Sunday, June 23, 2013

1991-92 წლების პუტჩის შედეგები წერილი მეორე


1991-92 წლების პუტჩის შედეგები
წერილი მეორე

ქვეყანაში დატრიალებული გლობალური ტრაგედიის არასათანადო შეფასება საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ   უნდობლობის და უსამართლობის განცდას იწვევს, რაც წლების მანძილზე ნიჰილიზმში ტრანსფორმირდება.
სამწუხაროა, რომ დღესაც, ოცი წლის შემდეგ,  გრძელდება ზვიად გამსახურდიას ღვაწლის გაუფასურების მცდელობა, მისი იდეების დაკნინება, მის  მიმართ ნიჰილიზმის დანერგვა, მასში ბელადის თუ ფანატიკოსი, შუასაუკუნებრივი წინამძღოლის ძიება და ვერ ხვდებიან, რომ შეურაცხყოფას მარტო მას კი არა, ჩვენ ყველას გვაყენებენ, ვინც მის იდეებს ვიზიარებდით. არ ვერიდებოდით არც ტყვიას, არც რეპრესიებს და ჩვენს აზრს მაინც გამოვთქვამდით. მაშინ იყო მცდელობა და ახლაც  ერთგვარად, გრძელდება ეს ტენდენცია, რომ პირველი პრეზიდენტის მიმდევრები გაუნათლებელ მდაბიოებად   წარმოეჩინა საზოგადოების ერთ ფენას, რომელიც თავის თავს ინტელიგენციას, ელიტას, თბილისელებს და სხვა ამგვარს უწოდებდა თავისი გამორჩეულობის ხაზგასასმელად.  ესენი, ძირითადად, მსახიობები, რეჟისორები, ცნობილი პოეტები და მწერლები არიან, ტაშისკვრას, პრივილეგიებს, ხალხის თაყვანისცემას დაჩვეულები. 
ცნობილი მეცნიერი, მათემატიკოსი,  გამოთვლითი ტექნიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ნორბერტ ვინერი  თავის  წერილში  „მაღალი მისია“, საუბრობს რა ინტელიგენტის მაღალ დანიშნულებაზე, აღნიშნავს: „თითოეული პროფესია და საქმიანობა გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებას“, ამ მოსაზრებას იგი ანბანურ ჭეშმარიტებას უწოდებს.
შემდეგ  თვალსაჩინოებისთვის დეტალურად მიმოიხილავს სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოვალეობებს  და ასკვნის, რომ სამხედრო პირს, ექიმს, პოლიციელს, მეხანძრეს თავთავიანთი მოვალეობები გააჩნიათ,  რომელთაგან თავის არიდება მათ კანონის წინაშე პასუხისმგებლობას აკისრებს.  იმ დროს, როცა ჩვეულებრივ მოქალაქეს  არ მოეთხოვება, თავის გაწირვა ამა თუ იმ შემთხვევაში.
საზოგადოდ კი, ინტელიგენციის მაღალ დანიშნულებად მას  ზნეობა მიაჩნია:
 „ინტელიგენტი არის გუშაგი და მმართველი პატიოსნების და კეთილსინდისიერების ტრადიციებისა, რომელიც განსაზღვრავს   ქვეყნისა და თაობის სახელსა და ბედს“.
სხვა წერილებში ვთქვი და ახლაც ვიმეორებ:  მაშინ,  იქ  შეკრებილ მიტინგებზე ძირითადად, სწორედ ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ: ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, და მრავალი სხვა პროფესიის ადამიანები, ისინი, რომლებსაც  არ უნდოდათ საბჭოეთი, რუსეთის ვასალობა, ორმაგი მორალით  ცხოვრება, რომელთათვის უცხო იყო ნიჰილიზმი და სნობიზმი. კომენდატურაში ჩვენთან ერთად ხუთი პროფესორი იყო, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. ერთ დღეს ონკოლოგიური საავადმყოფოს  ათი-თხუთმეტი  ექიმი ერთად შემოიყვანეს, რომელთაგან ზოგიერთი ქირურგი იყო და იმ დღეს ოპერაცია ჰქონდა დანიშნული.
 ბ-მა ნიკოლოზ ვეკუამ რომელიც მძიმედ იყო ავად, პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი  ინტელიგენციის მიტინგზე წერილი გამოგზავნა, წერილში ნათქვამი იყო, რომ მთელი სულითა და გულით ჩვენთან იყო და მხარს უჭერდა კანონიერ ხელისუფლებას. ამის გამო გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს  უარი უთხრეს დაკრძალვის ხარჯების გაღებაზე, რაც მას ეკუთვნოდა სახელმწიფოსგან, როგორც აკადემიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს . . .
 მოინტელიგენტო თუ მოელიტო სამარცხვინო საზოგადოებები კი, როგორიც იყო „თბილისელი“,  „თეთრი მანდილი“ და სხვ. კრიმინალურ ბანდას ამოფარებულნი ნადირობდნენ ჩვენზე, სწორედ მათი მითითებით ხორციელდებოდა დევნა და დაჭერები. ამ ე. წ. საზოგადოებების  წევრები, რომლებიც დღეს ერთმანეთის მიყოლებით  მოუნანიებლად ჩადიან საფლავში;  უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ისევ საქართველოს მტრობენ, ყიდიან, ვერ ძღებიან;  ბოღმით და სიძულვილით არიან აღსავსე.   დღეს მათ ვარსკვლავებს უხსნიან და პანთეონებში ასაფლავებენ, მაგრამ მე მჯერა, ისტორია იტყვის თავის სათქმელს.
