Thursday, December 28, 2017

დემოკრატიის სისუსტეები

საზოგადოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, და მათ შორის ყველაზე მეტად საქართველოში, ჯერ კიდევ არსებობს კრიმინალური სამყაროს მიმართ ერთგვარი ნოსტალგია.  სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სამართალდამცავ  ორგანოებშიც შეაღწიეს  მოძალადე პირებმა, რაც მოსალოდნელიც იყო 2012 წლის შემდეგ.  
ზერელე დაკვირვებითაც კი აშკარაა, რომ დემოკრატიის სიკეთით უფრო  მეტად, სწორედ დემოკრატიის მტრები, ანუ კრიმინალები, კორუფციონერები, ზოგადად, კანონის დამრღვევები სარგებლობენ.
სწორედ ეს არის დემოკრატიის აქილევსის ქუსლი.
რა არის ამის მიზეზი?
მიზეზი აშკარაა. ეს არის ფსევდოჰუმანიზმი. უფრო  ზუსტად,  ფსევდოჰუმანისტი  ადამიანები, რომლებსაც შექმნილი აქვთ არასამთავრობო  ორგანიზაციები, კავშირები, თუ  სხვადასხვა გაერთიანებები და ფსევდოჰუმანურ იდეებს ნერგავენ საზოგადოებაში,  ღირებულებების აღრევით აბნევენ ადამიანებს;  ასევე, ადვოკატები, რომლებიც კრიმინალების დაცვისას შემამსუბუქებელ გარემოებებს კი არ ეძებენ, არამედ უაპელაციოდ აცხადებენ: ჩემი კლიენტი უდანაშაულოა და ცდილობენ სრულად გაამართლონ დამნაშავე, ამის დასამტკიცებლად არაფერს არ ერიდებიან. 
ჩვენს  ქვეყანაში ხულიგნების და ავაზაკების  გადაჭარბებულმა ქომაგმა სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიყოლა.  იმ დროს როცა, ჩვეულებრივი ადამიანი როცა მიმართავს ასეთ ორგანიზაციებს,  რეაგირება მათი მხრიდან  ნულია.
კერძოდ, მე მივმართე რამდენიმე ორგანიზაციას, როცა დედაჩემს  ყოვლად უსაფუძვლოდ შეუჩერეს პენსია ექვსი თვით, მაგრამ, ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
ასევე ძალიან ნიშნდობლივი იყო ჩემთვის მაია ასათიანის მიმართვა, როცა მისი ფოტოს გავრცელებას ეს ე. წ. უფლებადამცველები არც კი გამოეხმაურნენ. მაგრამ, მიზეზი, ჩემი აზრით, იყო არა  ის, რომ მაია საზოგადოებისთვის ცნობადი სახეა, არამედ ის, რომ   მის მიმართ კეთილგანყობილნი არ არიან „ციციკორეები“.  სამწუხაროდ, ეს ფენა საქართველოში საკმაოდ მძლავრი და გავლენიანია, რადგან რელიგიით (კერძოდ, მართლმადიდებლობით) მანიპულირებენ.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კეთილი ნების და კანონმორჩილი ადამიანის სიცოცხლე და უფლებები  მეათეხარისხოვანია. აი, მოძალედეს და კრიმინალს კი თმის ღერი თუ ჩამოუვარდა თავიდან, სახელმწიფო უნდა ჩამოვანგრიოთ.
ასეთი განწყობაა დღეს საქართველოში, არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ, რაც ყველაზე გასაკვირია, მოქალაქეთა ნაწილის მხრიდანაც.
ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია: დიახ, უფლებადამცველები ვალდებულნი არიან, რომ რეაგირება ჰქონდეთ ყოველგვარ ძალადობაზე, ვის მიმართაც უნდა იყოს ის, მაგრამ, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე  გადაჭარბებულ ინტერესს იჩენს კრიმინალების მიმართ და მზად არის სახელმწიფო ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება გადააყოლოს ამ ფენის დაცვას, აქ უკვე ღირებულებების აღრევასთან გვაქვს საქმე.
ვიცი, რომ ბევრ ადამიანს გააღიზიანებს ჩემი მსჯელობა, მაგრამ, მათ მინდა ვკითხო, რამდენად აღშფოდნენ ისინი დაჩი დარჩიას მკვლელობის გამო და თუ დაინტერესდნენ, ზის თუ არა ციხეში მისი ნამდვილი მკვლელი? თუ, რაკი მისი ოჯახის წევრები  არ არიან ისეთი თავზეხელაღებული ინტრიგანები, როგორიც ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ გაპიარებული ავაზაკების ახლობლები, ამიტომ საინტერესო არ არის ამ ოჯახის  ბედი? ან თუ დაინტერესებულან იმ სპეცრაზმელების სერიული მკვლელობებით, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას იცავდნენ?
ამ კითხვაზე  სავარაუდო პასუხი ასეთია: ჰო, ესეც ცუდია, მაგრამ, ეს ხომ არ ამართლებს, იმას, რაც მაშინ იყო? არ ამართლებს და იმიტომაც ირბინეთ ქუჩებში ცოცხებით,  და რა მიიღეთ? ახლა აღარ გაქვთ პროტესტის გრძნობა? 
  ჰოდა, სანამ საქართველოს რიგითი მოქალაქე არ დაალაგებს ღირებულებებს, მუდამ  გაურკვევლობაში და ბურუსში ვიქნებით და მეათასედ ვიკითხავთ უაზროდ: გვეშველება რამე?  
   

