Friday, April 26, 2013

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, წერილი მეთერთმეტე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეთერთმეტე

პირველ ათ წერილში მე მოკლედ მიმოვიხილე ის მიზეზები, რომელთა გამოც, ჩემი აზრით, ჩვენს მოსახლეობას გაუჭირდა ახალ რეალობასთან შეგუება და დემოკრატიული იდეების აღქმა-გათავისება.
მოკლედ რომ შევაჯამო, ვიტყვი, რომ ამის მთავარი მიზეზი არის   ის, რომ ჩვენ გვჯერა: რუსეთი ერთმორწმუნეა.
 ჩვენი აზროვნებიდან  ამ ცრუ რწმენის ამოძირკვისთანავე, საფუძველი ჩაეყრება ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ თავისუფლებას.  
90-იანი წლების დასაწყისში, როცა  პოლიტიკური თავისუფლებისთვის ვიბრძოდით, ასე მწვავედ არ იდგა ეს საკითხი, რადგან ათეიზმის მარწუხებს ახლად თავდაღწეული ქვეყანა ხელახლა იდგამდა ფეხს სარწმუნოებაში.  აი, მაშინ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სწორი მიმართულების მიცემა. მაგრამ, სამწუხაროდ, აგიტაცია-პროპაგანდას დაჩვეული ხალხი ახალ ბადეში გაება.  მრავალმა ადამიანმა გულუბრყვილოდ დაიჯერა ე, წ,   მესამე რომის  იდეა და მასზე აგებული მრავალი სიცრუე, რაც შემდეგ, წლების განმავლობაში,  ჩვენდა სამწუხაროდ (და რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ),  უფრო და უფრო გავრცელდა და განმტკიცდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილში.
სარწმუნოება უაღრესად ფაქიზი თემაა, ეს ძალიან კარგად იციან ძლიერთა ამა ქვეყნისათა და ყოველთვის  წარმატებით მანიპულირებენ ამ საკითხით.  
გავლენის მოსაპოვებლად  საუკეთესო საშუალება შიშების დანერგვაა. გაუცნობიერებელი შიში ყველაზე მეტად თრგუნავს ადამიანს და მონად აქცევს მას. არადა, აქ მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: გააზრება იმისა, თუ რატომ მოვიდა ქრისტე დედამიწაზე და  რა მოიტანა მან  უპირველეს ყოვლისა.
უპირველეს ყოვლისა, ქრისტემ თავისუფლება მოიტანა. თავისუფლება ის პირველი საფეხურია, საიდანაც ქრისტესკენ სვლა იწყება.
ქრისტიანობას სიმამაცე სჭირდება.
მშიშარა, წუწუნა, ჭორიკანა,   უღირსებო, უნიათო, უბადრუკ მონას არაფერი აქვს საერთო  ქრისტესთან.    
ქრისტეს მეგობარი  უანგარო, წრფელი, მამაცი,  მტკიცე ნების მქონე თავისუფალი ადამიანია.
ახლა, სანამ მთავარ სათქმელს ვიტყოდე, მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება.
 საქართველო, თავისი არსებობის მანძილზე, მიუხედავად, იმისა, რა სახელწოდებას ატარებდა ის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, მუდამ ესწრაფვოდა ძლიერ და მოწინავე ქვეყნებთან პარტნიორობას.  პროგრესისკენ, განვითარებისკენ სწრაფვა ქრისტეს  სულისკვეთებაა.  სწორედ ამან  იხსნა ჩვენი ქვეყანა გაქრობა-განადგურებისგან.  
ცივილური სამყაროსგან მოწყვეტის თავის არიდების გამო ბევრჯერ მოუხდათ ჩვენს წინაპრებს უკან დახევა და იმპერიების კაპრიზების გათვალისწინება. ამის მაგალითი ისტორიაში მრავლადაა, მაგრამ მე ახლა ერთს მოვიყვან, რომელიც  სწორედ სარწმუნოებას უკავშირდება.