 ისტორია გაშლილი სუფრა არ არის, რომ აქ მხოლოდ სადღეგრძელოები ვთქვათ და ვაქოთ ერთმანეთი.  პირუთვნელად უნდა ითქვას სიმართლე, რათა მომავალი თაობა ზნეობრივი პრინციპებით აღიზარდოს.
სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მსახიობისა და ასევე ცნობილი პუტჩისტის დაკრძალვის დღეს ერთკაციანი აქცია ჩავატარე მარჯანიშვილის თეატრთან,  წარწერით:  „შენც გვესროლე უიარაღო ხალხს“.
ასეთი სუბიექტების ქმედება  არ არის შემთხვევითი. ისინი თავიანთი ეპოქის ღვიძლი შვილები არიან. მათთვის არ არსებობს არაფერი,  გარდა ამქვეყნიური კეთილდღეობისა, რომლის მისაღწევად საკუთარ შვილსაც არ დაინდობენ. მათზეა ნათქვამი:  ღმერთის არ ეშინიათ და კაცის არ ერცხვინებათ,  ჭეშმარიტად.
ეს არ არის უბრალო, სახუმარო  საქმე, ეს მათი იდეოლოგიაა.  და როგორ აიტანდნენ ასეთი იდეოლოგიის მქონე სუბიექტები  ზვიად გამსახურდიას, რომელსაც შესაძლოა, პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილების არქონის თუ  ნაკლებობის  გამო,    შეცდომები ჰქონდა, მაგრამ, ვერავინ უარყოფს, რომ  მან ძალიან კარგად იცოდა, როგორ  გაეცოცხლებინა ადამიანებში იდეა, რადგან  თავად იდეალისტი იყო. მან სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამისი გაგება ძალიან ძნელია ნიჰილიზმითა და ცინიზმით შეპყრობილი ინდივიდებისთვის, რომლებსაც ვერც წარმოუდგენიათ,  როგორ შეიძლება, რომ ადამიანმა საერთოდ რაიმეს შესწიროს თავი. მათ მხოლოდ სხვების კრიტიკა შეუძლიათ. ასეთ ინდივიდებს სძულთ იდეალისტები, რადგან მათი იდეოლოგიისთვის შეუთავსებელია იდეალიზმი.  ისინი მუდამ სხვის შეცდომებს უკირკიტებენ და როგორც წესი,  იდეასა და ამ იდეის პროფანაციას შორის  განსხვავებასაც  ვერ პოულობენ.
სწორედ ასეთმა სუბიექტებმა  ვერ აიტანეს მიხეილ სააკაშვილიც.  დიახ, იმიტომ, რომ ახლანდელი პრეზიდენტიც იდეალისტია. მიუხედავად  შეცდომებისა, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული, მან ძალიან კარგად გაართვა თავი უამრავ სიძნელეს. მართლაც, ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ამ გზაზე მისი, როგორც პოლიტიკოსის ზრდა.
ერს სჭირდება ოდეოლოგია, თუ მას სურს, რომ ძლიერი სახელმწიფო შექმნას. და ეს იდეოლოგია ამაღლებული უნდა იყოს და  ერთი შეხედვით, უტოპიურიც კი.
დღეს ისევ გრძელდება ისტორიის გაყალბების მცდელობა:  90-იანი წლების მიტინგების დარბევას შეიარაღებული ბანდების მიერ,  ზოგიერთი  პირი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების აღკვეთას ადარებს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურამ განახორციელა, თუნდაც, ძალის გადამეტებით.
იმ დროს მოძალადე იყო ხელისუფლების იარაღის ძალით დამმხობი ხუნტა, ხოლო  ამ შემთხვევაში კი --  მიტინგის ორგანიზატორები, რომლებმაც შეძლეს აეყოლიებინათ განაწყენებული მოსახლეობის ნაწილი და ზემოაღწერილი მიზეზების გამო სახელმწიფოსადმი უნდობლობით განწყობილი ადამიანები, რომლებმაც ვერ გათვალეს, რა ძალას მისდევდნენ.
საძაგლობაა,  ამ  სრულიად საპირისპირო  მოვლენებს  შორის ანალოგიის მცდელობა. 
 არაფერი გამოგივათ ბატონებო! დღეს შესაძლოა, თქვენ -- თქვენი საყვარელი ტერმინით რომ ვთქვათ -- მოახერხოთ  გონებაგახურებული ხალხის მოტყუება, მაგრამ ისტორია მაინც იტყვის სიმართლეს:
7 ნოემბერი და 26 მაისი პუტჩის მცდელობა იყო, თუმცა, მაშინ ვერ განახორციელეთ. რევანშის საშუალება  არჩევნებში გამარჯვებამ მოგცათ, არჩევნებში კი ფულზე დახარბებულმა და შურისძიებით დაბრმავებულმა მასამ  გაგამარჯვებინათ.
ამიტომ, ეს ყველაფერი დროებითია.
საქართველოს სახელმწიფომ უკვე აიღო გეზი პროგრესისკენ და უკან  ვეღარ შეაბრუნებთ!

