Friday, February 15, 2013

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, წერილი მეცხრე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეცხრე
წინა წერილში სახელმწიფო უშიშროების ინსტიტუტები ვახსენე, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის ერთად-ერთი ორგანო, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცია იმ ფაქტისთვის, რომ მისი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უცხო და თანაც მტრული ქვეყნის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, მაშინ, როცა თავად საქართველოს სახელმწიფოს  სტრატეგიული კურსი რადიკალურად განსხვავებული იდეალებისკენაა მიმართული.
ყოველგვარ ძალადობაზე უარესი, პირადად ჩემთვის, ფსიქოლოგიური ზეწოლაა. და ეს აქტი მით უფრო ამაზრზენია, როცა იგი, არაპირდაპირ,  მზაკვრულად, კეთილმოსურნის ნიღბით ხორციელდება. რელიგიურად დამშეულ ქვეყანაში, ცხადია, ძნელი არ არის ნებისმიერი რელიგიის გავრცელება, ამიტომაც, პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთბაშად იფეთქა რამდენიმე კონფესიურმა მიმართულებამ, რომლის წინააღმდეგ ყველაზე გააფთრებით მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიწყო ბრძოლა  და მან იცოდა, რომ გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა თავისი ბექგრაუნდის, ისტორიული მნიშვნელობის, ანუ წარსული დამსახურების  გამო, რაც ამ ეკლესიას  საუკუნეების განმავლობაში გააჩნდა  ერისა და ვეყნის წინაშე.  ამ გამარჯვებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2002 წელს დადებულმა კონკორტადმა, ანუ კონსტიტუციურმა შეთანხმებამ საქართველოს სახელმწიფოსა და  მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რაც  მიმაჩნია კიდევ ერთ ნაღმად სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თუმცა, ეს დოკუმენტი აღნიშნავს, რომ  მასში „თანაბრადაა განმტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, ამავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება“, მაგრამ, რეალობა სულ სხვაა. რეალობა ის არის, რომ ამბიონებიდან თუ ინფორმაციული საშუალებებით პერმანენტულად, ღიად თუ ქვეტექსტებით  ხორციელდება ზეწოლა ადამიანების ფსიქიკაზე და შთაგონება, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია მართლმადიდებლობაა და სხვა ყველა რელიგია სატანიზმია, ამიტომ გადარჩებიან მხოლოდ მართლმადიდებლები, ხოლო  ყველა დანარჩენი რელიგიის მიმდევარ ადამიანს ჯოჯოხეთის ცეცხლი მოელის.
ზოგიერთი სასულიერო პირის  ქადაგება ხომ მართლაც, კარიკატურულია. ამქვეყნიური აღსასრულით  და ჯოჯოხეთის ცეცხლით   ისეთი კომპეტენტურობით  და რიხით იმუქრება, თითქოს, თვითონ სასუფევლის გასაღები  ჯიბეში უდევს. შიშით დაზაფრულ ადამიანებს  კი ნაბიჯიც ვეღარ გადაუდგამთ  თავიანთი ნება- სურვილით  თუ შეხედულებით.   და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია -- ეს ფენომენი შეინიშნება თვით საკმაოდ განათლებულ   ადამიანებშიც.
ახლა,  კიდევ ერთ უბრალო კითხვას დავსვამ: ქვეყანაში, სადაც არაერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც უნდა სწავლობდეს ადამიანებზე ძალადობის ფაქტებს  და მოვალეა გარკვეული რეაგირება მოახდინოს,  განა ვერ ხედავს ამ პრობლემას?  და რატომ სათანადო შეფასებას არ  აძლევს მას?
