვის სწორედ ამ უკეთურებათა აღზევება იყო მიზეზი საზოგადოების საუკეთესო ნაწილის მოსპობისა, რადგან ღირსეული ადამიანი არასოდეს, არავის მიმართ  იკადრებს, რომ იყვიროს: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ!“.
 ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან, ძალიან ბევრი სამხილი ჰქონდა თითოეულ კონკრეტულ ადამიანს ( მათ შორის მეც) შევარდნაძისა და მისი კრიმინალური ბანდის წევრებზე, რომ მათი დასჯა მოგვეთხოვა. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია, ის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ გადაჰყვა, მისი მიზანი იყო ის, რომ ქვეყანა როგორმე გამოეყვანა იმ უნუგეშო მდგომარეობიდან. შეუძლებელია არ გახსოვდეთ: ქურდულმა მენტალიტეტმა თვით სკოლებში შეაღწია;  კლასები და აუდიტორიები ისე იყო გაყინული, რომ  პალტოებიც ვეღარ გვშველოდა; ცხადია, ჩვენი სახლებიც ჩაბნელებული და გაყინული იყო, მხოლოდ ზოგიერთებს ჰქონდათ ე. წ. დვიჟოკები; ნარკომანია და კრიმინალი თარშობდა ქუჩებში . . . მე ვერც კი წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო იმ ჭაობიდან თავის დაღწევა.  
დაფიქრებულხართ კი, რა საფრთხეში იგდებს ადამიანი თავს და არამარტო თავს, საფრთხეში აგდებს მთელ ოჯახს, როცა ის კრიმინალურ სამყაროს უპირისპირდება?  ოდესმე თუ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მის ადგილას?
ან  გიფიქრიათ, რის ფასად უჯდებოდათ იმ ადამიანებს, დღეს ბრბოს ციხეში რომ სწყურია მათი ხილვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა-შენარჩუნება?  ძნელი წარმოსადგენი არ არის რამდენი მტერი გადაიკიდეს მათ ამ ხნის განმავლობაში, რომლებიც დღეს სიამოვნებით მისცემენ ჩვენებას მათ წინააღმდეგ .  .  .
 ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის დიდ ქალაქებში არის უბნები, სადაც ადამიანისთვის საშიშია სიარული, თუნდაც დღისით, ხოლო არც თბილისში, და საქართველოს არც ერთ დიდ ქალაქში ასეთი კრიმინალური „ოაზისები“ აღარ არსებობს.  განა ყოველივე ამის მიღწევა ადვილი იყო და უშეცდომოდ იყო შესაძლებელი? ნუთუ თქვენი სიცოცხლის მანძილზე თქვენი მოვალეობების შესრულებისას შეცდომა არ მოგსვლიათ და ყველაფერს ყოველთვის უნაკლოდ ასრულებთ? განა შეიძლება თითიდან გამოწოვილი ბრალდებების საფუძველზე ასეთი თავგანწირული ადამიანები პატიმრობაში აიყვანო და შემდეგ კიდევ ეძებო დამამძიმებელი გარემოებები?
განა ამ უმადურობის შემდეგ  კიდევ ვინმე გადადებს თავს კრიმინალურ სამყაროსთან შესაბრძოლებლად ამ ქვეყანაში?
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ოდესმე ქვეყნის სათავეში უნაკლო ხელისუფლება მოვა, მწარედ ცდება. ხელისუფლება, რომლის საქმიანობა თუნდაც 60%-ით დადებითია, უკვე კარგია, თუმცა, ცხადია, გადაცდომების გამოსასწორებლად საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს, მაგრამ, ეს ბრძოლა კონსტრუქციული უნდა იყოს და არა დამანგრეველი, -- არა ჭორებზე აგებული.
არა მგონია ადამიანს და საზოგადოებას ღირსებას მატებდეს  ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკოსები აღიარებენ რეფორმატორად და ნოვატორად, შეუმოწმებელი ბრალდებების უაპელაციოდ გამეორება და წიკო-მაკო ჭორების გავრცელება.
მახსოვს, ერთხელ.  ბ-მა ზვიად გამსახურდიამ თავისი მოძულეების საყურადღებოდ ძალიან საგულისხმო რამ თქვა: მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ადამიანური შეცდომებისგან არა ვარ დაზღვეული, გთხოვთ, მეგობრებო,  ჩემს სიძულვილს საქართველოს ნუ გადააყოლებთო. მაგრამ, გადააყოლეს . . . და რა ძვირად დაგვიჯდა ეს საბედისწერო შეცდომა!
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი დღემდე ვერ აცნობიერებს, იმ ტრაგედიის მიზეზებს, რაც 90-იან წლებში დატრიალდა საქართველოში. არ ვიცი, სინანულს გრძნობენ თუ არა ის ადამიანები, რომლებმაც, თუნდაც მენტალურად შეუწყვეს ხელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ჯერ გაძევებას და შემდეგ მკვლელობას.
რა აღარ დააბრალეს მას, რათა გაემართლებინათ თავიანთი ქმედება, “ბრალეულობის  მოწმეებიც“ მრავლად მოიძიეს და არც მიკვირს, თავად ქრისტეს ჯვარცმის ჟინით შეპყრობილმა მღვდელთმთავრებმაც ხომ მოახერხეს მოწმეების მოსყიდვა. . . 
პირველი ოქტომბრის არჩევნების ბედი, ფაქტობრივად, ციხის კადრებმა გადაწყვიტა, რომელთაგან ყველაზე არაადამიანური ეპიზოდები, როგორც მალევე გაირკვა, დადგმული იყო. 7 ნოემბრის ამბებით დღემდე ხდება საზოგადოების მართვა. და ხშირად სამართლიანობის დამცველებად გვევლინებიან ის სუბიექტები, ვინც  90-იანი წლების დასაწყისში ახორციელებდნენ ადამიანებზე ძალადობას, არა რაიმე ჩადენილი დანაშაულის, რამედ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოზიციისა და აზრის გამოხატვის გამო.
ახლა მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რაც უშუალოდ მე გადამხდა თავს:
1993 წლის 3 ოქტომბერი. მე და დედაჩემი სახლიდან წაგვიყვანა ექვსმა  შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ორი მანქანით. ცალ-ცალკე ჩაგვსვეს მანქანებში, როგორც რეციდივისტები და ისე მიგვიყვანეს სამხედრო კომენდატურაში.  სახლიდან წაიღეს სხვადასხვა ღირებული ნივთი, მათ შორის, მამაჩემის ჭოგრიტი და ჩემი ძმის აწყობილი კვების ბლოკი, ვითომ როგორც რაღაც იარაღი.  მთელი ღამის განმავლობაში დაგვკითხავდნენ ცალ-ცალკე ოთახებში,  გვემუქრებოდნენ. ერთმა ზურგზე ავტომატის ლულა მომადო:  ახლა გავისვრი, თუ ზვიადისტების გვარებს არ დამიწერო.  მეორემ ყურზე პისტოლეტი მომადო და გაისროლა. მეგონა, დავყრუვდი, მესამე ხელებს მიგრეხდა და თითების მომტვრევით მემუქრებოდა. თან მიყვიროდნენ: ჩვენ ვიცით, რომ დაჭრილი იყავი ფეხში, რატომ არ კოჭლობო (დავიჭერი 22 დეკემბერს 9 აპრილის მემორიალურ ქვასთან ქაშვეთის მხრიდან ნასროლი ტყვიით), ჩვენი კომენდანტი ჩაჩუაც ფეხში იყო დაჭრილი და კოჭლობსო. მე ვუპასუხე: მისგან განსხვავებით, მე არასოდეს იარაღი არ მჭერია-მეთქი ხელში.
გამთენიისას საკანში შემიყვანეს, სადაც შემოიყვანეს დედაჩემიც, მაშინ იგი  65 წლის იყო. რამდენიმე დღეში კომენდატურა გაავსეს ადამიანებით, რომლებიც შევარდნაძისა და მისი „სამეულის“:  კიტოვანის, სიგუასა და იოსელიანის რეჟიმს არ სცნობდა. ამ ადამიანებს შორის ხუთი პროფესორი იყო. ერთ-ერთს ცელოფანის პარკი ჩამოაცვეს და ისე სცემეს, რომ როცა რამდენიმე დღის შემდეგ ვნახე, მთელი სახე შეშუპებული და დალურჯებული ჰქონდა, მეგონა, ცოცხალი ვეღარ გადარჩებოდა. მეორეს ხელის მტევნები და თითები დაუჟეჟეს. „იბერია-სპექტრის“  რედაქტორს ირაკლი გოცირიძეს ცემით ნეკნები ჩაუმტვრიეს.  ერთ ფეხმძიმე ქალს წიხლი ჩაარტყეს და მუცელი მოუშალეს . . . ეს მხოლოდ ერთი მცირე ეპიზოდია იმ მრავალრიცხოვან დანაშაულებათა შორის, რაც შევარდნაძის ხუნტამ ჩაიდინა.
მიუხედავად ყოველივე ამისა,  2003 წლის რევოლუციის შემდეგ აგრესიისა და შურისძიების სული არ აღზევებულა ხალხში . . .
 დიახ, ბევრი რამ იყო მიუღებელი, ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლების ქმედებაში, მაგრამ ქვეყნისთვის გულშემატკივარი ადამიანებისთვის ცხადი იყო. რომ  საქართველოში ნელ-ნელა გამოიკვეთა სახელმწიფოს კონტურები. კონსტრუქციული ოპონირებით  შეცდომების დაძლევაც შესაძლებელი იქნებოდა . . .
 ახლა კი შურისძიების ცეცხლი მძვინვარებს და თვით ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა ცდილობს კიდევ უფრო აღაგზნოს აგრესია . . .

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო, ნუ მივცემთ ვიღაცას საშუალებას, რომ ხალხისა და სამართლიანობის სახელით საკუთარი ჟინი დაიკმაყოფილოს.
სწორედ ხალხისა და სამართლიანობის სახელით ისპობოდა ათწლეულების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.

 ჩვენი კონსტრუქციული ქმედებითა და აზროვნებით მივიღოთ ხელისუფლებისგან ის, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თითოეული მოქალაქისთვის და სახელმწიფოს წინსვლას შეუწყობს ხელს.
ნუ შევუწყობთ ხელს ჩვენში და  ჩვენს ირგვლივ აგრესიის ესკალაციას, რადგან აგრესიას არავის მიმართ, არასოდეს, არავითარი გამართლება არა აქვს.
და ნუ მივიღებთ ისეთ პოზას, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, რომ ეს საკითხები ჩვენთვის საინტერესო არ არის, ან რომ ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით.
ახლა თითოეული ადამიანის პოზიცია მნიშვნელოვანია.
ისტორია, უმეტესად, რამდენიმე ათეული ან ასეული წლის შემდეგ აკეთებს დასკვნებს.
ისტორიაში მუდამ არის ბრალმდებელი და  ბრალდებული, ჯალათი და მსხვერპლი, მავნებელი და ვნებული, მჩაგვრელი და ჩაგრული.
ღირსეულმა ადამიანმა და საზოგადოებამ უნდა შეძლოს ყოველივე ამაზე ზემოთ დგომა, რადგან,   როგორც სიმდიდრე და  სიღატაკე,  ესეც,  უპირველესად,  ჩვენი მენტალური მდგომარეობაა.    
 „გააგებინეთ თითოეულ ადამიანს, როგორი მთავრობა იქნებოდა მისი პატივისცემის ღირსი, და იმ პატივისცემის მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნება“.
ამ  სიტყვებს ამერიკელი ტრანსცენდენტალისტი  ჰენრი დევიდ თორო 1849 წელს წერდა თავის ბრწყინვალე ესსეში „სამოქალაქო  დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე“.
თუმცა, მოქალაქემ,  უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიაზროს ღირსების ცნება და შემდეგ დაფიქრდეს, რამდენად მიესადაგება ეს ცნება მის პიროვნებას.
ძალიან ხშირად გვსმენია, რომ ისტორია მეორდება. დიახ, ისტორია მეორდება, მაგრამ. ცივილიზებული ქვეყნებისთვის იგივე დონეზე არ მეორდება. ცივილური საზოგადოება წარსულიდან დასკვნებს აკეთებს და უფრო მაღალ საფეხურზე გადადის. ცხადია, ისევ შეცდება გარკვეულ საკითხში, მაგრამ, ეს შეცდომა ქვეყნისთვის ისეთი დამანგრეველი აღარ იქნება, როგორც წინა პერიოდში იყო, რადგან ცივილური საზოგადოება სისტემაა, რომელსაც განვითარების უნარი აქვს.

პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
15,11.12












მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მეორე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
           წერილი მეორე -- საბჭოთა სინამდვილე
პირველ წერილში ვამბობდი:  ჩემზე უკეთ იცით-მეთქი, ყველაფერი, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.  ისიც დავძინე, რომ ცოდნას მხოლოდ მაშინ აქვს  ფასი, როცა მისი გამოყენება შეგიძლია. ანუ, როცა შეგიძლია, ამ ცოდნის ბაზაზე ლოგიკური მსჯელობა და მოცემულ სიტუაციაში ოპტიმალური არჩევანის გაკეთება.
წერილის ბოლო ნაწილში კი აღვნიშნე, რომ თუ საზოგადოებას სურს, რომ მისი პატივისცემის ღირსი მთავრობა ჰყავდეს, უპირველეს ყოვლისა,  ამ საზოგადოების თითოეულმა წევრმა  უნდა გაიაზროს ღირსების ცნება და შემდეგ დაფიქრდეს, რამდენად მიესადაგება ეს ცნება მის პიროვნებას.
ყოველი ტირანული სახელმწიფი, უპირველესად, თავისი მოქალაქეების ღირსების აყრას ცდილობს, რადგან ღირსებააყრილი ადამიანი ადვილი დასამორჩილებელია. შორს რომ არ წავიდეთ, მოდით, ჩვენი ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო პერიოდი -- საბჭოთა სინამდვილე გავიხსენოთ.
