Monday, February 4, 2013

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, წერილი მერვე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მერვე
როგორც აღვნიშნე, პირველი ეკლესიები ჩვენს ქვეყანაში თავად  ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს.   და აქედან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეკლესიას  საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერქვა. ხოლო  ჩვენ ქრისტიანებს გვიწოდებდნენ.  
სისადავე და მარტივი, მეგობრული ურთიერთობები  ახასიათებდა სხვა რელიგიების მიმართ  ჩვენს ეკლესიას საუკუნეების წინ  . . .
     ამჟამად გაბატონებული სიტყვა  ‘მართლმადიდებელი’  ტექნიკური ტერმინია, რომელიც აღმოსავლეთის, ანუ ბიზანტიის ეკლესიას განასხვავებს დასავლეთის ანუ კათოლიკური ეკლესიისგან. თავისთავად, ‘კათოლიკურიც’  ტექნიკური ტერმინია, რაც საყოველთაოს ნიშნავს.  ეს ტერმინები აქტუალური გახდა ამ ორ ეკლესიას შორის განხეთქილების, ანუ 1054 წლის შემდეგ. მანამდე,  ისინი  სხვადასხვა დანიშნულებით  გამოიყენებოდა. მაგალითად, სიტყვა კათოლიკური გვხვდება მრწამსში, სწორედ საყოველთაოს, მსოფლიოს აღმნიშვნელად.  ხოლო მართლმადიდებლობას მართალი სარწმუნოების აღმნიშვნელად, ანუ აზრის გასაძლიერებლად იყენებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც -- მაგალითად, სომხეთში,  რაც დასტურდება ლიტერატურული წყაროებით.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის განხეთქილება წმინდა პოლიტიკური ხასიათის იყო, თუმცა, საბაბად დოგმატური განსხვავება დასახელდა. ეს ძალიან კარგად უწყოდა საქართველოს როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურმა  ელიტამ. ამიტომ საქართველოს ეკლესიას  არ შეუწყვეტია მეგობრული ურთიერთობა რომის ეკლესიასთან განხეთქილების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად აღმოსავლური მიმართულება აირჩია. 
 საზოგადოდ, საქართველოს ეკლესიას  ვიწრო კონფესიური კარჩაკეტილობა და სექტანტიზმისკენ  მიდრეკილება  არ ახასიათებდა, ამას ისტორია ადასტურებს.  შესაბამისად, არც ქართველ ადამიანს ახასიათებდა შოვინიზმი  და ქსენოფობია, რაც ნიშნავს  პათოლოგიურ შიშს უცხოელების ან უცხო კულტურის მიმართ. პირიქით, ქართველი უცხოელს განსაკუთრებული მოწიწებით ეგებებოდა, ამასაც ისტორია ადასტურებს -- ისტორიაც და ლიტერატურაც.
მაშ,  როდიდან და საიდან შემოიჭრა ჩვენს საზოგადოებაში  ეს სენი?
მიუხედავად იმისა, რომ დიად საბჭოთა კავშირს   თავი მოჰქონდა ინტერნაციონალიზმით,  ისე, როგორც ყველა იმპერიაში,  მასშიც ერებს შორის სიძულვილი ჰყვაოდა.
70-იანი წლების ბოლოს ჩვენს ოჯახში ხშირად ჩამოდიოდა მოსკოველი ნათესავი --მამით რუსი.  ერთ-ერთი ასეთი  ვიზიტისას, მან სწორედ ის კითხვა  დასვა, რომელიც ათწლეულების შემდეგ  ასე  ხმამაღლა გაჟღერდა  ერთ  ქართულ ფილმში:
--Почему нас,  русских, никто не любит?
მე გამიკვირდა, რადგან, მთელი ჩვენი ოჯახი კეთილგანწყობილი იყო მისდამი. თუმცა,  დედაჩემმა, რომელმაც ექვსი წელიწადი იმუშავა მოსკოვში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და საკმაოდ კარგად იცნობდა ამ ქვეყანას, დაუყოვნებლივ უპასუხა:
--Потому что, вы не любите никого.
--Это как? -- გაუკვირდა.
--Вот так. Нас, кавказцев, любите?
--Ну, кавказцы, в основном приезжают спекулировать и потому . . .
--Ладно, а средноазийцев любите?
-- Ну, они же скоты! --გეფიცებით, არ ვაჭარბებ, ზუსტად ასე თქვა!
--Прибалтийцев?
-- Ну, они надменны, потому  . . .
--А белорусцев или украйнцев?
-- Ну, они же хохлы . . .
უცხოელებზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ისინი  საზიზღარი კაპიტალისტები და სსრკ-ს  მტრები იყვნენ . . .
