Thursday, January 4, 2018

მწერლები და პოეტები დღეს


დღეს, ანუ ჩემი არებობის პერიოდში -- ანუ დროის იმ მონაკვეთში,  რომელიც მე  მახსოვს.
დღევანდელი დღესავით მახსოვს, რადიო იყო ჩართული, ე.წ. ხაზის რადიო, რომელმაც გვამცნო, რომ გარდაიცვალა დიდი  ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. ცხადია, ძალიან დამწყდა გული, ისიც მახსოვს, რაც გავიფიქრე: მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ამ უდიდეს პიროვნებას და მწერალს ცოცხალს მოვესწარი მეთქი. მაშინ მე-4 კურსზე გადავდიოდი.
მას შემდეგ ძალიან ბევრი წელი გავიდა და ბევრი საამაყო ადამიანის გვერდით მომიწია ყოფნამ, რამდენიმე მათგანი პირადადაც გავიცანი და კიდეც  დავუმეგობრდი...  
თუმცა, ახლა მწერლებზე და პოეტებზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ამის სურვილი ზვიად რატიანის გარშემო ატეხილმა ამბავმა აღმიძრა.
თანამედროვე პროზას და პოეზიას ნაკლებად ვკითხულობ, ამის მიზეზი რამდენიმეა; პირველი, ალბათ, ის არის, რომ მათი  ხმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში ან არ ისმის, ან... ჯობს, რომ არ ისმოდეს...
მეორე მიზეზი ის არის, რომ, რამდენჯერაც  დავიწყე კითხვა, ამა თუ იმ პოეტის თუ მწერლის ნაწარმოების, ბოლომდეც კი ვერ გავუძელი, ისეთი უინტერესო იყო ჩემთვის.
მაგრამ, ახლა, სწორედ ახლა გამოიკვეთა მთავარი მიზეზი. ეს არის მათი სიმხდალე; შიში იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ იყვნენ ასოცირებული. და ამ შიშის გამო, აზრის გამოთქმასაც  კი ერიდებიან. მათი შემოქმედებაც ამ განწყობის ადეკვატურია. ისინი სადღაც არიან, მიმდინარე მოვლენების ყოველგვარ  შეფასებას თავს არიდებენ.
მათი ყურადღების მიღმა დარჩა აღმშენებლობის წლები საქართველოში; სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების პროცესი.
ახლაც „ვერ ხედავენ“, ვერც იმავე ინსტიტუტების დეგრადაციას, ვერც ეკონომიკის ჩამოშლას და ხალხის სიღატაკის ზღვრულ მდგომარეობას; ვერც ხეების  მოგზაურობას (ვიტყოდი  კომიკურს მეთქი,  რომ არა ის ზიანი, რაც ბუნებას ადგება), ვერც კრიმინალის ზრდას... მხოლოდ მაშინ რეაგირებენ, როცა  მათ შეეხებათ რამე.   არადა, როცა ობიექტური ხარ, შენი კრიტიკაც უფრო მისაღებია მათთვის, ვისკენაც ის არის მიმართული.  
ვიღაცამ თქვა, ზოგიერთი გალაკტიონსაც არ იცნობს და ეს მისი პრობლემააო. არა, ბატონებო, არ არის ასე! ამით ნუ დაიმშვიდებთ თავს.
შეუძლებელია, გალაკტიონის თანამედროვე ყოფილიყავი და არ გცოდნოდა, ვინ არის იგი, იმდენად გამოკვეთილი პიროვნება იყო.  მას სწორედ მისი აზრების გამო სდევნიდნენ და არა იმის გამო, რომ ნასვამი დადიოდა ქუ ჩებში...
ესენი კი... ესენი, ვინც ერთმანეთს უძღვნიან ხოტბას და საბას პრემიებს, უფერულ და უგემურ ჩაის მაგონებენ...