Tuesday, December 25, 2012

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას. წერილი მესამე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მესამე -- სიღატაკე

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის სასიამოვნო და უსიამოვნო  პერიოდები. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო,  ლამაზი პერიოდი, სტუდენტობის შემდეგ, იყო 1988-1991 წლები --  ეროვნული მოძრაობისა და გამარჯვების  პერიოდი. ამ პერიოდს, საქართველოში,  ცხადია,   თითოეული ადამიანი თავისებურად აფასებს, მაგრამ  ჩემი მტკიცე რწმენით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო წლები იყო. რადგან  1988-89 წლების მიტინგებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა ლიდერებს მიჰყავდათ, ისტორიის გაკვეთილები შეიძლება ეწოდოს. ცოტამ თუ იცოდა, იმ დროს, რომ 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატი, რუსეთის იმპერატორმა  1801 წელს მანიფესტით ჩაანაცვლა და საქართველოს თავად-აზნაურობა მუქარის ქვეშ აიძულა, რომ დაედოთ  რუსეთის ერთგულების ფიცი; ძალიან ბევრისთვის უცნობი იყო საქართველოს თავისუფლების პერიოდი -- 1918-21 წლები; ამ ინფორმაციის მიღების მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ ადამიანებს გასჩენოდათ სამართლიანობის აღდგენის სურვილი და საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი ნება დაბადებულიყო მათში.  
  მე მათემატიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მანამდეც გაძლიერებულ მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს ისტორიები, შესაძლოა, ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებისთვის უფრო მეტად იყო ცნობილი და ახლობელი.  მაგრამ, რამდენიმე ფილოლოგთან და ისტორიკოსთან საუბრით დავრწმუნდი, რომ  ბევრ მათგანს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ამ საკითხებზე და    ნიჰილისტურად იყო განწყობილი თავისუფლების იდეის მიმართ. შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამაოცა ინტელიგენციის ერთი ნაწილის განზე დგომამ, ზოგიერთის  ცინიკურმა და,  უფრო მეტიც, მტრულმა დამოკიდებულებამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებისადმი. მაშინ ამის ახსნა  მიჭირდა. რადგან ეს ადამიანები, საზოგადოებისთვის ცნობილი მეცნიერები, არტისტები თუ საზოგადო მოღვაწენი, თავიანთი ნაშრომებითა თუ შემოქმედებით, მაღალი ზნეობის მატარებელი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ვერ წარმომედგინა, რომ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა სამშობლოს თავისუფლების იდეა და საძულველნი იქნებოდნენ ამ იდეისთვის თავგადადებული მებრძოლები და მათი მიმდევრები, რომლებსაც ზიზღით ზვიადისტები გვიწოდეს . . . 
ახლა, ამ გადასახედიდანაც ბევრი მაშინდელი ჩემი თანამოაზრე ამ მოვლენას მარტივად ხსნის:  ისინი ხომ КГБ-ს აგენტები არიან!
 მე კი ვფიქრობ, რომ საქმე ასე მარტივად არ არის, როგორც ზედაპირულად ჩანს.
ეროვნული მოძრაობის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,   ბ-მა ზვიად გამსახურდიამ ძალიან საინტერესო რამ თქვა: ჩვენ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით  КГБ-ში მეგობრები რომ არ გვყოლოდაო.
 სამშობლოს ერთგული ადამიანები შემდეგაც ცდილობდნენ ქვეყნის გადარჩენას და პუტჩამდე რამდენიმე თვით ადრე აღნიშნული  ორგანოს  ერთ-ერთმა ჩინოსანმა გაზეთში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ“, სადაც  აღწერილი იყო, თუ როგორ უმზადებდნენ ახლად განთავისუფლებულ ქვეყანას  გადატრიალებას. მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც მოხდა ის, რამაც მრავალი ადამიანი დაღუპა, გაანადგურა, არა მარტო ფიზიკურად, არამედ, რაც უფრო სავალალოა --სულიერადაც.
კომუნისტების ზეობის პერიოდი შემთხვევით არ გამიხსენებია. უცნაური ის იყო, რომ ზემოაღწერილი ცხოვრების წესს შეჩვეული ადამიანები მიტინგების გავლენით ისე შეიცვალნენ, რომ თვით  საბჭოთა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები აღიარებდნენ, რომ თბილისში იმ დღეებში მინიმუმამდე დავიდა დანაშაული, ხოლო 9 აპრილის ღამეს არც ერთი სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. ამ ფაქტს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: საგანმანათლებლო მიტინგებმა კათარზისი მოახდინა საზოგადოებაში და აამაღლა სულიერი დონე. შესაძლოა, წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მიტინგის დამთავრების შემდეგ ერთ პატარა ქაღალდის ნაგლეჯს თუ სიგარეტის ნამწვავს ვერ ოპოვნიდით მიტინგის ადგილზე. მაგრამ, შემდეგ მოხდა ის რასაც სახარების ერთი იგავი კარგად გამოხატავს: დასუფთავებულ სახლში შვიდჯერ უფრო გაძლიერებულმა ბოროტებამ მოიკიდა ფეხი . . .

