Monday, January 12, 2015

ასოციაციები პარიზის ტრაგედიასთან


პარიზის  ტრაგიკულმა  მოვლენებმა  კიდევ  ერთხელ  გამახსენა  საქართველოს  90-ანი  წლები,    ის  სისხლიანი  დღეები,  რომლის  მომსწრე  და  მონაწილე  უშუალოდ  გახლდით. 
შესაძლოა,  კომუნისტური  პერიოდის  გახსენება  უფრო  უპრიანიც  ყოფილიყო,  დღეს  ასეთი  დანანებით  რომ  იხსენებს  არაერთი  ჩვენი  თანამოქალაქე.  თუმცა,  იმ  რეჟიმის  ტოტალიტარობა  სადავო  არ  არის    თავისუფლების  მოყვარე    ადამიანებისთვის. 
სსრკ-ს  დროინდელი  თავგადასავლები  შემიძლია   ერთგვარი  იუმორითაც გავიხსენო,  მაგრამ  ეს  სხვა  დროს  იყოს . . . 
დღეს  კი,  დღეს  ისევ  ის  სისხლიანი  პუტჩი  მახსენებს  თავს,  როცა   მთავრობის სასახლის   წინ   შეკრებილ  უიარაღო  ადამიანებს ,  სწორედ  თავისუფალი  არჩევანის  შეზღუდვის  მიზნით  გაგვიხსნეს   ცეცხლი  . . .    და  მისი  შემდგომი  პერიოდი  --  რეპრესიები  --  ე.წ.  ზვიადისტებზე  ნადირობა . . .
ამ  რეპრესიების  ინიციატორი  ორგანიზაციები  „თბილისელი“  და  „თეთრი  მანდილი“      იყვნენ,  შემსრულებელი  კი  --  „მხედრიონი“.
შემდეგ   წლებში  ამ  ორგანიზაციების  წევრებს  ვარსკვლავებს  უხსნიდნენ  ფილარმონიისა  და  თეატრების  წინ,  ხოლო  მთავარი  ბანდიტი  კი  საქართველოს  მართლმადიდებელი  ეკლესიის  მეთაურის  მხარდაჭერით  პანთეონში    დაასაფლავეს.
ყველაფერი  ეს  გამახსენდა,  როცა  გავიგე,  რომ  პარიზის  დემონსტრაციაში  რუსეთის  წარმომადგენელიც  იღებდა  მონაწილეობას.
ბევრი  მიფიქრია,  თუ  რამ  განაპირობა  ჩვენში  ესოდენ  მომძლავრებული  ორმაგი  მორალი.  ცხადია,  რომ  რუსეთის  იმპერია  და  საზოგადოდ,  იმპერიები  ორმაგი  სტანდარტების  დამკვიდრებას  უწყობენ  ხელს,  მაგრამ  ორ  ათეულ  წელზე  მეტმაც  ვერ  შეანელა  ეს  კიბოსავით  მოდებული  სენი  ჩვენს  საზოგადოებაში.  ერთ-ერთი  მიზეზი  ალბათ  ესეც  არის  --  90-იანი  წლების  „გმირების“  შეუფასებლობა. 
და  მივიღეთ  კანონმდებლები,  რომლებიც,  ხშირად,  თვითონვე  არღვევენ  კანონს;  იურისტები,  რომლებიც  მხოლოდ  თავისი  თავის  მიმართ  მოთხოვენ  უდანაშაულობის  პრეზუმპციის დაცვას;  სამართალდამცავები,  რომლებიც  თვითონ  ჩადიან  დანაშაულს;  უფლებათა  დამცველები,  რომლებიც  არაიშვიათად  თვით  არიან  სხვისი  უფლებების  დამრღვევნი;  საეკლესიო  მსახურნი,  რომლებიც  მტრულ  იმპერიას  --  ხოლო,  უკეთეს  შემთხვევაში,  მამონას  ემსახურებიან...  ამ  სიის  გაგრძელება  უსასრულოდ  არის  შესაძლებელი,  თუმცა,  ვფიქრობ,  ესეც  საკმარისია,  რათა  მივხვდეთ,  რა  მდგომარეობაში  ვართ . . .
ეროვნული  მოძრაობის  გარიჟრაჟზე  კი   სულ  სხვა პერსპექტივა  ისახებოდა.  იმ მოძრაობის  ნამდვილი  ლიდერები (და  არა  ხელოვნურად  ჩასმულნი,  მტრული ძალების  მიერ)  და  გულანთებული  უბრალო  ადამიანები  სიცოცხლეს  სწირავდნენ  საქართველოს  დამოუკიდებლობის  მოსაპოვებლად.
რომ  არა     80-იანი  წლების  ეროვნული  მოძრაობა,    მაშინდელ  მიტინგებში  მონაწილე  ხალხის  ის  თავდადება,      საქართველო,  თუმცა,ინერციით  მაინც  გახდებოდა  დამოუკიდებელი,  მაგრამ,  ჩვენ  ახლა  ასე  ახლოს  არ  ვიქნებოდით  ევროპულ  ოჯახთან;
 რომ  არა  პუტჩი,  ის  სისხლიანი  გადატრიალება,  რომელიც  წითელმა  ინტელიგენციამ  ბანდიტების  ხელით  მოუწყო  „თავის“  ქვეყანას,  საქართველო  ახლა  უკვე  ევროკავშირის  წევრი  სახელმწიფო  იქნებოდა;
2003  წლის  შემდეგ  კი,  სათანადო  შეფასება  რომ  მოჰყოლოდა  აღნიშნულ  მოვლენებს,  2012  წელს  კომუნისტური  ნარჩენებისგან  უსისხლო  რევანშსაც  არ  მივიღებდით;   
და  სიყალბესაც,  ვფიქრობ,  ასეთი  გასავალი  აღარ  ექნებოდა  ჩვენს   ქვეყანაში.

თუ  ვინმეს  ჰგონია,  რომ  ორმაგი  მორალით  მხოლოდ  სხვას  აყენებს  ზიანს,  მწარედ  ცდება,  რადგან  ეს  სენი,  უპირველეს  ყოვლისა,  თვით  მისი  მატარებელი  პიროვნების  გამანადგურებელია,  ხოლო  შემდეგ  ცხადია,  საზოგადოებასაც    ვნებს,    არ  აძლევს  მას  საშუალებას,  რომ  დემოკრატიული  ფასეულობები  ცხოვრების  წესად  აქციოს  და  ჭეშმარიტად  თავისუფალ  საზოგადოებად  ჩამოყალიბდეს. 
ნატალია  ბუკია
12.01.15
მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“