Tuesday, February 18, 2014

ზვიად!



შენი  წმინდა  სისხლი  ისევ  შესჩუხჩუხებს  ზეცას,  ზვიად,  და  შენი  მკვლელები  ისევ  დაუსჯელნი  დაატარებენ  თავიანთ  უბადრუკ  სულს  გონებაარეულები.  ვერც  კი  მიმხვდარან  რა  ჩაიდინეს!
უპირველეს  ყოვლისა,  უნდა  მოვიხსენოთ  პუტჩის  იდეური  წინამძღოლი  სისხლისმსმელი  შევარდნაძე  და  მისი  ნათლია,  ახალი  კაიაფა;
მწერლებად,  პოეტებად,  არტისტებად,  რეჟისორებად,  მეცნიერებად  წოდებული  წითელი  ინტელიგენცია  და  მათი  პოზიციების  გამმყარებელი  ჟურნალისტები,  წარამარა  მათთან  რომ  დარბიან  ინტერვიუების  ასაღებად;
იმჟამინდელი  თბილისის  მთავარი  დამანგრეველი  იოსელიანი  პანთეონში  განისვენებს.  სხვები  ბრძნულ  აზრებს  აფრქვევენ  ტელევიზიიდან,  თუ  პრესიდან.
ის,  მეორე  იოსელიანიც,  ტყე-ტყე  რომ  მოგდევდა  (პირველად,  სწორედ,  მაშინ  გამახსენდა  ვაჟას  „ირემი“),  სინდისის  ქენჯნის  გარეშე  წავიდა  ამ  ქვეყნიდან  .  .  .
ახალი  თაობა  გაიზარდა,  უკუღმართად  უნერგავენ  ინფორმაციას.  თეთრი  და  შავი  ერთმანეთშია  არეული  და  აი,  შედეგიც:  უკვე  მეორედ  ცდილობს  შავი  ძალა  ქვეყნის  საფუძვლების  შერყევას  და  ჩამოშლას. 
................................................................................................... 
შენ,  თავისუფალი  საქართველოს  პირველ  პრეზიდენტს,  ჯერ  კიდევ  არ  დაგიმკვიდრებია  სათანადო  ადგილი  ისტორიაში.    
პოლიტიკოსი  არ  იყოო,  დიპლომატია  აკლდაო  .  .  . 
რატომ  ღმერთი  არ  გაიცინებს!? 
ის  კი  არ  უკვირთ,  რომ  დიახ,  არაპოლიტიკოსი  და  არადიპლომატი,  შეეჭიდე  იმ  ურჩხულს  და  დაამარცხე,  როგორ  შესძელი  იმ  ველურ  დროში  ასეთი  დიდი  ნაბიჯებით  წინსვლა  და  საქართველოს  დამოუკიდებლობისთვის  ისეთი  საფუძვლის  ჩაყრა,  რომ  შემდეგმა  ნგრევის  ათწლეულმაც  კი  ბოლომდე  ვერ  მოსპო!  და  ეს  იმ  დროს,  როცა  გარშემო  ქვეყნის  მოღალატეები  გეხვია,  რომლებიც  საზღვარგარეთაც  კი  დეზინფორმაციას  ავრცელებდნენ  .  .  . 
და  ეს  მაშინ  --  როცა,  ის  დასავლეთიც  არ  აღმოჩნდა  მზად  ახლად  განთავისუფლებული  ქვეყნების  მისაღებად.  ბრმად  ენდო  რუსეთის  სპეცსამსახურების  ლაქიებს  .  .  .
იმ  პირველი  კვალის  გავლება  რაოდენ  უფრო  ძნელი  იყო,  თან  ასეთი  გარემოცვის  პირობებში!
როგორ  შესძელი?
ადამიანების  უანგარო  სიყვარულმა  და  სამშობლოსთვის  თავგანწირვამ  შეგაძლებინა,  რაც  ყველა  დროში  და  ყველა  სივრცეში  განსაკუთრებით  დასაფასებელია.
მართლაც,  თუ  გინდა,  რომ  ადამიანი  გადარიო,  ისეთი  რამ  დააბრალე,  რასაც  თავად  ებრძვის.  შენ,  იმ  ეპოქის  უდიდეს  ჰუმანისტს,  შოვინისტობის  ცილი  დაგწამეს  ვაი-პოლიტიკოსებმა  და  იმდენი  მოახერხეს,  რომ  დღესაც  დასავლეთში  ზოგიერთს  თითზე  დაუხვევია  კონტექსტიდან  ამოგლეჯილი  ფრაზები,  სიტუაციისა  და  ადგილის  გაუთვალისწინებლად  .  .  .
ასეთი  მოღვაწე  რომელიმე  ქვეყანას  რომ  ჰყოლოდა  პოსტსაბჭოთა  სივრცეში,  დარწმუნებული  ვარ,  მთელ  მსოფლიოს  მოჰფენდნენ  მის  სახელს.  აქ  კი  .  .  .
ჰოდა,  აი,  უმადურობის  შედეგი: 
საქართველოს  თავისუფლებას  მეორედ  უტევენ  პოლიტიკოსობას  ამოფარებული  რენეგატები. 
როგორც  მაშინ,  შენს  მიმართ  სიძულვილს  გადააყოლეს  ქვეყნის  ბედი,  ასევე  დღესაც,  „ერთი  კაცის“  სიძულვილს  შესწირა  ისევ  იმ  „ინტელიგენციამ“  და  ჭორებით  და  სიხარბით  დაბრმავებულმა  ხალხმა  ქვეყნის  წინსვლა-განვითარება. 
ჩვენი  ენერგიით  სავსე,  მსოფლიოს  მიერ  ნოვატორად  აღიარებული  საამაყო  პრეზიდენტი,  რომლითაც,  დარწმუნებული  ვარ,  შენც  იამაყებდი,  გულნატკენი  წავიდა  საქართველოდან  .  .  .
ის  ადამიანები,  ვინც  ამ  ქვეყანაში  ძველბიჭური  აზროვნებას  და  დანაშაულს  სძლია,  ციხეში  ჰყავთ  გამომწყვდეული,    სდევნიან  იმ  გუნდს, რომელიც  პროგრესისკენ   მიაბიჯებდა,  სძულთ  წესრიგი  და   სამართლიანობა,  თუმცა,  ამ  სპექტაკლებს  სამართლიანობის  სახელით  დგამენ .  .  .
ისევ  იგივე  ე.წ.  ინტელიგენციის  წარმომადგენლები  აქტიურობენ,  იგივე  სახეები,  იგივე  ჟინი  .  .  .
თუმცა,  ნელ-ნელა  მიიკრიფერბიან  იმქვეყნად,  აქ,  პანთეონებში  უდებენ  ბინას და  ვარსკვლავებს  უხსნიან  მათი  ჭირისუფლები  (ალბათ  ჰგონიათ,  იქ  ეს იქნება მათი  სავიზიტო  ბარათი)  .  .  .
სირცხვილი  ჩვენ,  ასეთი  განუკითხაობისთვის!!!
. . . მაგრამ,  გაივლის  ათწლეულები  და  მომავალი  თაობა  ადეკვატურად  შეაფასებს  ყოველივეს!
მაშინ  საქართველო  ნამდვილად  თავისუფალი  და  ძლიერი  სახელმწიფო  იქნება.  თავისუფალი  და  ჯანსაღი  ადამიანებით  დასახლებული.
მჯერა,  ასე  იქნება,  ზვიად!

ნატალია  ბუკია
18.02.2014
მოძრაობა  „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“


 

 
 


No comments:

Post a Comment