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ  ხელისუფლების მოვალეობა ხალხის სამსახურია. ამიტომ,  იგი კანონიერი გზებით უნდა ვაიძულოთ, რომ შეგვისრულოს ის დაპირება, რაც არჩევნებზე მოგვცა. ხელისუფლების საქმიანობა რაციონალური, ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი უნდა იყოს და არა, ვითომდა სამართლიანობის აღდგენის ამოცანას ამოფარებული შურისძიების ჟინით აღსავსე.
რომელიმე ხელისუფლების სიყვარული, ცხადია, სისულელეა. მაგრამ, მეორეს მხრივ, უმადურება არანაკლები საძაგლობაა.  არდაფასება იმ ადამიანების თავდადებისა, გარდამავალ პერიოდში, როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გარკვეული არ არის დემოკრატიულ  ღირებულებებში და ტოტალიტარული კლიშეებით აზროვნებს, დიახაც, უმადურობაა.
დემოკრატია არ გულისხმობს სახელმწიფოს  მიერ ხალხის უპირობო უზრუნველყოფას მატერიალურად, და ცხადია,  ბიუჯეტიდან მოპარვა სრულიად შეუთავსებელია ცივილური საზოგადოების ღირებულებებისთვის.  ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გულისხმობს კანონიერ ბრძოლას ადამიანის უფლებებისთვის, მაგრამ,  ეს ბრძოლა უანგარო უნდა იყოს. და არა ბესელია-კაკაბაძის ტანდემის მიერ განხორციელებული ამნისტიის მსგავსი, როცა კრიმინალები პოლიტპატიმრებად შერაცხეს.

 ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გველოდება -- პრეზიდენტის არჩევნები და ამიტომ  დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მას.
ჩვენი მომავალი პრეზიდენტი  ენერგიული, გაწონასწორებული, დიპლომატი და რაც მთავარია, დასავლური ორიენტაციის მქონე ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებელი უნდა იყოს.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს პირველ ლედის.  ამის გამოცდილება უკვე გვაქვს. ალბათ, იშვიათად მოინახება ადამიანი, რომელიც არ დამეთანხმება, რომ ქ-მა სანდრამ ხალხის საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა,  პირველი ორისაგან განსხვავებით.
 სასურველია, რომ პირველი ლედი  დამოუკიდებელი პიროვნება იყოს, რომლისთვისაც წარმატება თავბრუდამხვევი არ აღმოჩნდება.
ჩემი აზრით, ამ პირობებს ყველაზე მეტად ბ-ნი გრიგოლ ვაშაძე აკმაყოფილებს, რომელიც ყველაფერთან ერთად  ძალიან კარგად ერკვევა რუსულ დიპლომატიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
რაც უფრო მეტი სიბრძნით, პასუხისმგებლობით,  და ობიექტურობით მოვეკიდებით პრეზიდენტის არჩევის საკითხს, მით უკეთეს შედეგს  მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის.


პატივისცემით  და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
23.06.2013

  სხვა წერილები  იხ. Google-ში მისამართზე:  http://natali-tavisufali.blogspot.com/

Sunday, June 9, 2013

1991-92 წლების პუტჩის შედეგები; წერილი პირველი


1991-92 წლების პუტჩის შედეგები
წერილი პირველი
90-იანი წლების გაანალიზება მრავალ  კითხვაზე გასცემს პასუხს:   რატომ შეაფარეს თავი ეკლესიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა, მეტიც, დაპირისპირებულმა   ადამიანებმა; რამ გამოიწვია მრევლში აგრესიის  აკუმულირება, ესკალაცია  და  შემდეგ მისი ისეთი ძალით გადმოფრქვევა, რაც 17 მაისს ვიხილეთ;  რატომ არ გახდა  დემოკრატიული ფასეულობები პოპულარული ჩვენს მოსახლეობაში  და სხვა საკითხები, რომლის  ახსნაც  მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ  ბოლოს და ბოლოს ამოავსოს ის განხეთქილება, რაც წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა.
საზოგადოებაში განხეთქილების არარსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი პირობაა.  ჩვენში  არსებული  ეს პრობლემა თავისთავად არ მოგვარდება და ის გაჰყვება თაობებს, თუ ახლა მაინც არ ვიზრუნეთ მის გადასაჭრელად.  
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ არ მოხდა  1991-92 წლების პუტჩის, ანუ სამხედრო გადატრიალებისთვის თავისი სახელის დარქმევა: მას სამოქალაქო ომი უწოდეს, არ მოხდა მისი ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ქმედების შეფასება, ხაზს ვუსვამ:  შეფასებაზე ვლაპარაკობ  და არა დასჯაზე. 
ჰოდა,  გაწბილებულმა ხალხმა ეკლესიებს მიაშურა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიის მეთაური პუტჩისტების მხარდამჭერი იყო. ეს კი გაუგებარია ჩემთვის როგორ მოიპოვა მან ნდობა. ალბათ -- ბუნდოვანი შინაარსის ქადაგებებით:  ბევრს სჯეროდა, ინანიებს, რომ მხარს უჭერდა  პუტჩისტებსო.  ეს ვითომდა  მონანიება რომ ფარსი იყო იმით მტკიცდება, რომ ყოფილმა მხედრიონელებმა  მართლმადიდებელ ეკლესიას შეაფარეს თავი და ჩვეულებრივი ხალხისგან განსხვავებით, ისინი სასულიერო პირების,  მეტიც, მაღალი იერარქების რანგში მოგვევლინენ.
ვარდების რევოლუციის გამარჯვებისთანავე საჭირო  იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი კითხვის დასმა პუტჩის თითოეული ორგანიზატორისა და შემსრულებლისთვის, სახალხოდ,  ყველას გასაგონად:
რაც უნდა მძიმე შეცდომა მოსვლოდა  პირველ პრეზიდენტს, იყო თუ არა გამართლებული იარაღით დაპირისპირება, ამდენი სისხლი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი უდაშაულო  ადამიანის შეწირვა?
 და საჭირო იყო  ამ კითხვაზე მოკლე პასუხის მოთხოვნა  --  კი, ან არა, ყოველგვარი „მაგრამისა“ და „თუმცას“  გარეშე,  ანუ  საკუთარი დანაშაულის ან არასწორი პოზიციის აღიარება.
ვისაც ეყოფოდა სიმამაცე --  აღიარებდა თავის არასწორ ქმედებას.  დარწმუნებული ვარ, ეს დადებით შედეგს გამოიღებდა, რადგან მაშინ ადამიანები ასეთი გაბოროტებულნი და შურისძიებით აღტყინებულნი არ იყვნენ, როგორც დღეს არიან. დღეს  ამ უკეთური ჟინის წამქეზებელი, ცხადია, ახლანდელი ხელისუფლებაა, როგორც კი ოდნავ ცხრება ხალხში ცეცხლი, ისევ აღვივებენ ხელოვნურად სრულიად უბადრუკი თემებით და ცდილობენ, რომ ტემპერატურის ნიშნულმა არ დაიწიოს. თუ რა ზიანი მოაქვს თვითოეული ადამიანისთვის ასეთ ბობოქრობას, ეს ცალკე საკითხია  და ამის შედეგს მალე ვიხილავთ.
