Tuesday, December 25, 2012

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მეოთხე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეოთხე
იმ ძნელბედობის ჟამის მოგონებებზე ერთი საინტერესო ამბავი გამახსენდა, რომელიც 1996 წლის  ზამთარში მოხდა.
შინ და გარეთ სიცივის, არასრულფასოვანი კვებისა და ნორმაზე მეტი დატვირთვის გამო იმუნიტეტი იმდენად დამიქვეითდა, რომ წარამარა ავად ვხდებოდი. ერთ-ერთი ასეთი ავადმყოფობის დროს, როცა მაღალი სიცხით გათანგული ვიწექი საწოლში და ცხელ თავში  ქაოტურად დაქროდნენ ფიქრები, როგორც იცის-ხოლმე, უცებ გაბრიელ ჯაბუშანურის პოემა გამახსენდა  სტალინზე.  მისი ნაწყვეტი ერთხელ მოვისმინე უმცროსი კონსტანტინე გამსახურდიასგან ტელევიზიით. იგი ამბობდა, საქართველოს არაფერი ეშველება მანამდე, სანამ სტალინის სული ხალხში ცოცხალიაო, მერე ამ პოემის ნაწყვეტი წაიკითხა, სადაც პოეტი ზედმიწევნით ახასიათებს სტალინის ტირანულ სულს. გავიდა ხანი და რომელიღაც ჟურნალში თუ გაზეთში დაიბეჭდა  და თავიდან ბოლომდე წავიკითხე.   ჰოდა, ახლა  გამახსენდა. მართალია,   ვერც ერთი ფრაზა ვერ გავიხსენე, მაგრამ მისი სულისკვეთება განმიახლდა და ვიფიქრე, კარგი იქნება შევარდნაძეზეც დაიწეროს-მეთქი მსგავსი ლექსი, რომ შემდეგმა თაობებმა არ დაივიწყონ მისი ღვაწლი.
ამის გაფიქრება იყო და თითქოს თავისთავად დალაგდა თავში სტრიქონები:
და  გადასერავს  ცის  კიდეებს:  MEMENTO MORI!/გაჰკვეთს  ნათელი  ორლესული  მახვილით  ხელში/და  სანთელივით  ჩამოდნება  ეგ  შენი  თორი,/შენს   დაღლილ  სულს  კი  შეუჯდება  უძილო   მატლი“. ეს სტრიქონები რამდენჯერმე გავიმეორე, რომ არ დამვიწყებოდა, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე. ცოტა ხნის შემდეგ „თორი“ ამეკვიატა და მივხვდი, რომ ეს ბოლო კუპლეტი იყო და თავიდან სწორედ ამ სიტყვით ან მისი სინონიმით უნდა დამეწყო.  დედაჩემს ვთხოვე ფურცელი და ფანქარი მომიტანე- მეთქი. რად გინდაო, გაუკვირდა. ლექსს ვწერ-მეთქი . ალბათ იფიქრა, მაღალი სიცხისგან ბოდავსო, მაგრამ, მაინც მომიტანა. და ცოტა ხანში ისევ ძალდაუტანებლად მოფრინდნენ სტრიქონები:
შენი  ჯავშანი  თითქოს  მტკიცედ  არის  ნაჭედი,
მილიონ  გვამზე  სისასტიკით  გადაგივლია,
შენი  მსოფლიო  პოლიტიკა“  არის  ნაქები,
ათასი  ჯურის  სიბინძურე  გამოგივლია.
ქართველი ერის  სიძულვილი  შავ  გულს  გიბნელებს,
ბნელი  მსოფლიოც“  მოკავშირედ  შენ  გაგიხდია,
ეტრფი  კაცის  კვლას,  შურს   და  ღალატს,  თესავ  სიბნელეს,
ხალხის  სიკეთე  ბოროტებით  გადაგიხდია.
