Sunday, May 10, 2015

თომას პეინის აქტუალური პამფლეტი


დიდი  ხანია  მინდოდა  მონარქისტების,  ანუ  მეფის  ინსტიტუტის  აღდგენის  მომხრეებს  გამოვხმაურებოდი,  თუმცა  ვერ  მოვაბი  თავი  წერილის  დაწერას.  და  აი,  ამას  წინათ  ხელში  ჩამივარდა  ამერიკის  შეერთებული  შტატების  ერთ-ერთი  დამფუძნებლის,  ცნობილი  პოლიტიკოსისა  და  მოაზროვნის  თომას  პეინის  (Thomas  Paine    --  1737-1809)  პამფლეტი  „საღი  აზრი“(“Common  Sense”).
უპირველეს  ყოვლისა,  დიდი  მადლობა  გრიგოლ  რობაქიძის  სახელობის  უნივერსიტეტს,  მთარგმნელს,  ბატონ  გიორგი  თავაძეს    და    მთელ  ჯგუფს,  რომელიც    წიგნის  გამოცემაზე  მუშაობდა.
პამფლეტი  ამერიკის  დამოუკიდებლობამდეა  გამოქვეყნებული  --  1776  წელს.  როგორც  გამომცემელთა  ჯგუფი  აღნიშნავს,  რამდენიმე  თვის  განმავლობაში  ნახევარ  მილიონზე  მეტი    ეგზემპლარი  გაიყიდა    და    „ძალიან  დიდი  როლი  შეასრულა:  მან  დაარწმუნა  რიგითი  ამერიკელები  ბრიტანეთისაგან  განცალკევების  აუცილებლობაში“.
აღნიშნულ  პამფლეტში  თომას  პეინი  აღნიშნავს  „ამერიკის  საკითხი,  ფართო  გაგებით,  მთელი  კაცობრიობის  საკითხიცაა“.   მართლაც  ასეა,  რადგან  საკითხი ეხება    ქვეყნის  დამოუკიდებლობას,  ამ  ქვეყნის  მოქალაქეთა  უფლებებს     --    იცხოვრონ  მშვიდ,  უსაფრთხო  გარემოში. 
ნაწარმოები  იწყება  საზოგადოდ,  ხელისუფლების  წარმოშობისა  და  დანიშნულების  მიმოხილვით.  ავტორი  ამბობს,  რომ  ხელისუფლების  წარმოშობა  ჩვენმა  ბიწიერებამ  განაპირობა,  რადგან  „ადამიანის  სინდისი  წმინდა  და  აუმღვრეველი  რომ  ყოფილიყო  და  მის  გადაწყვეტილებებს  ყველა  რომ  უყოყმანოდ  დამორჩილებოდა,  მაშინ  მას  სხვა  კანონმდებელი  არც  დასჭირდებოდა“.  შემდეგი,  ძალიან  საინტერესო  მსჯელობის  საფუძველზე  იგი  ასკვნის,  რომ  ხელისუფლების  დანიშნულება  და  მიზანი  მისი  მოქალაქეების  თავისუფლებისა  და  უსაფრთხოების  დაცვაა.  ერთ  ადგილას  მას  მოჰყავს  იტალიელი  იურისტის  ჯაკინტო  დრაგონეტის  (Giacinto  Dragonetti  –  1738-1818)  სიტყვები:  „პოლიტიკოსის  ხელობას  ბედნიერებისა  და  თავისუფლებისაკენ  მიმავალი  გზის  ჩვენება  წარმოადგენს.  საუკუნო  დიდებას  მოიპოვებენ  ის  ადამიანები,  რომლებიც  აღმოაჩენენ  მმართველობის  ისეთ  ფორმას,  რომელიც  ერისათვის  მინიმალური  დანახარჯების  ფასად,  ინდივიდუალური  ბედნიერების  უდიდეს  წილს  შეიცავს“.
