Friday, October 31, 2014

იმპერიის რელიგია


ის  ველურობა  და  აგრესია,  რასაც  რუსეთის  მართლმადიდებელი  იმპერია  აფრქვევს  გარშემო,  განპირობებულია  მათი  რელიგიით.  დიახ,  სწორედ  მართლმადიდებლობა  მაქვს  მხედველობაში  და  სანამ  ქრისტიანობის  ჰუმანურობაზე  დამიწყებდეთ  კამათს,  გაიხსენეთ,  რომ  ინკვიზიციაც    ქრისტიანობის  სახელით      სჩადიოდა  ყველა  სისასტიკეს. 
მაშასადამე,  საქმე  ქრისტიანობაში  კი  არა,  მის  ინტერპრეტაციაშია.
ინკვიზიცია  იმით  სარგებლობდა,  რომ  ლათინური  ბევრს  არ  ესმოდა,  ამიტომ  ვერ  კითხულობდნენ  ბიბლიას  და  როგორც  სურდა,  ისე  ატყუებდა  ხალხს. 
საქართველოში  მართლმადიდებელი  ეკლესიის  მსახურებიც  ხალხის  გაუთვითცნობიერებლობთ  სარგებლობენ. 
ყველა  თანხმდება,  რომ  გაუნათლებლობაა    ყველა  ბოროტების  მიზეზი,  მაგრამ  დაზუსტებაა  საჭირო:  შესაძლოა  ადამიანი  თავისი  საქმის  პროფესიონალი  იყოს,  მაგრამ,  სრულიად  გაუთვითცნობიერებელიუფრო  ზუსტად  --  უვიცი  --    აღნიშნულ  საკითხებში  და    ამდენად  --    შიშისა  და  ფანატიზმის  გავლენის  ქვეშ  ადვილად  მოსაქცევი.
სწორედ    ამ  ე.წ.  მართლმადიდებლობის  შედეგია  ის  რაც  ჩვენს  ქვეყანაში  დღეს  ხდება  და  ნუ  ვეძებთ  კატას  ბნელ  ოთახში,  სადაც  ის  არ  არის.  ის  აქვეა,  ჩვენს  გვერდით  და    უჩინმაჩინის  ქუდიც  არ  ახურავს.  უბრალოდ,  ჩვენ  არ  გვინდა,  რომ  დავინახოთ.  არ  გვსურს,  რომ  სიმართლეს  თვალებში  შევხედოთ.  რადგან  ჩაგვაგონეს,  რომ  მართლმადიდებლობა  ჩვენი  რელიგიაა,  ჩვენი  ტრადიციული  რელიგია.  არადა,  არასოდეს,  არასოდეს  არ  ყოფილა  ასეთი  ანტიქრისტიანული  ჩვენი  რელიგია!  ეს  არ  არის  დავით  აღმაშენებლის  რელიგია,  რომლით  თავის  მოწონებაც  და  რომლის  მიბაძვაც  ასე  გვიზიდავს  დიდსა  თუ  პატარას.
რელიგიის  ეს    ვარიანტი  იმპერიამ  მოგვახვია  თავს  და  თვით  სახელწოდებაც  --  მართლმადიდებლობა  --  ბოლო  საუკუნეში  იქცა  ჩვენი  ეკლესიის  განმსაზღვრელად.  საქართველოს  ეკლესიას  სამოციქულო  ეწოდებოდა.  ასე  მოიხსენებოდა  იგი  საუკუნეების  მანძილზე  ოფიციალურ  დოკუმენტებში. 
დღეს  ეკლესიის  მსახურები  სარგებლობენ  თავიანთი  ავტორიტეტით  და  ნებისმიერ  სისულელეს  ახვევენ  თავს  ხალხს. 
ზოგიერთი,  შესაძლოა,  ფიქრობს,  რომ  ასეთი  მსახურები  ერთეულები  არიან  და  რა  შუაშია  მართლმადიდებლობა  და  ეკლესია?    საქმე  სწორედ  პირიქით  არის.  სისტემაა  გადაგვარებული  და  ამის  ნათელი  მაგალითი  17  მაისი  იყო,  დღეს  მისი  ბოროტი  ნამსხვრევები  სხვადასხვა  აგრესიის  სახით  გამოვლინდება.    ხოლო  ერთეულები  არიან  ის  მსახურები,  რომლებიც  ხედავენ  სიმართლეს,  თუმცა  ხმას  ვერ  იღებენ,  რადგან  ეშინiათ.  შიში მთავარი  იარაღია,  რომელსაც  ეს  სისტემა  ეფექტურად  იყენებს.
ჩვენი  ხალხის  ბუნებაში  არ  დევს  ფანატიზმი  ამიტომ  ბევრმა  იმუნიტეტი  გამოიმუშავა  და  ეს  ორმაგ  მორალში  გამოვლინდა:  უსმენს  ერთს,  ფიქრობს  მეორეს  და  მოქმედებს  ისე,  როგორც  მისთვის  არის  მომგებიანი. 
ამ  სისტემის  გამოვლინება  და  ამ  პრობლემის  მოგვარება  მხოლოდ  ხელისუფლების  მტკიცე  ნებას  შეუძლია.  სანამ  ხელისუფლება  ყველა  რელიგიურ  ინსტიტუციას  თანაბარ  მდგომარეობაში  არ  ჩააყენებს,  და  არა  მხოლოდ  სიტყვით  და  ფორმალურად  --  არამედ  საქმით  და  რეალურად,  თვით  ხელისუფლების  წარმომადგენლები  არ  შეწყვეტენ  კეკლუცობას  ხალხის  წინაშე  და  პოპულისტური  განცხადებების  კეთებას  და  ანალოგიურ  ქმედებას,  არაფერი  გვეშველება.  შეიცვლებიან  მმართველები,  მენტალიტეტი  კი  იგივე  დარჩება.  ჩვენ  პარლამენტარებს  იმისთვის  არ  ვირჩევთ,  რომ  თავზე  თავსაფარი  დაიფარონ  ან  ჩოხა  ჩაიცვან,  გაიქცნენ,    ვინმე  იერარქებს  პირდაღებულებმა  უსმინონ,  მათი  გამონათქვამები  სასოებით  იმეორონ...  საქმით  კი  იმას    აკეთებდნენ,  რასაც  მხოლოდ  მათთვის  მოაქვს  მატერიალური  სარგებელი.
როცა  ხელისუფლებაში  მოვლენ  ჰუმანიზმით  აღსავსე,  მაღალი  სტანდარტების  მქონე,  ზერელიგიური  (იგულისხმება  სულიერი  კანონების  მცოდნე,  ყოველგვარი  რელიგიური  ჩარჩოებისგან  თავისუფალი)  ადამიანები,  ისინი  ამ  პრობლემას  გადაწყვეტენ  პოპულიზმის  გარეშე,  რადგან  რეფორმაცია  და  პოპულიზმი  შეუთავსებელია.  აი,  მაშინ  ეშველება  ჩვენს  ქვეყანას,  მაშინ  მართლაც  გაბრწყინდება  საქართველო. 

მოძრაობა „რუსეთი  არ  არის  ერთმორწმუნე!!!“
   


No comments:

Post a Comment