Thursday, March 30, 2017

ხანძარი, საპატრიარქო და... პოლიტიკა

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთავი2 ინტენსიურად განიხილავდა მეტად მნიშვნელოვან და აღმაშფოთებელ  საკითხს: საქართველოს სამხედროთა, 2008 წლის ომის მებრძოლთა პირადი ინფორმაციის გადაცემას მტრული ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. ამ ფაქტმა იმდენად შემძრა, რომ ყველაფერმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა ცივილურ სამყაროში, მსგავსი ფაქტის აღმოჩენის, ან თუნდაც, ეჭვის წარმოქმნისთანავე და კიდევ და კიდევ ვრწმუნდებოდი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სუსტი წერტილი იდეოლოგიის არარსებობაა. საზოგადოების  პოლიტიკურად აქტიური, მცირე ნაწილი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ქართული სახელმწიფოს ადგილი და მომავალი, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამინდს ვერ ქმნის. მიზეზი კი არის ის, რომ საგანმანათლებლო სისტემა,  არ ზრუნავს ქვეყნის ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებაზე, არადა, ეს სრულიადაც არ არის დიდი სირთულე.
ჰოდა,  როცა ერთმა ჩემმა ახლობელმა  ხანძრის შესახებ დამიწყო საუბარი, ვუპასუხე, რომ მე ახლა უფრო ის მაღელვებს, რომ ადამიანები, რომლებიც თავს სწირავდნენ, იმისთვის, რომ ყველას და (მათ შორის, მათაც, რომელებსაც ახლა ეს უბედურება დაატყდა თავს), მშვიდად ეცხოვრა და თავისი საქმე ეკეთებინა, ახლა სრულიად დაუცველნი არიან და ყოველ წუთს ემუქრებათ განადგურების საფრთხე.
დიახ, მე გულწრფელად ვამბობ, რომ ახლაც სწორედ ეს არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა დიდი ხანია გადაფარა არაერთმა სულისშემძვრელმა ფაქტმა. რადგან მიმაჩნია, რომ ყველაფერი რაც ხდება, ლოგიკური შედეგია იმისა, რომ დღესაც ადამიანები ერთგვარი თავმოწონებით აცხადებენ, რომ პოლიტიკა არ აინტერესებთ და არც სურთ ჩაერიონ მასში, თუმცა შემდეგ დიდი ენთუზიაზმით მიდიან არჩევნებზე და ხელისუფლებაში მოჰყავთ ძალა, რომელიც მეომართა პირად მონაცემებს მტერს გადასცემს, კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს, ქვეყანას კრიმინალის, კორუფციის, ნეპოტიზმის ჭაობში აბრუნებს...
როცა პოლიტიკა არ გაინტერესებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენდო ოლიგარქს, რომელმაც ქონება იმ დროს მოიპოვა, როცა ხალხს შიმშილით სული სძვრებოდა. მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო ისეთი გულუბრყვილო, რომ არ დაიჯერო, რომ ამ კაცმა სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი პარტნიორები.  იმაზე მაინც არ დაფიქრდე, თუ როგორ იყო შესაძლებელი იმ წლებში მილიარდების მოპოვება პატიოსანი გზით. ხოლო თუ ეს მაქინაციებით და მოტყუებით მოახერხა, დაიჯერო, რომ ასეთი კაცი შენ რაიმეს მოგცემს უანგაროდ.
შემთხვევით არაფერი ხდება, და ჩვენი პოლიტიკური სიმწიფის  ლოგიკური შედეგია ყოველივე ის, რისი მომსწრეც დღეს ვხდებით.
საპატრიარქოში განვითარებული მოვლენებიც სწორედ იმის შედეგია, რომ გაურბივართ მოვლენებს თავისი სახელი ვუწოდოთ, რომ  საკუთარი თავის წინაშეც კი არ ვართ გულწრფელნი, რომ დღესაც ფორმულით: „სტალინმა არაფერი იცოდა“ ვხელმძღვანელობთ. პატრიარქმა, რომელმაც შესანიშნავად იცის, ვინ ვინ არის, ეპისკოპოსის და მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა  მტრული ქვეყნის ათობით აგენტი და აჰა, შედეგიც!
ყოველივე ამის ფონზე, მედიაშიც პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით ხვდება ინფორმაცია.
