Monday, January 5, 2026

კ ა ზ ი ნ ო

 


ამ ნოველას თავისი ისტორია აქვს.

90-იან წლებში ჩვენი ტაძრის წინამძღვარმა მე და მარიამს გაგვაცნო სანდომიანი ქალბატონი და გვითხრა, რომ მას დიდი სადარდებელი ჰქონდა. მერე თვითონ ამ ქალბატონმა, რომელსაც პირობითად ლიას ვუწოდებ, მოგვიყვა, რომ მისი შვილი კაზინოზეა დამოკიდებული და ამის გამო ოჯახიც დაენგრა. გაყიდა მანქანა და იმის საშიშროებაც იყო, რომ ბინაც მიეყოლებინა, ამიტომ ქ-მა ლიამ ბინა თავის სახელზე გადააფორმა. მე და მარიამი ძალიან ვუთანაგრძნობდით მას და შეძლებისდაგვარად, ლოცვითაც შევეწეოდით. ქ-ნი ლია ტაძარში დადიოდა და  ხშირად შინაც გვიწვევდა ხოლმე მე და მარიამს. ის გვიყვებოდა, თუ როგორ ებრძოდა თავისი შვილის ამ მძიმე სენს. ჩვენც, რამდენადაც შეგვეძლო, ვამხნევებდით მას. ფაქტობრივად, ახლობლებიდან, მხოლოდ დედა ედგა გვერდით თავის შვილს. ჰოდა, ერთ დღეს მოდის ტაძარში ქალბატონი ლია და გვეუბნება, რომ მოხდა სასწაული და გვიყვება იმ ამბავს, რაც შემდეგ აღვწერე ამ ნოველის ერთ ეპიზოდში, კერძოდ, ის, რაც ხდება თვით სათამაშო  სახლში. დანარჩენი,  ყველაფერი შეთზულია. 

 ამ სასწაულის შედეგი კი ის იყო, რომ მისმა შვილმა ისეთი შიში განიცადა, აღარც გაუხედავს სათამაშო სახლისკენ. ცხადია, ამ ყოველივემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ეს ნოველა დამაწერინა. ქ-მა ლიამ გვთხოვა, რომ არავისთვის მოგვეყოლა მისი ამბავი. ამიტომ მისი სიცოცხლის პერიოდში არც გამივრცელებია ჩემი ნოველა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სახეცვლილად არის მოთხრობილი. ახლა კი, როცა ქ-ნი ლია უკვე წასულია, ამ ნოველას ვდებ ჩემს ბლოგზე. შესაძლოა,  ბევრ ადამიანს გაკვეთილად გამოადგეს.

 

კაზინო. თითქმის ნამდვილი ამბავი

 ვუძღვნი ქ-ნ ლ. მ.-ს ხსოვნას

ის საბრალო ქალი გუშინ გარდაიცვალა . . . მისი  ამბავი  კი სრულიად შემთხვევით გახდა ჩემთვის ცნობილი და იმდენად უცნაური აღმოჩნდა (თუმცა, შემზარავი უფრო ეთქმის), ძლივს მოვუყარე  თავი, რომ ფურცელზე გადამეტანა.

ყველაფერი ასე დაიწყო:

გაზაფხულის თბილი დღე იდგა. ლექციები დამთავრაბული არ იყო, ინსტიტუტიდან ისე გამოვვარდი.  მეგობრებს არც კი დავემშვიდობე. ბოლო დროს კაზინოში დავიწყე სიარული და ვგრძნობდი, თანდათან როგორ მიზიდავდა. ყოველ დილას თვალს გავახელდი თუ არა, ფიქრს  ვიწყებდი, დღის რომელ მონაკვეთში შევძლებდი იქ წასვლას. თავდაპირველად ლექციების გაცდენას ვერ ვბედავდი, მაგრამ მერე სწავლაზეც ავიყარე გული. მთელი ჩემი გრძნობა და გონება თამაშს დასტრიალებდა.

გაზაფხულის იმ მშვენიერ დღესაც სწორედ იქ მიმეჩქარებოდა.

სასწავლებლიდან გამოსულმა, მიმოვიხედე, მანქანიანი ნაცნობი ხომ არ არის, რომ გამიყვანოს-მეთქი, მაგრამ ვერავინ დავინახე, ქუჩაზე გადავირბინე და ტაქსი გავაჩერე. ნაცნობ შენობასთან რომ  ჩამოვედი, გამახსენდა --  დილით საუზმე ვერ მოვასწარი, ერთი კი გავიფიქრე, წავიხემსებ-მეთქი, შევყოვნდი, მაგრამ მერე ხელი ჩავიქნიე, ნაბიჯს ავუჩქარე და ის იყო, შენობაში უნდა შევსულიყავი, ქალის ნაზმა, მაგრამ მბრძანებლურმა ხმამ უცებ შემომაბრუნა:

-- ახალგაზრდავ!

მიმზიდველი ქალი იყო, ელეგანტურად ჩაცმული. ასე, ორმოცი წლისა. გამიკვირდა, ნეტავ, რა უნდა-მეთქი ჩემგან. შევყოყმანდი, გზა გამეგრძელებინა, თუ გამეგო, რას მოთხოვდნენ ჩემგან. ქალმა ალბათ ყოყმანი შემატყო,  ჩემკენ წამოვიდა და თითქმის მომაძახა:

--რამდენი წლის ხარ!

-- ოცის -- ვუპასუხე.

-- ჩემი ვაჟი სულ სამი წლით არის შენზე  უმცროსი -- ნაღვლიანად თქვა და შემდეგ თითქმის ჩურჩულით დაუმატა -- ნეტავ ახლა სად არის?

მერე თითქოს გამოფხიზლდა, შემომხედა და მკითხა:

--იქ მიდიოდი? -- თითი შესასვლელისკენ გაიშვირა.

-- ჰო.

-- თამაშობ?

თავი დავუქნიე.

--დიდი ხანია?

-- სამიოდე თვე იქნება.

-- უკვე ძალიან გიზიდავს, არა?

-- თქვენ . .

-- მეც ვთამაშობ . . . ვთამაშობდი -- ჩაილაპარაკა და თვალები აუწყლიანდა -- თუ დრო გაქვს, წამოდი, სადმე დავსხდეთ, ყველაფერს გეტყვი.

იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, რომ დავიბენი და გაშტერებული მივაჩერდი.

--წამოდი -- თითქმის ხვეწნით მითხრა და ჩუმად დაუმატა -- შენგან არაფერი მინდა . . . ჩემს შვილს მიგამსგავსე . . . რახანია არ მინახავს . . . ალბათ ვერც ვნახავ . . . ვერასოდეს . . .

შემეცოდა. უხმოდ დავუქნიე თავი და გავყევი.  მყუდრო კაფეში შევედით. თითქოს იცოდა, რომ მშიერი ვიყავი, ხაჭაპური, ნანცხვარი და ნაყინი დამიწყო წინ, თავისთვის ფინჯანი ყავა აიღო. თავიდან უხმოდ შევექცეოდით, მერე ნელა დაიწყო;

--მე ძველი ტრადიციული ოჯახის შთამომავალი ვარ, მეუღლეც, შესაბამისად, ასეთივე ოჯახიდანაა. ერთი ვაჟი შეგვეძინა. ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი განათლება აქვს და სამსახურიც --  საკმაოდ პრესტიჟული. მეც საინტერესო სამსახური და მაღალი ანაზღაურება მქონდა. ჰოდა, ამ ოთხი-ხუთი წლის წინ ერთმა ნაცნობმა კაზინოში წამიყვანა. ამის შემდეგ მივდიოდი-ხოლმე ხანდახან. მერე თანდათან მოვუხშირე. ჩემმა მეუღლემ არაფერი იცოდა -- არც შვილმა, მაგრამ, როცა ვალები დამედო, ვეღარ დავმალავდი. მეუღლეს გაუკვირდა, ჩემგან ვერც კი წარმოედგინა ასეთი რამ. ჯერ ტკბილი სიტყვით შეეცადა ჩემს დაყოლიებას, მაგრამ როცა მიხვდა, რომ უკვე ძალიან გვიან იყო, მითხრა:

-- ან შვილი და ოჯახი -- ან კაზინო!