რამდენჯერაც გავსაუბრებივარ ამგვარად  დაშინებულ ადამიანებს, აღმომიჩენია, რომ მათ ან სრულიად გადავიწყებული აქვთ ქართველი თუ უცხოელი კლასიკოსების, მწერლების  ნაწარმოებები, რომელთაც  ქრისტიანული ფასეულობანი მხატვრულად, პოეტურად, მიმზიდველად აქვთ გადმოცემული, ან ამ მნიშვნელოვან კულტურას ქრისტიანობასთან ვერ აკავშირებენ და ვიღაც-ვიღაცეების თეოლოგიურად საეჭვო ღირებულების დოქტრინებს ეყრდნობიან.
ერთხელ,  ჩემს  ერთ ასეთ  მოკამათეს, რომელმაც დიდი რუდუნებით გადმომილაგა ასეთი „სწავლებანი“,  გაოცებულმა ვკითხე: რა კავშირი აქვს ყოველივე მაგას ქრისტიანობასთან?  დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი ავტორიტეტები სასუფეველში  არიან და ჩემს მიერ ჩამოთვლილი მოაზროვნენი კი არა-მეთქი?  რა თქმა უნდაო, მიპასუხა.
--ჰო,  და --  ვუთხარი -- შენი არ ვიცი, და მე არც ვისურვებდი  მაგ შენ ავტორიტეტებთან  მოხვედრას, მირჩევნია გულწრფელი და ქრისტიანული ღირებულებების არა სიტყვით მქადაგებელი, არამედ ამ ღირებულებებით მცხოვრები ადამიანების საუფლოში  მოვხვდე-მეთქი.
მაგრამ, მანამდე, სანამ საუკუნო განსასვენებელის ღირსი გავხდებით, ამქვეყნიური ურთიერთობების დახვეწაა საჭირო, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა  ძლიერ სახელმწიფოდ შედგეს.  
საქართველოს  მოსახლეობამ ერთხელ უკვე გამოხატა თავისი სურვილი, რომლის საფუძველზეც ჩვენმა სახელმწიფომ ევროატლანტიკური კურსი აირჩია.ამ არჩევანით  ჩვენმა მოსახლეობამ   დემოკრატიული ფასეულობების განუხრელი დაცვის პასუხისმგებლობა იკისრა. ამ პასუხისმგებლობას შესრულება სჭირდება.  მაგრამ შეუძლებელია შეასრულო ის, რაც ნათლად არ გაქვს გააზრებული და გაურკვეველი შიშით ხარ შეპყრობილი, რომელიც ვერ დაგიძლევია. 
როგორც ზემოთ აღვნიშნე, დემოკრატიული ფასეულობები ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.  პირველი და უმთავრესი, მათ შორის, ადამიანის ნების  თავისუფალი გამოხატვის საშუალებაა.  ეს არის  ძირითადი საფუძველი, რომელიც, მათემატიკური ენით რომ ვთქვათ, დემოკრატიის აუცილებელი, მაგრამ, არასაკმარისი პირობაა, რადგან  ამაზე   უნდა დაეშენოს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფასეულობანი:  სხვა ადამიანის ღირსებისა და განსხვავებული აზრის, სახელმწიფო მნიშვნელობის  სტრუქტურების,  ატრიბუტიკის  პატივისცემა და მრავალი სხვა რამ, რის სწავლებაზეც უნდა ზრუნავდნენ  კულტურის  და  საგანმანათლებლო  ინსტიტუტები, ამ მხრივ განათლებას ხელს უნდა უწყობდნენ, აგრეთვე,  რელიგიური  ცენტრები და საინფორმაციო საშუალებები.
მაგრამ,  ჩვენთან ქაოსია . . .
რა უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, რომელიც თვითონ არის შეპყრობილი ქსენოფობიით, ჰომოფობიით, თუ სხვა ფობიებით?
ამერიკაში ყოფნისას რამდენიმე კოლეჯს ვესტუმრეთ.  ერთ-ერთი დაწყებითი კოლეჯის დირექტორმა ზოგადად გაგვარკვია სწავლების სისტემაში და შემდეგ შემოგვთავაზა  კითხვები დაგვესვა. მე ძალიან მიყვარს მარკ ტვენი და კერძოდ -- „ტომ სოიერი“ , ამიტომ  დავინტერესდი, ისწავლებოდა თუ არა ეს ნაწარმოები კოლეჯში და -- რა დოზით.  პასუხი ჩემთვის მოულოდნელი იყო: არა, რადგან ის უკვე აღარ შეესაბამება დღევანდელ სტანდარტებს და ამიტომ მისი სწავლება დაწყებით კოლეჯში არ არის რეკომენდირებული. დაწყებითი კლასებისთვის იქმნება საგანგებო ტექსტები, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე სოციალური პიროვნების აღზრდას შეუწყობს ხელს, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება ძირითადი მორალური  ფუნდამენტის შექმნაო.
6-11 წლის მოზარდს  ვერბალური მაგალითებიც სჭირდება და ფაქტობრივიც.  რა ცხოვრებისეული მაგალითები მიიღეს დღევანდელმა 18-25 წლის ახალგაზრდებმა  და რა მაგალითს იღებენ დღევანდელი ბავშვები?
დავიწყოთ იმით, რომ  საქართველოს ამაოხრებელი ჯაბა სიონიდან თუ სამებიდან გაასვენეს და დიდუბის საზოგადო  მოღვაწთა პანთეონში დაუდეს ბინა, ხოლო როცა ერთმა პიროვნებამ ბოლოს და ბოლოს გაბედა ამ სამარცხვინო ფაქტის გაპროტესტება და საზოგადოების საკმაოდ საგრძნობმა ნაწილმა დაუჭირა მას მხარი,  ისე მიაჩუმათეს ეს ამბავი, როგორც კომუნისტებს სჩვეოდათ-ხოლმე.  აი, ეს იყო ძველი ხელისუფლების კიდევ ერთი შეცდომა. ამის ლოგიკური გაგრძელება,  იცით რა არის? დღევანდელი სრულიად არაკომპეტენტური იუსტიციის მინისტრის მიერ გახსნილი მემორიალი, რომელიც მან პოლიციასთან შერკინებულ და „გმირულად დაცემულ ვაჟკაცებს“  მიუძღვნა. მე არ  ვამართლებ ძალადობას  პოლიციელების მხრიდან, თუმცა, საზოგადოებამ კარგად უნდა  გააცნობიეროს, რა შედეგს მოიტანს ასეთი მემორიალები.  ამ სუბიექტს თავი მოაქვს, ევროპაში ვმუშაობდიო და ის მაინც არ გაუგონია, რომ იქ სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლის შეურაცხმყოფელს საკმაოდ მკაცრი სასჯელი   მოელის? თუმცა, რა უნდა გამიკვირდეს, როცა თვითონ არ გააჩნია პატივისცემა სახელმწიფო ატრიბუტიკის მიმართ!?
ასევე ცალმხრივად არის შეფასებული საზოგადოებაში  7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენები. 26 მაისს დაგეგმილი იყო სახელმწიფო ღონისძიება, რომლის ჩაშლა მოინდომა ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა. რომელი სახელმწიფო დაუშვებდა ამას? რომელი საზოგადოება წამოეგებოდა იმ ანკესზე, რომელზედაც ჩვენი ხალხი წამოეგო? მხოლოდ ის, რომელსაც არ ესმის სახელმწიფოს წინაშე თავისი ვალდებულება. ხოლო 7 ნოემბერს რა მზადდებოდა,  აქ ერთი  იუზერის მოსაზრებას მოგაწვდით მცირე შემოკლებით,  რადგან უკეთეს ანალიზს მე ვერ გავაკათებ.
Zviadi Zviadadze :
„2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც ასე ხშირად "აპიარებს" ოცნების კოალიცია (და არა მარტო ისინი), არც ერთი ექსპერტი (მართლა ექსპერტი და არა ის, ადრე "კგბ"-ში რომ მუშაობდა და ახლა ექსპერტად იწოდება),  არ გამოსულა საჯაროდ და არ გაუკეთებია ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა, რა შეიძლება მომხდარიყო, რა იყო დაგეგმილი. მაშინაც კი, როცა რუსეთმა აღიარა,  2008 წლის ომი 2006-ში დავგეგმეო.  2007წლის მოვლენები ამ გეგმის ნაწილი იყო და ეს პირდაპირ პირველსავე მიტინგზე გამოსვლისას გაახმოვანა პატარკაციშვილმა: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც დავგეგმეთ". მომიტინგეებს ეგონათ,  ჩვენ მოგვმართავსო და ოვაციებით შეხვდნენ, მაგრამ, ის იქ მიმართავდა, სადაც ომი დაიგეგმა და ამას, ალბათ, შემდეგი მიზანი ჰქონდა,  პროგრამა მინიმუმი: მოსახლეობის დეზორიენტაცია, დემორალიზაცია, გახლეჩა, სახელმწიფოსადმი აპათია;  მთავრობის ყურადღების გადატანა სხვა პრობლემებზე, ყურადღების მოდუნება, ფინანსების დაუგეგმავი არამიზნობრივი ხარჯვა, მოსახლეობის თვალში რეპუტაციის შელახვა; ქვეყნის რეპუტაციის შელახვა საერთაშორისო ასპარეზზე, მისი დაკნინება. ეს ყველაფერი ბრწყინვალედ შეასრულა!..  პროგრამა მაქსიმუმი:  ქვეყნის მმართველი გუნდის შეცვლა, პრეზიდენტის ჩამოგდება  და მათთვის სასურველით ჩანაცვლება, მაგალითად -- "გრეჩიხა";  მომავლისთვის ახალი საპრეზიდენტო კანდიდატურის მომზადება... რა მოხდებოდა, თუ პროგრამა მაქსიმუმი შესრულდებოდა, ომი იქნებოდა თუ არა?!  რა თქმა უნდა, იქნებოდა, რადგან დაგეგმილი  იყო,  ე.ი ფული იყო გამოყოფილი, იმაზე ბევრად  მეტი, ვიდრე სჭირო იყო და ამ ფულის დიდი ნაწილი მოსაპარავი იყო... თვით პუტინიც რომ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, ომი მაინც დაიწყებოდა.
ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ:  დაიწყო ომი და პრეზიდენტია "გრეჩიხა".  ოოო, რას გაგვაუთოვებდნენ!! ამის მერე ჩატარდებოდა "არჩევნები" და ავირჩევდით ბურჯანაძეს .. "შესანიშნავი პერსპექტივა“ გადაიშლებოდა ქვეყნისთვის, მაგრამ ყველაფერი წინა გვაქვს... ივანიშვილმა თავის პირველ მიტინგზე, თავისუფლების მოედანზე, ამაღლებულ ტონალობაში გამოაცხადა:  ჩვენ ყველაფერს ჩვენი გეგმისდა  მიხედვით გავაკეთებთო.  რომელი გეგმისდა მიხედვით? ეს არის გეგმა "B"...  ასე, რომ "საშინელებათა ფილმი" გრძელდება ... თუ ასე გაგრძელდა, ევროპა და  ნატოც ალბათ აღარ დაგვჭირდება და ყველაფერი მაინც  ნაციონალებს და მიშას დაბრალდება“...
ამ აზრს საკმაოდ ბევრი ადამიანი ეთანხმება  და ამიტომ, აღნიშნული  მოვლენების  შეფასება საზოგადოების ღია და ფართო მსჯელობის შემდეგ უნდა გაკეთდეს და არა ასე -- პარლამენტის უმრავლესობის მიერ თითისქნევის ფონზე.
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
14.02.2013 წ.   
წერილების სერია:  „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“    იხ. Google-ში მისამართზე:

No comments:

Post a Comment