   

Wednesday, December 27, 2017

რას გვეუბნება „მექანიკური ფორთოხალი“?

ამ ნაწარმოებზე უამრავი რამ არის დაწერილი, თუმცა, მე მაინც მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა.
რამდენიმე  მოსაზრებას გავეცანი, თითქმის ყველა ერთ აზრამდე მიდის: ძალადობა ძალიან ცუდია, მაგრამ უარესია, როცა ადამიანს არჩევანის უფლებას ართმევ.
ეს განმარტება ძალიან სწორხაზოვანია.  მე  ცოტა განსხვავებულად აღვიქვი წიგნიც და ამავე  სახელწოდების ფილმიც.
ძალიან იშვიათად  მინახავს ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესია და  სწორედ, ეს ის შემთხვევაა.
რას გვეუბნება ამ  ნაწარმოებით ენტონი ბერჯესი, ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის. სტენლი კუბრიკის ფილმი კი სრულიად გასაგები და ნათელია.
თითოეულს განვიხილავ თანმიმდევრობით.
 ერთი მხრივ, ნაწარმოების მთავარი გმირი, ალეკსი, რომელიც თვითონვე აღწერს მის მიერ  ჩადენილი ძალადობის სცენებს, ნორმალურ  მკითხველში აშკარად სიბრაზეს იწვევს მის მიმართ.  ის ბანდასთან ერთად თავს ესხმის სრულიად უცნობ, შემთხვევით ადამიანებს, დასცინის, სცემს უმოწყალოდ,  აუპატიურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხრობის დროს იგრძნობა ერთგვარი სიამოვნება, მათი გახსენებისას.  მისი აგრესიის ახსნა მხოლოდ მისი ახალგაზრდობით, ცხადია ძალიან სუსტი არგუმენტია. გასაგებია, რომ მოზარდები უფრო აგრესიულები და დაუნდობლები არიან, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიის გამოვლინებას წინ უძღვის რაღაც საბაბი მაინც.   მაგრამ, როცა ვინმეს სრულიად უმიზეზოდ სიამოვნებს  ადამიანის ტანჯვა-წამება, განა ეს მისი ფსიქიკის დარღვევაზე არ მიუთითებს? განა ეს სადიზმი არ არის?
არ ვიცი, რამდენად  შეიძლება ვილაპარაკოთ სადისტის თავისუფალ არჩევანზე ან მის ნებაზე.  
აქ უეჭველად უნდა აღინიშნოს ალეკსის განსაკუთრებული სიყვარული კლასიკური მუსიკის, და კერძოდ, ბეთჰოვენის მიმართ, რაც მე ერთგვარ  ცინიზმად მეჩვენება. თუმცა, საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ამგვარ სუბიექტებს ხშირად უყვართ ხელოვნება.
მეორე მხრივ,  ის ადამიანები ვისზეც ძალადობენ, თითქოს, სრულიად უმნიშვნელო, უუფლებო, მეორეხარისხოვანი არსებები არიან. არავის აინტერესებს მათი გრძნობები და ცხოვრების ხარისხი ძალადობის შემდეგ. ამაზე ფიქრისას  შეუძლებელია, რომ  უსუსურობის  და  დაუცველობის გრძნობამ არ შეგიპყროს...
ეს პირველი ნაწილი, დაპატიმრებამდე.
პატიმრობის პერიოდში ალეკსი კიდევ უფრო მეტად მატყუარა და თვალთმაქცია, ვიდრე მანამდე იყო. მას, ცხადია, ისევ სიამოვნებას გვრის ძალადობა, რომელსაც ახლა მხოლოდ გონებაში წარმოიდგენს და საზრდოობს სახარების  ჯვარცმის სცენებით, სადაც მას საკუთარი თავი ჯალათის როლში ესახება და ტკბება ტკივილის მიყენებით  და სისხლის დადენით.
შემდეგ იგი გებულობს ახალი მეთოდის შესახებ და, იმ იმედით, რომ ამ პროცედურის შემდეგ მას გაათავისუფლებენ, საკუთარი ნებით, ვიმეორებ, თავისივე ნებით თანხმდება ამ ექსპერიმენტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მას იმედი აქვს, გათავისუფლების შემდეგ იგი ისევ დაუბრუნდება ძველებურ ცხოვრებას და გეგმებსაც აწყობს, როგორ შეკრებს ახალ ბანდას და როგორ გაუსწორდებიან მსხვერპლს.
თუმცა მისი იმედი არ მართლდება, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შემდეგ, მას ძალადობა უკვე აღარ შეუძლია, რადგან ფიზიკურ დისკომფორტს განიცდის ძალადობის წარმოდგენაზეც კი.  მტანჯველ გრძნობას იწვევს აგრეთვე საყვარელი მუსიკის მოსმენა.