რადგან  ბრიტანეთი, რომლისგანაც  ამერიკას  სურს  თავის  დაღწევა,  მონარქიული  სახელმწიფოა,  ავტორი  მსჯელობს  მონარქიასა  და  ტახტის  მემკვიდრეობაზე.    ამ  მმართველობის  წარმოშობის  სავარაუდო  მიზეზებზე.  შემდეგ,  იმისთვის,  რომ  მკითხველს  დაანახოს,  თუ  რამდენად  „მისაღები“  იყო  მონარქია  ღმერთისთვის,  მას  მოჰყავს  ებრაელთა  ისტორიიდან,  კერძოდ,  მსაჯულთა  წიგნიდან,  შემდეგი    ეპიზოდი:  მიდიელებზე  გამარჯვების  შემდეგ,  ებრაელებმა  გედეონს  მეფობა  შესთავაზეს,  თუმცა  მან  უარი  თქვა  ამ  წინადადებაზე  და  უპასუხა:  „მე  ვერ  ვიბატონებ  თქვენზე  და  ვერც  ჩემი  შვილი  იბატონებს  თქვენზე,  უფალმა  იბატონოს  თქვენზე“.  გავიდა  თითქმის  ას  ოცდაათი  წელი  და  სამუელ  მსაჯულის  შვილების  უზნეო  საქციელის  გამო  ებრაელებმა  ისევ  გაიხსენეს  მეფე  და  სამუელს  მოსთხოვეს:  „დაგვიდგინე  ახლა  მეფე,  რომ  სხვა  ხალხების  წესისამებრ  განგვსჯიდეს“  .  ამ  „სხვა  ხალხებში“  ებრაელები,  ცხადია,  წარმართებს  გულისხმობდნენ.  „არ  მოეწონა  ეს  ამბავი  სამუელს“,    შეევედრა  იგი  უფალს  და  უპასუხა  უფალმა:  „შეისმინე  ხალხის  ყოველი  სიტყვა,  რასაც  გეტყვის,  რადგან  შენ  კი  არ  უარგყვეს,  არამედ  მე  უარმყვეს  თავიანთ  მეფედ“.        უფალმა  სამუელს  ისიც  დაავალა,  რომ  მას  ხალხისთვის  დაწვრილებით  აეხსნა  თუ  რა  უფლებები  ექნებოდა  მათზე  მეფეს.  მიუხედავად  ყველაფრისა,  ებრაელებმა  მაინც  თავისი  გაიტანეს  და  მეფე  აკურთხებინეს  სამუელს.
საზოგადოდ,  ვინც  თავგამოდებული  ამტკიცებს,  რომ  მონარქია  ღმერთისთვის  ყველაზე  მოსაწონი    მმართველობის  ფორმაა,    ან  ბიბლია  არა  აქვს  წაკითხული,  ან  შეგნებულად  ამახინჯებს  ფაქტებს.
ებრაელი  ხალხი  მალევე  მიხვდა  თავის  შეცდომას.  მოგვიანებით  ისინი  ევედრებიან  სამოელს:  „  შეევედრე  უფალს  ...  რომ  არ  დავიხოცოთ,  რადგან  მთელს  ჩვენს  ცოდვებს  ისიც  დავუმატეთ,  რომ  მეფე  მოვითხოვეთ“.
მსჯელობის  საფუძველზე,  თომას  პეინი  ასეთ  დასკვნას  აკეთებს:  „წმინდა  წერილში  მონარქია  განხილულია,  როგორც  ებრაელთა  ერთ-ერთი  ცოდვა,  რის  გამოც  ისინი  წყევლას  იმსახურებენ“. 
იგი  ამბობს:  „თავად  სამეფო  ტახტი  წარმოადგენს  საცდურს  გაქნილი  ნაძირლებისთვის“...  „ბრძენ  ადამიანთა  უმრავლესობა  თავის  კერძო  შეხედულებებში  მემკვიდრეობითი  უფლების  მიმართ  უკიდურეს  ზიზღს  გამოხატავდა,  თუმცა  ეს  ისეთი  ბოროტებაა,  რომელსაც,  დამკვიდრების  შემთხვევაში  იოლად  ვერ  ამოძირკვავ.  ბევრი  ადამიანი  მას  შიშის  გამო  ემორჩილება,  სხვები  --  ცრურწმენათა  გამო,  ხოლო  ყველაზე  უფრო  ძლიერნი  მეფესთან  ერთად  იყოფენ  სხვების  ძარცვით  მიღებულ  სიმდიდრეს“.
