Sunday, June 9, 2013

1991-92 წლების პუტჩის შედეგები; წერილი პირველი


1991-92 წლების პუტჩის შედეგები
წერილი პირველი
90-იანი წლების გაანალიზება მრავალ  კითხვაზე გასცემს პასუხს:   რატომ შეაფარეს თავი ეკლესიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა, მეტიც, დაპირისპირებულმა   ადამიანებმა; რამ გამოიწვია მრევლში აგრესიის  აკუმულირება, ესკალაცია  და  შემდეგ მისი ისეთი ძალით გადმოფრქვევა, რაც 17 მაისს ვიხილეთ;  რატომ არ გახდა  დემოკრატიული ფასეულობები პოპულარული ჩვენს მოსახლეობაში  და სხვა საკითხები, რომლის  ახსნაც  მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ  ბოლოს და ბოლოს ამოავსოს ის განხეთქილება, რაც წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა.
საზოგადოებაში განხეთქილების არარსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი პირობაა.  ჩვენში  არსებული  ეს პრობლემა თავისთავად არ მოგვარდება და ის გაჰყვება თაობებს, თუ ახლა მაინც არ ვიზრუნეთ მის გადასაჭრელად.  
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ არ მოხდა  1991-92 წლების პუტჩის, ანუ სამხედრო გადატრიალებისთვის თავისი სახელის დარქმევა: მას სამოქალაქო ომი უწოდეს, არ მოხდა მისი ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ქმედების შეფასება, ხაზს ვუსვამ:  შეფასებაზე ვლაპარაკობ  და არა დასჯაზე. 
ჰოდა,  გაწბილებულმა ხალხმა ეკლესიებს მიაშურა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიის მეთაური პუტჩისტების მხარდამჭერი იყო. ეს კი გაუგებარია ჩემთვის როგორ მოიპოვა მან ნდობა. ალბათ -- ბუნდოვანი შინაარსის ქადაგებებით:  ბევრს სჯეროდა, ინანიებს, რომ მხარს უჭერდა  პუტჩისტებსო.  ეს ვითომდა  მონანიება რომ ფარსი იყო იმით მტკიცდება, რომ ყოფილმა მხედრიონელებმა  მართლმადიდებელ ეკლესიას შეაფარეს თავი და ჩვეულებრივი ხალხისგან განსხვავებით, ისინი სასულიერო პირების,  მეტიც, მაღალი იერარქების რანგში მოგვევლინენ.
ვარდების რევოლუციის გამარჯვებისთანავე საჭირო  იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი კითხვის დასმა პუტჩის თითოეული ორგანიზატორისა და შემსრულებლისთვის, სახალხოდ,  ყველას გასაგონად:
რაც უნდა მძიმე შეცდომა მოსვლოდა  პირველ პრეზიდენტს, იყო თუ არა გამართლებული იარაღით დაპირისპირება, ამდენი სისხლი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი უდაშაულო  ადამიანის შეწირვა?
 და საჭირო იყო  ამ კითხვაზე მოკლე პასუხის მოთხოვნა  --  კი, ან არა, ყოველგვარი „მაგრამისა“ და „თუმცას“  გარეშე,  ანუ  საკუთარი დანაშაულის ან არასწორი პოზიციის აღიარება.
ვისაც ეყოფოდა სიმამაცე --  აღიარებდა თავის არასწორ ქმედებას.  დარწმუნებული ვარ, ეს დადებით შედეგს გამოიღებდა, რადგან მაშინ ადამიანები ასეთი გაბოროტებულნი და შურისძიებით აღტყინებულნი არ იყვნენ, როგორც დღეს არიან. დღეს  ამ უკეთური ჟინის წამქეზებელი, ცხადია, ახლანდელი ხელისუფლებაა, როგორც კი ოდნავ ცხრება ხალხში ცეცხლი, ისევ აღვივებენ ხელოვნურად სრულიად უბადრუკი თემებით და ცდილობენ, რომ ტემპერატურის ნიშნულმა არ დაიწიოს. თუ რა ზიანი მოაქვს თვითოეული ადამიანისთვის ასეთ ბობოქრობას, ეს ცალკე საკითხია  და ამის შედეგს მალე ვიხილავთ.