ამ  რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი იერარქი თუთიყუშივით გაიძახოდა:  მოინანიონ,  მოინანიონო -- ყოფილი ხელისუფლების მისამართით,  მართალია, მოსანანიებელი ყოველთვის მოეძებნება ყველას,  მაგრამ რაღაც არ მახსოვს, რომ ან ამ, ან სხვა იერარქს იგივე დასცდენოდათ შევარდნაძის ან მისი ხუნტის მისამართით. ზოგიერთი ამტკიცებს შევარდნაძის პერიოდი უკეთესი იყოო. ასეთ ადამიანებთან დავას არც ვაპირებ, რადგან მათ ან მეხსიერება ღალატობთ, ან თვითონაც იმ კრიმინალური ხუნტის თანამოაზრენი თუ თანამონაწილენი არიან. ასეთებთან კამათს კი, ცხადია, აზრი არა აქვს. თუმცა, ძალიან მიკვირს, რომ იმ საბედისწერო გადატრიალების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც  არ აღძრა  მათში პასუხისმგებლობისა და სინანულის გრძნობა და მეტიც, ახლაც ამ დრამატულ მოვლენებში ისევ იგივე ადამიანები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად. არც უფიქრიათ, ჰქონდათ თუ არა ამის მორალური უფლება . . .
იმ ბნელი პერიოდის  გახსენება ძალიან ძნელი და  მტკივნეულია ჩემთვის.  ცხადია, მე მხოლოდ მატერიალურ  მხარეს არ ვგულისხმობ.  ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა, ეს იყო იმ იდეის მსხვრევასთან შეგუება, რასაც თაობებმა შეალიეს სიცოცხლე და რომლის განხორციელება უკვე ასე ხელშესახები იყო ჩვენთვის . . .
ვფიქრობ, ჩემი განწყობის გადმოსაცემად  ყველაზე უკეთესი იქნება გავიხსენო  ჩემს მიერ იმ პერიოდში დაწერილი ლექსი:
ღამეა, წყვდიადი... სიბნელის თარეში . . .
ყოველი დანთქმულა უძირო ღამეში,
სიცივის, შიმშილის, სიკვდილის მხარეში
ღრეობენ, ლაღობენ  სიცრუის ფარეშნი.
მაგრამ წამს გარდუვალს
ვით ავნებს წყვდიადი?
უეცრად ჩამოჰკრავს დრო-ჟამი დიადი!
ბევრმა ადამიანმა ვერ გაუძლო მატერიალურ სიდუხჭირეს და მათ სულებს სიღატაკე დაეუფლა.  არაფერია იმაზე საშიში, როცა სიღატაკე გაჯდება სულსა და გულში, ისე, როგორც სიცივე -- ორგანიზმში, როცა გონებით იჯერებ, რომ ღატაკი ხარ და ეს  დროებით მოვლენად არ მიგაჩნია, თუნდაც გამოცდად იმისა, თუ როგორ გაუძლებ ამ განსაცდელს. რადგან სიღატაკე ღირსებას აკარგვინებს  პიროვნებას, რაც სულის დეგრადაციის დასაწყისია. ასეთ ადამიანს აღარც წარსული ახსოვს და არც მომავალი აინტერესებს. ის მონად იქცევა, მისთვის ყველაზე კარგი ბატონი ის არის, რომელიც მეტ ლუკმას მიუგდებს.
შესაძლოა ზოგიერთი  შემომედავოს, რა დროს ღირსებაა, როცა შიმშილით კვდებიო. მათ შევახსენებ, რომ შიმშილი კი არა, ღირსეულ ადამიანს სიკვდილის შიშითაც ვერ გასტეხ.  მაშ, რისთვის გვისწავლია „სტუმარ-მასპინძელი“ და აღვფრთოვანებულვართ ზვიადაურის გაუტეხელობით: „ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა“ . . . 
ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ ჩემს ოჯახს გაჭირვება არ უნახავს და ამიტომ ვმსჯელობ ასე თამამად,  გეტყვით მოკლედ:
როგორც ზემოთ ვთქვი, ჩემი ბოლო სამსახური სსრკ-ს დაშლასთან ერთად გაუქმდა. 1990 წელს მე ჩავაბარე ახალციხის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ რექტორმა მე და ჩემს ერთ-ერთ კურსელს შემოგვთავაზა იქვე მუშაობის დაწყება ასისტენტებად.  ხელფასი, თუმცა  დიდი არ იყო, მაგრამ, კვირაში მხოლოდ ერთ დღეს მოგვიწევდა ახალციხეში ჩასვლა, ამიტომ სხვა სამუშაოც შეგვეძლო შეგვეთავსებინა.  მაგრამ, პუტჩის შემდეგ,  მალევე, სასწავლებელშიც ერთგვარი გადატრიალება მოხდა, რაზედაც უფრო დაწვრილებით სხვაგან მოგახსენებთ,  და მე და ჩემი კურსელი დაგვითხოვეს იქიდან.
