Tuesday, November 9, 2021

გოლგოთა

 

ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ (მანამდეც), დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მუდმივად მეორდება გოლგოთას მისტერია. ისტორიკოსი არ გახლავართ და ახლა არც სურვილიც მაქვს  ისტორიულ თუ გეოგრაფიულ წიაღში ვეძებო მაგალითები.

გავიხსენებ მხოლოდ საქართველოს უახლეს პერიოდს.

მანამდე გოლგოთას მისტერიის არსი გავიხსენოთ. ეს არის ქრისტეს მიერ განვლილი გზა მისი შეპყრობის შემდეგ, დაცინვა, აბუჩად აგდება,  წამება, საწამებელი იარაღის, ჯვრის აკიდება,  გოლგოთის ბორცვამდე სიარული, შემდეგ ჯვარზე გაკვრა, ლახვრით გვერდის განგმირვა და სიკვდილი, რასაც ქრისტეს აღდგომა მოჰყვა. ეს  გზა ქრისტემ ნებაყოფლობით განვლო.  მან თქვა, რომ ამით იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და ყველა მის მიმდევარს მოუწოდა, ჩემი გზა განვლეთო.     

ახლა, საქართველოს უახლესი ისტორია. ილია ჭავჭავაძე, რომლის მკვლელობასაც წინ უძღოდა ათასგვარი სიბინძურის გავრცელება მისი მისამართით, ანუ ფსიქოლოგიური წამება. მისი მკვლელები ამაყობდნენ კიდეც ჩადენილი დანაშაულით. მხოლოდ  ათწლეულების შემდეგ  მოხდა ამ საშინელი მოვლენის გააზრება და ილიას აღიარება წმინდანად, ანუ  ქრისტეს მიმდევრად.

ზვად გამსახურდია. მის მკვლელობას წინ უძღოდა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური წამება. ახლა იმ ადამიანებს, რომლებიც მას ებრძოდნენ, ჩვენზე, მის  მომხრეებზე აღმატებულ ზვიადისტებად  მოაქვთ თავი.  გავა კიდევ რამდენიმე წელი, და ზვიად გამსახურდიას მიეგება ის პატივი, რაც მას, როგორც  პირველ პრეზიდენტს ეკუთვნის და ამავე დროს ის აღიარებული იქნება წმინდა მოწამედ.

და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი. მან ნებაყოფლობით აიღო ეს ტვირთი საკუთარ თავზე. იგი გადის დამცირების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების გზას და ამაზე პასუხისმგებლობა, მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე, თითოეულ ჩვენგანს აკისრია.

და ეს ხდება მთელი ცივილური სამყაროს თვალწინ. იმ ქვეყნების თვალწინ, რომლებიც მსოფლიოს წინაშე კეკლუცობენ თავისი ქრისტიანობით...

როგორ დამთავრდება ეს ამბავი? არ ვიცი. ცხადია, ჩემი უდიდესი სურვილია, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს,  აქ  და ახლა.

                 

 

Sunday, October 31, 2021

წერილი მეგობრებს

მესამე პრეზიდენტის შიმშილობის 31-ე და ე. წ. არჩევნების მეორე დღეს, მინდა მოგმართოთ, ჩემო მრავალრიცხოვანო მეგობრებო, თუ ნათესავებო, რომლებიც უჭერდით, ან უჭერთ მხარს ივანიშვილს.

 ვიცი, რომ ეს წერილი ბევრის მხედველობის არეალში გამოჩნდება, ნუ აარიდებთ თვალს, გეყოთ სიმამაცე და ბოლომდე წაიკითხეთ.