70-იანი წლების ბოლოს, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდით, მე და ჩემი თანაკურსელი სადიპლომო ნაშრომზე სამუშაოდ   მათემატიკის ინსტიტუტს მიგვამაგრეს. იმ პერიოდში მოსკოვის ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტიდან რამდენიმე თანამშრომელი იყო ჩამოსული მივლინებით. მე და ჩემი მეგობარი დილიდან საღამომდე თავჩაღუნული ვმუშაობდით, რომ მოგვესწრო ნაშრომის დამთავრება. ერთ დღეს გვიყურა ერთ-ერთმა ჩამოსულმა ახალგაზრდა კაცმა, მეორე დღეს გვიყურა,  მერე მიუბრუნდა თავის თანამშრომელ ქალებს და ხმადაბლა ეუბნება:  Видите, как они работают, не то что вы, что вяжете целый день.  გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ასეთი რამ არ მქონდა ჯერ ნანახი. თურმე, სად ხარ?  როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და მეც სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, მაშინ მივხვდი, რომ ეს  ჩვეულებრივი ამბავი იყო: თუ თემაზე ათ ადამიანს უნდა ემუშავა, აქედან მაქსიმუმ სამი მუშაობდა, ხოლო დანარჩენები ან ქსოვდნენ ან თამაშობდნენ. თვის ბოლოს კი დამშვიდებული სინდისით იღებდნენ ხელფასს. მეტიც, აბა, გაებედათ და  პრემია მხოლოდ მათთვის მიეცათ, ვინც  მუშაობდა, ისეთ ამბავს ატეხდნენ! ..
 ჰოდა, მე ვფიქრობ, ამას რომ შეეჩვევა ადამიანი -- უსაქმურობაში ხელფასის აღებას,  ეს უკვე ერთი ნაბიჯია უღირსებისკენ.
შემდეგ სამი ასეთი ტიპის სამსახური გამოვიცვალე და ყველგან იგივე ხდებოდა. სულ ბოლო მაინც ყველაზე კომიკური იყო.  იქ გადასვლიდან ერთ კვირაში ვიკითხე: ეს სად მოვხვდი, ცისფერი მთებია-მეთქი? რა თქმა უნდა, მაშინვე მიურბენინეს დირექტორს ამბავი, შედეგმაც არ დააყოვნა და 1989 წლის  9 აპრილის შემდეგ, როცა სამსახურებიდან გასაშვები ხალხის სიები დგებოდა, იმ სიაში პირველი ჩემი გვარი ეწერა.  სხვათა შორის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, როცა მოსკოვისა და ლენინგრადის დაქვემდებარების სამეცნიერო ინსტიტუტებიც დაიშალა, ამ ჩვენმა დირექტორმა ინსტიტუტის ქონება მიითვისა და მილიონერი გახდა. გამდიდრების ეს მეთოდი პოსტსაბჭოთა სივრცეში  აპრობირებული საშუალება იყო.
დამეთანხმებით,  აქ  უკვე ღირსებაზე  ზედმეტია ლაპარაკი . . . 

დღეს უყვართ საუბარი უფასო საბჭოთა განათლების სისტემაზე, როგორც რაღაც საუკეთესოზე. მიკვირს, ნუთუ აღარ ახსოვთ მოვლენა, რომელსაც ძნელად მოეძებნება მსოფლიოში ანალოგი: კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში, პერიოდი, როცა დამკვიდრდა ტერმინი -- უმაღლესში მოწყობა. ზოგიერთ ინსტიტუტში ამ სიმახინჯემ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ   თვით სემესტრთშორის  გამოცდებზეც  კი ნიშნები იყიდებოდა.   საქართველოში   საკმაოდ მაღალი ტაქსა იყო, ამიტომ გარბოდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში: იქ ერთი ბოთლი არაყიც საკმარისიაო. და ამ სისაძაგლეს ჩადიოდნენ მასწავლებლები, ლექტორები, პროფესორები.  მერე უკვირდათ: რატომ არ ფასობს საბჭოთა დიპლომი ცივილიზებულ ქვეყნებშიო.
ჰო,  უფასოზე გამახსენდა -- სამედიცინო მომსახურება. მოდით, მოკლედ ჩამოვთვლი ზემოდან ქვემოთ: ოპერაციაში, სასწრაფოს გამოძახებაში, თვით საავადმყოფო ფურცელში, სინამდვილეში, ფული უნდა გადაგეხადა. ახლა შემომედავებით, ის რა ფული იყო, ამასთან შედარებით, ახლა რომ არის გადასახადიო. ჯერ ერთი, მაშინდელი მაღალი ხელფასი 200 მანეთი იყო,  მეორე --  ის ფული ჩვენ უკვე გადახდილი გვქონდა მრავალრიცხოვანი  გადასახადის სახით,  სინამდვილეში იქვითებოდა შემოსავლის 80%-ზე მეტი, როგორც შემდეგ გაირკვა და არა 10%, როგორც ოფიციალურად იყო ცნობილი ; მესამე --  ექიმია თუ პროფესორი, ჯიბეში ფულის ჩაცურებას რომ ეჩვევა, განა,  ეს მის ღირსებას არ აკნინებს?
ახლა -- ორიოდე სიტყვა ქურდულ სამყაროზეც:
მე-6 თუ მე-7 კლასში ვიყავი, როცა „გამომძიებლის ჩანაწერები“ წავიკითხე , იმ პერიოდში  საკმაოდ პოპულარული წიგნი იყო. მწერალს, ასე მახსოვს, რუსული გვარი ჰქონდა. იქ მოთხრობილმა ერთმა ამბავმა ისე გამაკვირვა, რომ მერე დიდი ხნის მანძილზე სულ მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და დღემდე  მახსოვს.
 სიტუაციაში გასარკვევად მოკლედ მოგითხრობთ:
უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმარს აბანოში მოპარავენ ძვირფას პორტსიგარას, რომელიც მისთვის ორმაგად ძვირფასია, რამდენადაც  საგვარეულოა. ცხადია, შეიძვრება მთელი საგამომძიებო სისტემა,  რადგან, შეგახსენებთ, რომ საბჭოთა პერიოდში უცხოელი სტუმარი მართლაც უცხო ხილი იყო, იშვიათობას წარმოადგენდა. და აქედან იწყება მთავარი, სწორედ ის, რამაც მე გამაოცა: გამომძიებელი იბარებს ცნობილ „კანონიერ ქურდს“,  მისი დახმარებით პოულობს მოპარულ ნივთს და მისივე მოხერხებით ისე ჩუმად უდებენ ჯიბეში,  რომ უცხოელს ბოდიშებსაც კი ახდევინებენ
თქვენ, შესაძლოა , ახლა ჩემმა გაოცებამ გაგაკვირვოთ. რა არის ამაში ახალი, ეს
ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყოო. დიახ, საქმეც ის არის, რომ იმ ფენომენს, რაც ჩემთვის, როცა ბავშვი ვიყავი, გასაკვირი და მიუღებელი იყო, საზოგადოება შეჩვეული, შეგუებული იყო მაშინაც და  მას შემდეგაც, როცა, თითქოს, რელიგიური გახდა.
თუმცა, ორმაგ მორალზე სხვა დროს მოგახსენებთ . . . 
ახლა კი დავუბრუნდები ისევ იმ პერიოდს.
 როცა  შინაურები აღარ მოვასვენე შეკითხვებით,  დედაჩემმა  უფრო საოცარი რამ მიამბო, რომელიც თავისი მოსწავლეობის პერიოდში  თელავის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს შეემთხვა:
 მატარებლით მგზავრობისას მან დაკარგა ორი დიდი ჩემოდანი, რომელიც ახლადშეძენილი ნივთებით იყო სავსე. აქეთ ეცა, იქით ეცა, ცხადია, ვერ იპოვნა. შემდეგ საქმეში ჩახედული ადამიანების რჩევით დაიბარა თავისივე სკოლის   მოსწავლე, რომელიც  ქურდულ სამყაროსთან იყო კავშირში და მას სთხოვა დახმარება. ჩემოდნები,  დაიბრუნა, მაგრამ,  ცხადია, ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო.
 მოდით, ახლა ერთად ვიფიქროთ შედეგებზე: რა ავტორიტეტი უნდა შერჩენოდა იმ სკოლის დირექტორს და როგორი „გმირი“ შეემატა საზოგადოებას  მოსწავლის სახით. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს წერილი ღირსებას ეხება . . .
შემდეგ და შემდეგ, უკვე აღარ მაკვირვებდა ეს ყველაფერი, თუმცა, პროტესტის გრძნობა განმიახლდა, როცა ერთ-ერთ ოჯახში მამამ თავის ათიოდე წლის შვილს მხარზე ხელი გადახვია და სიამაყით წარმოთქვა: „ჩემი შვილი ქურდი უნდა გამოვიდეს!“
90-იან წლებში კი სკოლაში მუშაობისას იმის მოწმეც გავხდი ერთ-ერთი  მასწავლებელი მოსწავლეებს შორის ქურდულ გარჩევებში რომ იღებდა მონაწილეობას.

ყოველივე ამის შემდეგ სათქმელად ღირს თუ არა არ ვიცი, მაგრამ  მაინც ჩამოვთვალოთ საბჭოთა სინამდვილის „ტკბილი“ მოგონებანი:  მაღაზიაში  ან წონას დაგაკლებდნენ ან  ხურდას, უფრო ხშირად -- ორივეს, თან ისე უხეშად გექცეოდნენ, თითქოს მათი ვალი გქონდა.
 ღმერთმა დაიფაროს და, თუ რაიმე საბუთი დაგჭირდებოდა, იმდენს გატარებდნენ, რომ თავბედს გაწყევლინებდნენ, წუწუნ-ბუზღუნით ფულსაც დაგცინცლავდნენ და ბოლოს და ბოლოს მჟავე სახით მოგიგდებდნენ საბუთს, თუ მანამდე მოთმინება არ გამოგელეოდა და არ გაიქცეოდი ბრძოლის ველიდან.  ჩემი ნათქვამი თუ გადაჭარბებულად მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ არკადი რაიკინის სკეტჩი, როცა რაღაც საბუთის დევნით გაწამებული ადამიანი ბოლოს ფსიქიატრიულ კლინიკაში მიჰყავთ, ის კი დაუსრულებლად იმეორებს: Справочку, вот такую справочку . . . თან თითების მოძრაობით ნელ-ნელა აპატარავებს წარმოსახვით ცნობას.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად აშენდა იუსტიციის სახლები. ყოფილხართ? გისარგებლიათ მათი სასიამოვნო მომსახურებით? წადით, სანამ გვიან არ არის, თორემ  მგონი დანგრევას თუ გაუქმებას უპირებენ. ჩვენმა მრავალმხრივ განსწავლულმა და სამართლიანობისთვის თავგადაკლულმა იუსტიციის მინისტრმა ხომ ბრძანა: იუსტიციის სახლების აშენება სისულელე იყო, რადგან ეს სახლები ძვირი ჯდება და სხვა არაფრისთვისაა გამოსადეგი, გარდა იმისა, რომ კარგად ემსახურება ხალხსო(?!).  რაღა დავამატო? „მაიმუნი და სათვალე“ მახსენდება . . .

იმპერიას მრავალი მეთოდი აქვს, ადამიანში პიროვნების გათელვისა და ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სახელმწიფო ქონების დატაცებაში  ფართო საზოგადოების ჩართვა.  მაგალითად, როცა აღარ გეთაკილება, ვთქვათ,  დენის მოპარვა.
მამაჩემი ფიზიკოსი იყო და რამდენ სტუმარს, ჩვენს ოჯახში მოსულს, გაჰკვირვებია: კაცო, ფიზიკოსი ხარ და მრიცხველი არ იცი, როგორ გააჩერო? მერე დაუწყია ახსნა.  მამაჩემი ჩაიცინებდა და არაფერს პასუხობდა.
არ ვიცი, ღირს თუ არა საუბარი  ისეთ წვრილმანზე,  სნობიზმი რომ ჰქვია. თუმცა, მის შედეგებს თუ გავიაზრებთ, აღარც წვრილმანად მოგვეჩვენება.
მაშ,  ორიოდე სიტყვა ამ მოვლენაზე:
რამდენიმე ადამიანისგან შედგენილი   ერთი გარკვეული ჯგუფი თავს დანაჩენებისგან აღმატებულად წარმოაჩენს, თითქოსდა, რაღაც თვისებებისა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო, შემდეგ  ამ ჯგუფს ეტმასნება ყველა, ვისაც საკუთარ ღირსებაში ეჭვი ეპარება. ადამიანთა ეს ერთობლიობა ქმნის ფსევდოელიტას, რომელთაც,  პრეტენზია უჩნდებათ, რომ მხოლოდ თვითონ არიან გამორჩეული ადამიანები, მხოლოდ ისინი ფლობენ რაღაც ჭეშმარიტებას, რასაც სხვა ვერ შეწვდება.
ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი  იყო ამ ფსევდოელიტარული აზროვნების ნაცვლად თანაბრობის შეგრძნების დამკვიდრება. მაგრამ თანაბრობის მნიშვნელობას რომ მიხვდე, ღირსება უნდა გაგაჩნდეს ადამიანს.

შევარდნაძის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა მან დემოკრატის იმიჯი მოირგო და ისე დაგვიბრუნდა, ყველა უკეთურება  აღმატებულ ხარისხში ავიდა და არნახული მასშტაბები მიიღო. ეს იყო უკანონობის, აღვირახსნილობის, სისასტიკის, მოკლედ, ბოროტების თარეშის პერიოდი, სრული ანარქია.  ამ თემაზე აქ აღარ გავაგრძელებ -- შემდეგ წერილში მოგახსენებთ . . .

ამ  წერილებს   გულისტკივილით ვწერ და  ნამდვილად არ მინდა  ვინმეს განაწყენება.  ცხადია, მეც ამავე საზოგადოების წევრი ვარ და ამიტომ, ვაცნობიერებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას.  უბრალოდ, მინდოდა კიდევ ერთხელ  გადაგვევლო თვალი  მორალის რა დონე იყო საზოგადოებაში 2003 წელს, როცა  ხელისუფლებაში მოსული სულ ახალგაზრდა გუნდი სახელმწიფოს მშენებლობას შეეჭიდა.
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
01.12. 2012

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მესამე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მესამე -- სიღატაკე

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის სასიამოვნო და უსიამოვნო  პერიოდები. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო,  ლამაზი პერიოდი, სტუდენტობის შემდეგ, იყო 1988-1991 წლები --  ეროვნული მოძრაობისა და გამარჯვების  პერიოდი. ამ პერიოდს, საქართველოში,  ცხადია,   თითოეული ადამიანი თავისებურად აფასებს, მაგრამ  ჩემი მტკიცე რწმენით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო წლები იყო. რადგან  1988-89 წლების მიტინგებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა ლიდერებს მიჰყავდათ, ისტორიის გაკვეთილები შეიძლება ეწოდოს. ცოტამ თუ იცოდა, იმ დროს, რომ 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატი, რუსეთის იმპერატორმა  1801 წელს მანიფესტით ჩაანაცვლა და საქართველოს თავად-აზნაურობა მუქარის ქვეშ აიძულა, რომ დაედოთ  რუსეთის ერთგულების ფიცი; ძალიან ბევრისთვის უცნობი იყო საქართველოს თავისუფლების პერიოდი -- 1918-21 წლები; ამ ინფორმაციის მიღების მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ ადამიანებს გასჩენოდათ სამართლიანობის აღდგენის სურვილი და საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი ნება დაბადებულიყო მათში.  
  მე მათემატიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მანამდეც გაძლიერებულ მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს ისტორიები, შესაძლოა, ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებისთვის უფრო მეტად იყო ცნობილი და ახლობელი.  მაგრამ, რამდენიმე ფილოლოგთან და ისტორიკოსთან საუბრით დავრწმუნდი, რომ  ბევრ მათგანს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ამ საკითხებზე და    ნიჰილისტურად იყო განწყობილი თავისუფლების იდეის მიმართ. შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამაოცა ინტელიგენციის ერთი ნაწილის განზე დგომამ, ზოგიერთის  ცინიკურმა და,  უფრო მეტიც, მტრულმა დამოკიდებულებამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებისადმი. მაშინ ამის ახსნა  მიჭირდა. რადგან ეს ადამიანები, საზოგადოებისთვის ცნობილი მეცნიერები, არტისტები თუ საზოგადო მოღვაწენი, თავიანთი ნაშრომებითა თუ შემოქმედებით, მაღალი ზნეობის მატარებელი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ვერ წარმომედგინა, რომ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა სამშობლოს თავისუფლების იდეა და საძულველნი იქნებოდნენ ამ იდეისთვის თავგადადებული მებრძოლები და მათი მიმდევრები, რომლებსაც ზიზღით ზვიადისტები გვიწოდეს . . . 
ახლა, ამ გადასახედიდანაც ბევრი მაშინდელი ჩემი თანამოაზრე ამ მოვლენას მარტივად ხსნის:  ისინი ხომ КГБ-ს აგენტები არიან!
 მე კი ვფიქრობ, რომ საქმე ასე მარტივად არ არის, როგორც ზედაპირულად ჩანს.
ეროვნული მოძრაობის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,   ბ-მა ზვიად გამსახურდიამ ძალიან საინტერესო რამ თქვა: ჩვენ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით  КГБ-ში მეგობრები რომ არ გვყოლოდაო.
 სამშობლოს ერთგული ადამიანები შემდეგაც ცდილობდნენ ქვეყნის გადარჩენას და პუტჩამდე რამდენიმე თვით ადრე აღნიშნული  ორგანოს  ერთ-ერთმა ჩინოსანმა გაზეთში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ“, სადაც  აღწერილი იყო, თუ როგორ უმზადებდნენ ახლად განთავისუფლებულ ქვეყანას  გადატრიალებას. მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც მოხდა ის, რამაც მრავალი ადამიანი დაღუპა, გაანადგურა, არა მარტო ფიზიკურად, არამედ, რაც უფრო სავალალოა --სულიერადაც.
კომუნისტების ზეობის პერიოდი შემთხვევით არ გამიხსენებია. უცნაური ის იყო, რომ ზემოაღწერილი ცხოვრების წესს შეჩვეული ადამიანები მიტინგების გავლენით ისე შეიცვალნენ, რომ თვით  საბჭოთა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები აღიარებდნენ, რომ თბილისში იმ დღეებში მინიმუმამდე დავიდა დანაშაული, ხოლო 9 აპრილის ღამეს არც ერთი სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. ამ ფაქტს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: საგანმანათლებლო მიტინგებმა კათარზისი მოახდინა საზოგადოებაში და აამაღლა სულიერი დონე. შესაძლოა, წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მიტინგის დამთავრების შემდეგ ერთ პატარა ქაღალდის ნაგლეჯს თუ სიგარეტის ნამწვავს ვერ ოპოვნიდით მიტინგის ადგილზე. მაგრამ, შემდეგ მოხდა ის რასაც სახარების ერთი იგავი კარგად გამოხატავს: დასუფთავებულ სახლში შვიდჯერ უფრო გაძლიერებულმა ბოროტებამ მოიკიდა ფეხი . . .

ამ  რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი იერარქი თუთიყუშივით გაიძახოდა:  მოინანიონ,  მოინანიონო -- ყოფილი ხელისუფლების მისამართით,  მართალია, მოსანანიებელი ყოველთვის მოეძებნება ყველას,  მაგრამ რაღაც არ მახსოვს, რომ ან ამ, ან სხვა იერარქს იგივე დასცდენოდათ შევარდნაძის ან მისი ხუნტის მისამართით. ზოგიერთი ამტკიცებს შევარდნაძის პერიოდი უკეთესი იყოო. ასეთ ადამიანებთან დავას არც ვაპირებ, რადგან მათ ან მეხსიერება ღალატობთ, ან თვითონაც იმ კრიმინალური ხუნტის თანამოაზრენი თუ თანამონაწილენი არიან. ასეთებთან კამათს კი, ცხადია, აზრი არა აქვს. თუმცა, ძალიან მიკვირს, რომ იმ საბედისწერო გადატრიალების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც  არ აღძრა  მათში პასუხისმგებლობისა და სინანულის გრძნობა და მეტიც, ახლაც ამ დრამატულ მოვლენებში ისევ იგივე ადამიანები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად. არც უფიქრიათ, ჰქონდათ თუ არა ამის მორალური უფლება . . .
იმ ბნელი პერიოდის  გახსენება ძალიან ძნელი და  მტკივნეულია ჩემთვის.  ცხადია, მე მხოლოდ მატერიალურ  მხარეს არ ვგულისხმობ.  ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა, ეს იყო იმ იდეის მსხვრევასთან შეგუება, რასაც თაობებმა შეალიეს სიცოცხლე და რომლის განხორციელება უკვე ასე ხელშესახები იყო ჩვენთვის . . .
ვფიქრობ, ჩემი განწყობის გადმოსაცემად  ყველაზე უკეთესი იქნება გავიხსენო  ჩემს მიერ იმ პერიოდში დაწერილი ლექსი:
ღამეა, წყვდიადი... სიბნელის თარეში . . .
ყოველი დანთქმულა უძირო ღამეში,
სიცივის, შიმშილის, სიკვდილის მხარეში
ღრეობენ, ლაღობენ  სიცრუის ფარეშნი.
მაგრამ წამს გარდუვალს
ვით ავნებს წყვდიადი?
უეცრად ჩამოჰკრავს დრო-ჟამი დიადი!
ბევრმა ადამიანმა ვერ გაუძლო მატერიალურ სიდუხჭირეს და მათ სულებს სიღატაკე დაეუფლა.  არაფერია იმაზე საშიში, როცა სიღატაკე გაჯდება სულსა და გულში, ისე, როგორც სიცივე -- ორგანიზმში, როცა გონებით იჯერებ, რომ ღატაკი ხარ და ეს  დროებით მოვლენად არ მიგაჩნია, თუნდაც გამოცდად იმისა, თუ როგორ გაუძლებ ამ განსაცდელს. რადგან სიღატაკე ღირსებას აკარგვინებს  პიროვნებას, რაც სულის დეგრადაციის დასაწყისია. ასეთ ადამიანს აღარც წარსული ახსოვს და არც მომავალი აინტერესებს. ის მონად იქცევა, მისთვის ყველაზე კარგი ბატონი ის არის, რომელიც მეტ ლუკმას მიუგდებს.
შესაძლოა ზოგიერთი  შემომედავოს, რა დროს ღირსებაა, როცა შიმშილით კვდებიო. მათ შევახსენებ, რომ შიმშილი კი არა, ღირსეულ ადამიანს სიკვდილის შიშითაც ვერ გასტეხ.  მაშ, რისთვის გვისწავლია „სტუმარ-მასპინძელი“ და აღვფრთოვანებულვართ ზვიადაურის გაუტეხელობით: „ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა“ . . . 
ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ ჩემს ოჯახს გაჭირვება არ უნახავს და ამიტომ ვმსჯელობ ასე თამამად,  გეტყვით მოკლედ:
როგორც ზემოთ ვთქვი, ჩემი ბოლო სამსახური სსრკ-ს დაშლასთან ერთად გაუქმდა. 1990 წელს მე ჩავაბარე ახალციხის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ რექტორმა მე და ჩემს ერთ-ერთ კურსელს შემოგვთავაზა იქვე მუშაობის დაწყება ასისტენტებად.  ხელფასი, თუმცა  დიდი არ იყო, მაგრამ, კვირაში მხოლოდ ერთ დღეს მოგვიწევდა ახალციხეში ჩასვლა, ამიტომ სხვა სამუშაოც შეგვეძლო შეგვეთავსებინა.  მაგრამ, პუტჩის შემდეგ,  მალევე, სასწავლებელშიც ერთგვარი გადატრიალება მოხდა, რაზედაც უფრო დაწვრილებით სხვაგან მოგახსენებთ,  და მე და ჩემი კურსელი დაგვითხოვეს იქიდან.
 პირველი ხანები მაინც შოკის მომგვრელი იყო:
 დედაჩემის პენსია  შვიდი მანეთი  იყო.  გახსოვთ? თუ კარგი დიასახლისი იყავი, რომ უნდა გყოფნოდა ყველაფრისთვის(!?).  თუმცა, მალევე დავიწყე მუშაობა და  მთელი იმ ხნის განმავლობაში სამ სამსახურზე ნაკლები არ მქონია,  ჩემი ხელფასი მარტო ტრანსპორტისა და ათი დღის პურის ფულს შეადგენდა.  ჩემი ძმა დღე და ღამ მუშაობდა, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით.
 რამაც თავი  გაგვატანინა, ეს იყო კეთილი ადამიანების დახმარება. იმ ადამიანებისა, რომლებსაც თავადაც უჭირდათ, მაგრამ, მაინც გვიყოფდნენ ლუკმას. ცხადია, არასოდეს დამავიწყდება მათი სიკეთე . . .
 იმ პერიოდში უცხო ქვეყნებიდან ჰუმანიტარული დახმარება შემოდიოდა, მაგრამ ის  ვერასოდეს აღწევდა დანიშნულების ადგილამდე.
ერთხელ,  მე და დედაჩემს გვითხრეს: წადით თქვენც, მიცკევიჩის ქუჩაზე არიგებენ პროდუქტს,  იქნებ ბურღულეული მაინც შეგხვდეთო. დავუჯერეთ და წავედით, მაგრამ ახლოს ვინ მიგვიშვა? ახალი მარკის ავტომობილები მოსრიალდებოდნენ, იქიდან მდიდრულად ჩაცმული ფაშ-ფაშა ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები გადმოდიოდნენ, ყუთებს ჩაიწყობდნენ თავ-თავიანთ  მანქანებში და მედიდურად გასრიალდებოდნენ. დედაჩემს ვუთხარი, წავიდეთ აქედან, ხომ ხედავ, აქ ჩვენზე მეტად გაჭირვებულები ყოფილან-მეთქი.  შემდეგ აღარასოდეს გვიფიქრია იქ წასვლა . . .  
2004 თუ 2005 წელს უნივერსიტეტში  კონფერენციას  ვესწრებოდი,  ერთ-ერთი  უცხოელი მომხსენებელი, სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარულ დახმარებებზე საუბრობდა, რომელიც 90-იან წლებში უკვალოდ ქრებოდა და ხალხამდე ვერ აღწევდა: როცა ეს აღმოვაჩინეთ, სახელმწიფო  სტრუქტურების გვერდის ავლით,   სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით და უშუალოდ მათ გადავეცით დახმარება, მაგრამ, იცით, რა მოხდა? ესეც  ისევ სადღაც გაქრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უშუალო კავშირი  გვქონდა  ექიმებთან, პროფესორებთანო.  მისი  გაოცება  იმ გაოცების მსგავსი იყო, რომელიც, მაგალითად, თქვენ დაგეუფლებოდათ, ბრიტანეთის  პრინცისთვის ჯიბის ქურდობაზე რომ წაგესწროთ.
ძალიან შემრცხვა: რა წარმოდგენა უნდა შექმნოდათ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, კულტურაზე?
მაშინ ამ ფენომენის ახსნა მიჭირდა. შემდეგ და შემდეგ გავიაზრე, რომ მთავარი მიზეზი  ორმაგი მორალი, ორმაგი სტანდარტებია, რაც, სამწუხაროდ,  იმდენად ფესვგადგმულია ჩვენში, რომ ვერც კი ვგრძნობთ. ზოგჯერ, ეს ორმაგი მორალი ეთიკურ ნორმებში გვერევა,   რაღაც გარკვეულ თუ  გაურკვეველ კონიუნქტურას ვუქვემდებარებთ ჩვენს თავისუფალ ნებას, რომელიც თავად უზენაესმა გვიბოძა.
ორმაგი მორალის თემა ძალიან რთული და ფაქიზია, ამიტომ  ცალკე წერილში ვისაუბრებ, თუ როგორ მესმის მისი არსი.
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
05.12. 2012 წ.


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მეოთხე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეოთხე
იმ ძნელბედობის ჟამის მოგონებებზე ერთი საინტერესო ამბავი გამახსენდა, რომელიც 1996 წლის  ზამთარში მოხდა.
შინ და გარეთ სიცივის, არასრულფასოვანი კვებისა და ნორმაზე მეტი დატვირთვის გამო იმუნიტეტი იმდენად დამიქვეითდა, რომ წარამარა ავად ვხდებოდი. ერთ-ერთი ასეთი ავადმყოფობის დროს, როცა მაღალი სიცხით გათანგული ვიწექი საწოლში და ცხელ თავში  ქაოტურად დაქროდნენ ფიქრები, როგორც იცის-ხოლმე, უცებ გაბრიელ ჯაბუშანურის პოემა გამახსენდა  სტალინზე.  მისი ნაწყვეტი ერთხელ მოვისმინე უმცროსი კონსტანტინე გამსახურდიასგან ტელევიზიით. იგი ამბობდა, საქართველოს არაფერი ეშველება მანამდე, სანამ სტალინის სული ხალხში ცოცხალიაო, მერე ამ პოემის ნაწყვეტი წაიკითხა, სადაც პოეტი ზედმიწევნით ახასიათებს სტალინის ტირანულ სულს. გავიდა ხანი და რომელიღაც ჟურნალში თუ გაზეთში დაიბეჭდა  და თავიდან ბოლომდე წავიკითხე.   ჰოდა, ახლა  გამახსენდა. მართალია,   ვერც ერთი ფრაზა ვერ გავიხსენე, მაგრამ მისი სულისკვეთება განმიახლდა და ვიფიქრე, კარგი იქნება შევარდნაძეზეც დაიწეროს-მეთქი მსგავსი ლექსი, რომ შემდეგმა თაობებმა არ დაივიწყონ მისი ღვაწლი.
ამის გაფიქრება იყო და თითქოს თავისთავად დალაგდა თავში სტრიქონები:
და  გადასერავს  ცის  კიდეებს:  MEMENTO MORI!/გაჰკვეთს  ნათელი  ორლესული  მახვილით  ხელში/და  სანთელივით  ჩამოდნება  ეგ  შენი  თორი,/შენს   დაღლილ  სულს  კი  შეუჯდება  უძილო   მატლი“. ეს სტრიქონები რამდენჯერმე გავიმეორე, რომ არ დამვიწყებოდა, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე. ცოტა ხნის შემდეგ „თორი“ ამეკვიატა და მივხვდი, რომ ეს ბოლო კუპლეტი იყო და თავიდან სწორედ ამ სიტყვით ან მისი სინონიმით უნდა დამეწყო.  დედაჩემს ვთხოვე ფურცელი და ფანქარი მომიტანე- მეთქი. რად გინდაო, გაუკვირდა. ლექსს ვწერ-მეთქი . ალბათ იფიქრა, მაღალი სიცხისგან ბოდავსო, მაგრამ, მაინც მომიტანა. და ცოტა ხანში ისევ ძალდაუტანებლად მოფრინდნენ სტრიქონები:
შენი  ჯავშანი  თითქოს  მტკიცედ  არის  ნაჭედი,
მილიონ  გვამზე  სისასტიკით  გადაგივლია,
შენი  მსოფლიო  პოლიტიკა“  არის  ნაქები,
ათასი  ჯურის  სიბინძურე  გამოგივლია.
ქართველი ერის  სიძულვილი  შავ  გულს  გიბნელებს,
ბნელი  მსოფლიოც“  მოკავშირედ  შენ  გაგიხდია,
ეტრფი  კაცის  კვლას,  შურს   და  ღალატს,  თესავ  სიბნელეს,
ხალხის  სიკეთე  ბოროტებით  გადაგიხდია.
ქართველი  კაცის  დაჩოქებას  ლამობდა  ბევრი,
მაგრამ,  დღეს  მიწით  ავსებია  შავბნელი   ხახა,
ბევრი  ჰყოლია  საქართველოს  შენებრი  მტერი,
მათი  სულები  შავ  ჯოჯოხეთს  დანთქმულა   ახლა.
სისხლის  წვიმები  გასაზრდოებს, როგორც ჰეროდეს,
მოყვასთა  შორის  ღვარძლი  უხვად   დაგითესია,
ძმათა  სასხლისღვრა  იყო  შენი  წინამორბედი,
მოღალატენი  მოგყვებოდნენ,  როგორც  მესიას.
წითურ  სახეზე  მოგრევია  შავი  ნაღველი,
ალბათ,  ვეღარ  ჭრის  შენი  ალღო,  აგრე  ნაქები,
მტკიცედ იცოდე:   საქართველოს  ვერ  დააჩოქებ!
ბრაზს  ვერ  იოკებ?  გაგიცუდდა  ბნელი   ზრახვები.
გულში  გიხუტებს  მწიგნობართა  ბილწი  კრებული,
კაიაფას  კი  ფარისეველთ  ხროვა  არტყია,
ამ  სურათს  უხმოდ  გადმოჰყურებს  მაღლით  ცხებული,
ნათელ  სახეზე  თითქოს  რისხვის  ნიში  ატყვია.
და  გადასერავს  ცის  კიდეებს:  MEMENTO MORI!
გაჰკვეთს  ნათელი  ორლესული  მახვილით  ხელში
და  სანთელივით  ჩამოდნება  ეგ  შენი  თორი,
შენს   დაღლილ  სულს  კი  შეუჯდება  უძილო   მატლი.
დავამთავრე და მივეცი დედაჩემს. მან ჯერ გადაიკითხა, მერე წაიკითხა, მერე ისევ გადაავლო თვალი და ჩაილაპარაკა: ჰოო, ამისთვის კი ღირდა ავად გახდომა.
გავიდა ხანი და როცა მოგვიანებით   წავიკითხე, მე თვითონაც გამიკვირდა, ისე იყო  დატვირთული ბიბლიური სახეებით. თუმცა შემდეგ უახლოესი ადამიანების გარდა არავის  წაუკითხავს.
ახლა გადავწყვიტე ამ წერილებში ჩავრთო. რადგან, როგორც  პირველი შეხედვით ჩანს, არც  ისეთი არაკეთილგანწყობილია ადრესატის მიმართ.
 დავიწყოთ იმით, რომ სენტენცია  Memento mori! ჯერ კიდევ წარმართულ სამყაროში აფხიზლებდა ადამიანს,  რომ მას მუდმივად ხსომებოდა:  ამქვეყნიურ ცხოვრებას დასასრული აქვს, ამიტომ,  ძალიან არ უნდა გაერთო ამაოებით; „ უძილო მატლი“ იგივე სინდისის ხმაა, რომელიც ჯავშნის, იგივე თორის ანუ უხეში სამოსის-- ქვენა გრძნობების მოშორების, მათზე გამარჯვების შემდეგ ახმოვანდება  ადამიანში.  თუ ამ ლექსის შინაარსს კარგად გაიაზრებს ადამიანი, მიხვდება, რომ ეს განწმედისკენ მოწოდებაა, რომელიც შეუძლებელია, ჩადენილი  ბოროტმოქმედებების  დანახვისა და შეფასების გარეშე.  
 ჩადენილი ბოროტებანი კი იმაზე გაცილებით მეტია, ერთი ადამიანის სულს რომ ძალუძს ტვირთვა. თუმცა, მათ აქ ჩამოთვლას არ შევუდგები, რადგან ყველამ კარგად იცის, მათ შორის მათაც, ვინც  დითირამბებს უმღერის.  ეგ კიდევ საკითხავია, ვის სურს მისთვის ჭეშმარიტი სიკეთე.  ყველაზე დიდი სიკეთე ხომ  განწმედაა . . .
რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე ვიტყვი, რომ ზედმეტი ხმარებისგან უკვე თითქმის გახუნებულ ფრაზას  „საქართველოს გაბრწყინებას“ მხოლოდ მაშინ მიეცემა აზრი, როცა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე (უმრავლესობა მაინც)  თავისი შეცდომების ობიექტურად, პირუთვნელად გააზრებას შეძლებს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ქვეყნის, ხალხის, თუ ერის  წინამძღვრობის პრეტენზია აქვთ და მის  ბედს განაგებენ . . .
ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ ათეისტურ პერიოდში განვლო. თუმცა, კომუნისტებს  კბილები უკვე ცოტათი მოცვეთილი ჰქოდათ  და მათი სასტიკი მეთოდებიც ისე აღარ ჭრიდა, სასულიერო ლიტერატურა მაინც ყველასთვის მისაწვდომი არ იყო.  
 ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, გადავწყვიტე,  ის სიცარიელე შემევსო, რომელიც სულში ბავშვობიდან ნელ-ნელა უნდა ივსებოდეს . . .  
1990 წლის სექტემბრიდან, როგორც ზემოთ ვთქვი, ახალციხის სასულიერო სასწავლებელში დავიწყე სწავლა. 
სასწავლებელი სამცხის ერთ-ერთ მონასტერში იყო განთავსებული და მართალია, მისი რექტორი ამ რეგიონის ეპისკოპოსი იყო, სინამდვილეში სასწავლებლის სადავეები ხელთ ეპყრა მონასტრის წინამძღვარს -- იღუმენს, საკმარისზე მეტად ენერგიულ ადამიანს.
პირველ დღეებში თავი სიზმარში მეგონა, ისეთ ბედნიერებას მგვრიდა ბიბლიის, ეკლესიის ისტორიის, ლიტურგიკის, თუ სხვა საგნების სწავლა. მაგრამ ეს ბედნიერება მალევე შეცვალა გაოგნებამ, როცა იღუმენმა, რომელიც ახალ აღთქმას გვასწავლიდა,  ერთ დღეს გაკვეთილზე რუსულ ენაზე თარგმნილი წიგნები შემოიტანა და გამოგვიცხადა: ყველამ აიღეთ  და ეს წიგნები იკითხეთ,  ქართულ სახარებას მადლი არა აქვსო.
 ზოგი მაშინვე წამოხტა და აიღო წიგნი, ზოგმა დააყოვნა, მერე ზანტად მივიდა მაგიდასთან და უხალისოდ დაბრუნდა წიგნით ხელში თავის ადგილას.
მე არ გავნძრეულვარ.
--შენ რა არ გესმის?
--დიახ, მესმის, მაგრამ ვერ გავიგე, რას ნიშნავს მადლი არა აქვს -- ვუპასუხე.
შეპასუხებას არ მოელოდა და აღარაფერი უთქვამს. გაკვეთილი დამთავრდა. ჩემს გარდა, კიდევ რამდენიმე მოსწავლემ გააგრძელა სახარების კითხვა ისევ ქართულად.  იღუმენი მიხვდა, რომ საქმე მარტივად არ იყო და დაიწყო იმ მეთოდის განხორციელება, რომელსაც ჯერ კიდევ ძველ რომში წარმატებით იყენებდნენ: გათიშე და იბატონე. მალევე დაირღვა ის ერთსულოვნება და სიყვარული, რომელიც პირველ დღეებში მოწაფეებს შორის სუფევდა. იღუმენმა მოწაფეთა ნაწილთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა. ცალკე იბარებდა და ესაუბრებოდა. ჩვენ კი, ვინც მის პირველ ბრძანებას არ დავემორჩილეთ, ამრეზით დაგვიწყო ყურება, მაგრამ აშკარადაც ვერ გვიპირისპირდებოდა,  გრძნობდა, რომ არც ჩვენ დავთმობდით, რადგან  იმ პერიოდში  პოლიტიკური ვითარება ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. თუმცა არც თვითონ დაუყრია ფარ-ხმალი. თითოეულ ჩვენგანს მოგვიჩინა მეთვალყურე თავისი მორჩილი მოწაფეებისგან, რომ ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ ნათქვამი მიეტანათ მასთან. სალაპარაკო და განსასჯელი კი ბევრი იყო. გაკვეთილს ისე არ ჩაატარებდა, რომ რაიმე უკუღმართული არ ეთქვა. ქართველებს  წმინდანები არა ჰყავთ. აბა, რა წმინდანია ილია ჭავჭავაძე, ან თუნდაც დავით აღმაშენებელიო, იტყოდა. იწყებოდა კამათი. ჩვენ ჯერ  ვაცდიდით ხოლმე და თუ დავინახავდით, რომ სასწორი მისკენ იხრებოდა, ვერთვებოდით კამათში და წარმატებითაც -- მოწაფეები აშკარად გრძნობდნენ ჩვენს უპირატესობას.  ეს უფრო აბრაზებდა იღუმენს და ყველანაირად ცდილობდა ჩვენს   შევიწროებას. გვავალებდა მონასტრის ყველაზე ძნელ და სპეციფიკურ სამუშაოებს, რათა რაც შეიძლება ნაკლები დრო გვქონოდა სამეცადინოდ.  ამიტომ დილის ექვს საათზე ვდგებოდი, რომ მომესწრო ყველაფერი.  თანდათან უფრო და უფრო ძნელდებოდა მასთან ჭიდილი. მოწაფეები იმდენად მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ, რომ ყოველგვარ სისულელეს გაუაზრებლად იმეორებდნენ. მათში  ნერგავდა ნიჰილიზმს სამშობლოსა და მშობლების მიმართ.  ლუკას სახარების იმ პასაჟს, სადაც ნათქვამია: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამასა და დედას ... იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე“,  უკიდურესად ნატურალისტურად ხსნიდა და ბავშვებს ჩააგონებდა: ფიზიკურად უნდა იგრძნოთ მშობლებისადმი სიძულვილიო. ისინიც იმეორებდნენ: მე უკვე ვგრძნობ, როგორ მძულს ჩემი მშობლებიო. მოკლედ, ქრისტიანული რელიგია მის ხელში სიყვარულის რელიგიიდან სიძულვილის რელიგიად იქცა.
 ჩვენ ძალიან ვწუხდით, ბევრსაც ვმსჯელობდით, თუმცა, საქმეს ვერ ვშველოდით.  
მაგრამ, მალე სრულიად შემთხვევით გავიგე ისეთი რამ, რაზეც გაჩუმება აღარ შეიძლებოდა.   
ერთ კვირა დღეს წირვას ახალციხის მრევლთან ერთად ვესწრებოდით.  მართალია, მრევლი დიდი არ იყო, იმ პერიოდში, ჯერ კიდევ არ დადიოდა ბევრი ადამიანი ეკლესიაში, მაგრამ ტაძარი თითქმის სავსე იყო.
რამდენიმე ადამიანის საუბარმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.  ისინი უპატიოდ მოიხსენიებდნენ როგორც   ეპარქიის წინამძღვარს, ისე საქართველოს ეკლესიის  საჭეთმპყრობელს და  საუბრობდნენ ეპარქიის გამოყოფისა და მისი რუსეთის ერთ-ერთი მონასტრისადმი დაქვემდებარების შესაძლებლობაზე. 
 მივხვდი, რომ ესეც იმ იღუმენის ჩაგონებული იყო, რადგან მსგავს აზრებს იგი ჩვენთანაც გამოთქვამდა, თუმცა --  არა ასე მკაფიოდ.
ცხადია, ეს  საშიშროებას უქადდა  საქართველოს ერთიანობას, ამიტომ  გადავწყვიტე სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი თბილისში, რათა მიმეღო შესაბამისი ზომები.
თუ რა მოჰყვა ჩემს ამ მცდელობას, ამას  შემდეგ წერილში მოგახსენებთ . . .
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
12.12. 2012 წ.