X-XI საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიამ მოსთხოვა საქართველოს ეკლესიას, რომ ღვთისმსახურება ბიზანტიურის იდენტური ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიას ემუქრებოდა ერეტიკულად გამოცხადების საფრთხე. ამის გამო ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, იოანე პეტრიწმა და სხვა მრავალმა სასულიერო მოღვაწემ  ბერძნულიდან თარგმნეს საეკლესიო ტექსტები. ამიტომ ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და დაიკარგა  ქართული  ჰიმნოგრაფიის უამრავი ნიმუში. ახლა,  მე იმის ანალიზს ვერ შევუდგები, არსებობდა თუ არა იმ დროს ალტერნატიული გზა. ფაქტი ერთია: იმდროინდელ სამყაროში ბიზანტია იყო ცივილური ქვეყანა, საქართველოს  ჰქონდა მტრული გარემოცვა და თუ იგი ქრისტიანული სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩნდებოდა,  ეს   საფრთხეს  შეუქმნიდა მის ფიზიკურ არსებობას. ამიტომ დაუთმო იმპერიას საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო  ელიტამ და შედეგად მივიღეთ ის, რომ  ვეღარ განვითარდა ეროვნული ჰიმნოგრაფია.
XVII-XVIII საუკუნეებში, როცა ჩვენი ქვეყანა ისევ არჩევანის წინაშე დადგა, გაეხსნა თუ არა რუსეთისთვის საზღვრები,  პროგრესულად მოაზროვნე პატრიოტები ხვდებოდნენ, რომ  ერთმორწმუნეობა ფარსი იყო და ამ ვითომდა ქრისტიანულ ქვეყანას თავისი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა კავკასიაში. ამიტომ ეძებდნენ გზებს ევროპისკენ, მაგრამ, მაშინ ევროპა არ დაინტერესდა  ჩვენით.
90-იან წლებში ბ-მა აკაკი ბაქრაძემ ძალიან საყურადღებო აზრი გამოთქვა, რომელიც მოკლედ, ასეთი შინაარსის მატარებელი იყო:  კათოლიკური სარწმუნოება რომ აგვერჩია, პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვისო. იგი სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ევროპული ქვეყნების წიაღში საქართველოს უფრო მეტი  განვითარების შანსი მიეცემოდა, ვიდრე რუსეთის იმპერიის მარწუხებში. მაგრამ, მისი ეს გამონათქვამი უკიდურესად ვიწრო კონფესიური ხედვიდან  შეფასდა და  სერიოზული განხილვის საგნად არც ქცეულა.
როგორც ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომსა და ბიზანტის  შორის სარწმუნოებრივ  განხეთქილებას --  ქრისტიანული სამყაროს მართლმადიდებლებად და კათოლიკებად დაყოფას, აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე  გავლენა არ მოუხდენია.  ჩვენს   ეკლესიას კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა ორივე მხარესთან. რადგან საქართველოში ქრისტიანობა არასოდეს არ ატარებდა ვიწროკონფესიურ ელფერს.
რუსეთთან დაახლოების შემდეგ კი სურათი რადიკალურად შეიცვალა. ივანე ჯავახიშვილი აღწერს, თუ რა პათოსით შემოდგეს ფეხი პირველმა რუსმა სასულიერო პირებმა კახეთში  ალექსანდრეს მეფობის დროს:
" შედგეს თუ არა ფეხი რუსმა სამღვდელო პირებმა კახეთში, მაშინვე ქართველებსა და რუსებს შორის სრული გაუგებრობა და უსიამოვნებაც კი ჩამოვარდა. თავიანთ ქვეყანაში მწვალებლობას მიჩვეულნი ისინი ქართული საეკლესიო მღვდელთმსახურების ყოველ თავისებურებას და წვრილმან განსხვავებასაც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ და ცოდვად და მწვალებლობად მიაჩნდათ.  ცხოველი სასოების, რწმენის დაკვირვებისა და გამხნევების მაგიერ, რუს მოძღვრებს გარეგნულობის გარდა არაფრისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ და კახეთში სიყვარულისა და მშვიდობის დამყარების მაგიერ თავიანთი მედიდური და მძულვარებით გამსჭვალული ქცევით ყველგან უსიამოვნო გრძნობა დატოვეს. ქართველები, სადაც კი რუსი მოძღვრები მივიდოდნენ, სიხარულით უხვდებოდნენ, ვითარცა თანამორწმუნეებს, რომელთაც მათი დახმარება სურთ „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თავიანთ ტაძრებში შეჰყავდათ და სთხოვდნენ, რომ ეწირათ. მაგრამ რუსი სამღვდელო პირები,  როგორც კარგი გამომძიებელნი და მეძებარნი იმ  წამსვე ეკლესიების ჩხრეკას შეუდგებოდნენ ხოლმე და წირვაზე უარს ამბობდნენ. საკურხეველს სხვანაირი სამოსელი უნდა ჰქონდესო, სახარების ყდას და ბარძიმს ესადა ეს სახე აკლია და გამოყვანილი არ არის,  უნდა  ეკლესიები ხელახლა  ვაკურთხოთო"... (ივ, ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია", . IV, გვ. 319-320, 1967 წლის გამოცემა).
იმ დროს, ცხადია,  საქართველოს სასულიერო პირების შეცდენა ამგვარი ფანატიკური გადახრებით  მარტივი არ იქნებოდა, რადგან მათ  ესმოდათ, რა არის პირველადი და მნიშვნელოვანი სარწმუნოებაში და რა -- მეორადი და უმნიშვნელო.  მაგრამ, აი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და აღარავინ კრძალავდა   რელიგიურობას, რუსეთმა  თავისი იდეოლოგია რელიგიის საბურველით მოგვახვია თავს.
1918 წელს დემოკრატიული საქართველოს პირველმა კათალიკოს-პატრიარქმა კირიონმა აკურთხა ახალი სტილის სამოქალაქო კალენდარი, რითაც სათავე დაუდო პროგრესს  ჩვენს ქვეყანაში. იმავე წელს ის მოკლეს, თუმცა ამით ერთბაშად ვერ მოსპეს  განახლების  სულისკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ  1921 წელს სისხლში  ჩაახშეს    თავისუფალი რესპუბლიკა, კათალიკოს- პატრიარქ ამბროსის თაოსნობით იგეგმებოდა ეკლესიის განახლება. ამის დამადასტურებელი   მასალები საპატრიარქოს არქივში ინახება (თუ ცხადია, არ მოსპეს). ცხადია,  იმ გეგმის განხორციელება სათავეს დაუდებდა საქართველოს ეკლესიის სრულ თავისუფლებას რუსული ეკლესიის გავლენისგან. მაგრამ, ჩვენდა სავალალოდ,  1927 წელს ეკლესიის წიაღში საბოლოოდ გაიმარჯვა რეაქციულმა ფრთამ, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდა. აქედან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება:
სულ სხვა გზით განვითარდებოდა ჩვენი ეკლესია,  ისევ რუსეთს რომ არ მოეჭირა მარწუხები.
ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ კირიონი-ამბროსის  ეკლესიის განახლების  გეგმა  არ ითვალისწინებდა რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებთან შეთანხმებას. რადგან ეკლესიის შიდა ორგანიზაცია არ არის დოგმატიკური საკითხი და თითოეულ ეკლესიას შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს.
ახლა მოკლედ გავაანალიზოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და გავაკეთოთ დასკვნა.
დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი პარტნიორი ამერიკის სახით და მეგობარი ევროპის სახით, რომლებიც დაინტერესებული არიან იმით, რომ  ჩვენი ქვეყანა ცივილურ  ქვეყნად ჩამოყალიბდეს, რადგან ამით გაეხსნებათ სავაჭრო გზა აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ, რაც ჩვენთვისაც ეკონომიური აღმავლობის დასაწყისი იქნება.  ამავე დროს, საქართველოს ისტორიული მტერი -- მუსლიმანური სამყარო, თურქეთისა და სხვა ქვეყნების  სახით,  დღეს მეგობრულ ურთიერთობას არჩევს ჩვენთან, რადგან ჩვენი დახმარებით შეძლებს ევროპასთან ურთიერთობას.
 როგორც იტყვიან, ბედმა ლანგრით მოგვართვა ის, რისკენაც ჩვენი ქვეყანა არსებობის დღიდან ისწრაფვოდა.  ეს არის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგი, ეს არის ჩვენი წინაპრების მიზნის ასრულება.
რჩება მხოლოდ ერთი -- მენტალურად, აზრობრივად გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ცრურწმენისგან და უპირველეს ყოვლისა რუსეთის ერთმორწმუნეობის ცრუ იდეისგან და დაიწყება ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი აღმავლობა!
ვიბრძოლოთ ერთად საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის.
შემოუერთდით ჯგუფს „რუსეთი არ არის ერთმორწმუნე!!!“:



პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
26.04.2013 წ.   
წერილების სერია:  „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“    იხ. Google-ში მისამართზე: