Sunday, October 31, 2021

წერილი მეგობრებს

მესამე პრეზიდენტის შიმშილობის 31-ე და ე. წ. არჩევნების მეორე დღეს, მინდა მოგმართოთ, ჩემო მრავალრიცხოვანო მეგობრებო, თუ ნათესავებო, რომლებიც უჭერდით, ან უჭერთ მხარს ივანიშვილს.

 ვიცი, რომ ეს წერილი ბევრის მხედველობის არეალში გამოჩნდება, ნუ აარიდებთ თვალს, გეყოთ სიმამაცე და ბოლომდე წაიკითხეთ.

მახსოვს ჩემი შეძრწუნება, როცა პოლიტიკურ ჰორიზონტზე გამოჩნდა ივანიშვილი. ზუსტად ვიცოდი, რისთვის მოდიოდა, რა იყო მისი მიზანი, ასევე ისიც ვიცოდი, რომ თუ ხელისუფლებას ჩაიგდებდა ხელში, მისგან გათავისუფლება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ამაზე ბევრ თქვენთან მისაუბრია, მაგრამ, თქვენ აქეთ მამუნათებდით.  რას აღარ აკადრებდით მაშინ მოქმედ პრეზიდენტს, მდაბიური  მეტსახელებისა და ყურით მოთრეული ჭორების გარდა, მას კორუფციაც კი დასწამეთ (ალბათ ზოგიერთი დღემდე ეძებს მის მიერ 19 მილიარდის მითვისების დამადასტურებელ ფაქტებს)... და ეს იმ ადამიანს, რომელმაც კორუფცია მინიმუმამდე დაიყვანა და კრიმინალი ალაგმა. თუმცა, ახლა დავფიქრდი იმაზე, რომ, შესაძლოა, ეს  თქვენთვის უმნიშვნელო რამ არის.თუ ასეა, მაშინ ჩვენი ღირებულებები სრულიად   განსხვავებული ყოფილა.

არ ვიცი, ახლა ხედავთ თუ არა სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების ფაქტს, რაზეც მე მაშინ გელაპარაკებოდით, ვწერდი წერილებს, მაგრამ, თქვენ არც კი კითხულობდით.  სამწუხაროდ, ზოგიერთი თქვენგანი  ვერც წლების შემდეგ გამოფხიზლდა, ისევ აქეთ მიმტკიცებდით, რომ სახელმწიფოს ამშენებელი გუნდი ცუდი იყო, ხოლო ათასგვარი მაქინაციებით გამდიდრებული ივანიშვილი კი -- მეცენატი.

ძალიან გამიგრძელდა სიტყვა. ერთი რამ მინდა მხოლოდ, დაფიქრდეთ და გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობის წილი ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ვითარებაში.

ვიცი, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფენომენიც, რომ თუ ადამიანი ღრმად დაფიქრდა და მიხვდა თავის საბედისწერო  შეცდომას, ამან შესაძლოა ფსიქიკური პრობლემებიც კი გამოიწვიოს მასში. მაგრამ, შეცდომების გაააზრებისა და აღიარების გარეშე, ადამიანში პიროვნება ვერ გაიზრდება.

ახლა, ამ ახალ საუკუნესა და ათასწლეულში, მალე, სულ სხვა სულისკვეთებას მიეცმა პრიორიტეტი, ბევრი რამ უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუმცა, მეგობრობა, ღირებულებათა თანხვედრას გულისხმობდა, ოდითგანვე.

ჰოდა, თუ მაინც ვერ მიხვდებით ჩემს გულისტკივილს, ე.ი. ღირებულებათა სხვადასხვა სისტემა გვქონია. მაინც ძვირფასი იქნებით ჩემთვის, როგორც ადამიანები, მაგრამ, თქვენს მოსაზრებებს ფასი აღარ ექნება ჩემს თვალში. . .