 პირველი ხანები მაინც შოკის მომგვრელი იყო:
 დედაჩემის პენსია  შვიდი მანეთი  იყო.  გახსოვთ? თუ კარგი დიასახლისი იყავი, რომ უნდა გყოფნოდა ყველაფრისთვის(!?).  თუმცა, მალევე დავიწყე მუშაობა და  მთელი იმ ხნის განმავლობაში სამ სამსახურზე ნაკლები არ მქონია,  ჩემი ხელფასი მარტო ტრანსპორტისა და ათი დღის პურის ფულს შეადგენდა.  ჩემი ძმა დღე და ღამ მუშაობდა, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით.
 რამაც თავი  გაგვატანინა, ეს იყო კეთილი ადამიანების დახმარება. იმ ადამიანებისა, რომლებსაც თავადაც უჭირდათ, მაგრამ, მაინც გვიყოფდნენ ლუკმას. ცხადია, არასოდეს დამავიწყდება მათი სიკეთე . . .
 იმ პერიოდში უცხო ქვეყნებიდან ჰუმანიტარული დახმარება შემოდიოდა, მაგრამ ის  ვერასოდეს აღწევდა დანიშნულების ადგილამდე.
ერთხელ,  მე და დედაჩემს გვითხრეს: წადით თქვენც, მიცკევიჩის ქუჩაზე არიგებენ პროდუქტს,  იქნებ ბურღულეული მაინც შეგხვდეთო. დავუჯერეთ და წავედით, მაგრამ ახლოს ვინ მიგვიშვა? ახალი მარკის ავტომობილები მოსრიალდებოდნენ, იქიდან მდიდრულად ჩაცმული ფაშ-ფაშა ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები გადმოდიოდნენ, ყუთებს ჩაიწყობდნენ თავ-თავიანთ  მანქანებში და მედიდურად გასრიალდებოდნენ. დედაჩემს ვუთხარი, წავიდეთ აქედან, ხომ ხედავ, აქ ჩვენზე მეტად გაჭირვებულები ყოფილან-მეთქი.  შემდეგ აღარასოდეს გვიფიქრია იქ წასვლა . . .  
2004 თუ 2005 წელს უნივერსიტეტში  კონფერენციას  ვესწრებოდი,  ერთ-ერთი  უცხოელი მომხსენებელი, სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარულ დახმარებებზე საუბრობდა, რომელიც 90-იან წლებში უკვალოდ ქრებოდა და ხალხამდე ვერ აღწევდა: როცა ეს აღმოვაჩინეთ, სახელმწიფო  სტრუქტურების გვერდის ავლით,   სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით და უშუალოდ მათ გადავეცით დახმარება, მაგრამ, იცით, რა მოხდა? ესეც  ისევ სადღაც გაქრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უშუალო კავშირი  გვქონდა  ექიმებთან, პროფესორებთანო.  მისი  გაოცება  იმ გაოცების მსგავსი იყო, რომელიც, მაგალითად, თქვენ დაგეუფლებოდათ, ბრიტანეთის  პრინცისთვის ჯიბის ქურდობაზე რომ წაგესწროთ.
ძალიან შემრცხვა: რა წარმოდგენა უნდა შექმნოდათ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, კულტურაზე?
მაშინ ამ ფენომენის ახსნა მიჭირდა. შემდეგ და შემდეგ გავიაზრე, რომ მთავარი მიზეზი  ორმაგი მორალი, ორმაგი სტანდარტებია, რაც, სამწუხაროდ,  იმდენად ფესვგადგმულია ჩვენში, რომ ვერც კი ვგრძნობთ. ზოგჯერ, ეს ორმაგი მორალი ეთიკურ ნორმებში გვერევა,   რაღაც გარკვეულ თუ  გაურკვეველ კონიუნქტურას ვუქვემდებარებთ ჩვენს თავისუფალ ნებას, რომელიც თავად უზენაესმა გვიბოძა.
ორმაგი მორალის თემა ძალიან რთული და ფაქიზია, ამიტომ  ცალკე წერილში ვისაუბრებ, თუ როგორ მესმის მისი არსი.
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
05.12. 2012 წ.


No comments:

Post a Comment