ალბათ ხვდები, რომ მოკლედ გიყვები. არ მინდა ძალიან გადაგღალო, ამიტომ შენ თვითონ წარმოიდგინე, რა დიდი განსაცდელის წინ დავდექი, რა შინაგანი ბრძოლა და ჭიდილი გადავიტანე; რამდენჯერ დავდე პირობა, რომ აღარ წავიდოდი, მაგრამ ვერ ვძლიე ცდუნებას.

მეუღლემ ცალკე ბინა მიყიდა და ამიკრძალა შვილთან შეხვედრა.

გუშინდელ დღემდე ვერ მივმხვდარიყავი, რა იყო ის ძალა, რომელმაც მე საყვარელი მეუღლე და უსაყვარლესი შვილი დამათმობინა და აი, გუშინ . . . ახლა კარგად მომისმინე! გუშინ საღამოს, სანამ „იქ“ წავიდოდი, უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო. მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი, რაღაც ხდებოდა ჩემში. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, მშობლები, ახლობლები. ახლა ისინი, როგორც კეთროვანს, ისე მარიდებდნენ თავს.

--შენ მათ კარგავ! --  მეუბნებოდა შინაგანი ხმა. სხვა ხმა კი ჩამძახოდა: -- სამაგიეროდ, ახალი მეგობრები შეიძინე!

-- მაგრამ ჩემი მშობლები?  როგორ ნერვიულობენ!

-- მათ შენი არ ესმით!

ეს დიალოგი თითქოს გონებაში მიმდინარეობდა, თუმცა, ვგრძნობდი, რომ მეორე ხმა აშკარად უცხო იყო -- თავსმოხვეული. მაგრამ ძალა არ მყოფნიდა, რომ გავმკლავებოდი,  თანდათან სუსტდებოდა ჩემი შინაგანი ხმა, ხოლო  ის უცხო და დამთრგუნველი --  ძლიერდებოდა. შიშმა ამიტანა. სწრაფად ჩავიცვი და ჩვეულ გზას გავუდექი.

საღამო უიღბლოდ დაიწყო, სულ ვაგებდი. ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ ყურში ვიღაცამ ჩამჩურჩულა: 

--არ წახვიდე, მე ვიხდი შენ მაგივრად!

 უნებლიედ უკან მივიხედე, არავინ იყო. შიშისგან შემაჟრჟოლა. უცებ მაგიდა დოლარებით აივსო. ყვირილი დავაპირე,, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. უნებლიედ გავაგრძელე თამაში. სულ ვაგებდი, თუმცა ფული საიდანღაც ჩნდებოდა.

შინ გამთენიისას დავბრუნდი. ტანსაცმელი არც გამომიცვლია, სავარძელში ჩავჯექი და ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, უცნაურმა შრიალმა გამომაღვიძა. თვალი გავახილე და შიშისაგან ენა წამერთვა: ჩემ წინ ჩემი ორეული იდგა.

-- მიცანი? -- თითქოს წაისისინა.

ხმა ვერ ამოვიღე.

-- შეგეშინდა? მე შენი შეშინება არ მინდოდა, ამიტომ შენივე სახით გეჩვენე. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩ ვ ე ნ ამდენი დრო არ გვაქვს -- სიტყვა „ჩვენ“ გამოკვეთილად თქვა.

ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, ამოვილუღუღე:

-- რა გინდათ ჩემგან?

ჩაიცინა, ისე უსიამოვნოდ, რომ ტანში გამცრა. უნებურად გავიფიქრე, ნუთუ მეც ასე საზარლად ვიცინი?

საკუთარი თავის ფასი კარგად ვიცი, ბევრი მოხიბლულა ჩემი სილამაზით, მაგრამ, გულახდილად გეტყვი, ბოროტად არასოდეს მისარგებლია ამით.

 თანდათან განსჯის უნარი მიბრუნდებოდა და ვცდილობდი დამეჭირა ის სხვაობა, რაც ჩემსა და ჩემს ორეულს შორის იყო. აშკარად ჩემი ორეულია, მაგრამ ცივი და უსიამოვნო, ჰო... თვალები აქვს რაღაც არაბუნებრივად ცივი და გამჭოლი.

--არ მოგწონვარ?  -- ჩაიქირქილა -- რას იზამ, ახლა უკვე ჩ ვ ე ნ ხელში ხარ, ვეღარსად წაგვიხვალ.

--ვისი სახელით მელაპარაკებით, ვინ ხართ თ ქ ვ ე ნ? -- მეც ხაზგასმულად ვთქვი სიტყვა „თქვენ“,

ცოტა ხანს შეყოვნდა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა:

--რად გინდა თავის მოტყუება? კარგად ხვდები, ვინც ვარ. დიახ, დიახ, სწორედ ის ვარ, ვისი არსებობაც არ გჯეროდა, თუმცა, ახლა ხვდები, რომ თურმე ცდებოდი და თანაც -- როგორ! და არა მარტო შენ -- ყველა ჩვენს ხელშია ვინც თავისუფლების სახელით წადილს, ვნებას მიჰყვება.

--თავისუფლების სახელით?

--თავისი სურვილების, ვნებების დაკმაყოფილება თავისუფალი ნება ჰგონია და ამით თავიც მოაქვს, როგორც მსურს, ისე ვცხოვრობ და რაც მინდა, იმას ვაკეთებო. ვერ ხვდება, რომ ვნებები მართავენ, ამ ვნებებს კი ჩვენ ვაკონტროლებთ -- ისევ ჩაიქირქილა.

ვხვდებოდი, რახანია ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი და გარეშე ძალა მმართავდა, მაგრამ, ყოველივე ამის გაცნობიერება მიჭირდა, უფრო სწორედ -- არ მინდოდა დამეჯერებინა. ჩვენი თაობისთვის ხომ აკრძალული იყო რელიგიური ღირებულებები. ამიტომ, როცა ამის საშუალება გაჩნდა,  სარწმუნოებისკენ ლტოლვა, უმეტესად, სინდრომული მოვლენა  უფრო აღმოჩნდა, ვიდრე წრფელი, რაც ჩემში გაღიზიანებას იწვევდა.  ახლა ვხვდები, ამ გაღიზიანების მიზეზი ფორმალური მრწამსი, ორმაგი მორალი იყო. ანუ -- სიტყვით აღიარებული მრწამსისა და ცხოვრების წესის სრული შეუსაბამობა. უფრო ნათლად -- ეკლესიაში ქრისტეს კრავი, ცხოვრებაში -- მგელი. დიახ, მგელი, ნუ გაიოცებ, მგელი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში კლავს კრავს. ორმაგი მორალის კლასიკური მაგალითია ქურდი, რომელიც ტაძარს აშენებს, ცხადია, ქურდს მხოლოდ ბაცაცას მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, და არც ტაძარს -- მხოლოდ შენობის გაგებით, ზოგადად -- ნაძარცვი ფულით ქველმოქმედება. ისევ ძარცვა და ისევ ქვველმოქმედება. ფორმალური აღსარება, იქედნური ზემოდან ყურება იმ ადამიანებზე, ვინც ვერც  ძარცვას „ახერხებს“ და ვერც შეწირვას. ეს ყოველივე რელიგიისადმი ინტერესს მიკარგავდა.