სამხედრო  გადატრიალების საყოველთაო შეფასებისას, ვინც არ აღიარებდა თავის დანაშაულს თუ შეცდომას,  მისთვის ყოველგვარი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობის შესაძლებლობა  დაიხურებოდა და იგი სამუდამოდ  ჩამოშორდებოდა მედია-სივრცეს,  სატელევიზიო ეკრანებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ თითქოსდა  იყო შერიგების მცდელობა,  როცა სატელევიზიო ეთერში ერთ-ერთი მყვირალა ჟურნალისტი ჯერ შუაში ჩაუჯდა პირველი პრეზიდენტის ვაჟს და სიგუას, მერე  თვითონ გამოეცალა და ეკითხებოდა: ასე ახლოს თუ მჯდარხართ ერთმანეთთან იმ მოვლენების შემდეგო?  ამ გადაცემამ მე კიდევ უფრო მეტად გამაღიზიანა. რადგან ეს იყო მცდელობა სახელმწიფოებრივი მოვლენა ოჯახურ კონფლიქტამდე დაეყვანათ. სწორედ ამის გაგრძელებაა ახლა ცოტნე გამსახურდიას თემით სპეკულირება.  აღნიშნული  პიროვნების ბედი, ცხადია, ისევე მაინტერესებს, როგორც  სხვა ნებისმიერი ადამიანისა.   მაგრამ,  91-92 წლების მოვლენები ჩემთვის უფრო  აქტუალურია, რადგან  ამ მოვლენების ადექვატურ შეფასებას შეუძლია მთელი ქვეყნის ბედი უკეთესობისკენ  შეცვალოს. 
ცივილურ საზოგადოებაში დიდი კატასტროფის შემდეგ ფსიქოლოგები მუშაობენ თითოეულ ადამიანთან, ვინც  სტრესი განიცადა.  ასეთი სტრესი იყო ჩვენთვის   აღნიშნული პუტჩი. ჩვენ ხომ  სრულიად უანგაროდ და უიარაღოდ  ვუჭერდით მხარს  ჩვენს მიერ არჩეულ კანონიერ  ხელისუფლებას, რომელიც რუსული იარაღისა და ძალის გამოყენებით თავზე დაგვამხეს. დიახ, ამან ძალიან  მძიმე კვალი დატოვა ჩვენს ფსიქიკაზე  . 
ჩვენი ხალხისთვის  პუტჩის შეფასებას მკურნალობის ეფექტი ექნებოდა. 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მე  და ალბათ, ძალიან ბევრი ჩემი თანამოაზრე, სრულიად გულგრილად ვადევნებდით თვალს  ვარდების რევოლუციის  შემდგომ მოვლენებს , რადგან ეს მორიგ ფარსად მიგვაჩნდა.
 ჩემთვის ასეთი მდგომარეობა 2008 წლამდე გაგრძელდა, სანამ რეალურად არ დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის  საშიშროება.
 ხოლო ზოგიერთი  ჩემი მეგობრისა თუ ნაცნობისთვის კი დღემდე გრძელდება. მათ ახლაც მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი  შევარდნაძის რეჟიმის გაგრძელება  იყო. ზოგიერთმა უფრო უარესი დასკვანა გააკეთა:  „ის დრო (შევარდნაძის) უკეთესი იყოო“. და ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ  მაშინ,  ტყვიების ზუზუნში თუ   კომენდატურის ჭუჭყიან სოროებში.
ხელისუფლების მხრიდან ასეთმა დაუდევრობამ თუ განურჩევლობამ  გამოიწვია ხალხის წამოგება ბინძურ ჭორებზე, რასაც „ასავალ-დასავალის“ მსგავსი   პრესა და „მაესტროსა“ და „კავკასიის“ მსგავსი ტელევიზიები ავრცელებდნენ.
დემოკრატია ყველაფრის ლაპარაკის უფლებას რომ არ ნიშნავს, თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ამ გაზეთებისა და ტელევიზიებისთვის,  რატომღაც,  არავის  მოუთხოვია პასუხი ცილისწამებისთვის.
უდიდესი მკრეხელობა იყო, აგრეთვე,  ჯაბა იოსელიანის დასაფლავება პანთეონში (ამას წინათ,  მას კიდევ ერთი პუტჩისტი მიუწვინეს). ცხადია, ეს სიწმინდის შეურაცხყოფაა. ეს არის ორმაგი მორალი. ასეთი ქმედებებით  ჩვენი ახალგაზრდობა  ვერასოდეს განსაზღვრავს, რა არის ზნეობრივი და რა -- არა.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქ  საუბარი ფაქტების, მოვლენებისა და  ამ მოვლენების  მოქმედი პირების შეფასებაზეა,  კორექტულ და ადექვატურ შეფასებაზე, რათა მომავალი თაობისთვის, თვით იმ სუბიექტების შთამომავლებისთვის იყოს მაგალითი.
ამერიკელებს აქვთ შესანიშნავი მოწოდება: დადექი ისტორიის მართალ მხარეს!
ამ მოწოდებამ აზრი რომ არ დაკარგოს, საზოგადოებას უნდა მიეცეს მოვლენების შეფასების საშუალება.
კონფლიქტოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ამოწურონ თავიანთი სათქმელი,  ბოლომდე გამოხატონ თავიანთი გრძნობები:  წყენა, თუ გულისტკივილი, რათა შემდეგ მოხდეს კონსენსუსამდე მისვლა. ამრიგად, კონფლიქტის მოგვარების მიზანი შეთანხმებაა და არა ვინმეს დასჯა.