მახსოვს ჩემი შეძრწუნება, როცა პოლიტიკურ ჰორიზონტზე გამოჩნდა ივანიშვილი. ზუსტად ვიცოდი, რისთვის მოდიოდა, რა იყო მისი მიზანი, ასევე ისიც ვიცოდი, რომ თუ ხელისუფლებას ჩაიგდებდა ხელში, მისგან გათავისუფლება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ამაზე ბევრ თქვენთან მისაუბრია, მაგრამ, თქვენ აქეთ მამუნათებდით.  რას აღარ აკადრებდით მაშინ მოქმედ პრეზიდენტს, მდაბიური  მეტსახელებისა და ყურით მოთრეული ჭორების გარდა, მას კორუფციაც კი დასწამეთ (ალბათ ზოგიერთი დღემდე ეძებს მის მიერ 19 მილიარდის მითვისების დამადასტურებელ ფაქტებს)... და ეს იმ ადამიანს, რომელმაც კორუფცია მინიმუმამდე დაიყვანა და კრიმინალი ალაგმა. თუმცა, ახლა დავფიქრდი იმაზე, რომ, შესაძლოა, ეს  თქვენთვის უმნიშვნელო რამ არის.თუ ასეა, მაშინ ჩვენი ღირებულებები სრულიად   განსხვავებული ყოფილა.

არ ვიცი, ახლა ხედავთ თუ არა სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების ფაქტს, რაზეც მე მაშინ გელაპარაკებოდით, ვწერდი წერილებს, მაგრამ, თქვენ არც კი კითხულობდით.  სამწუხაროდ, ზოგიერთი თქვენგანი  ვერც წლების შემდეგ გამოფხიზლდა, ისევ აქეთ მიმტკიცებდით, რომ სახელმწიფოს ამშენებელი გუნდი ცუდი იყო, ხოლო ათასგვარი მაქინაციებით გამდიდრებული ივანიშვილი კი -- მეცენატი.

ძალიან გამიგრძელდა სიტყვა. ერთი რამ მინდა მხოლოდ, დაფიქრდეთ და გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობის წილი ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ვითარებაში.

ვიცი, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფენომენიც, რომ თუ ადამიანი ღრმად დაფიქრდა და მიხვდა თავის საბედისწერო  შეცდომას, ამან შესაძლოა ფსიქიკური პრობლემებიც კი გამოიწვიოს მასში. მაგრამ, შეცდომების გაააზრებისა და აღიარების გარეშე, ადამიანში პიროვნება ვერ გაიზრდება.

ახლა, ამ ახალ საუკუნესა და ათასწლეულში, მალე, სულ სხვა სულისკვეთებას მიეცმა პრიორიტეტი, ბევრი რამ უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუმცა, მეგობრობა, ღირებულებათა თანხვედრას გულისხმობდა, ოდითგანვე.

ჰოდა, თუ მაინც ვერ მიხვდებით ჩემს გულისტკივილს, ე.ი. ღირებულებათა სხვადასხვა სისტემა გვქონია. მაინც ძვირფასი იქნებით ჩემთვის, როგორც ადამიანები, მაგრამ, თქვენს მოსაზრებებს ფასი აღარ ექნება ჩემს თვალში. . .  

Friday, July 30, 2021

ნაგვის ყუთები და პანდემია

 

ფეხით სიარული მიყვარს, მაგრამ, იშვიათად გამომდის, რიგი  მიზეზების გამო. 

ხოდა, გუშინ მომეცა საშუალება და დელისის  მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, ნუცუბიძის ქუჩით, სახლისკენ წამოვედი. 

ვისთვისაც უცხო არ არის ეს მიდამოები, იცის, რომ მთელი ქუჩის ჩაყოლებაზე ძველი ნაგვის ყუთებია ჩამწკრივებული. 

წინა ღამეს წვიმდა,  როგორც ჩანს, ეს ყუთები ჯერ კიდევ სველი იყო და ამიტომ, განსაკუთრებულად ყარდა.  მთელი გზა  ნაგვის საშინელი სუნი მომყვებოდა შლეიფივით.

 ნუთუ არავის აწუხებს ეს საშინელი ანტისანიტარია, მით უმეტეს პანდემიის დროს?  თუ ყუთების შეცვლა შეუძლებელია, ნუთუ დეზინფექცია მაინც არ არის შესაძლებელი?

ასეთი პოლიტიკური თუ  ეკონომიკური რყევებისას ნაგვის ყუთები რა მოსატანია, მაგრამ, ასეთი წვრილმანები, ხშირად, ბევრ რამეზე მეტყველებს.