ქართველი  კაცის  დაჩოქებას  ლამობდა  ბევრი,
მაგრამ,  დღეს  მიწით  ავსებია  შავბნელი   ხახა,
ბევრი  ჰყოლია  საქართველოს  შენებრი  მტერი,
მათი  სულები  შავ  ჯოჯოხეთს  დანთქმულა   ახლა.
სისხლის  წვიმები  გასაზრდოებს, როგორც ჰეროდეს,
მოყვასთა  შორის  ღვარძლი  უხვად   დაგითესია,
ძმათა  სასხლისღვრა  იყო  შენი  წინამორბედი,
მოღალატენი  მოგყვებოდნენ,  როგორც  მესიას.
წითურ  სახეზე  მოგრევია  შავი  ნაღველი,
ალბათ,  ვეღარ  ჭრის  შენი  ალღო,  აგრე  ნაქები,
მტკიცედ იცოდე:   საქართველოს  ვერ  დააჩოქებ!
ბრაზს  ვერ  იოკებ?  გაგიცუდდა  ბნელი   ზრახვები.
გულში  გიხუტებს  მწიგნობართა  ბილწი  კრებული,
კაიაფას  კი  ფარისეველთ  ხროვა  არტყია,
ამ  სურათს  უხმოდ  გადმოჰყურებს  მაღლით  ცხებული,
ნათელ  სახეზე  თითქოს  რისხვის  ნიში  ატყვია.
და  გადასერავს  ცის  კიდეებს:  MEMENTO MORI!
გაჰკვეთს  ნათელი  ორლესული  მახვილით  ხელში
და  სანთელივით  ჩამოდნება  ეგ  შენი  თორი,
შენს   დაღლილ  სულს  კი  შეუჯდება  უძილო   მატლი.
დავამთავრე და მივეცი დედაჩემს. მან ჯერ გადაიკითხა, მერე წაიკითხა, მერე ისევ გადაავლო თვალი და ჩაილაპარაკა: ჰოო, ამისთვის კი ღირდა ავად გახდომა.
გავიდა ხანი და როცა მოგვიანებით   წავიკითხე, მე თვითონაც გამიკვირდა, ისე იყო  დატვირთული ბიბლიური სახეებით. თუმცა შემდეგ უახლოესი ადამიანების გარდა არავის  წაუკითხავს.
ახლა გადავწყვიტე ამ წერილებში ჩავრთო. რადგან, როგორც  პირველი შეხედვით ჩანს, არც  ისეთი არაკეთილგანწყობილია ადრესატის მიმართ.
 დავიწყოთ იმით, რომ სენტენცია  Memento mori! ჯერ კიდევ წარმართულ სამყაროში აფხიზლებდა ადამიანს,  რომ მას მუდმივად ხსომებოდა:  ამქვეყნიურ ცხოვრებას დასასრული აქვს, ამიტომ,  ძალიან არ უნდა გაერთო ამაოებით; „ უძილო მატლი“ იგივე სინდისის ხმაა, რომელიც ჯავშნის, იგივე თორის ანუ უხეში სამოსის-- ქვენა გრძნობების მოშორების, მათზე გამარჯვების შემდეგ ახმოვანდება  ადამიანში.  თუ ამ ლექსის შინაარსს კარგად გაიაზრებს ადამიანი, მიხვდება, რომ ეს განწმედისკენ მოწოდებაა, რომელიც შეუძლებელია, ჩადენილი  ბოროტმოქმედებების  დანახვისა და შეფასების გარეშე.  
 ჩადენილი ბოროტებანი კი იმაზე გაცილებით მეტია, ერთი ადამიანის სულს რომ ძალუძს ტვირთვა. თუმცა, მათ აქ ჩამოთვლას არ შევუდგები, რადგან ყველამ კარგად იცის, მათ შორის მათაც, ვინც  დითირამბებს უმღერის.  ეგ კიდევ საკითხავია, ვის სურს მისთვის ჭეშმარიტი სიკეთე.  ყველაზე დიდი სიკეთე ხომ  განწმედაა . . .
