Monday, June 3, 2013

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, წერილი მეთორმეტე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეთორმეტე

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოლო წერილი  სერიიდან: „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“,  ასეთი დრამატული მოვლენების -- 17 მაისის -- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან  მოქალაქეთა ერთ მცირე  ჯგუფზე განხორციელებული ძალადობისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემდეგ  დაიწერებოდა.
დღეს, იმ სამარცხვინო ნადირობიდან მეთვრამეტე დღეა.
 ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე და  ბევრი სიუჟეტი ვნახე.
უმეტესად,  ღია საეთერო სივრცეში,  მსჯელობენ ადამიანები, რომლებსაც  ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, ან სრულიად არ იციან  საქართვლოს ეკლესიის შიდა პრობლემები, რომლებსაც თითქმის არავითარი კავშირი არ  აქვთ მრევლთან,   რომლებსაც არ ახსოვთ, ან არ უნდათ ახსოვდეთ 90-იანი წლები (არადა, აღნიშნულ პერიოდს მართლაც  ბევრი რამის ახსნა შეუძლია), ან --  ადამიანები, რომლებიც ნიჰილისტურად არიან განწყობილნი ზოგადად, ეკლესიის და მეტიც, რელიგიის მიმართ. ეს ყოველივე, ჩემი აზრით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის  ცეცხლის კიდევ უფრო გაღვივებას შეუწყობს ხელს,  ვიდრე დაცხრობას.
სავალალო ის არის, რომ პრობლემისთვის თვალის გასწორება ბოლომდე არავის არ სურს. უფრო სწორედ, ან ვერ ხედავს, ან ვერ ბედავს.  ოცი წელია საპატრიარქო თავს უყრის და სასულიერო რანგში აჰყავს ის სუბიექტები, რომლებიც 90-იან წლებში გამოირჩეოდნენ თავიანთი კრიმინალური ქმედებით. ისინი წლების განმავლობაში „მოძღვრავენ“, „ანათლებენ“ მრევლს, თავში უდებენ სრულიად უმართებულო, ქსენოფობიურ, ობსკურანტულ მოსაზრებებს, რასაც სრულიად არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ასე, რომ 17 მაისი ლოგიკური გამოხატულება იყო იმისა, რისკენაც ამდენი წელია მივდიოდით.
მიუხედავად იმისა, რომ  ამ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე მე დავიწყე წერილობით ჩამოყალიბება და აღწერა იმ საფრთხისა, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი   ეკლესია შეიცავს, გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის, რაც მოხდა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ პატრიარქის კომენტარები, არც 17-მდე და არც მის შემდეგ არ გამკვირვებია, რადგან სწორედ ამ სუბიექტს მიუძღვის ლომის წილი იმ მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში, რაც მის მრევლს ამოძრავებს და ამ მრევლს, სამწუხაროდ, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია    დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ამინდის შექმნაში.
ამ ოცდაორი წლის განმავლობაში, რაც მე ეკლესიაში ვმსახურობდი მკითხველად (ხალხური ტერმინოლოგიით -- მედავითნედ), უამრავი მეგობარი დავკარგე. უფრო სწორედ, ბევრი ადამიანი, რომელსაც მეგობრად  აღვიქვამდი, თითქოსდა მსგავს ღირებულებათა   სისტემის გამო, ეკლესიის აქტიურ წევრად გახდომის შემდეგ, სრულიად გაუცხოვდა ჩემგან. არადა, ჩემდა სავალალოდ, უმეტესი მათგანი მე მივიყვანე ეკლესიაში.
 თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა ამ ფენომენის ახსნა, თუმცა, შემდეგ, სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდმა  და წლების მანძილზე ეკლესიაში სამსახურმა მრავალ რამეზე ამიხილა თვალი. მივხვდი, რომ აქ მუშაობს მძლავრი სისტემა, რომლის ფესვები ღრმად და შორს არის  გადგმული. ცხადია, ძალიან ძნელია, არ  დაექვემდებარო სისტემას რომელშიც  ხვდები.  ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ისეთივე ძლიერი საპირწონეა საჭირო. ჩემთვის ასეთი ძალა აღმოჩნდა მსოფლიო და მათ შორის, ქართული ლიტერატურა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო, თუმცა, უმეტესად ქრისტიანულ ფასეულობებს ეყრდნობა.
სისტემა, რომელიც თავის თავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უწოდებს, ახერხებს შეიჭრას სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში, განსაკუთრებით, იმ ინსტიტუციებში, რომლებიც მოსახლეობის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში თამაშობს უდიდეს როლს: საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში.  და ამას, ჩემდა გასაოცრად, გულგრილად უყურებდნენ და უყურებენ სახელმწიფო უშიშროების ორგანოები.
ამ სისტემას თავისი მიზნის ასრულებაში, უპირველეს ყოვლისა,  ხელს უწყობს კონკორდატი.  აღნიშნული კონსტიტუციური შეთანხმება, მრავალ პრივილეგიას ანიჭებს  მას.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  აღნიშნული სისტემა  არ არის მემკვიდრე საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, რომელსაც მართლაც ჰქონდა გარკვეული ისტორიული როლი ქვეყნის წინაშე.
არსებული რეალობა ასეთია: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სათავეები,  კირიონის მკვლელობის, ამბროსი ხელაიას გარდაცვალებისა და მცირე უთანასწორო შიდა საეკლესიო დაპირისპირების შემდეგ, საბოლოოდ ხელში ჩაიგდო პროიმპერიულმა ძალამ. მან ეკლესიის დასახელებაში წინ გადმოიტანა „მართლმადიდებლობა“, რაც პირდაპირი თარგმანია პრავოსლავიესი, რამაც შინაარსობრივადაც იდენტური გახადა ეს ორი, არსობრივად სრულიად განსხვავებული რელიგია. საქმე ის გახლავთ, რომ რელიგიის სულისკვეთებას განსაზღვრავს არა დოგმატიკა, პატრისტიკა, პატროლოგია, კანონიკა,  ჰიმნოგრაფია თუ სხვა ამგვარი, არამედ ის მენტალიტეტი, რაც ყალიბდება სასულიერო პირებთან  უშუალო ურთიერთობით, ანუ მათი სიტყვისა და საქმის მიხედვით.
ის, რაც 17 მაისს მოხდა, ნათლად მოწმობს, რომ ეს სისტემა მთლიანად ანტიქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივია და ემსახურება  ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს.
 ამ სისტემის შემქმნელი  სარგებლობს რა უზარმაზარი რეიტინგით,   სრულიად ღიად, მოურიდებლად ელოლიავება და თანამშრომლობს მტრული იმპერიის მეთაურებთან:   რუსეთის პატრიარქს, დაბადების დღეზე, მან მიართვა კვერთხი ორთავიანი არწივის თავით, რითაც სიმბოლურად დაუდასტურა, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ვასალია; რუსეთიდან წამოიღო ნეველის ძვალი, რომელსაც უნებურად ეთაყვანება ეკლესიის მრევლი. უნებურად -- რადგან ბევრმა არ იცის, რომ ნეველი რუსეთის სამხედრო ძლიერების სიმბოლოა. სამწუხაროდ, სიმბოლოებს ჩვენში თითქმის არ ექცევა ყურადღება, ან მის მიმართ ფორმალური დამოკიდებულებაა.  და აი, შედეგი:  ოკუპანტი  ქვეყანა თანდათან უფრო ღრმად იჭრება საქართველოს სინამდვილეში. შემთხვევითი არც ის იყო, რომ რუსეთის პატრიარქმა  კირილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პირველი, რაც მოიმოქმედა --   სატელეფონო კავშირის საშუალებით შეამოწმა,  გაჩნდა თუ არა ბზარი საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის.
17 მაისის შემდეგ, ფეხიც არ დამიდგამს ტაძარში და ცხადია, აღარც ვაპირებ იქ მისვლას. აქვე უნდა აღვნიშნო -- მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს მივაგებ ყველა რელიგიას და კონფესიურ მიმართულებას, თავს მოვიაზრებ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წევრად, თუმცა,  ზემოაღნიშნული გარემოების გამო დავრჩი ეკლესიის გარეშე. ამით, ცხადია,  იზღუდება ჩემი უფლებები  -- და არა მარტო ჩემი -- ყველა იმ ადამიანისა, რომელიც განდევნილია ეკლესიიდან ამავე მიზეზით.
ფაქტობრივად, საქართველოში უკვე ასრულდა ლენინის დიადი მიზანი ეკლესიის შიგნიდან აფეთქებისა, რამაც უპირველეს ყოვლისა,  თვით  ეკლესია დააზიანა, მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს სახელმწიფოს.