 და, აი, ახლა სულიერი სამყაროს არსება, მაგრამ, სამწუხაროდ, უარყოფითი ძალა ჩემ წინ ირხეოდა და გამომცდელად მომჩერებოდა.

--ნუთუ არ არსებობს ძალა, რომელიც შენგან დამიხსნის? -- ეს უფრო საკუთარ თავთან გასაუბრება იყო.

მისი რეაქცია ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. თითქოს უცებ დაპატარავდა, მოიკუნტა, მერე მხრები შეარხია და ჩამიმარცვლა:

--არსებობს, მაგრამ შენთვის მიუწვდომელია!

მივხვდი, რომ ახლა მხოლოდ ჩემს ნებაზე, ნებისყოფაზე იყო დამოკიდებული ჩემი მომავალი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე  გავდიოდი. უნებურად წამოვდექი და მუხლებზე დავეცი:

--მიშველე, ღმერთო! მხოლოდ შენ ერთს ძალგიძს ჩემი გადარჩენა!

თვალთაგან ნაკადულად მომდიოდა ცრემლები. როცა გონს მოვეგე, ორეული გამქრალიყო. რაღაც საოცრად თბილი და ტკბილი შევიგრძენი. სავარძელს დავუბრუნდი და დაღლილ-დაქანცულს ჩამეძინა. მოსაღამოებულზე გამეღვიძა. არ ვიცოდი, რა მექნა, თუმცა „იქ“  წასვლის სურვილი სრულიად  აღარ მქონდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა მემოქმედა.

ახლა უკვე გააზრებულად დავდექი მუხლებზე და ღმერთს შევთხოვე:

--ღმერთო, ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. ვიცი, არ ვარ ღირსი არც დედობის, არც ოჯახის, მაგრამ, შენ მოწყალე ხარ და არ გამწირავ. მითხარი, შთამაგონე, როგორ შეიძლება გამოვისყიდო ჩემი დანაშაული.

მთელი ღამე არ დავწოლილვარ. ვგრძნობდი, თანდათან ძალა მემატებოდა.  მუხლებზე დაჩოქილმა გავათენე და ამ დილას ცოტა წავიძინე სავარძელში.

თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა, უცებ გამოვფხიზლდი. კარგად გათენებულიყო. თავიდან გადავავლე გონების თვალი გუშინდელ დღეს. ასე მეგონა, ძალიან დიდი დრო გავიდა.

სახლიდან გამოსულმა ვიცოდი, რომ რაღაც უჩვეულო უნდა მომხდარიყო. ჩვენი შეხვედრაც, ცხადია, შემთხვევითი არ არის . . . ამ ერთი თვის წინ უძლურება ვიგრძენი და ექიმს მივმართე. ანალიზები ამიღეს და სწორედ დღეს დილით მივიღე პასუხი: სარკომა უკანასკნელ სტადიაში -- მოურიდებლად მამცნო ექიმმა. ცხადია, დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია, მაგრამ შიშის გრძობა არ მაქვს.  თუ შენთვის გაკვეთილი აღმოჩნდება ჩემი ცხოვრება, თავს ბედნიერად ვიგრძნობ. იმედი მექნება, რომ ნაწილობრივ მაინც აღვასრულე ჩემი მისია.

ქალი გაჩუმდა, მერე მცირე დაყოვნების შემდეგ მითხრა:

--მე სრულიად მარტო ვარ . . .  ვიცი, ძალიან ბევრს გავალებ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს -- შემდეგ ჩანთიდან ქაღალდი ამოიღო და ტელეფონის ორი ნომერი დაწერა.

--ძალიან გთხოვ, ყოველდღე 12 საათზე დამირეკე-ხოლმე. დაგელოდები. როცა აღარ გიპასუხებ, იცოდე, რომ . . . აღარ ვარ და მეორე ნომერზე დარეკე და შეატყობინე . . . ჩემი ბინის სათადარიგო  გასაღები ჩემს მეუღლეს აქვს . . .

 

 

ნატალია ბუკია.

თბილისი.

2002 წ. სექტემბერი. 

 

 

  

Friday, January 2, 2026

ძველი ლექსები

 

ახალმა ლექსებმა ძველი ლექსები გამახსენა და გადავწყვიტე ბლოგზე დავდო ზოგიერთი.

*  *  *

ღია სარკმელთან ვდგავარ მოწყენით,

ქუჩას გავყურებ უცნობს,

შეომოპარულა შემოდგომა, შემოპარულა უხმოდ.

ფოთლებს ნიავი აშრიალებს,

ეჩურჩულება თითქოს:

ისევ მოვაო გაზაფხული, რად მოიწყინეთ ვითომ?

ეჰ, მართლაც მოვა გაზაფხული

და აყვავდება ირგვლივ,

კვლავ გაიხარებს ლურჯთვალა ია, მზეც გაანათებს მისთვის,

მაგრამ, რად მინდა გაზაფხული,

ან ლურჯი ია რაღად,

თუ სიყვარული არ დაბრუნდება, ასე უცბად რომ გაქრა. . .

1972 წ.

 

მეორე კურსზე ვიყავი, ინგლისურის მასწავლებელმა,  დალი ინწკირველმა, ინგლისელი პოეტის ლექსი წაგვიკითხა,  სამწუხაროდ, აღარ მახსოვს ავტორი. შინაარსი  გვითარგმნა და გვითხრა, თუ შეძლებთ, ქართულად გარითმეთო. 

ეს არის იმ ლექსის თავსუფალი თარგმანი. 

 ვუძღვნი დალი მასწავლებელს.

ს ო ნ ე ტ ი

უკან გიბრუნებ ამ თაიგულს, ლამაზს, ძვირფასო,

გიბრუნებ  ვარდებს, დასაჭკნობად  უღმრთოდ განწირულთ,

ეჰ,  თაიგული... ახლა ამას რაღა აზრი აქვს,

რაღა აზრი აქვს ფუჭ ოცნებას, წარსულ სიყვარულს?

ასე მგონია, რომ  სიზმარი იყო ყოველი --

ჰაეროვანი, ვით ღრუბლების ნაზი ოცნება,

მოგონებაღა დამრჩა მხოლოდ, სიყვარული კი

გაქრა უკვალოდ, არასოდეს განმეორდება.

და გახსენებაც იმ დღეების სევდით ამავსებს,

ცრემლი დაშრება, გული სიმწრით დაიფერფლება,

და ეს ვარდები, ნაჩუქარი შენგან, ძვირფასო,

იმ სიყვარულის ცისფერ გზაზე დაეფინება.

უკან გიბრუნებ ამ თაიგულს, ლამაზს, ძვირფასო...

1974  წ.

*  *  *

კიდურწერილობით

არები რეკენ ზარზმას,

ის ავედრებენ ღმერთს?

ცის ქვეყანამ, იცის,

რ უნდა ამას ფიცი,

ედა- სამშობლოვ -- შენ!

1991 წ. 


„მსოფლიო პოლიტიკოსს“

შენი  ჯავშანი  თითქოს  მტკიცედ  არის  ნაჭედი,

მილიონ  გვამზე  სისასტიკით  გადაგივლია,

შენი  მსოფლიო  პოლიტიკა  არის  ნაქები,

ათასი  ჯურის  სიბიბძურე  გამოგივლია.

ქართველი ერის  სიძულვილი  შავ  გულს  გიბნელებს,

ბნელი  მსოფლიოც მოკავშირედ  შენ  გაგიხდია,

ეტრფი  კაცის  კვლას,  შურს   და  ღალატს,  თესავ  სიბნელეს,

ხალხის  სიკეთე  ბოროტებით  გადაგიხდია.

ქართველი  კაცის  დაჩოქებას  ლამობდა  ბევრი,

მაგრამ,  დღეს  მიწით  ავსებია  შავ-ბნელი   ხახა,

ბევრი  ჰყოლია  საქართველოს  შენებრი  მტერი,

მათი  სულები  შავ  ჯოჯოხეთს  დანთქმულა   ახლა.

სისხლის  წვიმები  გასაზრდოებს, როგორც ჰეროდეს,

მოყვასთა  შორის  ღვარძლი  უხვად   დაგითესია,

ძმათა  სასხლისღვრა  იყო  შენი  წინამორბედი,

მოღალატენი  მოგყვებოდნენ,  როგორც  მესიას.

წითურ  სახეზე  მოგრევია  შავი  ნაღველი,

ალბათ,  ვეღარ  ჭრის  შენი  ალღო,  აგრე  ნაქები,

მტკიცედ იცოდე:   საქართველოს  ვერ  დააჩოქებ!

ბრაზს  ვერ  იოკებ?  გაგიცუდდა  ბნელი   ზრახვები!

გულში  გიხუტებს  `მწიგნობართა~  ბილწი  კრებული,

კაიაფას  კი  ფარისეველთ  ხროვა  არტყია,

ამ  სურათს  უხმოდ  გადმოჰყურებს  მაღლით  ცხებული,

ნათელ  სახეზე  თითქოს  რისხვის  ნიში  ატყვია.

და  გადასერავს  ცის  კიდეებს:  MEMENTO MORI!

გაჰკვეთს  ნათელი  ორლესული  მახვილით  ხელში

და  სანთელივით  ჩამოდნება  ეგ  შენი  თორი,

შენ  უძღებ  სულს  კი  შეუჯდება  უძილო   მატლი.

1996 წ.

 

*  *  *

ღამეა, წყვდიადი... სიბნელის თარეში . . .

ყოველი დანთქმულა უძირო ღამეში,

სიცივის, შიმშილის, სიკვდილის მხარეში

ღრეობენ, ლაღობენ  სიცრუის ფარეშნი.

მაგრამ წამს გარდუვალს

ვით ავნებს წყვდიადი?

უეცრად ჩამოჰკრავს დრო-ჟამი დიადი!

1996 წ.

 

ჰიმნი   თავისუფლებას

თავისუფლება . . .  სულს სწყურია თავისუფლება,

თავისუფლება   --  უსასრულო,  დაუსაბამო,

თავისუფლება   --   ნიჭი ღმერთთა და შემოქმედთა,

თავისუფლება   --   თვით სიწმინდის ძირი უძირო.

თავისუფლება   --   მიუწვდომი ჩინებულთათვის,

თავისუფლება   --   ნათლის სვეტი, სვეტი  უჩრდილო,

თავისუფლება   --   თვით უსაზღვრო,  ზღვარი ურჩთათვის,

თავისუფლება   --   უჩინოთა ჩინი უჩინო.

თავისუფლება   --   გაჭენებულ კენტავრის დარი,

თავისუფლება   --  უნაპირო, უკიდეგანო,

თავისუფლება   --  კამკამა წყლის  უხვი   ჩანჩქერი,

თავისუფლება   --   უბიწო და თითქოს უბრალო.

თავისუფლება   --   აზრთა ბრძოლა სიმართლისათვის,

თავისუფლება   --   ღირსეულთა ჟამი უჟამო,

თავისუფლება   --  ამაღლებულ სულთა სავანე,

თავისუფლებავ,      შემოგევლოს მთელი სამყარო!

26 იანვარი,  2012 წ.

 

ბეთანიაში ნათელ-იღო იესუ ქრისტემ იოვანე ნათლისმცემლისგან;  ბეთანიაში აღადგინა ქრისტემ თავისი მეგობარი ლაზარე.

 

ბეთანია

ბეთანია -- იეს და იოვანე,

ბეთანია --იორდანე, ნათლისღება,

ბეთანია -- განცადება იესუსი

და ლაზარეს საკვირველი აღდგინება.

ბეთანია -- იესუის მეგობრები:

დები -- მართა და მარიამ, ძმა -- ლაზარე...

იქ ჩენილი სასწაული, საკვირველი --

აღდგინება ლაზარესი ძმათ ახარე!

გიხაროდეს, მდიდარი ხარ ბეთანია!

ბეთანია... ბეთანია... ბეთანია...

19.12.14

 

რჩევები  პუტინს

1996    წელს  ლექსი  მივუძღვენი   „მსოფლიო  პოლიტიკოსს“,  მიხვდით,  ალბათ,  ვისაც  ვგულისხმობ. 

ასე  იწყება: 

შენი  ჯავშანი  თითქოს  მტკიცედ  არის  ნაჭედი,

მილიონ  გვამზე  სისასტიკით  გადაგივლია, 

  შენი    მსოფლიო  პოლიტიკა    არის  ნაქები“...    და  ა.შ.

  ჰოდა,  წუხელ  გამახსენდა  ეს  ლექსი.    მერე  ვიფიქრე,  პუტინსაც  ხომ  ეკუთვნის-მეთქი  ჩემგან  ერთი  ლექსი  და  აი,  ის,  რაც  გამოვიდა  --  წინასაახალწლო  საჩუქარი:

 

მახსოვს,  პუშკინმა  ბონაპარტეს  ლექსი  მიუძღვნა, 

მე    შენ  მოგიძღვნი  ამ  სტრიქონებს,  მივბაძავ  პუშკინს,

უკანსკნელი  იმპერიის  იმპერატორო, 

„მესამე  რომის“  ძლიერებავ,  ო,  დიდო  პუტინ!

 

შენი  ჯავშანიც,  თითქოს  მტკიცედ  არის  ნაჭედი,

მაგრამ,  „მსოფლიო  პოლიტიკის“...  რა  მოგახსენო?

მავთულხლართების  მხლართავი  ხარ,  სწორუპოვარი,

ვინძლო,  ევროპის  სანქციებმა  არ  მოგასვენონ!

 

შენ  საბჭოეთის  ნამსხვრევები  გარგუნა  ბედმა,

თუმცა,  ოცნებობ  სტალინის  დროს  შექმნილ  „კავშირზე“.

„ოცნებას  არვინ  მოუკლავსო“,  ზოგნი  ამბობენ,

მაგრამ,  მე  გირჩევ,  ეგ სიბრიყვე  ნუ  დაგამშვიდებს!

 

უკრაინასთან  ომი  რუსეთს  წელში  გადასტეხს

და    ეს  ბრძოლები  შენთვის  არის  „ის   ვატერლოო“,

შემდეგ  კი...  შემდეგ  კავკასიას  უნდა  შეეშვა,

დიახ,  სრულიად  კავკასია    უნდა  დატოვო!

 

„წმინდა  ელენეს“  კუნძულს,  მენდე,  არ  გაღირსებენ,

საწამლავიც  კი  სანატრელი  შენ  გაგიხდება,

ერთი  გზა  გრჩება:  მონასტერში  უნდა  წახვიდე!

ალბათ,  კირილიც,  მალე,  შენ  იქ  დაგელოდება.

 

იქ  გაიხსენებთ  გახუნებულ,  წარსულ  დიდებას

და  იმ  სანუკვარ  სსრკ-ს,    რომ  შესწვდით  ლამის... 

მერე  კი...  მერე  დაიტირებთ  „პრავოსლავიეს“,

შენ  და  კირილმა  საქვეყნოდ  რომ  მოსჭერით  თავი.

 

აჰა,  გითხარი,  სულ  ეს  იყო,  რისი  თქმაც  მსურდა,

ახლა,    წადი  და  ხალხს  მიხედე,  შენს  მშიერ  რუსეთს,

თორემ  თუ  „აღსდგნენ“,  მონასტერიც    უკან  დაგრჩება, 

და  შეეყრები  ჯოჯოხეთურ    ვაებას,  ულევს... 

29.12.2014  წ.