საყოველთაოდაა ცნობილი რუსული შოვინიზმი. ამ დაავადებამ,  სამწუხაროდ,  მოგვიანებით  ჩვენშიც მოიკიდა ფეხი.
მახსენდება  ერთი ამბავიც:
ჩემი ძმის კლასის დამრიგებელმა  მშობელთა კრება მოიწვია.  დედაჩემს გაუკვირდა, რადგან  სწავლა სულ რამდენიმე კვირის დაწყებული იყო და კრება ახალადჩატარებული ჰქონდა დამრიგებელს. აღმოჩნდა, რომ მშობლების შეკრებისა და მათი ინფორმირების აუცილებლობა   მეტად მნიშვნელოვანმა ფაქტმა განაპირობა:  კლასში იყო ერთი არაქართველი ბავშვი, რომელსაც ყოველდღე ისე მოაბეზრეს  თურმე თავი  თანაკლასელებმა  „თათარო, თათარო“-ს ძახილით, რომ ბავშვმა კლასში დანა მიიტანა. ჰოდა, კლასის დამრიგებელმა მშობლების თანდასწრებით უთხრა დედაჩემს:
--ქალბატონო, ერთი მოგვიყევით, როგორ ზრდით შვილს. მის გარდა ყველა ბავშვს დიდი საშიშროება ელოდა. თქვენი ბიჭუნა კი ისე უყვარს, თვალში რომ ჩაუვარდეს, თითს არ ამოისვამს.
ამ სამარცხვინო ტენდენციას -- მთელი ერის სიძულვილს მხოლოდ ათეიზმით ვერ ავხსნით, რადგან  ბოლო დროს იგი კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა ე.წ. ეკლესიურ საზოგადოებაში. თუმცა, ერთი გამონაკლისით --  ერთად-ერთი თანამორწმუნე  და ამდენად, მოძმე ერი -- მართლმადიდებელი რუსეთია.  
რუსეთმა, რომელმაც ბიზანტიური, ანუ აღმოსავლური ქრისტიანობა აირჩია თავის სახელმწიფო რელიგიად, მას თავიდანვე ‘პრავოსლავიე’ უწოდა ‘ორთოდოქსულის’ შესაბამისად.  საქართველოს ოკუპაციისა და ეკლესიის ავტოკეფალიის ართმევის შემდეგ, რუსეთმა,  გარდა იმისა, რომ გაძარცვა  ჩვენი ეკლესიები, აკრძალა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, ქართული გალობა, იმთავითვე დაიწყო ქართული საეკლესიო ტერმინებისა და ტრადიციების მოშლა.  ამ პრობლემამ  სიმწვავე დაკარგა ათეისტი კომუნისტების მმართველობის პერიოდში. მაგრამ, როგორც კი ეკლესიას მრევლი მოემატა, 90-იან წლებში, ისევ გაძლიერდა იმავე სულისკვეთების  დანერგვა.
ეს გამოიხატებოდა მრავალ ასპექტში.   
ბევრმა  ადამიანმა ძალიან კარგად იცის სიმბოლოების, რიტუალების  მნიშვნელობა.
ვისაც არ  ესმის ეს მნიშვნელოვანი სფერო და ბრმად მისდევს მას, იგი აძლიერებს იმ ძალას, რომელმაც  თავისი მიზნის მისაღწევად მოახვია თავს ესა თუ ის სიმბოლო თუ რიტუალი.
რუსეთის ეკლესიამ პირჯვრის წესითა და სასულიერო პირთა შესამოსელით დაწყებული და ტიბიკონებითა და საეკლესიო ტრადიციებით დამთავრებული, ყველაფერი თავის ყაიდაზე მოირგო. საოცარი და უცნური ეს არ არის -- ყველა ეკლესიას აქვს თავისი წესები. საოცარი და უცნაური ის არის, რომ მრავალსაუკუნოვან საქართველოს ეკლესიას   თავს მოახვიეს  თავიანთი ტრადიციები. და რაც მთავარია, არა როგორც ტრადიცია, არამედ -- როგორც დოგმა,  თან ისე ძლიერად, რომ სრულიად ამოძირკვეს ჩვენი ტრადიციები. მთავარი აქცენტი  გარეგნულ ფორმებზე და  რიტუალურ ქმედებებზე გადაიტანეს  და  ძირითად ქრისტიანულ  ფასეულობებს არსი გამოაცალეს. ტერმინებს აზრი შეუცვალეს.
ამ  წერილების დაწერის მიზანი  რელიგიის საკითხების განხილვა  არ ყოფილა, მე ამჯერად,  ჩვენს ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ, ხალხში სიძულვილისა და აგრესიის ესკალაციამ  შემაშფოთა. მაგრამ, მაინც, ერთი ტერმინის, ‘მორჩილების’  შინაარსის  მაგალითზე ვნახოთ, თუ  როგორ  არის გაუკუღმართებული  ქრისტიანული ღირებულებები.
‘მორჩილება’, უბრალოდ და მარტივად ღვთისადმი მორჩილებას გულისხმობს.  მაგალითად, იმისდა მიხედვით, თუ როგორ უმკლავდება ადამიანი თავს დაატეხილ  მოულოდნელ  განსაცდელს,  შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი ღვთისადმი მორჩილების დონე. ეს ადამიანის თავისუფალი არჩევანია.  არავის აქვს  უფლება აიძულოს ადამიანი იყოს ვინმეს მორჩილი, რა თქმა უნდა, გარდა კანონისა.  თუმცა, ადამიანს შეუძლია თვით კანონსაც  არ დაემორჩილოს, თუ ამას  სინდისი კარნახობს, ოღონდ, უნდა შეძლოს და შედეგებზე პასუხისმგებლობაც იკისროს.
სასულიერო პირები კი მათდამი მორჩილებიკენ მოუწოდებენ მრევლს.  და ვინც უსიტყვოდ არ ემორჩილება მათ ყოველ სიტყვას,  ჯოჯოხეთის ცეცხლით ემუქრებიან.  
 ამით ქრისტიანობა თავისუფლების და სიყვარულის რელიგიიდან მონობისა და შიშის მექანიზმად იქცა.
დღევანდელი მრევლი  რაღაც მატერიალურის, ხელშესახების მიღების მოლოდინით მიდის ეკლესიაში. ზეთის ცხება, ნაკურთხი წყალი, სებისკვერი . . . თვით ზიარებისასაც კი ზოგიერთი ხორცის გემოს ეძიებს . . .
ეს სარწმუნოებრივი მხარეა. მაგრამ,  ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამით სწორედ ჩვენი უმთავრესი მტერი -- რუსეთის იმპერია სარგებლობს, რადგან ამ რეალობას თავად ქმნიდა.
ამ რეალობას მატერიალისტური რელიგია შეიძლება ვუწოდოთ.
და ამჟამად მას საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უცხადებს ნდობას.
ძალაუნებურად, ასეთ სისტემაში მოხვედრილი ადამიანი ნელ-ნელა იძირება მატერიალიზმში.
ასეთ წარმატებას ალბათ თვით ლენინიც კი არ მოელოდა, როცა ეკლესიის შიგნიდან აფეთქების აუცილებლობაზე წერდა.
ცხადია,  ყველა ისეთი გულუბრყვილო არ არის, რომ სჯეროდეს და იზიარებდეს იმ ფასეულობებს, რასაც ეს ე. წ. მართლმადიდებლობა  სთავაზობს მათ.  და სწორედ აქ იკვეთება ორმაგი მორალის, ორმაგი სტანდარტების პრობლემა. არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ, მათ ხელს აძლევთ, რომ მიიღონ ისეთი პოზა, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. ეს, ან ფულს უკავშირდება ან კარიერას.  ამრიგად, აქ ყველაფერი მატერიალურ კეთილდღეობამდე დადის. ეს არის თავი და ბოლო მათი მიზნისა.
ამ წერილს ერთი პარადოქსული მოგონებით დავასრულებ.
ამ ათი-თხუთმეტი წლის  წინ ჩემი ნათესავი გვესტუმრა თავისი ვაჟიშვილით, რომელიც სკოლას ამთავრებდა.  ვკითხე, სად აპირებ სწავლის გაგრძელებას, რა გინდა გამოხვიდე-მეთქი.
--ან ქურდი, ან მილიციელი ან მღვდელიო -- დაუფიქრებლად მიპასუხა.
გაკვირვება რომ შემატყო, ჩემს ძმას გაეცინა:  ვერ მიხვდი, რა საერთოა მათ შორის? ფული, ფული და ფულიო, მითხრა.
ახლა კი მე ვსვამ კითხვას, ერთ უბრალო კითხვას: განა, სახელმწიფო უშიშროების ინსტიტუტები არ  უნდა დაინტერესებულიყვნენ იმ ფაქტით, რომ უცხო ქვეყანამ მოახერხა თავისი ინტერესები განეხორციელებინა ძალიან მზაკვრული ხერხით -- რელიგიით მანიპულირებით?
მით უმეტეს,  რომ იყვნენ ისეთი თავგანწირული სასულიერო პირები, რომლებიც რისკის ფასად  ამ საშიშროებაზე ხმამაღლა საუბრობდნენ:
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
4.02.2013 წ.    
წერილების სერია:  „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“    იხ. Google-ში მისამართზე:

No comments:

Post a Comment