განთავისუფლების შემდეგ,  ალეკსი შინ  ბრუნდება, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მშობლიურ ოჯახში მისთვის ადგილი აღარ არის. იგი იძულებული ხდება გავიდეს ქუჩაში და ეძებოს თავშესაფარი და სწორედ აქ იწყება მისთვის  ნამდვილი კოშმარი.  რაღაც ბედისწერით ხვდება იმ ადამიანებს, რომლებზეც ძალადობდა და ისინი სამაგიეროს უხდიან მას, ხოლო თვითონ უძლურია, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა.   
    რას გრძნობს მკითხველი ამ ეპიზოდის კითხვისას? ალბათ, სხვადასხვა ადამიანის განცდა  სხვადასხვაგვარია.  კერძოდ,  მე საკმაოდ მრავალგვარი  გრძნობა აღმიძრა, თუმცა არა სიამოვნება და კმაყოფილება, რომ დამსახურებულად ისჯება სადისტი.  ოღონდ ეს არა... არც სიბრალული მის მიმართ, არა...  ეს უფრო ზიზღის, აპათიის და რაღაც  გაურკვევლობის ნაზავი იყო.
საინტერესო ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მას ჩაგრავენ, სულმოკლე შურისმაძიებლები აღმოჩნდნენ. არ ვიცი, ამით რისი თქმა უნდა მწერალს? თურმე ისინი ღირსები ყოფილან, რაც გადაიტანეს? არ ვიცი.
შესაძლოა, ასეთი დასკვნაც გამოიტანოს ვინმემ, რომ არა ერთი თითქოს პატარა, მაგრამ, უმნიშვნელოვანესი ნიუანსი. ერთ ეპიზოდში, როცა გატაცებულ მანქანას მიაქროლებენ, ალეკსი დაუდევრად ამბობს, რომ გზად რამდენიმე ცხოველს გადაუარეს.  ჰოდა, ასეთი სისასტიკე იმ არსებების მიმართ, რომლებსაც ამ სამყაროში ვერავითარ ბოროტებას  ვერ დასწამებ, მხოლოდ ისევ და ისევ სადიზმით თუ აიხსნება.
და ბოლოს, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ალეკსი გადარჩება და „განიკურნება“, სწორედ ამ ტერმინით არის გამოხატული მის პირვანდელ მდგომარეობასთან დაბრუნება. დიახ, იგი ისევ ძველებურ ფორმაშია, შემოიკრებს ახალ  ბანდას და ისევ და ისევ ძალადობის  გზას დაადგება.
მშობლები პატიების თხოვნით მიდიან მასთან და შინ დაბრუნებას სთხოვენ. მინისტრი, რომლის იდეაც იყო ზემოხსენებული ექსპერიმენტი, მეგობრობას  და მაღალანაზღაურებად სამუშაოს სთავაზობს.
უფრო მეტად უცნაურია ბოლო პასაჟი. ალეკსი სიყვარულზე, თბილ კერიაზე და შვილზე ოცნებობს. წარმოიდგენს კიდეც, რომ შვილი ჰყავს და როცა მის მომავალზე ფიქრობს, ასე მსჯელობს: საკუთარი გამოცდილებით ვერავის აარიდებ თავის წილ შეცდომებს  (ცხადია,  ეს შინაარსია და არა სიტყვა-სიტყვით  ნათქვამი) და შესაძლოა ამასაც(შვილს) შემოაკვდეს რომელიმე კატების მოყვარული ბებერი(!?).  აქ კომენტარსაც ვეღარ გავაკეთებ...  თუმცა,მაინც ვიტყვი: სისასტიკისა და ცინიზმის ნაზავია....
კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა  გამოიწვია ჩემში ამ ნაწარმოებზე ავტორის დამატებითმა განმარტებებმა, როცა იგი ჰიტლერს, იესო ქრისტეს,  ბუდას, მარტინ ლუთერს  ერთ ჭრილში განიხილავს... მოკლედ, სრული გაუგებრობაა...
 თუ არ ვცდები, ავტორის დასკვნა ასეთია:   ციხე აუარესებს ადამიანს, ექსპერიმენტი დაუშვებელია, ამიტომ თავის ნებაზე უნდა მივუშვათ მოვლენები.
მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მთელი სამყარო მხოლოდ მოძალადეებზე უნდა ზრუნავდეს, კეთილი ნების ადამიანები კი, აქ რა მოსატანია!
თავიდანვე ვთქვი და ვიმეორებ, სულ სხვაა სტენლი კუბრიკის ფილმი.   მე ის აღვიქვი, როგორც  გროტესკი. რეჟისორი ნათლად გვიჩვენებს,  რა აბსურდამდე მივყავართ.  მოძალადე ადამიანების წახალისებას, რასაც ხშირად მიმართავენ თავგზააბნეული უფლებადამცველები. 
ცივილურმა სამყარომ ამ პრობლემას, თითქოს, ასე თუ ისე, გაართვა თავი, რასაც, სამწუხაროდ,  ვერ ვიტყვით საქართველოზე.

    

Friday, November 10, 2017

წერილები მხოლოდ ჩემთვის


შესავალი
აქამდე დაწერილი წერილები, რომლებსაც ამ ბლოგზე ვათავსებდი, იმ სურვილით იწერებოდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს წაეკთხა და გამოეთქვა თავისი აზრი, თუმცა ასე არ მოხდა...
ამის შემდეგ კი იმ იმედით ვწერ და დავწერ,  რომ მათ არავინ წაიკითხავს. ამიტომ ვწერ უფრო თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვისა და თვითცენზურის გარეშე. დავწერ ყველაფერზე, რაც მაწუხებს და რა დასკვნებიც გამოვიტანე, განსაკუთრებით ბოლო ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ანუ გავაკეთებ საქართველოს (ე.წ.) თავისუფლების მოპოვების შემდეგ, წლების მანძილზე განვითარებული მოვლენების ანალიზს. თუმცა, დავწერ არა მხოლოდ ამაზე ...
ჩემი წერილები, ალბათ, ქაოტური იქნება, ანუ ისეთი, როგორიც სინამდვილეში მე ვარ.  მუდამ ყველაფრის მოწესმრიგებას ვცდილობ, მაგრამ უფრო მეტი ქაოსი შემაქვს...
 ჰო, არ  მიყვარს გრძელი და გაჭიანურებული სიტყვა, ამიტომ  ვიწყებ. და აჰა, პირველი წერილიც.
თავისუფლება
თავისუფალ საზოგადოებას თავისუფალი ადამიანების ერთობა ქმნის.
ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ მას თავისუფლება ურჩევნია მონობას, მაგრამ მიისწრაფვის კი ყველა თავისუფლებისკენ?
ალბათ, თავდაპირველად ტერმინების შეთანხმებაა საჭირო. ის რასაც მე ვუწოდებ თავისუფლებას, ბევრისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს. მრავალი და მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისუფლება ყველა სურვილის დაუყოვნებლივ ასრულების უფლებაა. ასეთ ადამიანებთან დავას არც ვაპირებ, რადგან ისინი ჯერ თავისუფლების პირველ საფეხურზეც კი არ არიან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანთა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, გულწრფელად ცდილობდეს თავისუფლების არსში წვდომას და მისკენ სწაფვის დაუღალავი სურვილი ამოძრავებდეს. მაშინ და მხოლოდ მაშინ იქნება ეს ქვეყანა თავისუფალი, მდიდარი, ბედნიერი.
ჩემთვის  პიროვნული თავისუფლება ღირსების გარეშე არ არსებობს.  ღირსების მქონე ადამიანისთვის კი ყველაზე დიდი საზრუნავი ის არის , რომ იყოს მუდამ ისეთი ძლიერი, რომ  ვიღაცის იმედად კი არ იყოს, არამედ თვითონ შეძლოს სხვისი დახმარება, საჭიროების დროს.
ძალიან მოხუცი და ავადმყოფი ადამიანების გარდა, რამდენია საქართველოში ისეთი, რომელიც სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას, ყოველგვარი სირცხვილის  გარეშე? ახლა ზოგიერთი იტყოდა, უმუშევრობააო. ეს არ არის  ნამდვილი  მიზეზი.  ნათქვამია, ეძიებდე და ჰპოვებდეო.  ვინც გულწრფელად და შეუპოვრად ეძებს, ის პოულობს კიდეც.
ღირსეული ადამიანი არასოდეს წამოეგება სიცრუის ანკესს,  არ აჰყვება საგანგებოდ გავრცელებულ ჭორებს  და, რა თქმა უნდა, არ შეუწყობს ხელს მათ გავრცელებას.
  ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივაც საშინელი სიბეცეა, 2012-ში ცოცხებით დარბოდნენ კრიმინალების დასაცავად, ყველა უფლებადამცველად იქცა, ახლა კი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა სულ არ ანაღვლებთ.
ღირსეულ ადამიანს თავისი ჩადენილი შეცდომების აღიარებაც შეუძლია, წარსულის გადაფასებაც,  არასოდეს გაჯიუტდება ჯორივით და არ იძახებს: „ჩემი სჯობსო“.
მხოლოდ ღირსეული ადამიანების ერთობა ქმნის ღირსეულ საზოგადოებას.
ღირსების მქონე საზოგადოება განა მოითმენდა ბესელიას პარლამენტში,  წულუკიანს კი იუსტიციის მინისტრად, როცა მათი ადგილი ციხეშია?
ცხადია, ღირსეული ადამიანი სულგრძელი და გულმოწყალეა, თუმცა, ისიც იცის, რომ თავგასული კრიმინალების დაუსჯელობა სახელმწიფოს დამანგრეველია.
მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტი ვარ, ვიცი, რომ ღირსეულ საზოგადოებას ჩემს ქვეყანაში ვერ მოვესწრები, რადგან რეალისტიც ვარ და  დღევანდელი მოცემულობა ამის თქმის საბაბს მაძლევს.
ახლა ერთსაც ვიტყვი და ამით დავამთავრებ.
მცირე შესავლით დავიწყებ.
ჯანსუღ ჩარკვიანის მიმართ, რომელიც გუშინ მთაწმინდაზე დაფლეს, ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს. მისი ადრეული ლექსები  ჩემი ბავშვობის განუყრელი ნაწილია, ამავე დროს, მისი ბოლოდროინდელი გამოხდომები და გარითმული უწმაწურობა ამაზრზენია. ალბათ,  ამაზეა  ნათქვამი --  ბებრის მარაზმი.  თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მისმა ახლობლებმა მაინც ხომ იციან, ჭეშმარიტად არის თუ არა ის მთაწმინდის  ბინადარი?
ამ ამბავმა დიდუბის პანთეონი და ავაზაკი ჯაბა გამახსენა...
აი, ასეთია ჩვენი ხალხი, რომელიც ხან ისეთი მგრძნობიარე ხდება, რომ  კრიმინალის თავიდან თმის ღერის ჩამოვარდნას ვერ აიტანს, ხან კი ყრუ-მუნჯია, როცა  სიმართლის თქმაა საჭირო...   