ნახევარსიმართლე კი ტყუილზე ათასჯერ უარესია!!!
მოდით, საკუთარი თავის წინაშე მაინც ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რამდენად შეგვძრა იმ ინფორმაციამ, რომ ადამიანები, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ იმისთვის, რომ სტუდენტს, ბიზნესმენს თუ პოლიტიკოსს მშვიდად ეკეთებიანა თავისი საქმე, დღეს სახელმწიფოსგან განწირულინი არიან? რომ მათ ყოველ წუთს ემუქრებათ საფრთხე იმ ქვეყნის აგენტებისგან, რომლის ოკუპაციისგანაც იცავდნენ სამშობლოს? რამდენად  გაგვიჩნდა სურვილი, რომ  ამაზე პასუხი მოგვეთხოვა ხელისუფლებისთვის?
ამ მებრძოლებს დღესაც ემუქრებათ საფრთხე, ყოველგვარი საზღვრის გადალახვის გარეშეც, რადგან ჯაშუშები უკვე ხელისუფლებაში გვისხედან, ამიტომაც არის, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთიც „ვერ აღმოაჩინეს“ ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა   სამსახურებმა, მაშინ, როცა აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა ათობით ასეთი პირი გააძევეს თავიანთი ქვეყნებიდან!  აქ კი  -- პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს...
ჰოდა, ნუ გიკვირს, ჩემო კეთილო თანამოქალაქევ, როცა გატყუებენ, გძარცვავენ, ქონებას გინადგურებენ, სუნთქვასაც კი გიკონტროლებენ. ეს იმის შედეგია, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს.
და, რა გგონია პოლიტიკა?
პოლიტიკა ჩვენი ცხოვრებაა და ვისაც ის არ აინტერესებს, ძნელად თუ ასცდება საბედისწერო შეცდომას.
 ახლა ერთ  ამბავს გავიხსენებ და ამით დავასრულებ.
90-იანებში, პუტჩის შემდეგ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, იმ დროს, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა გადმონაშთით, „შემნახველი სალაროებით“ ვსარგებლობდით, მთავრობამ გამოაცხადა, რომ ვინც სალაროში თანხას შეიტანდა,  ერთი წლის შემდეგ ორმაგად დაუბრუნდებოდა. შემნახველ სალაროებში  რიგები დადგა; ადამიანები ყიდდნენ  უძრავ-მოძრავ ქონებას და შეჰქონდათ ფული. დედაჩემი სასწრაფოდ წავიდა და ის ორიოდე გროშიც გამოიტანა, რაც ანგარიშზე დაგვრჩა. ახლობლებს უკვირდათ მისი საქციელი. მაგრამ, შემდეგ მოხდა ის, რაშიც თავიდანვე ვიყავით დარწმუნებული, ხალხის ფული მიითვისეს და დატოვეს ასე უნუგეშოდ ათასობით ადამიანი. რა იყო ამის მიზეზი? სწორედ ის, რომ იმ ადამიანებს არ აინტერესებდათ პოლიტიკა. სამხედრო გადატრიალებამ მათ გვერდზე ჩაუარა.  იმ დროს, როცა მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ (ახლანდელი პარლამენტის შენობა) უიარაღო ადამიანებს გვესროდნენ,  ზოგიერთები მშვიდად აგრძელებდნენ ცხოვრებას და სულ არ აინტერესებდათ ქვეყნის ბედი. მათ არც ის იცოდნენ, რა ძალამ მიიტაცა ხელისუფლება. და აი, შედეგიც.  განა, ახალი ამბავია, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და შედეგი?
თუ გვსურს, რომ შევცვალოთ ის საშინელი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, მისი სათავეები უნდა მოვძებნოთ და გავარკვიოთ ის მიზეზები, რამაც მასში აღმოგვაჩინა. ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ანუ არ გვაინტერესებს ჩვენი ხვალინდელი დღე, ამიტომ ადვილად ვექცევით მდარე ხარისხის საინფორმაციო საშუალებების გავლენის ქვეშ, სტერეოტიპულად ვაზროვნებთ და შედეგად, ხელისუფლებაში სულთამხუთავები მოგვყავს.
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შეცდომის აღიარება გვიმძიმს და ისევ თავის გამართლებას ვცდილობთ. განა, ახალია, რომ წინსვლა შეცდომის აღიარებით იწყება?