აი, ამის საშუალება არ მიეცა მაშინ ხალხს და ამიტომ შეაფარეს თავი ეკლესიას, სადაც ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლებს ჩაუვარდნენ პირში, სადაც ქრისტიანობის ნაცვლად ორმაგი  მორალით ცხოვრებას ასწავლიდნენ, რაც, ცხადია,  სულიერად ხრწნის და ანადგურებს პიროვნებას.
შედეგი  ასეთია: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომლისათვის ავტორიტეტს  მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს,   შურისძიების, დასჯის, დაპატიმრების დაუოკებელი ჟინით არის აღსავსე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, წუთებიღაა დარჩენილი  „ხალხის მოთხოვნით“   სიკვდილით დასჯის ხელახლა დაკანონებამდე.
ყველაზე სავალალო ის არის, რომ ბევრი ჩემთვის ძვირფასი და პატივსაცემი ადამიანი, რომელის ჰუმანურობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია,  ისეთ  აგრესიას  და დასჯის დაუოკებელ წყურვილს ამჟღავნებს გარკვეული პირების მიმართ,  რომ  ეს პირი უდანაშაულო რომ აღმოჩნდეს და გამართლდეს, ძალიან ნაწყენი დარჩება.  როცა ამის გამო გაკვირვებას ვერ ვმალავ, რიტორიკულ კითხვას მაგებებენ:
 მაშ, თუ  დამნაშავეა, არ უნდა დაისაჯოს?!
ასეთ ვითარებაში, მართლაც,  წუთებიღაა დარჩენილი  ხალხის ბრბოდ ქცევამდე, რის შიშსაც პირველივე  წერილში გამოვთქვამდი.
გამოსავალი ერთია:
უპირველეს ყოვლისა --  შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი, ხაინდრავა, ბათიაშვილი და კიდევ  ბევრი სხვა ოდიოზური სუბიექტი -- მწერალი, პოეტი, რეჟისორი თუ მსახიობი, რომელთაც იმ პერიოდში საზოგადოება „თბილისელის“  სახელით  ბიძგი მისცეს ხუნტას მოსახლეობის დევნის, დაპატიმრების,  წამების  --  შეგვხვდნენ ჩვენ,  რიგით მოქალაქეებს,  ღია ეთერში პირისპირ  და გვიპასუხონ ერთადერთ კითხვაზე:
რაც უნდა მძიმე შეცდომა მოსვლოდა  პირველ პრეზიდენტს, იყო თუ არა გამართლებული იარაღით დაპირისპირება, ამდენი სისხლი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი უდანაშაულო ადამიანის შეწირვა?
და შემდეგ სამუდამოდ გაქრნენ ჩვენი თვალთახედვიდან, რათა  დავივიწყოთ მათი  სახე, ხმა.  იცხოვრონ თავიანთი უბადრუკი ცხოვრებით (ჩემი გადასახედიდან, ასეთი იქნება მათი სიცოცხლე, თუნდაც სიმდიდრეში ბანაობდნენ), ოღონდ ნუღარ შეუშლიან ხელს ჩვენს ქვეყანას წინსვლაში.
გაუქმდეს ყველა ვარსკვლავი, რომელსაც  მათ უხსნიდნენ და უხსნიან.
გადატანილი იქნას ჯ. იოსელიანის საფლავი დიდუბის პანთეონიდან და საერთოდ, ნუ მივცემთ უფლებას დაასაფლავონ პანთეონებში ის სუბიექტები, ვინც უიარაღო მოსახლეობას  ესროდა, ან ამისკენ უბიძგებდა ახალგაზრდებს. და არ აქვს მნიშნელობა -- ის დიდი რეჟისორია,   უდიდესი მსახიობი თუ ერთ დროს პოპულარული მწერალი ან პოეტი.
ამ  საკითხებში  თითოეული ადამიანის პოზიცია მნიშვნელოვანია.
 ნუ დავაჯერებთ საკუთარ თავს,  რომ ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით.
იმ ადამიანის სიცოცხლეზე უბადრუკი არაფერია, რომელსაც ასეთი სისულელის სჯერა.
და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო:
ნუ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ ხალხისა და სამართლიანობის სახელით საკუთარი ჟინი დაიკმაყოფილოს.
სწორედ ხალხისა და სამართლიანობის სახელით ისპობოდა ყველგან და ყოველთვის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.
 ჩვენი კონსტრუქციული ქმედებითა და აზროვნებით მივიღოთ ხელისუფლებისგან ის, რაც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და რაც სახელმწიფოს წინსვლას შეუწყობს ხელს.