 



Thursday, March 30, 2017

ხანძარი, საპატრიარქო და... პოლიტიკა

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთავი2 ინტენსიურად განიხილავდა მეტად მნიშვნელოვან და აღმაშფოთებელ  საკითხს: საქართველოს სამხედროთა, 2008 წლის ომის მებრძოლთა პირადი ინფორმაციის გადაცემას მტრული ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. ამ ფაქტმა იმდენად შემძრა, რომ ყველაფერმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა ცივილურ სამყაროში, მსგავსი ფაქტის აღმოჩენის, ან თუნდაც, ეჭვის წარმოქმნისთანავე და კიდევ და კიდევ ვრწმუნდებოდი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სუსტი წერტილი იდეოლოგიის არარსებობაა. საზოგადოების  პოლიტიკურად აქტიური, მცირე ნაწილი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ქართული სახელმწიფოს ადგილი და მომავალი, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამინდს ვერ ქმნის. მიზეზი კი არის ის, რომ საგანმანათლებლო სისტემა,  არ ზრუნავს ქვეყნის ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებაზე, არადა, ეს სრულიადაც არ არის დიდი სირთულე.
ჰოდა,  როცა ერთმა ჩემმა ახლობელმა  ხანძრის შესახებ დამიწყო საუბარი, ვუპასუხე, რომ მე ახლა უფრო ის მაღელვებს, რომ ადამიანები, რომლებიც თავს სწირავდნენ, იმისთვის, რომ ყველას და (მათ შორის, მათაც, რომელებსაც ახლა ეს უბედურება დაატყდა თავს), მშვიდად ეცხოვრა და თავისი საქმე ეკეთებინა, ახლა სრულიად დაუცველნი არიან და ყოველ წუთს ემუქრებათ განადგურების საფრთხე.
დიახ, მე გულწრფელად ვამბობ, რომ ახლაც სწორედ ეს არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა დიდი ხანია გადაფარა არაერთმა სულისშემძვრელმა ფაქტმა. რადგან მიმაჩნია, რომ ყველაფერი რაც ხდება, ლოგიკური შედეგია იმისა, რომ დღესაც ადამიანები ერთგვარი თავმოწონებით აცხადებენ, რომ პოლიტიკა არ აინტერესებთ და არც სურთ ჩაერიონ მასში, თუმცა შემდეგ დიდი ენთუზიაზმით მიდიან არჩევნებზე და ხელისუფლებაში მოჰყავთ ძალა, რომელიც მეომართა პირად მონაცემებს მტერს გადასცემს, კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს, ქვეყანას კრიმინალის, კორუფციის, ნეპოტიზმის ჭაობში აბრუნებს...
როცა პოლიტიკა არ გაინტერესებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენდო ოლიგარქს, რომელმაც ქონება იმ დროს მოიპოვა, როცა ხალხს შიმშილით სული სძვრებოდა. მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო ისეთი გულუბრყვილო, რომ არ დაიჯერო, რომ ამ კაცმა სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი პარტნიორები.  იმაზე მაინც არ დაფიქრდე, თუ როგორ იყო შესაძლებელი იმ წლებში მილიარდების მოპოვება პატიოსანი გზით. ხოლო თუ ეს მაქინაციებით და მოტყუებით მოახერხა, დაიჯერო, რომ ასეთი კაცი შენ რაიმეს მოგცემს უანგაროდ.
შემთხვევით არაფერი ხდება, და ჩვენი პოლიტიკური სიმწიფის  ლოგიკური შედეგია ყოველივე ის, რისი მომსწრეც დღეს ვხდებით.
საპატრიარქოში განვითარებული მოვლენებიც სწორედ იმის შედეგია, რომ გაურბივართ მოვლენებს თავისი სახელი ვუწოდოთ, რომ  საკუთარი თავის წინაშეც კი არ ვართ გულწრფელნი, რომ დღესაც ფორმულით: „სტალინმა არაფერი იცოდა“ ვხელმძღვანელობთ. პატრიარქმა, რომელმაც შესანიშნავად იცის, ვინ ვინ არის, ეპისკოპოსის და მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა  მტრული ქვეყნის ათობით აგენტი და აჰა, შედეგიც!
ყოველივე ამის ფონზე, მედიაშიც პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით ხვდება ინფორმაცია.
ნახევარსიმართლე კი ტყუილზე ათასჯერ უარესია!!!
მოდით, საკუთარი თავის წინაშე მაინც ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რამდენად შეგვძრა იმ ინფორმაციამ, რომ ადამიანები, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ იმისთვის, რომ სტუდენტს, ბიზნესმენს თუ პოლიტიკოსს მშვიდად ეკეთებიანა თავისი საქმე, დღეს სახელმწიფოსგან განწირულინი არიან? რომ მათ ყოველ წუთს ემუქრებათ საფრთხე იმ ქვეყნის აგენტებისგან, რომლის ოკუპაციისგანაც იცავდნენ სამშობლოს? რამდენად  გაგვიჩნდა სურვილი, რომ  ამაზე პასუხი მოგვეთხოვა ხელისუფლებისთვის?
ამ მებრძოლებს დღესაც ემუქრებათ საფრთხე, ყოველგვარი საზღვრის გადალახვის გარეშეც, რადგან ჯაშუშები უკვე ხელისუფლებაში გვისხედან, ამიტომაც არის, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთიც „ვერ აღმოაჩინეს“ ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა   სამსახურებმა, მაშინ, როცა აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა ათობით ასეთი პირი გააძევეს თავიანთი ქვეყნებიდან!  აქ კი  -- პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს...
ჰოდა, ნუ გიკვირს, ჩემო კეთილო თანამოქალაქევ, როცა გატყუებენ, გძარცვავენ, ქონებას გინადგურებენ, სუნთქვასაც კი გიკონტროლებენ. ეს იმის შედეგია, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს.
და, რა გგონია პოლიტიკა?
პოლიტიკა ჩვენი ცხოვრებაა და ვისაც ის არ აინტერესებს, ძნელად თუ ასცდება საბედისწერო შეცდომას.
 ახლა ერთ  ამბავს გავიხსენებ და ამით დავასრულებ.
90-იანებში, პუტჩის შემდეგ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, იმ დროს, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა გადმონაშთით, „შემნახველი სალაროებით“ ვსარგებლობდით, მთავრობამ გამოაცხადა, რომ ვინც სალაროში თანხას შეიტანდა,  ერთი წლის შემდეგ ორმაგად დაუბრუნდებოდა. შემნახველ სალაროებში  რიგები დადგა; ადამიანები ყიდდნენ  უძრავ-მოძრავ ქონებას და შეჰქონდათ ფული. დედაჩემი სასწრაფოდ წავიდა და ის ორიოდე გროშიც გამოიტანა, რაც ანგარიშზე დაგვრჩა. ახლობლებს უკვირდათ მისი საქციელი. მაგრამ, შემდეგ მოხდა ის, რაშიც თავიდანვე ვიყავით დარწმუნებული, ხალხის ფული მიითვისეს და დატოვეს ასე უნუგეშოდ ათასობით ადამიანი. რა იყო ამის მიზეზი? სწორედ ის, რომ იმ ადამიანებს არ აინტერესებდათ პოლიტიკა. სამხედრო გადატრიალებამ მათ გვერდზე ჩაუარა.  იმ დროს, როცა მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ (ახლანდელი პარლამენტის შენობა) უიარაღო ადამიანებს გვესროდნენ,  ზოგიერთები მშვიდად აგრძელებდნენ ცხოვრებას და სულ არ აინტერესებდათ ქვეყნის ბედი. მათ არც ის იცოდნენ, რა ძალამ მიიტაცა ხელისუფლება. და აი, შედეგიც.  განა, ახალი ამბავია, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და შედეგი?
თუ გვსურს, რომ შევცვალოთ ის საშინელი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, მისი სათავეები უნდა მოვძებნოთ და გავარკვიოთ ის მიზეზები, რამაც მასში აღმოგვაჩინა. ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ანუ არ გვაინტერესებს ჩვენი ხვალინდელი დღე, ამიტომ ადვილად ვექცევით მდარე ხარისხის საინფორმაციო საშუალებების გავლენის ქვეშ, სტერეოტიპულად ვაზროვნებთ და შედეგად, ხელისუფლებაში სულთამხუთავები მოგვყავს.
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შეცდომის აღიარება გვიმძიმს და ისევ თავის გამართლებას ვცდილობთ. განა, ახალია, რომ წინსვლა შეცდომის აღიარებით იწყება?