Wednesday, December 27, 2017

რას გვეუბნება „მექანიკური ფორთოხალი“?

ამ ნაწარმოებზე უამრავი რამ არის დაწერილი, თუმცა, მე მაინც მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა.
რამდენიმე  მოსაზრებას გავეცანი, თითქმის ყველა ერთ აზრამდე მიდის: ძალადობა ძალიან ცუდია, მაგრამ უარესია, როცა ადამიანს არჩევანის უფლებას ართმევ.
ეს განმარტება ძალიან სწორხაზოვანია.  მე  ცოტა განსხვავებულად აღვიქვი წიგნიც და ამავე  სახელწოდების ფილმიც.
ძალიან იშვიათად  მინახავს ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესია და  სწორედ, ეს ის შემთხვევაა.
რას გვეუბნება ამ  ნაწარმოებით ენტონი ბერჯესი, ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის. სტენლი კუბრიკის ფილმი კი სრულიად გასაგები და ნათელია.
თითოეულს განვიხილავ თანმიმდევრობით.
 ერთი მხრივ, ნაწარმოების მთავარი გმირი, ალეკსი, რომელიც თვითონვე აღწერს მის მიერ  ჩადენილი ძალადობის სცენებს, ნორმალურ  მკითხველში აშკარად სიბრაზეს იწვევს მის მიმართ.  ის ბანდასთან ერთად თავს ესხმის სრულიად უცნობ, შემთხვევით ადამიანებს, დასცინის, სცემს უმოწყალოდ,  აუპატიურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხრობის დროს იგრძნობა ერთგვარი სიამოვნება, მათი გახსენებისას.  მისი აგრესიის ახსნა მხოლოდ მისი ახალგაზრდობით, ცხადია ძალიან სუსტი არგუმენტია. გასაგებია, რომ მოზარდები უფრო აგრესიულები და დაუნდობლები არიან, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიის გამოვლინებას წინ უძღვის რაღაც საბაბი მაინც.   მაგრამ, როცა ვინმეს სრულიად უმიზეზოდ სიამოვნებს  ადამიანის ტანჯვა-წამება, განა ეს მისი ფსიქიკის დარღვევაზე არ მიუთითებს? განა ეს სადიზმი არ არის?
არ ვიცი, რამდენად  შეიძლება ვილაპარაკოთ სადისტის თავისუფალ არჩევანზე ან მის ნებაზე.  
აქ უეჭველად უნდა აღინიშნოს ალეკსის განსაკუთრებული სიყვარული კლასიკური მუსიკის, და კერძოდ, ბეთჰოვენის მიმართ, რაც მე ერთგვარ  ცინიზმად მეჩვენება. თუმცა, საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ამგვარ სუბიექტებს ხშირად უყვართ ხელოვნება.
მეორე მხრივ,  ის ადამიანები ვისზეც ძალადობენ, თითქოს, სრულიად უმნიშვნელო, უუფლებო, მეორეხარისხოვანი არსებები არიან. არავის აინტერესებს მათი გრძნობები და ცხოვრების ხარისხი ძალადობის შემდეგ. ამაზე ფიქრისას  შეუძლებელია, რომ  უსუსურობის  და  დაუცველობის გრძნობამ არ შეგიპყროს...
ეს პირველი ნაწილი, დაპატიმრებამდე.
პატიმრობის პერიოდში ალეკსი კიდევ უფრო მეტად მატყუარა და თვალთმაქცია, ვიდრე მანამდე იყო. მას, ცხადია, ისევ სიამოვნებას გვრის ძალადობა, რომელსაც ახლა მხოლოდ გონებაში წარმოიდგენს და საზრდოობს სახარების  ჯვარცმის სცენებით, სადაც მას საკუთარი თავი ჯალათის როლში ესახება და ტკბება ტკივილის მიყენებით  და სისხლის დადენით.
შემდეგ იგი გებულობს ახალი მეთოდის შესახებ და, იმ იმედით, რომ ამ პროცედურის შემდეგ მას გაათავისუფლებენ, საკუთარი ნებით, ვიმეორებ, თავისივე ნებით თანხმდება ამ ექსპერიმენტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მას იმედი აქვს, გათავისუფლების შემდეგ იგი ისევ დაუბრუნდება ძველებურ ცხოვრებას და გეგმებსაც აწყობს, როგორ შეკრებს ახალ ბანდას და როგორ გაუსწორდებიან მსხვერპლს.
თუმცა მისი იმედი არ მართლდება, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შემდეგ, მას ძალადობა უკვე აღარ შეუძლია, რადგან ფიზიკურ დისკომფორტს განიცდის ძალადობის წარმოდგენაზეც კი.  მტანჯველ გრძნობას იწვევს აგრეთვე საყვარელი მუსიკის მოსმენა.
განთავისუფლების შემდეგ,  ალეკსი შინ  ბრუნდება, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მშობლიურ ოჯახში მისთვის ადგილი აღარ არის. იგი იძულებული ხდება გავიდეს ქუჩაში და ეძებოს თავშესაფარი და სწორედ აქ იწყება მისთვის  ნამდვილი კოშმარი.  რაღაც ბედისწერით ხვდება იმ ადამიანებს, რომლებზეც ძალადობდა და ისინი სამაგიეროს უხდიან მას, ხოლო თვითონ უძლურია, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა.   
    რას გრძნობს მკითხველი ამ ეპიზოდის კითხვისას? ალბათ, სხვადასხვა ადამიანის განცდა  სხვადასხვაგვარია.  კერძოდ,  მე საკმაოდ მრავალგვარი  გრძნობა აღმიძრა, თუმცა არა სიამოვნება და კმაყოფილება, რომ დამსახურებულად ისჯება სადისტი.  ოღონდ ეს არა... არც სიბრალული მის მიმართ, არა...  ეს უფრო ზიზღის, აპათიის და რაღაც  გაურკვევლობის ნაზავი იყო.
საინტერესო ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მას ჩაგრავენ, სულმოკლე შურისმაძიებლები აღმოჩნდნენ. არ ვიცი, ამით რისი თქმა უნდა მწერალს? თურმე ისინი ღირსები ყოფილან, რაც გადაიტანეს? არ ვიცი.
შესაძლოა, ასეთი დასკვნაც გამოიტანოს ვინმემ, რომ არა ერთი თითქოს პატარა, მაგრამ, უმნიშვნელოვანესი ნიუანსი. ერთ ეპიზოდში, როცა გატაცებულ მანქანას მიაქროლებენ, ალეკსი დაუდევრად ამბობს, რომ გზად რამდენიმე ცხოველს გადაუარეს.  ჰოდა, ასეთი სისასტიკე იმ არსებების მიმართ, რომლებსაც ამ სამყაროში ვერავითარ ბოროტებას  ვერ დასწამებ, მხოლოდ ისევ და ისევ სადიზმით თუ აიხსნება.
და ბოლოს, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ალეკსი გადარჩება და „განიკურნება“, სწორედ ამ ტერმინით არის გამოხატული მის პირვანდელ მდგომარეობასთან დაბრუნება. დიახ, იგი ისევ ძველებურ ფორმაშია, შემოიკრებს ახალ  ბანდას და ისევ და ისევ ძალადობის  გზას დაადგება.
მშობლები პატიების თხოვნით მიდიან მასთან და შინ დაბრუნებას სთხოვენ. მინისტრი, რომლის იდეაც იყო ზემოხსენებული ექსპერიმენტი, მეგობრობას  და მაღალანაზღაურებად სამუშაოს სთავაზობს.
უფრო მეტად უცნაურია ბოლო პასაჟი. ალეკსი სიყვარულზე, თბილ კერიაზე და შვილზე ოცნებობს. წარმოიდგენს კიდეც, რომ შვილი ჰყავს და როცა მის მომავალზე ფიქრობს, ასე მსჯელობს: საკუთარი გამოცდილებით ვერავის აარიდებ თავის წილ შეცდომებს  (ცხადია,  ეს შინაარსია და არა სიტყვა-სიტყვით  ნათქვამი) და შესაძლოა ამასაც(შვილს) შემოაკვდეს რომელიმე კატების მოყვარული ბებერი(!?).  აქ კომენტარსაც ვეღარ გავაკეთებ...  თუმცა,მაინც ვიტყვი: სისასტიკისა და ცინიზმის ნაზავია....
კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა  გამოიწვია ჩემში ამ ნაწარმოებზე ავტორის დამატებითმა განმარტებებმა, როცა იგი ჰიტლერს, იესო ქრისტეს,  ბუდას, მარტინ ლუთერს  ერთ ჭრილში განიხილავს... მოკლედ, სრული გაუგებრობაა...
 თუ არ ვცდები, ავტორის დასკვნა ასეთია:   ციხე აუარესებს ადამიანს, ექსპერიმენტი დაუშვებელია, ამიტომ თავის ნებაზე უნდა მივუშვათ მოვლენები.
მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მთელი სამყარო მხოლოდ მოძალადეებზე უნდა ზრუნავდეს, კეთილი ნების ადამიანები კი, აქ რა მოსატანია!
თავიდანვე ვთქვი და ვიმეორებ, სულ სხვაა სტენლი კუბრიკის ფილმი.   მე ის აღვიქვი, როგორც  გროტესკი. რეჟისორი ნათლად გვიჩვენებს,  რა აბსურდამდე მივყავართ.  მოძალადე ადამიანების წახალისებას, რასაც ხშირად მიმართავენ თავგზააბნეული უფლებადამცველები. 
ცივილურმა სამყარომ ამ პრობლემას, თითქოს, ასე თუ ისე, გაართვა თავი, რასაც, სამწუხაროდ,  ვერ ვიტყვით საქართველოზე.

    

No comments:

Post a Comment