შემდეგ  იგი  მკითხველს  სთხოვს:  „გათავისუფლდეს  ცრურწმენებისა  და  აკვიატებული  შეხედულებებისაგან  და  თავის  გრძნობებსა  და  გონებას  თავისუფალი  მოქმედების  შესაძლებლობა  მისცეს;  მიენდოს  და  არ  დაშორდეს  თავის  ნამდვილ  ადამიანურ  ბუნებას  და  მზერა  დიდსულოვნად  მიმართოს  დღევანდელობის  მიღმა“.
აი  სწორედ,  ეს  გვჭირდება  ჩვენც  რათა  მივხვდეთ,  რატომ  ვუტრიალებთ  მუდმივად  ერთიდაიმავე  კითხვას:  დამოუკიდებლობა  უკეთესია,  თუ  სსრკ-ს  შემადგენლობაში  ყოფნა  სჯობდა?    ან  რატომ  ვერ  დავაღწიეთ  თავი    მატერიალურ  სიდუხჭირეს?
თომას  პეინის  მსჯელობაში  ბევრი  პასაჟი  იმდენად  ეხმიანება    ჩვენს  მდგომარეობას,  რომ  საკმარისია  „ბრიტანეთი“  „რუსეთით“  ჩაანაცვლო,  ხოლო  „ამერიკა“  –  „საქართველოთი“,  დღევანდელი  დაწერილი  გეგონება,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ამერიკა,  იმ  პერიოდში  ჯერაც  არ  იყო  დამოუკიდებელი  ბრიტანეთისაგან,  ხოლო  საქართველო  უკვე  25  წელიწადია  თავისუფალია. 
ახლა  მოდით,  თვითონ  თომას  პეინს  მოვუსმინოთ,  გთავაზობთ  მის  ვრცელ  ციტატას  წიგნიდან:
„უმოქმედო  ადამიანები  ბრიტანეთის  მიერ  მოყენებულ  წყენასა  და  შეურაცხყოფას  ვითომ  ვერც  ამჩნევენ.  მათ  ჯერ  კიდევ  სწამთ  უკეთესი  მომავლის  და  შეუძლიათ  წამოიძახონ:„მოდით,  მიუხედავად  ყველაფრისა,  კვლავ  მეგობრებად  დავრჩეთ!“    მაგრამ,  ჩაუკვირდით  კაცობრიობის  ვნებებსა  და  გრძნობებს.  საგულდაგულოდ  გასინჯეთ  შერიგების  დოქტრინა  ბუნების  სასინჯ  ქვაზე  და  შემდეგ  მითხარით,  შეძლებთ  ამის  შემდეგ  შეიყვაროთ,  პატივი  სცეთ  და  ერთგულად  ემსახუროთ  სახელმწიფოს,    რომელიც  ცეცხლითა  მახვილით  შემოიჭრა  თქვენს  ქვეყანაში?  თუ  თქვენ  არ  ძალგიძთ  ამის  გაკეთება,  მაშინ  მხოლოდ  საკუთარ  თავს  იტყუებთ  და  თქვენი  დაყოვნებით  შთამომავლობას  ღუპავთ.  ბრიტანეთთან,  რომლის  არც  პატივსიცემა  შეგიძლიათ  და  არც  სიყვარული,  თქვენი  მომავალი  კავშირი  იძულებითი  და  არაბუნებრივი  იქნება.  ის  მხოლოდ  წუთიერი  მოგების  მიღების  იმედს  ემყარება  და  ძალიან  სწრაფად,  კიდევ  უფრო  უარეს  შედეგებს  მოიტანს.  მაგრამ,  თუ  თქვენ  იტყვით,  რომ  ყურადღებას  არ  მიაქცევთ  დანაშაულებრივ  ქმედებებს,  მაშინ  მე  გკითხავთ:  დაწვეს  თუ  არა  თქვენი  სახლი?  ხომ  არ  განადგურებულა  თქვენი  ქონება  თქვენს  თვალწინ?  თქვენი  ცოლ-შვილი  სახლ-კარისა  და  სასმელ-საჭმლის  გარეშეა  დარჩენილი?  დაკარგეთ  თუ  არა  მტრების  ხელით  მშობელი  ან  შვილი?  თუ  არა,  მაშინ  თქვენ  ვერ  იქნებით  მათი  მსაჯული,  ვინც  ეს  უბედურებები  განიცადა.  მაგრამ  თუ  თქვენც  იწვნიეთ  საკუთარ  თავზე  ეს  საშინელებები  და  მაინც  შეგიძლიათ  ხელი  ჩამოართვათ  მკვლელებს,  მაშინ  თქვენ  არ  იმსახურებთ  მეუღლის,  მამის,  მეგობრისა  და  საყვარელი  ადამიანის  სახელს.  ასეთ  შემთხვევეაში  თქვენი  ტიტულისა  და  სახელის  მიუხედავად,  თქვენ  ლაჩრის  გული  და  მლიქვნელის  სული  გაქვთ“.
პამფლეტს  იგი  მეტად  შთამბეჭდავი  მოწოდებით  ამთავრებს:
„ერთი  სიტყვით  დამოუკიდებლობა  ერთადერთი  რამაა,  რასაც  შეუძლია  ჩვენი  საიმედოდ  შეკავშირება  და  გაერთიანება.  მაშინ  დავინახავთ  ჩვენს  მიზანსაც  და  ჩვენი  ყურები  სამართლიანად  იქნება  დახშული  მზაკვარი  და  სასტიკი  მტრისათვის  .  მაშინ  შესაფერისი  საფუძველი  გვექნებაიმისათვის,  რათა  ბრიტანეთთან  მოლაპარაკებები  ვაწარმოოთ...ამიტომ  იმის  ნაცვლად,  რომ  ერთმანეთს  ეჭვითა  და  სიფრთხილით  ვუმზიროთ,  დაე  თითოეულმა  ჩვენგანმა  თავის  მეზობელს  მეგობრობის  ხელი  გაუწოდოს  და  მასთან  ერთად  წარსულს  ჩააბაროს  ყველა  ადრინდელი  განხეთქილება...  დაე,  ჩვენ  შორის  არ  იყოს  სხვა  სახელი,  გარდა  კარგი  მოქალაქისა,  გულწრფელი  და  მტკიცე  მეგობრისა.  კაცობრიობისა  და  ამერიკის  თავისუფალი  და  დამოუკიდებელი  შტატების  უფლებების  გულმხურვალე  მხარდამჭერისა!“
ძალიან  საინტერესოდ  მსჯელობს  იგი  რელიგიაზეც,  რასაც  შემდეგ  წერილში  განვიხილავთ.
მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“


Friday, April 17, 2015

გიხაროდეთ, სსრკ-ს მოტრფიალენო!


სოციალური პამფლეტი
ივანიშვილი თავიდანვე დაგვპირდა, „ძველ, საყვარელ საქართველოში დაგაბრუნებთო“.
ჰო,  ბევრ სხვა რამესაც დაგვპირდა, მაგრამ, იმთავითვე ვიცოდი, რომ მხოლოდ ამ დანაპირებს აგვისრულებდა.
ჰოდა, ასრულებს კიდეც, თანდათან.
მარტიდან დედაჩემს პენსია შეუჩერეს, მე-5 სართულზე ვცხოვრობთ, ულიფტო სახლში. თვითონ სართულებზე სიარული არ შეუძლია, ამიტომ მე მივედი სოციალური დაცვის სააგენტოში. თავაზიანად მივესალმე და ვკითხე: რატომ შეუჩერდა მეთქი დედაჩემს პენსია?  „რა, არ იცით, რომ წელიწადში ერთხელ უნდა მოვიდეს?“  სსრკ-სეული „თავაზიანობით“ -- მკვახედ მომიგო კითხვაზე კითხვით. კი, მაგრამ ბანკი ხომ ყოველ წელს ამოწმებს, მისი აგენტი ხელს აწერინებს დედაჩემს მინდობილობაზე.  თუ თქვენც გაინტერესებთ, თქვენი აგენტი გამაყოლეთ მეთქი, ვთხოვე. რა აგენტი, რის აგენტიო, აბუზღუნდა, ან აქ უნდა მოიყვანოთ დედათქვენი, ან თქვენ თვითონ უნდა მოიტანოთ ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული მინდობილობაო.
რა მექნა? წამოვედი და ისევ იმ „საყვარელი“ სსრკ-ს დროინდელი სკეტჩი გამახსენდა, გახსოვთ,  არკადი  რაიკინის  სკეტჩი,  როცა  რაღაც  საბუთის  დევნით  გაწამებული  ადამიანი  ბოლოს  ფსიქიატრიულ  კლინიკაში  მიჰყავთ,  ის  კი იმეორებს და იმეორებს:  Справочку,  вот  такую  справочку  .  .  . 