ამ წერილს მაჰათმა განდის სიტყვებით დავასრულებ:  „სიცრუე რომ ქვეყანას მოსდო, ამით ის ვერ იქცევა ჭეშმარიტებად, ისევე, როგორც ჭეშმარიტება ვერ იქცევა სიცრუედ, თუნდაც მას ვერავინ ხედავდეს".

პატივისცემით  და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
08.06.2013

  სხვა წერილები  იხ. Google-ში მისამართზე:  http://natali-tavisufali.blogspot.com/

Monday, June 3, 2013

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, წერილი მეთორმეტე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეთორმეტე

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოლო წერილი  სერიიდან: „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“,  ასეთი დრამატული მოვლენების -- 17 მაისის -- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან  მოქალაქეთა ერთ მცირე  ჯგუფზე განხორციელებული ძალადობისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ  დაიწერებოდა.
დღეს, იმ სამარცხვინო ნადირობიდან მეთვრამეტე დღეა.
 ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე და  ბევრი სიუჟეტი ვნახე.
უმეტესად,  ღია საეთერო სივრცეში,  მსჯელობენ ადამიანები, რომლებსაც  ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, ან სრულიად არ იციან  საქართვლოს ეკლესიის შიდა პრობლემები, რომლებსაც თითქმის არავითარი კავშირი არ  აქვთ მრევლთან,   რომლებსაც არ ახსოვთ, ან არ უნდათ ახსოვდეთ 90-იანი წლები (არადა, აღნიშნულ პერიოდს მართლაც  ბევრი რამის ახსნა შეუძლია), ან --  ადამიანები, რომლებიც ნიჰილისტურად არიან განწყობილნი ზოგადად, ეკლესიის და მეტიც, რელიგიის მიმართ. ეს ყოველივე, ჩემი აზრით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის  ცეცხლის კიდევ უფრო გაღვივებას შეუწყობს ხელს,  ვიდრე დაცხრობას.
სავალალო ის არის, რომ პრობლემისთვის თვალის გასწორება ბოლომდე არავის არ სურს. უფრო სწორედ, ან ვერ ხედავს, ან ვერ ბედავს.  ოცი წელია საპატრიარქო თავს უყრის და სასულიერო რანგში აჰყავს ის სუბიექტები, რომლებიც 90-იან წლებში გამოირჩეოდნენ თავიანთი კრიმინალური ქმედებით. ისინი წლების განმავლობაში „მოძღვრავენ“, „ანათლებენ“ მრევლს, თავში უდებენ სრულიად უმართებულო, ქსენოფობიურ, ობსკურანტულ მოსაზრებებს, რასაც სრულიად არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ასე, რომ 17 მაისი ლოგიკური გამოხატულება იყო იმისა, რისკენაც ამდენი წელია მივდიოდით.
მიუხედავად იმისა, რომ  ამ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე მე დავიწყე წერილობით ჩამოყალიბება და აღწერა იმ საფრთხისა, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი   ეკლესია შეიცავს, გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის, რაც მოხდა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ პატრიარქის კომენტარები, არც 17-მდე და არც მის შემდეგ არ გამკვირვებია, რადგან სწორედ ამ სუბიექტს მიუძღვის ლომის წილი იმ მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში, რაც მის მრევლს ამოძრავებს და ამ მრევლს, სამწუხაროდ, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია    დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ამინდის შექმნაში.
ამ ოცდაორი წლის განმავლობაში, რაც მე ეკლესიაში ვმსახურობდი მკითხველად (ხალხური ტერმინოლოგიით -- მედავითნედ), უამრავი მეგობარი დავკარგე. უფრო სწორედ, ბევრი ადამიანი, რომელსაც მეგობრად  აღვიქვამდი, თითქოსდა მსგავს ღირებულებათა   სისტემის გამო, ეკლესიის აქტიურ წევრად გახდომის შემდეგ, სრულიად გაუცხოვდა ჩემგან. არადა, ჩემდა სავალალოდ, უმეტესი მათგანი მე მივიყვანე ეკლესიაში.
 თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა ამ ფენომენის ახსნა, თუმცა, შემდეგ, სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდმა  და წლების მანძილზე ეკლესიაში სამსახურმა მრავალ რამეზე ამიხილა თვალი. მივხვდი, რომ აქ მუშაობს მძლავრი სისტემა, რომლის ფესვები ღრმად და შორს არის  გადგმული. ცხადია, ძალიან ძნელია, არ  დაექვემდებარო სისტემას რომელშიც  ხვდები.  ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ისეთივე ძლიერი საპირწონეა საჭირო. ჩემთვის ასეთი ძალა აღმოჩნდა მსოფლიო და მათ შორის, ქართული ლიტერატურა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო, თუმცა, უმეტესად ქრისტიანულ ფასეულობებს ეყრდნობა.
სისტემა, რომელიც თავის თავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უწოდებს, ახერხებს შეიჭრას სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში, განსაკუთრებით, იმ ინსტიტუციებში, რომლებიც მოსახლეობის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში თამაშობს უდიდეს როლს: საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში.  და ამას, ჩემდა გასაოცრად, გულგრილად უყურებდნენ და უყურებენ სახელმწიფო უშიშროების ორგანოები.
ამ სისტემას თავისი მიზნის ასრულებაში, უპირველეს ყოვლისა,  ხელს უწყობს კონკორდატი.  აღნიშნული კონსტიტუციური შეთანხმება, მრავალ პრივილეგიას ანიჭებს  მას.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  აღნიშნული სისტემა  არ არის მემკვიდრე საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, რომელსაც მართლაც ჰქონდა გარკვეული ისტორიული როლი ქვეყნის წინაშე.
არსებული რეალობა ასეთია: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სათავეები,  კირიონის მკვლელობის, ამბროსი ხელაიას გარდაცვალებისა და მცირე უთანასწორო შიდა საეკლესიო დაპირისპირების შემდეგ, საბოლოოდ ხელში ჩაიგდო პროიმპერიულმა ძალამ. მან ეკლესიის დასახელებაში წინ გადმოიტანა „მართლმადიდებლობა“, რაც პირდაპირი თარგმანია პრავოსლავიესი, რამაც შინაარსობრივადაც იდენტური გახადა ეს ორი, არსობრივად სრულიად განსხვავებული რელიგია. საქმე ის გახლავთ, რომ რელიგიის სულისკვეთებას განსაზღვრავს არა დოგმატიკა, პატრისტიკა, პატროლოგია, კანონიკა,  ჰიმნოგრაფია თუ სხვა ამგვარი, არამედ ის მენტალიტეტი, რაც ყალიბდება სასულიერო პირებთან  უშუალო ურთიერთობით, ანუ მათი სიტყვისა და საქმის მიხედვით.
ის, რაც 17 მაისს მოხდა, ნათლად მოწმობს, რომ ეს სისტემა მთლიანად ანტიქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივია და ემსახურება  ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს.
 ამ სისტემის შემქმნელი  სარგებლობს რა უზარმაზარი რეიტინგით,   სრულიად ღიად, მოურიდებლად ელოლიავება და თანამშრომლობს მტრული იმპერიის მეთაურებთან:   რუსეთის პატრიარქს, დაბადების დღეზე, მან მიართვა კვერთხი ორთავიანი არწივის თავით, რითაც სიმბოლურად დაუდასტურა, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ვასალია; რუსეთიდან წამოიღო ნეველის ძვალი, რომელსაც უნებურად ეთაყვანება ეკლესიის მრევლი. უნებურად -- რადგან ბევრმა არ იცის, რომ ნეველი რუსეთის სამხედრო ძლიერების სიმბოლოა. სამწუხაროდ, სიმბოლოებს ჩვენში თითქმის არ ექცევა ყურადღება, ან მის მიმართ ფორმალური დამოკიდებულებაა.  და აი, შედეგი:  ოკუპანტი  ქვეყანა თანდათან უფრო ღრმად იჭრება საქართველოს სინამდვილეში. შემთხვევითი არც ის იყო, რომ რუსეთის პატრიარქმა  კირილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პირველი, რაც მოიმოქმედა --   სატელეფონო კავშირის საშუალებით შეამოწმა,  გაჩნდა თუ არა ბზარი საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის.
17 მაისის შემდეგ, ფეხიც არ დამიდგამს ტაძარში და ცხადია, აღარც ვაპირებ იქ მისვლას. აქვე უნდა აღვნიშნო -- მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს მივაგებ ყველა რელიგიას და კონფესიურ მიმართულებას, თავს მოვიაზრებ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წევრად, თუმცა,  ზემოაღნიშნული გარემოების გამო დავრჩი ეკლესიის გარეშე. ამით, ცხადია,  იზღუდება ჩემი უფლებები  -- და არა მარტო ჩემი -- ყველა იმ ადამიანისა, რომელიც განდევნილია ეკლესიიდან ამავე მიზეზით.
ფაქტობრივად, საქართველოში უკვე ასრულდა ლენინის დიადი მიზანი ეკლესიის შიგნიდან აფეთქებისა, რამაც უპირველეს ყოვლისა,  თვით  ეკლესია დააზიანა, მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს სახელმწიფოს.