სამხედრო  გადატრიალების საყოველთაო შეფასებისას, ვინც არ აღიარებდა თავის დანაშაულს თუ შეცდომას,  მისთვის ყოველგვარი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობის შესაძლებლობა  დაიხურებოდა და იგი სამუდამოდ  ჩამოშორდებოდა მედია-სივრცეს,  სატელევიზიო ეკრანებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ თითქოსდა  იყო შერიგების მცდელობა,  როცა სატელევიზიო ეთერში ერთ-ერთი მყვირალა ჟურნალისტი ჯერ შუაში ჩაუჯდა პირველი პრეზიდენტის ვაჟს და სიგუას, მერე  თვითონ გამოეცალა და ეკითხებოდა: ასე ახლოს თუ მჯდარხართ ერთმანეთთან იმ მოვლენების შემდეგო?  ამ გადაცემამ მე კიდევ უფრო მეტად გამაღიზიანა. რადგან ეს იყო მცდელობა სახელმწიფოებრივი მოვლენა ოჯახურ კონფლიქტამდე დაეყვანათ. სწორედ ამის გაგრძელებაა ახლა ცოტნე გამსახურდიას თემით სპეკულირება.  აღნიშნული  პიროვნების ბედი, ცხადია, ისევე მაინტერესებს, როგორც  სხვა ნებისმიერი ადამიანისა.   მაგრამ,  91-92 წლების მოვლენები ჩემთვის უფრო  აქტუალურია, რადგან  ამ მოვლენების ადექვატურ შეფასებას შეუძლია მთელი ქვეყნის ბედი უკეთესობისკენ  შეცვალოს. 
ცივილურ საზოგადოებაში დიდი კატასტროფის შემდეგ ფსიქოლოგები მუშაობენ თითოეულ ადამიანთან, ვინც  სტრესი განიცადა.  ასეთი სტრესი იყო ჩვენთვის   აღნიშნული პუტჩი. ჩვენ ხომ  სრულიად უანგაროდ და უიარაღოდ  ვუჭერდით მხარს  ჩვენს მიერ არჩეულ კანონიერ  ხელისუფლებას, რომელიც რუსული იარაღისა და ძალის გამოყენებით თავზე დაგვამხეს. დიახ, ამან ძალიან  მძიმე კვალი დატოვა ჩვენს ფსიქიკაზე  . 
ჩვენი ხალხისთვის  პუტჩის შეფასებას მკურნალობის ეფექტი ექნებოდა. 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მე  და ალბათ, ძალიან ბევრი ჩემი თანამოაზრე, სრულიად გულგრილად ვადევნებდით თვალს  ვარდების რევოლუციის  შემდგომ მოვლენებს , რადგან ეს მორიგ ფარსად მიგვაჩნდა.
 ჩემთვის ასეთი მდგომარეობა 2008 წლამდე გაგრძელდა, სანამ რეალურად არ დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის  საშიშროება.
 ხოლო ზოგიერთი  ჩემი მეგობრისა თუ ნაცნობისთვის კი დღემდე გრძელდება. მათ ახლაც მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი  შევარდნაძის რეჟიმის გაგრძელება  იყო. ზოგიერთმა უფრო უარესი დასკვანა გააკეთა:  „ის დრო (შევარდნაძის) უკეთესი იყოო“. და ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ  მაშინ,  ტყვიების ზუზუნში თუ   კომენდატურის ჭუჭყიან სოროებში.
ხელისუფლების მხრიდან ასეთმა დაუდევრობამ თუ განურჩევლობამ  გამოიწვია ხალხის წამოგება ბინძურ ჭორებზე, რასაც „ასავალ-დასავალის“ მსგავსი   პრესა და „მაესტროსა“ და „კავკასიის“ მსგავსი ტელევიზიები ავრცელებდნენ.
დემოკრატია ყველაფრის ლაპარაკის უფლებას რომ არ ნიშნავს, თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ამ გაზეთებისა და ტელევიზიებისთვის,  რატომღაც,  არავის  მოუთხოვია პასუხი ცილისწამებისთვის.
უდიდესი მკრეხელობა იყო, აგრეთვე,  ჯაბა იოსელიანის დასაფლავება პანთეონში (ამას წინათ,  მას კიდევ ერთი პუტჩისტი მიუწვინეს). ცხადია, ეს სიწმინდის შეურაცხყოფაა. ეს არის ორმაგი მორალი. ასეთი ქმედებებით  ჩვენი ახალგაზრდობა  ვერასოდეს განსაზღვრავს, რა არის ზნეობრივი და რა -- არა.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქ  საუბარი ფაქტების, მოვლენებისა და  ამ მოვლენების  მოქმედი პირების შეფასებაზეა,  კორექტულ და ადექვატურ შეფასებაზე, რათა მომავალი თაობისთვის, თვით იმ სუბიექტების შთამომავლებისთვის იყოს მაგალითი.
ამერიკელებს აქვთ შესანიშნავი მოწოდება: დადექი ისტორიის მართალ მხარეს!
ამ მოწოდებამ აზრი რომ არ დაკარგოს, საზოგადოებას უნდა მიეცეს მოვლენების შეფასების საშუალება.
კონფლიქტოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ამოწურონ თავიანთი სათქმელი,  ბოლომდე გამოხატონ თავიანთი გრძნობები:  წყენა, თუ გულისტკივილი, რათა შემდეგ მოხდეს კონსენსუსამდე მისვლა. ამრიგად, კონფლიქტის მოგვარების მიზანი შეთანხმებაა და არა ვინმეს დასჯა.
აი, ამის საშუალება არ მიეცა მაშინ ხალხს და ამიტომ შეაფარეს თავი ეკლესიას, სადაც ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლებს ჩაუვარდნენ პირში, სადაც ქრისტიანობის ნაცვლად ორმაგი  მორალით ცხოვრებას ასწავლიდნენ, რაც, ცხადია,  სულიერად ხრწნის და ანადგურებს პიროვნებას.
შედეგი  ასეთია: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომლისათვის ავტორიტეტს  მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს,   შურისძიების, დასჯის, დაპატიმრების დაუოკებელი ჟინით არის აღსავსე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, წუთებიღაა დარჩენილი  „ხალხის მოთხოვნით“   სიკვდილით დასჯის ხელახლა დაკანონებამდე.
ყველაზე სავალალო ის არის, რომ ბევრი ჩემთვის ძვირფასი და პატივსაცემი ადამიანი, რომელის ჰუმანურობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია,  ისეთ  აგრესიას  და დასჯის დაუოკებელ წყურვილს ამჟღავნებს გარკვეული პირების მიმართ,  რომ  ეს პირი უდანაშაულო რომ აღმოჩნდეს და გამართლდეს, ძალიან ნაწყენი დარჩება.  როცა ამის გამო გაკვირვებას ვერ ვმალავ, რიტორიკულ კითხვას მაგებებენ:
 მაშ, თუ  დამნაშავეა, არ უნდა დაისაჯოს?!
ასეთ ვითარებაში, მართლაც,  წუთებიღაა დარჩენილი  ხალხის ბრბოდ ქცევამდე, რის შიშსაც პირველივე  წერილში გამოვთქვამდი.
გამოსავალი ერთია:
უპირველეს ყოვლისა --  შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი, ხაინდრავა, ბათიაშვილი და კიდევ  ბევრი სხვა ოდიოზური სუბიექტი -- მწერალი, პოეტი, რეჟისორი თუ მსახიობი, რომელთაც იმ პერიოდში საზოგადოება „თბილისელის“  სახელით  ბიძგი მისცეს ხუნტას მოსახლეობის დევნის, დაპატიმრების,  წამების  --  შეგვხვდნენ ჩვენ,  რიგით მოქალაქეებს,  ღია ეთერში პირისპირ  და გვიპასუხონ ერთადერთ კითხვაზე:
რაც უნდა მძიმე შეცდომა მოსვლოდა  პირველ პრეზიდენტს, იყო თუ არა გამართლებული იარაღით დაპირისპირება, ამდენი სისხლი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი უდანაშაულო ადამიანის შეწირვა?
და შემდეგ სამუდამოდ გაქრნენ ჩვენი თვალთახედვიდან, რათა  დავივიწყოთ მათი  სახე, ხმა.  იცხოვრონ თავიანთი უბადრუკი ცხოვრებით (ჩემი გადასახედიდან, ასეთი იქნება მათი სიცოცხლე, თუნდაც სიმდიდრეში ბანაობდნენ), ოღონდ ნუღარ შეუშლიან ხელს ჩვენს ქვეყანას წინსვლაში.
გაუქმდეს ყველა ვარსკვლავი, რომელსაც  მათ უხსნიდნენ და უხსნიან.
გადატანილი იქნას ჯ. იოსელიანის საფლავი დიდუბის პანთეონიდან და საერთოდ, ნუ მივცემთ უფლებას დაასაფლავონ პანთეონებში ის სუბიექტები, ვინც უიარაღო მოსახლეობას  ესროდა, ან ამისკენ უბიძგებდა ახალგაზრდებს. და არ აქვს მნიშნელობა -- ის დიდი რეჟისორია,   უდიდესი მსახიობი თუ ერთ დროს პოპულარული მწერალი ან პოეტი.
ამ  საკითხებში  თითოეული ადამიანის პოზიცია მნიშვნელოვანია.
 ნუ დავაჯერებთ საკუთარ თავს,  რომ ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით.
იმ ადამიანის სიცოცხლეზე უბადრუკი არაფერია, რომელსაც ასეთი სისულელის სჯერა.
და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო:
ნუ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ ხალხისა და სამართლიანობის სახელით საკუთარი ჟინი დაიკმაყოფილოს.
სწორედ ხალხისა და სამართლიანობის სახელით ისპობოდა ყველგან და ყოველთვის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი.
 ჩვენი კონსტრუქციული ქმედებითა და აზროვნებით მივიღოთ ხელისუფლებისგან ის, რაც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და რაც სახელმწიფოს წინსვლას შეუწყობს ხელს.

ამ წერილს მაჰათმა განდის სიტყვებით დავასრულებ:  „სიცრუე რომ ქვეყანას მოსდო, ამით ის ვერ იქცევა ჭეშმარიტებად, ისევე, როგორც ჭეშმარიტება ვერ იქცევა სიცრუედ, თუნდაც მას ვერავინ ხედავდეს".

პატივისცემით  და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
08.06.2013

  სხვა წერილები  იხ. Google-ში მისამართზე:  http://natali-tavisufali.blogspot.com/

No comments:

Post a Comment