Thursday, February 13, 2014

ახალი ათასწლეული, ახალი საუკუნე


ახალი  ათასწლეული,  ახალი  საუკუნე

მე-14  წელიწადია  ახალი  ათასწლეულისა  და  ახალი  საუკუნის  ზღვარს  გადავაბიჯეთ. 
ცხადია,  თოთხმეტი  წელიწადი  ძალიან  მცირე  დროა  იმისათვის,  რომ  გამოიკვეთოს  ამ  ათასწლეულის  სულისკვეთება.  მით  უმეტეს,  რომ  საუკუნის  ცვლილებასაც    თავისი  ელფერი  შეაქვს  სამყაროში.  ისევე,  როგორც  „ქვეყანა,  გვაქვს  უთვალავი  ფერითა“,  სულიერი  სამყაროც  უთვალავი  ფერითაა  წარმოდგანილი  და  მხოლოდ  იდეალისტს  აქვს  იმის  ბედნიერება,  რომ  დაინახოს  მისი  მრავალფეროვნება  და  სილამაზე,    ანუ  დაინახოს  რეალური  სამყარო  სრულად,  მთელი  თავისი  დიდებით.
ვფიქრობ,  ახალი  ათასწლეულის  სულისკვეთება,  სწორედ  ესაა  --  რაც  შეიძლება  მეტი  ადამიანი  ეზიაროს  ამ  ბედნიერებას.    ამის  შესაძლებლობა  სამყაროს  შექმნისთანავე  მოგვცა  შემოქმედმა,  რაც  ეტაპობრივად,  დიდი  წინააღმდეგობების  დაძლევით,  ნელ-ნელა  ხორციელდება,  მატერიალიზდება. 
არა  ერთხელ  თქმულა,  რომ  აზროვნება  არის  უმაღლესი,  იმ  უნართა  შორის,  რომელსაც  ფლობს  ადამიანი  ხილულ  სამყაროში,  და  რომ  აზრი  ცოცხალი  ძალაა.  სამწუხაროდ,  ამ  ძალას  ბევრი  ადამიანი  ან  არ  იყენებს,  ან  მიმართავს  თავისსავე  საწინააღმდეგოდ    ნეგატიური  აზროვნებით.
სულიერ  სამყაროს,  ცხადია,  თავისი  კანონები  აქვს  და  მათი  უგულებელყოფა  ადამიანისა  და  საზოგადოების  მიერ  ისეთივე  ზიანის  მომტანია,  როგორიც,  მაგალითად,  ხილულ  სამყაროში  მიზიდულობის  ძალის  გაუთვალისწინებლობას  შეიძლება  მოჰყვეს.
უპირველეს  ყოვლისა,  სულიერი  სამყაროს  კანონების  არცოდნა  ან  გაუთვალისწინებლობა  ავიწროებს  ადამიანის  თვალსაწიერს,  მისი  მიმღებლობის  უნარს;  რაც  თავის  მხრივ,  წარმოქმნის  უსაფუძვლო  შიშს    განსხვავებული  აზრის  მიმართ.  ეს  ყოველივე    ამავე  ადამიანის  საზიანოდ  მთავრდება:  აისახება  მის  სულიერ,  ხოლო  შემდეგ  ფიზიკურ  ჯანმრთელობაზეც  კი.
დღეს  განათლება  დიპლომების  და  სერტიფიკატების  სიმრავლით  იზომება.  თუმცა,  მიმაჩნია,  რომ  ამასთან  ერთად  სულიერი  სამყაროსადმი  დამოკიდებულებაც  უნდა  იქნეს  გათვალისწინებული.  რადგან  ამით  მნიშვნელოვნად  განისაზღვრება  საზოგადოების  სიჯანსაღე. 
ცხადია,  ამ  წერილში  მეცნიერულ  წიაღსვლებს  არ  შევუდგებით,  თუმცა,  შეგვიძლია  მსუბუქად  განვიხილოთ  ერთი  მნიშვნელოვანი  საკითხი,  რაც,  სულიერი  სამყაროს  ერთ-ერთი  ბურჯია.
ეს  არის  სიმართლე.    მისი  ვექტორი,  უპირველეს  ყოვლისა,  შიგნით  უნდა  იყოს  მიმართული.  ანუ,  მანამდე,  სანამ  ადამიანი  გარეთ  დაიწყებს  სიმართლისა  და  სამართლიანობის  ძებნას,  მან  თავისი  გულწრფელობა  უნდა  შეამოწმოს. 
გულწრფელი  ადამიანი  არასოდეს  არავის    დასწამებს  ცილს,  არასოდეს    აჰყვება  უსაფუძვლო  ჭორებს,  არასოდეს  დაიწყებს  წუწუნს,    ტირილს  და  მათხოვრობას,  როცა  ხელის  განძრევა  შეუძლია.  გულწრფელი  ადამიანისთვის  უცხოა  უმადურობა,  სიცრუე,  ბოღმა,    შური  და  შურისძიება.  შურსა  და  რისხვას  ძნელად  თუ  ვინმესთვის  არ    დაუბნელებია  გონება,  მაგრამ,    სხვაა,  როცა    ამით  იძინებ  და  ამით  იღვიძებ,  ამით  სუნთქავ  და  ამით  ცოცხლობ,  ნაცვლად  იმისა,  რომ  სასარგებლო  საქმე  აკეთო.  გულწრფელი  ადამიანი  არასოდეს  დაიწყებს  ვინმეს  დევნას  განსხვავებული  აზრის,  თუ  პოზიციის  გამო.
ნებისმიერი  სასულიერო    ლიტერატურა  სიმართლეს  და  გულწრფელობას  ფასდაუდებელ  საუნჯედ  მიიჩნევს. 
სწორედ  ამ  ფასეულობებზეა  აგებული  ცივილური  საზოგადოების  ურთიერთობები  და  ამ  ურთიერთობებით  კი    სახელმწიფოს  სიძლიერე  განისაზღვრება.   
სიმართლე  და  გულწრფელობა  წინაპირობაა  ღირსებისა,  რაც  თავის  მხრივ    ნამდვილი  თავისუფლებისკენ  უხსნის  გზას  პიროვნებას.



    სხვა  წერილები    იხ.  Google-ში  მისამართზე:    http://natali-tavisufali.blogspot.com/


ნატალია  ბუკია
13.02.2014






No comments:

Post a Comment