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩემი აზრით, იმით არის ძლიერი, რომ მისი ისტებლიშმენტი ძირითადად რეალისტი ადამიანების ერთობაა, რაც იდეალიზმს და რელიგიურობას  გულისხმობს.
 არაფერი არ არის იმაზე დამანგრეველი პიროვნების, და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ძლიერებისა, როგორიცაა რელიგიისადმი ფორმალური დამოკიდებულება. ეს იგივურია ათეიზმის ან ფანატიზმის, პირველის მაგალითია სსრკ, რომელმაც 70 წელიწადი ძლივს გაძლო, ხოლო მეორის მაგალითები მრავლად მოგვეპოვება ფუნდამენტალისტური რელიგიების მქონე სახელმწიფოების სახით. ნამდვილად არ ვისურვებდი ჩემს სამშობლოში ასეთ მომავალს.
ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია  სახელმწიფო ინტერესებისთვის გულშემატკივარ, ძლიერ, ჭეშმარიტად ქრისტიანულ ეკლესიას.
წერილების შემდეგ სერიაში, რომელიც საკუთრივ ეკლესიის მომავალს მიეძღვნება, შევეცდები ჩამოვაყალიბო ამ საკითხის მოგვარების ჩემი ვერსია.
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
3.06.2013 წ.   
წერილების სერია:  „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“    იხ. Google-ში მისამართზე: