Friday, March 1, 2013

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას; წერილი მეათე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეათე
იმისათვის, რომ მოსახლეობაში ამოიწუროს რაიმე თემა, მასზე ხანგრძლივი და კონსტრუქციული მსჯელობაა საჭირო. ერთი გადაცემა ან ერთი სიუჟეტი საქმეს  ვერ უშველის. მით უმეტეს, რომ ჩვენი საზოგადოება მძიმე კომუნისტური წარსულის მემკვიდრეა და ჩვენ ჯერ კიდევ გვატყვია პოსტკომუნისტური დაღი. როცა  რომელიმე თემა რჩება მიჩუმათებული, ის სიმსივნესავით იზრდება და ძალიან მძიმე შედეგებს გვაძლევს.
მაგალითად  შეიძლება მოვიყვანოთ სტალინი, როგორც მოვლენა, ფენომენი, რომელიც დღემდე რჩება დავის საგნად. ამ თემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული კომუნისტების მმართველობის პერიოდი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ტკბილ მოგონებად დარჩენილა.  შეიძლება ყველას ვერ გააგებინო,  რომ ტირანი არ შეიძლება იყოს თაყვანისცემის ღირსი, მაგრამ, ახალი თაობა ტირანიის წინაშე ქედს ნამდვილად არ უნდა იხრიდეს, რადგან ტირანია და დემოკრატია  სრულიად შეუთავსებელია!
ასევე, მეტი მსჯელობა იყო საჭირო 90-იანი წლების გარშემო.  მიუხედავად იმისა, რომ მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც ექსპერტი ამ დარგში, კარგად ვაცნობიერებ, რომ ზვიად გამსახურდია, როგორც პოლიტიკოსი, უშეცდომო არ იყო, რადგან, როგორც მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას, თუ არასწორი შედეგი მიიღე, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც   შეცდომა მოგივიდა, ასევეა ცხოვრებაში და პოლიტიკაში. მაგრამ იმ უდიდესი დამსახურების იგნორირება, რაც ზვიად გამსახურდიას და მის ხელისუფლებას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში და შემდგომ იმ საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, რომელიც 90-იანი წლების ანარქიამაც ვერ დაასამარა და რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველი გახდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, უდიდესი უმადურობა იყო. სამწუხაროდ, ეს თემებიც არ გასაჯაროვდა. მესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ძალიან მტკივნეული იქნებოდა გამსახურდიას შეცდომებზე ლაპარაკი.  ისევე, როგორც ზოგიერთებისთვის მიუღებელი იქნებოდა პუტჩის მომწყობი პირებისთვის ბრალდების წაყენება, მაგრამ, ეს აუცილებელი იყო. ასევე არასწორი იყო იმ სახელმწიფო გადატრიალების ანუ პუტჩის სახელდება სამოქალაქო ომად  და ასევე აუცილებელი იყო ამ გადატრიალებაში და შემდგომ აფხაზეთის ომში შევარდნაძის როლის აღნიშვნა.
  ამჯერად, მე იმ სუბიექტების დაპატიმრებას და დასჯას არ ვგულისხმობ, რომლებმაც დაგეგმეს და აღასრულეს ის სისხლიანი გადატრიალება, რომლის შედეგადაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ,  ამ პერიოდის მოვლენების ოფიციალური შეფასება   მთელი საზოგადოების მიერ  აუცილებელი იყო. ასე რომ მომხდარიყო, დღეს ასეთი განსაცდელის წინაშე არ აღმოჩნდებოდა  დემოკრატიული მონაპოვარი და ზოგიერთი ადამიანი დღეს ასე უპასუხისმგებლოდ ვერ განაცხადებდა: რუსეთის შემადგენლობაში როცა ვიყავით, უფრო ეროვნული იყო ჩვენი ქვეყანა, ამერიკას  ისევ რუსეთი  ჯობიაო.
ეს თემები პერმანენტულად  უნდა განხილულიყო, რადგან  ყველაფერი ეს ჩვენ ყველამ ერთად ვიწვნიეთ და მიმაჩნია, რომ ყველა ზრდასრული ადამიანი ამაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. 
რა თქმა უნდა, ჩემს წერილს რუსეთის პოლიტიკური ელიტა  ვერ (ან არ) წაიკითხავს, მაგრამ, მე  მინდა, ვისაც ისევ რუსეთი ესახება ერთმორწმუნე მხსნელად, მას  მაინც ავუხსნა, რატომ მიისწრაფვის საქართველოს მოსახლეობის პროგრესული ნაწილი ევროატლანტიკური სივრცისკენ.
ჩვენი ქვეყანა ორასზე მეტი წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის ძალადობის მსხვერპლი იყო. მრავალჯერ გავხდით მოწმე, თუ როგორ ტეხდა თავის  სიტყვას „ერთმორწმუნე“ დერჟავა. არაერთხელ დაარღვია მან შეთანხმება და ხან გავეშებული მტრის პირისპირ მიგვატოვა, ხან თვითონ დაარბია და ამოხოცა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ მას ევროპის ჟანდარმს უწოდებდნენ და  დაუოკებელი დაპყრობითი პოლიტიკის გამო თვით მართლმადიდებლობასაც ისე გაუტეხა სახელი, რომ ბევრი ცნობილი ექსპერტი  ამ კონფესიას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან აიგივებს.
ქრისტიანობა, კოსმოსის ეს მართლაც უპრეცედენტო  საჩუქარი, რომელიც უშრომელად მიეცა კაცობრიობას, დღეს დაჩეხილი და დანაწევრებულია მიმოფანტული დედამიწაზე. ეს, ნამდვილად არ იყო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მიზანი, მაგრამ ადამიანებმა ასე ინებეს.
ქრისტიანობის მოქცევა რომელიმე კონფესიის ჩარჩოებში, მისი პროკრუსტრეს სარეცელზე დაწვენის ტოლფასია, მაგრამ, ალბათ,  ეს გზაც უნდა გაევლო კაცობრიობას. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დედამიწაზე მაინც აღმოჩნდნენ  ისეთი ძლიერი ნებისყოფის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ცხოვრების წესად ექციათ ქრისტიანობა. 
უზენაესის ამ საჩუქარზე დაყრდნობით მათ შექმნეს დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემა. ისინი თავადაც ზედმიწევნით იცავდნენ ამ პრინციპებს და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვდნენ ძალიან მკაცრად და უკომპრომისოდ.  ასე მიაღწიეს ევროპამ და ამერიკამ იმ წარმატებას, რომელიც ჩვენ ასე გვაკვირვებს და მიუწვდომლად გვეჩვენება, არადა,   საქართველოსაც  ჰქონდა  განვითარების პოტენცია,  რუსეთის შუასაუკუნოებრივი ფეოდალური კარჩაკეტილობის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო.  ცხადია,  ამ ბედუკუღმართობას სხვას ვერ დავაბრალებთ, რადგან სწორედ ჩვენმა გაუნათლებლობამ და სიბეცემ ჩაგვაგდო მრავალჯერ განსაცდელში.
პუტჩის წინ მრავალი ადამიანი გრძნობდა და ხმამაღლა ამბობდა, რომ   ბეწვის ხიდზე გავდიოდით და საშიში იყო, უფსკრულში არ აღმოვჩენილიყავით, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ეგოიზმს და სიხარბეს შეეწირა ქვეყნის წინსვლა და კეთილდღეობა,   მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მე პირველი პრეზიდენტის შეცდომები ვახსენე, მაგრამ, განა, მათი მოგვარება მშვიდობიანი გზით არ შეიძლებოდა? სავალალო ის არის, რომ ისინი, ვინც მაშინ იარაღით დაუპირისპირდნენ ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს და მთავრობას, და ვინც ამ შეიარაღებული ხროვის მომხრენი იყვნენ, დღესაც არ გრძნობენ პასუხისმგებლობას და სინანულს, პირიქით, ბევრი მათგანი ისევ ჩვენ გვმოძღვრავს ეკრანიდან, თუ პრესიდან და ისევ მთელი ძალ-ღონით ცდილობს მოარყიოს ის, რასაც ამ ცხრა წლის განმავლობაში ძლივს გაუმაგრდა საფუძველი.
თუ 90-იანი წლები  ხალხზე ძალადობის პერიოდი იყო, სამწუხაროდ, ახლა, სამარცხვინო ჟამი უდგას ჩვენს ქვეყანას.
დღეს მე საქართველო ანდერსენის  ზღაპრის ერთ პერსონაჟს მაგონებს --  ხელმწიფის  ასულს, მეღორეს რომ კოცნის ბრჭყვიალა ჟღარუნების სურვილით შეპყრობილი და შედეგად, ვერც ამ ზიზილ-პიპილებს იგდებს ხელთ, უფლისწულსაც კარგავს, მამის სასახლესაც და ბოლოს მეღორეც აგდებს თავისი სადგომიდან,  არ მჭირდებიო!
რუსეთში გარკვეულ  წრეებში უკვე ასე მსჯელობენ: საქართველომ ბოდიში უნდა მოგვიხადოს  და მხოლოდ ამის  შემდეგ გადავწყვეტთ აღდგება თუ არა  ჩვენი ურთიერთობებიო:http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=AtHj7ROVHXU  "Что делать?  Грузия и Россия: где выход из тупика?“
  თუმცა,  სხვათაშორის,  არსებობენ პროგრესულად მოაზროვნე რუსი ჟურნალისტები  და პატრიოტები, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ ქვეყანაში არსებულ  უმძიმეს  ვითარებას  და ძალიან კარგად იციან, რომ მათი ქვეყანა ძალიან შორს არის დემოკრატიისგან.
დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებებია: ზნეობა, ღირსება, თავისუფლება. დემოკრატია ჰუმანიზმზე და ლიბერალიზმზეა  აღმოცენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მთავარი საზრუნავი ადამიანია, მისი პიროვნული ღირსება და თავისუფლება.
თანამედროვე ლიბერალიზმი მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა; არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება; ხელისუფლების დაყოფა; კანონის უზენაესობა; საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე; ლიბერალიზმი და ჰუმანიზმი გულისხმობს ღია და შემწყნარებლურ საზოგადოებას.
მაგრამ, ეს ყველაფერი ცარიელ სიტყვებად დარჩება, თუ თითოეული ტერმინის განმარტება, უფრო სწორედ, ამ ტერმინებზე  შეთანხმება არ მოხდა, თუ რას ვგულისხმობთ თითოეულ მათგანში.
ზემოთ, ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანე ზნეობასთან დაკავშირებით:  ის, რასაც ცივილური საზოგადოება მოქალაქეობრივი ვალის მოხდას უწოდებს, ჩვენში ჩაშვებადაა მონათლული, ასეთივე აცდენებია სხვა საკითხებშიც.
 იქ თეთრს თეთრი ჰქვია და შავს -- შავი. აქ თუ დღემდე  ზოგიერთ ადამიანისთვის  ქურდი მაგარი ბიჭია, იქ  ასეთებს ცუდ ბიჭებს უწოდებენ, ხოლო ისეთ პოლიციელს, რომელიც მათთან გარიგებას დაიწყებს -- ბინძურ პოლიციელს. რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც ხდება დანაშაული, იქაც არიან დანაშაულის ჩამდენები, მაგრამ, იქ, საზოგადოების მიერ ამ მოვლენებისა და მათი მოქმედი პირების შეფასებაა სხვაგვარი. რადგან, მათი ფასეულობები, ვიმეორებ, ქრისტიანობიდან იღებს სათავეს. 
იქ დაწყებით კოლეჯებშივე უნერგავენ ბავშვებს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებელია პრაქტიკულ ცხოვრებაში,  ასწავლიან ურთიერთობის ეთიკას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
ამერიკაში ყოფნისას ჩვენ  დავესწარით  12-14  წლის  მოზარდების კონფლიქტოლოგიის გაკვეთილს და პრაქტიკულად ვნახეთ ეს პროცესი. უნდა ითქვას, რომ მართლაც, შთამბეჭდავი იყო.
მანამდე, სანამ  ჩვენი, საზოგადოების მტკიცე ნება არ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული  სახელმწიფოს აშენება, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა და საცდურებისა, ჩვენ მუდამ ერთიდაიმავე წრეში მოგვიწევს ტრიალი,  რადგან მტერი გაცილებით ვერაგია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და გაცილებით მეტი მოკავშირე ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ჩვენ მეგობარი -- ჩვენი ქვეყნის გარეთ.
ალბათ ბევრს ჰქონდა ან აქვს ილუზია, რომ ოდესმე ზეციდან დაეშვება უნაკლო ხელისუფლება, რომელიც  სრულიად უშეცდომოდ და საზოგადოების კონსტრუქციული  მონაწილეობის გარეშე ყველა პრობლემას მოაგვარებს. ეს პოლიტიკური სიბეცეა. და თუ არჩევნებში მონაწილეობს ადამიანი, ის მაინც უნდა ესმოდეს, რომ მანამდე,  სანამ ჩვენ არ შევწყვეტთ ქვეყნის პირველი პირის როლში მესიის ძებნას, მენტალურად მუდამ  ფეოდალურ ქვეყნად დავრჩებით და არა აქვს მნიშვნელობა, რა ქონებას დავუტოვებთ ჩვენს შთამომავლებს, რადგან არადემოკრატიულ ქვეყანაში სიმდიდრე ერთ წუთში შეიძლება დაკარგოს ადამიანმა. ფეოდალური აზროვნების საზოგადოებაში სიმდიდრეს კი არა, სიცოცხლესაც ჩალის ფასი აქვს.  ყველაზე დიდი სიმდიდრე პროგრესულ აზროვნებაზე დამყარებული ღია საზოგადოებაა, სადაც მატერიალური კეთილდღეობა ჰარმონიულად იზრდება  სულიერი სიმდიდრის მატებასთან ერთად. 
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
14.02.2013 წ.   

წერილების სერია:  „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“    იხ. Google-ში მისამართზე: