Friday, April 17, 2015

გიხაროდეთ, სსრკ-ს მოტრფიალენო!


სოციალური პამფლეტი
ივანიშვილი თავიდანვე დაგვპირდა, „ძველ, საყვარელ საქართველოში დაგაბრუნებთო“.
ჰო,  ბევრ სხვა რამესაც დაგვპირდა, მაგრამ, იმთავითვე ვიცოდი, რომ მხოლოდ ამ დანაპირებს აგვისრულებდა.
ჰოდა, ასრულებს კიდეც, თანდათან.
მარტიდან დედაჩემს პენსია შეუჩერეს, მე-5 სართულზე ვცხოვრობთ, ულიფტო სახლში. თვითონ სართულებზე სიარული არ შეუძლია, ამიტომ მე მივედი სოციალური დაცვის სააგენტოში. თავაზიანად მივესალმე და ვკითხე: რატომ შეუჩერდა მეთქი დედაჩემს პენსია?  „რა, არ იცით, რომ წელიწადში ერთხელ უნდა მოვიდეს?“  სსრკ-სეული „თავაზიანობით“ -- მკვახედ მომიგო კითხვაზე კითხვით. კი, მაგრამ ბანკი ხომ ყოველ წელს ამოწმებს, მისი აგენტი ხელს აწერინებს დედაჩემს მინდობილობაზე.  თუ თქვენც გაინტერესებთ, თქვენი აგენტი გამაყოლეთ მეთქი, ვთხოვე. რა აგენტი, რის აგენტიო, აბუზღუნდა, ან აქ უნდა მოიყვანოთ დედათქვენი, ან თქვენ თვითონ უნდა მოიტანოთ ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული მინდობილობაო.
რა მექნა? წამოვედი და ისევ იმ „საყვარელი“ სსრკ-ს დროინდელი სკეტჩი გამახსენდა, გახსოვთ,  არკადი  რაიკინის  სკეტჩი,  როცა  რაღაც  საბუთის  დევნით  გაწამებული  ადამიანი  ბოლოს  ფსიქიატრიულ  კლინიკაში  მიჰყავთ,  ის  კი იმეორებს და იმეორებს:  Справочку,  вот  такую  справочку  .  .  . 
სწორედ  ამ  პრობლემის  გადასაჭრელად  აშენდა „იმ ცხრაწლიანი რეჟიმის“ დროს იუსტიციის  სახლები, დიახ, სწორედ ის იუსტიციის სახლები, ჩვენმა ამჟამინდელმა, „უგანათლებულესმა“ იუსტიციის მინისტრმა რომ დაიწუნა: „რა საჭიროა, ეს სახლები, გარდა იმისა, რომ ხალხს ემსახურება, მეტს რას აკეთებსო“(?!).
კიდევ უფრო მეტადაც გაუმჯობესდებოდა მომსახურების სფერო, იუსტიციის სახლების პროექტის ავტორებს რომ დაცლოდათ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ...
 ახლა კი ...  ახლა ნოტარიუსისკენ გავწიე. „25 ლარი უნდა გადაიხადოთ ამ მომსახურებაში“, განმიცხადა. „კარგით, ხვალ მოხვალთ?“, ვკითხე.  ვეცდებითო, შემპირდა. მეორე დღეს მთელი დღე ველოდე, არ მოვიდა.
ჰოდა, ახლა ვზივარ და ვფიქრობ: ამ ინტერნეტისა და სკაიპის ეპოქაში, რა საჭიროა ეს ბიუროკრატია?
ადამიანის გარდაცვალებისთანავე მისი პირადობა უქმდება და შესაბამისად ეცნობება სოციალურ სამსახურსაც. შემოწმებაც უფრო მარტივად შეიძლება სკაიპის დახმარებით.
მაშ, რას ემსახურება ასეთი გართულებები, თუ არა ისევ იმ „სანატრელი“ კორუფციის დაბრუნებას?
აი, ასე. მივდივართ უკან-უკან, სსრკ-სკენ.
გიხაროდეთ, სსრკ-ს მოტრფიალენო!
17.04.15

მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“