რაკი სიტყვამ მოიტანა, აქვე ვიტყვი, რომ ზედმეტი ხმარებისგან უკვე თითქმის გახუნებულ ფრაზას  „საქართველოს გაბრწყინებას“ მხოლოდ მაშინ მიეცემა აზრი, როცა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე (უმრავლესობა მაინც)  თავისი შეცდომების ობიექტურად, პირუთვნელად გააზრებას შეძლებს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ქვეყნის, ხალხის, თუ ერის  წინამძღვრობის პრეტენზია აქვთ და მის  ბედს განაგებენ . . .
ჩემმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ ათეისტურ პერიოდში განვლო. თუმცა, კომუნისტებს  კბილები უკვე ცოტათი მოცვეთილი ჰქოდათ  და მათი სასტიკი მეთოდებიც ისე აღარ ჭრიდა, სასულიერო ლიტერატურა მაინც ყველასთვის მისაწვდომი არ იყო.  
 ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, გადავწყვიტე,  ის სიცარიელე შემევსო, რომელიც სულში ბავშვობიდან ნელ-ნელა უნდა ივსებოდეს . . .  
1990 წლის სექტემბრიდან, როგორც ზემოთ ვთქვი, ახალციხის სასულიერო სასწავლებელში დავიწყე სწავლა. 
სასწავლებელი სამცხის ერთ-ერთ მონასტერში იყო განთავსებული და მართალია, მისი რექტორი ამ რეგიონის ეპისკოპოსი იყო, სინამდვილეში სასწავლებლის სადავეები ხელთ ეპყრა მონასტრის წინამძღვარს -- იღუმენს, საკმარისზე მეტად ენერგიულ ადამიანს.
პირველ დღეებში თავი სიზმარში მეგონა, ისეთ ბედნიერებას მგვრიდა ბიბლიის, ეკლესიის ისტორიის, ლიტურგიკის, თუ სხვა საგნების სწავლა. მაგრამ ეს ბედნიერება მალევე შეცვალა გაოგნებამ, როცა იღუმენმა, რომელიც ახალ აღთქმას გვასწავლიდა,  ერთ დღეს გაკვეთილზე რუსულ ენაზე თარგმნილი წიგნები შემოიტანა და გამოგვიცხადა: ყველამ აიღეთ  და ეს წიგნები იკითხეთ,  ქართულ სახარებას მადლი არა აქვსო.
 ზოგი მაშინვე წამოხტა და აიღო წიგნი, ზოგმა დააყოვნა, მერე ზანტად მივიდა მაგიდასთან და უხალისოდ დაბრუნდა წიგნით ხელში თავის ადგილას.
მე არ გავნძრეულვარ.
--შენ რა არ გესმის?
--დიახ, მესმის, მაგრამ ვერ გავიგე, რას ნიშნავს მადლი არა აქვს -- ვუპასუხე.
შეპასუხებას არ მოელოდა და აღარაფერი უთქვამს. გაკვეთილი დამთავრდა. ჩემს გარდა, კიდევ რამდენიმე მოსწავლემ გააგრძელა სახარების კითხვა ისევ ქართულად.  იღუმენი მიხვდა, რომ საქმე მარტივად არ იყო და დაიწყო იმ მეთოდის განხორციელება, რომელსაც ჯერ კიდევ ძველ რომში წარმატებით იყენებდნენ: გათიშე და იბატონე. მალევე დაირღვა ის ერთსულოვნება და სიყვარული, რომელიც პირველ დღეებში მოწაფეებს შორის სუფევდა. იღუმენმა მოწაფეთა ნაწილთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა. ცალკე იბარებდა და ესაუბრებოდა. ჩვენ კი, ვინც მის პირველ ბრძანებას არ დავემორჩილეთ, ამრეზით დაგვიწყო ყურება, მაგრამ აშკარადაც ვერ გვიპირისპირდებოდა,  გრძნობდა, რომ არც ჩვენ დავთმობდით, რადგან  იმ პერიოდში  პოლიტიკური ვითარება ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. თუმცა არც თვითონ დაუყრია ფარ-ხმალი. თითოეულ ჩვენგანს მოგვიჩინა მეთვალყურე თავისი მორჩილი მოწაფეებისგან, რომ ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ ნათქვამი მიეტანათ მასთან. სალაპარაკო და განსასჯელი კი ბევრი იყო. გაკვეთილს ისე არ ჩაატარებდა, რომ რაიმე უკუღმართული არ ეთქვა. ქართველებს  წმინდანები არა ჰყავთ. აბა, რა წმინდანია ილია ჭავჭავაძე, ან თუნდაც დავით აღმაშენებელიო, იტყოდა. იწყებოდა კამათი. ჩვენ ჯერ  ვაცდიდით ხოლმე და თუ დავინახავდით, რომ სასწორი მისკენ იხრებოდა, ვერთვებოდით კამათში და წარმატებითაც -- მოწაფეები აშკარად გრძნობდნენ ჩვენს უპირატესობას.  ეს უფრო აბრაზებდა იღუმენს და ყველანაირად ცდილობდა ჩვენს   შევიწროებას. გვავალებდა მონასტრის ყველაზე ძნელ და სპეციფიკურ სამუშაოებს, რათა რაც შეიძლება ნაკლები დრო გვქონოდა სამეცადინოდ.  ამიტომ დილის ექვს საათზე ვდგებოდი, რომ მომესწრო ყველაფერი.  თანდათან უფრო და უფრო ძნელდებოდა მასთან ჭიდილი. მოწაფეები იმდენად მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ, რომ ყოველგვარ სისულელეს გაუაზრებლად იმეორებდნენ. მათში  ნერგავდა ნიჰილიზმს სამშობლოსა და მშობლების მიმართ.  ლუკას სახარების იმ პასაჟს, სადაც ნათქვამია: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამასა და დედას ... იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე“,  უკიდურესად ნატურალისტურად ხსნიდა და ბავშვებს ჩააგონებდა: ფიზიკურად უნდა იგრძნოთ მშობლებისადმი სიძულვილიო. ისინიც იმეორებდნენ: მე უკვე ვგრძნობ, როგორ მძულს ჩემი მშობლებიო. მოკლედ, ქრისტიანული რელიგია მის ხელში სიყვარულის რელიგიიდან სიძულვილის რელიგიად იქცა.
 ჩვენ ძალიან ვწუხდით, ბევრსაც ვმსჯელობდით, თუმცა, საქმეს ვერ ვშველოდით.  
მაგრამ, მალე სრულიად შემთხვევით გავიგე ისეთი რამ, რაზეც გაჩუმება აღარ შეიძლებოდა.   
ერთ კვირა დღეს წირვას ახალციხის მრევლთან ერთად ვესწრებოდით.  მართალია, მრევლი დიდი არ იყო, იმ პერიოდში, ჯერ კიდევ არ დადიოდა ბევრი ადამიანი ეკლესიაში, მაგრამ ტაძარი თითქმის სავსე იყო.
რამდენიმე ადამიანის საუბარმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.  ისინი უპატიოდ მოიხსენიებდნენ როგორც   ეპარქიის წინამძღვარს, ისე საქართველოს ეკლესიის  საჭეთმპყრობელს და  საუბრობდნენ ეპარქიის გამოყოფისა და მისი რუსეთის ერთ-ერთი მონასტრისადმი დაქვემდებარების შესაძლებლობაზე. 
 მივხვდი, რომ ესეც იმ იღუმენის ჩაგონებული იყო, რადგან მსგავს აზრებს იგი ჩვენთანაც გამოთქვამდა, თუმცა --  არა ასე მკაფიოდ.
ცხადია, ეს  საშიშროებას უქადდა  საქართველოს ერთიანობას, ამიტომ  გადავწყვიტე სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი თბილისში, რათა მიმეღო შესაბამისი ზომები.
თუ რა მოჰყვა ჩემს ამ მცდელობას, ამას  შემდეგ წერილში მოგახსენებთ . . .
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
12.12. 2012 წ.



  

No comments:

Post a Comment