სწორედ  ამ  პრობლემის  გადასაჭრელად  აშენდა „იმ ცხრაწლიანი რეჟიმის“ დროს იუსტიციის  სახლები, დიახ, სწორედ ის იუსტიციის სახლები, ჩვენმა ამჟამინდელმა, „უგანათლებულესმა“ იუსტიციის მინისტრმა რომ დაიწუნა: „რა საჭიროა, ეს სახლები, გარდა იმისა, რომ ხალხს ემსახურება, მეტს რას აკეთებსო“(?!).
კიდევ უფრო მეტადაც გაუმჯობესდებოდა მომსახურების სფერო, იუსტიციის სახლების პროექტის ავტორებს რომ დაცლოდათ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ...
 ახლა კი ...  ახლა ნოტარიუსისკენ გავწიე. „25 ლარი უნდა გადაიხადოთ ამ მომსახურებაში“, განმიცხადა. „კარგით, ხვალ მოხვალთ?“, ვკითხე.  ვეცდებითო, შემპირდა. მეორე დღეს მთელი დღე ველოდე, არ მოვიდა.
ჰოდა, ახლა ვზივარ და ვფიქრობ: ამ ინტერნეტისა და სკაიპის ეპოქაში, რა საჭიროა ეს ბიუროკრატია?
ადამიანის გარდაცვალებისთანავე მისი პირადობა უქმდება და შესაბამისად ეცნობება სოციალურ სამსახურსაც. შემოწმებაც უფრო მარტივად შეიძლება სკაიპის დახმარებით.
მაშ, რას ემსახურება ასეთი გართულებები, თუ არა ისევ იმ „სანატრელი“ კორუფციის დაბრუნებას?
აი, ასე. მივდივართ უკან-უკან, სსრკ-სკენ.
გიხაროდეთ, სსრკ-ს მოტრფიალენო!
17.04.15

მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“
    

Monday, January 12, 2015

ასოციაციები პარიზის ტრაგედიასთან


პარიზის  ტრაგიკულმა  მოვლენებმა  კიდევ  ერთხელ  გამახსენა  საქართველოს  90-ანი  წლები,    ის  სისხლიანი  დღეები,  რომლის  მომსწრე  და  მონაწილე  უშუალოდ  გახლდით. 
შესაძლოა,  კომუნისტური  პერიოდის  გახსენება  უფრო  უპრიანიც  ყოფილიყო,  დღეს  ასეთი  დანანებით  რომ  იხსენებს  არაერთი  ჩვენი  თანამოქალაქე.  თუმცა,  იმ  რეჟიმის  ტოტალიტარობა  სადავო  არ  არის    თავისუფლების  მოყვარე    ადამიანებისთვის. 
სსრკ-ს  დროინდელი  თავგადასავლები  შემიძლია   ერთგვარი  იუმორითაც გავიხსენო,  მაგრამ  ეს  სხვა  დროს  იყოს . . . 
დღეს  კი,  დღეს  ისევ  ის  სისხლიანი  პუტჩი  მახსენებს  თავს,  როცა   მთავრობის სასახლის   წინ   შეკრებილ  უიარაღო  ადამიანებს ,  სწორედ  თავისუფალი  არჩევანის  შეზღუდვის  მიზნით  გაგვიხსნეს   ცეცხლი  . . .    და  მისი  შემდგომი  პერიოდი  --  რეპრესიები  --  ე.წ.  ზვიადისტებზე  ნადირობა . . .
ამ  რეპრესიების  ინიციატორი  ორგანიზაციები  „თბილისელი“  და  „თეთრი  მანდილი“      იყვნენ,  შემსრულებელი  კი  --  „მხედრიონი“.
შემდეგ   წლებში  ამ  ორგანიზაციების  წევრებს  ვარსკვლავებს  უხსნიდნენ  ფილარმონიისა  და  თეატრების  წინ,  ხოლო  მთავარი  ბანდიტი  კი  საქართველოს  მართლმადიდებელი  ეკლესიის  მეთაურის  მხარდაჭერით  პანთეონში    დაასაფლავეს.
ყველაფერი  ეს  გამახსენდა,  როცა  გავიგე,  რომ  პარიზის  დემონსტრაციაში  რუსეთის  წარმომადგენელიც  იღებდა  მონაწილეობას.
ბევრი  მიფიქრია,  თუ  რამ  განაპირობა  ჩვენში  ესოდენ  მომძლავრებული  ორმაგი  მორალი.  ცხადია,  რომ  რუსეთის  იმპერია  და  საზოგადოდ,  იმპერიები  ორმაგი  სტანდარტების  დამკვიდრებას  უწყობენ  ხელს,  მაგრამ  ორ  ათეულ  წელზე  მეტმაც  ვერ  შეანელა  ეს  კიბოსავით  მოდებული  სენი  ჩვენს  საზოგადოებაში.  ერთ-ერთი  მიზეზი  ალბათ  ესეც  არის  --  90-იანი  წლების  „გმირების“  შეუფასებლობა. 
და  მივიღეთ  კანონმდებლები,  რომლებიც,  ხშირად,  თვითონვე  არღვევენ  კანონს;  იურისტები,  რომლებიც  მხოლოდ  თავისი  თავის  მიმართ  მოთხოვენ  უდანაშაულობის  პრეზუმპციის დაცვას;  სამართალდამცავები,  რომლებიც  თვითონ  ჩადიან  დანაშაულს;  უფლებათა  დამცველები,  რომლებიც  არაიშვიათად  თვით  არიან  სხვისი  უფლებების  დამრღვევნი;  საეკლესიო  მსახურნი,  რომლებიც  მტრულ  იმპერიას  --  ხოლო,  უკეთეს  შემთხვევაში,  მამონას  ემსახურებიან...  ამ  სიის  გაგრძელება  უსასრულოდ  არის  შესაძლებელი,  თუმცა,  ვფიქრობ,  ესეც  საკმარისია,  რათა  მივხვდეთ,  რა  მდგომარეობაში  ვართ . . .
ეროვნული  მოძრაობის  გარიჟრაჟზე  კი   სულ  სხვა პერსპექტივა  ისახებოდა.  იმ მოძრაობის  ნამდვილი  ლიდერები (და  არა  ხელოვნურად  ჩასმულნი,  მტრული ძალების  მიერ)  და  გულანთებული  უბრალო  ადამიანები  სიცოცხლეს  სწირავდნენ  საქართველოს  დამოუკიდებლობის  მოსაპოვებლად.
რომ  არა     80-იანი  წლების  ეროვნული  მოძრაობა,    მაშინდელ  მიტინგებში  მონაწილე  ხალხის  ის  თავდადება,      საქართველო,  თუმცა,ინერციით  მაინც  გახდებოდა  დამოუკიდებელი,  მაგრამ,  ჩვენ  ახლა  ასე  ახლოს  არ  ვიქნებოდით  ევროპულ  ოჯახთან;
 რომ  არა  პუტჩი,  ის  სისხლიანი  გადატრიალება,  რომელიც  წითელმა  ინტელიგენციამ  ბანდიტების  ხელით  მოუწყო  „თავის“  ქვეყანას,  საქართველო  ახლა  უკვე  ევროკავშირის  წევრი  სახელმწიფო  იქნებოდა;
2003  წლის  შემდეგ  კი,  სათანადო  შეფასება  რომ  მოჰყოლოდა  აღნიშნულ  მოვლენებს,  2012  წელს  კომუნისტური  ნარჩენებისგან  უსისხლო  რევანშსაც  არ  მივიღებდით;   
და  სიყალბესაც,  ვფიქრობ,  ასეთი  გასავალი  აღარ  ექნებოდა  ჩვენს   ქვეყანაში.

თუ  ვინმეს  ჰგონია,  რომ  ორმაგი  მორალით  მხოლოდ  სხვას  აყენებს  ზიანს,  მწარედ  ცდება,  რადგან  ეს  სენი,  უპირველეს  ყოვლისა,  თვით  მისი  მატარებელი  პიროვნების  გამანადგურებელია,  ხოლო  შემდეგ  ცხადია,  საზოგადოებასაც    ვნებს,    არ  აძლევს  მას  საშუალებას,  რომ  დემოკრატიული  ფასეულობები  ცხოვრების  წესად  აქციოს  და  ჭეშმარიტად  თავისუფალ  საზოგადოებად  ჩამოყალიბდეს. 
ნატალია  ბუკია
12.01.15
მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“