Friday, July 26, 2013

გაყიდეთ სამოსი, შეიძინეთ და შეისწავლეთ ვეფხისტყაოსანი!

გაყიდეთ სამოსი,  შეიძინეთ  და  შეისწავლეთ
ვეფხისტყაოსანი! 
საქართველოს ყველა  მოქალაქეს და გულშემატკივარს დიდი სიხარულით ვულოცავ ვეფხისტყაოსნის   მსოფლიო მეხსიერების საგანძურთა  ნუსხაში შეტანის ფაქტს.  მიმაჩნია, რომ ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სახელმწიფოებრივი   აღმასვლის დასაწყისია.
ვეფხისტყაოსანში  გადმოცემულია ის იდეოლოგია, რომელიც ასე ჰაერივით სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს  და რომლის გადაფარვას და მეტიც, განადგურებას თანმიმდევრულად ცდილობდა და ცდილობს ყველა ის იმპერია,  რომელიც  დომინირებდა  და  სამწუხაროდ,  ამჟამადაც დომინირებს ჩვენს მენტალიტეტზე.
ამ  წიგნს, რომელსაც სრულიად სამართლიანად, და არა მხოლოდ ხატოვნად, უწოდებენ  ქართველთა მეორე  ბიბლიას,  მრავალი მეცნიერი   სწავლობდა და სწავლობს მრავალმხრივ.
იმ ამოუწურავ ასპექტთა შორის,  რომლის მიხედვითაც  ვეფხისტყაოსნის  შესწავლაა შესაძლებელი,  ყველაზე მნიშვნელოვნად ამჟამად   იდეოლოგიური ასპექტი მიმაჩნია.
მეცნიერულ და საფუძვლიან  შესწავლას, ცხადია,  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ამჟამად, უფრო საშურად მიმაჩნია  იმ იდეოლოგიის  ფართო  საზოგადოებამდე მიტანა,  რომელიც  მნიშვნელოვანი კვლევების შედეგად  არის ამოკითხული ვეფხისტყაოსანში.
უპირველეს ყოვლისა -- ეს არის მისი უნივერსალურობა.  პირველივე  სიტყვებიდან ჩანს,  რომ  მისი  ავტორი  სამყაროს  უმთავრეს  მიმზიდველობად  მრავალფეროვნებას მიიჩნევს:  ... „ჩვენ,  კაცთა,  მოგვცა  ქვეყანა,  გვაქვს უთვალავი  ფერითა“...   ცხადია, რომ    მრავალფეროვნებაში  ყოველგვარ  „ფერთა“  მრავალმხრივობა,  ანუ  აზრთა,  მისწრაფებათა    სურვილთა,   რწმენათა  თუ  იდეოლოგიათა  სიმრავლე და მათი  თანასწორობა,  მშვიდობიანი  თანაარსებობის  სილამაზე იგულისხმება.
სამყაროში  მარადიული ბრძოლა  სიკეთესა და ბოროტებას შორის  ასეც შეიძლება ვთარგმნოთ ანუ განვმარტოთ:  ეს არის ბრძოლა  მრავალფეროვნებასა  და   ერთფეროვნებას  შორის,  ანუ --   ბრძოლა თავისუფლებასა და იძულებას შორის, რადგან  მრავალფეროვნების  არსებობა  თავისთავად  გულისხმობს  თავისუფალი არჩევანის  საშუალებას,  რაც  ერთფეროვნებისას  სრულიად  გამორიცხულია.
აქედან  ცხადია,  რომ  მრავალფეროვნების მოსპობა-განადგურება,  რასაც მთელი ძალით  ესწრაფვის  ბოროტება,  უცილობლად  თავისუფლების  მოსპობასაც გულისხმობს,  და ცხადია  ისიც, რომ ადამიანები  თავიანთი  განათლებისა თუ ინფორმირებულობის  დონის შესაბამისად,  ან  ერთ მხარეს ემსახურებიან,  ან  მეორეს, უფრო  ზუსტად  რომ  ვთქვათ:  ხან  ერთ მხარეს,  ხან  --  მეორეს, მეტ-ნაკლებად,    ეს ბუნებრივია,  რადგან  არ  არსებობს  უშეცდომო  ადამიანი.  თუმცა,  სავალალო ის არის,  როცა  მუდამ  ბოროტების სამსახურში  ხარ.  და  ეს  მაშინ  ხდება, როცა ანგარება შთანთქავს  პიროვნულ  ღირსებას.
სწორედ ასეთი   სუბიექტები,  ებრძოდნენ  და ებრძვიან  თავისუფლებისა  და  მრავალფეროვნების  იდეას,   ასეთი  სუბიექტები უკეტავენ  გზას  ამ  იდეების   მატარებელ  ლიტერატურას,  მის  შემოქმედებს  თუ მიმდევრებს.  და სამწუხაროდ,  მასა,  რომელიც  არასწორადაა  ინფორმირებული,  მათი  დასაყრდენი  ხდება.
ვეფხისტყაოსნის და მისი ავტორის   დევნის ფაქტებიც   მრავალია  შორეულ თუ თანამედროვე ისტორიაში.   ამ ძეგლის სიძულვილი  მის  მკვლევარებზედაც კი  ვრცელდება  ხოლმე.  მიზეზი კი   ისევ და ისევ თავისუფალი აზროვნების სიძულვილია.
თავისუფლება თავად  სამყაროს  სულისკვეთებაა  და  მისი  დამარცხება  ან თუნდაც შეზღუდვა სრულიად გამორიცხულია.  მაგრამ,  უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნება,  საზოგადოება,  სახელმწიფო   რომელ  მხარეს აირჩევს:  თავისუფლებასა  და  იძულებას შორის, მრავალფეროვნებასა და  ერთფეროვნებას შორის, ეს არჩევანი მნიშვმელოვანია  თვით პიროვნების თუ საზოგადოების განვითარებისთვის, მეტიც  მისი არსებობის შენარჩუნებისთვის.
ზემოთ  იმპერიები  ვახსენე  და ახლა  კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ თემას.   იმპერიები მუდამ  ცდილობდნენ  თავიანთი  გავლენისა  და  მორჩილების  ქვეშ  მოექციათ  დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობა  და  ამისთვის  თავიანთ იდეოლოგიას ახვევდნენ  ხალხს  თავს,  და ხშირად --  რელიგიის ნიღბით.
ცივილური სამყაროსგან მოწყვეტის შიშით არაერთხელ  დაუხევიათ  უკან  ჩვენს წინაპრებს   იმპერიების კაპრიზების წინაშე. ისტორიაში საკმაოდ  ბევრია  ამის დამადასტურებელი  მაგალითი,  მრავალი  მათგანი   სწორედ    რელიგიას  უკავშირდება.
ასე  ხდებოდა  ბიზანტიის  იმპერიის  ზეობისას,  როცა   ჩვენი  ეკლესია ერეტიკულად  გამოცხადების  შიშის გამო  იძულებული გახდა   ღვთისმსახურება  ბიზანტიური  მსახურების  იდენტური ყოფილიყო.   ჰიმნოგრაფიული ტექსტებიც კი  ბერძნულიდან უნდა ეთარგმნათ.
იმ   პერიოდში   ბიზანტიასთან ურთიერთობა ცივილურ სამყაროსთან  კავშირს ნიშნავდა.  საქართველოს  მტრული გარემოცვა  ჰქონდა   და  თუ  იგი იზოლირებული აღმოჩნდებოდა,   ეს   საფრთხეს  შეუქმნიდა მის ფიზიკურ არსებობას.
იგივე  განმეორდა  რუსეთის იმპერიის უღელქვეშ:  რუსეთმა  თავისი იდეოლოგია რელიგიის საბურველით მოგვახვია თავს.
სისტემა, რომელიც თავის თავს  მართლმადიდებლობას  უწოდებს, ახერხებს შეიჭრას სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში, განსაკუთრებით, იმ ინსტიტუციებში, რომლებიც მოსახლეობის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში თამაშობს უდიდეს როლს: საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში.
ე. წ.  ერთმორწმუნეობამ   სრულიად სხვა დატვირთვა მისცა  ჩვენში რელიგიას. ძირითადი  ყურადღება  გადატანილი  იქნა  ხალხში იმ თვისებებისა და მისწრაფებების  განვითარებაზე,  რაც  ადვილად  სამართავს  გახდიდა  მასას. 
ამიტომ  გასაკვირი არ არის, რომ  ვეფხისტყაოსნის  თავისუფლების სულისკვეთება არაერთხელ  გამხდარა  ე.წ.  მართლმადიდებელი სასულიერო პირების სამიზნე.  შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამგვარ  სასულიერო  პირებს   არაფერი  გაეგებათ თავად ქრისტიანობისა. 
აქედან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება:  სულ  სხვა  გზით  განვითარდებოდა  ჩვენი  ქვეყანა,   ერთმორწმუნეობის ცრუ  იდეას რომ არ დაქვემდებარებოდა   ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა.
 ამ უკვდავ ძეგლს  სხვა ჯურის მტრებიც უხვად ჰყავს  -- ნიჰილისტები,  რომლებსაც  საზოგადოდ არც ესმით იდეის არსი და მნიშვნელობა. 
 თუმცა, ისიც შეიძლება ითქვას,  ორივე ტიპის მოძულე ერთი მონეტის ორი მხარეა. 
ფაქტი  კი  ის  არის,  რომ  „ბოროტსა  სძლია  კეთილმან,  არსება მისი გრძელია“ : გაიკვალა თავისი გზა ვეფხისტყაოსანმა  სამყაროში  და მის ნათელს ვეღარავინ აღუდგება წინ.
ამ მოვლენას უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ჩვენი ქვეყნისა  და ხალხისთვის, ჩვენი სახელმწიფოს  აღმავლობისთვის, თუ მოსახლეობის მოაზროვნე ნაწილი გადახედავს თავის ღირებულებათა სისტემას და  თანაფარდობაში მოიყვანს  მას ვეფხისტყაოსნის იდეოლოგიასთან, რომელიც, თავის მხრივ, ზოგადსაკაცობრიო იდეალებზეა დამყარებული.  ეს  არაერთ  რუსთველოლოგს  აღუნიშნავს.
მადლობა, თითოეულ  ადამიანს,  ვინც  იშრომა და იღვაწა  ამ უდიდესი საქმისთვის;   მადლობა,   ყველა  რუსთველოლოგს;  მადლობა  ვეფხისტყაოსნის  უბრძენეს  ავტორს  შოთა რუსთაველს.

პატივისცემით  და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
26.07.2013 
  სხვა წერილები  იხ. Google-ში მისამართზე:  http://natali-tavisufali.blogspot.com/