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩემი აზრით, იმით არის ძლიერი, რომ მისი ისტებლიშმენტი ძირითადად რეალისტი ადამიანების ერთობაა, რაც იდეალიზმს და რელიგიურობას  გულისხმობს.
 არაფერი არ არის იმაზე დამანგრეველი პიროვნების, და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ძლიერებისა, როგორიცაა რელიგიისადმი ფორმალური დამოკიდებულება. ეს იგივურია ათეიზმის ან ფანატიზმის, პირველის მაგალითია სსრკ, რომელმაც 70 წელიწადი ძლივს გაძლო, ხოლო მეორის მაგალითები მრავლად მოგვეპოვება ფუნდამენტალისტური რელიგიების მქონე სახელმწიფოების სახით. ნამდვილად არ ვისურვებდი ჩემს სამშობლოში ასეთ მომავალს.
ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია  სახელმწიფო ინტერესებისთვის გულშემატკივარ, ძლიერ, ჭეშმარიტად ქრისტიანულ ეკლესიას.
წერილების შემდეგ სერიაში, რომელიც საკუთრივ ეკლესიის მომავალს მიეძღვნება, შევეცდები ჩამოვაყალიბო ამ საკითხის მოგვარების ჩემი ვერსია.
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
3.06.2013 წ.   
წერილების სერია:  „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“    იხ. Google-ში მისამართზე:

No comments:

Post a Comment