Friday, October 17, 2014

გამოხმაურება

გამოხმაურება
ბატონო,  პრეზიდენტო,  მინდა  გამოვეხმაურო  თქვენს  მიმართვას,  რადგან  ამ  საკითხებზე  დიდი  ხანია  ვფიქრობ. 
განსაკუთრებით,    განათლება  ძალიან  მნიშვნელოვნად  მიმაჩნია  და  თუ  ეს  საკითხი  მოგვარდა,  დარწმუნებული  ვარ,  სხვა  საკითხების  მოგვარებაც    გაადვილდება.
უპირველეს  ყოვლისა,  აღვნიშნავ,  რომ  პროფესიულ  განათლებაზე  (რასაც,  ცხადია,  უდიდესი  მნიშვნელობა  აქვს  ქვეყნის  განვითარებისთვის)  მეტად  მნიშვნელოვნად  მიმაჩნია  ე.  წ.  სახალხო  განათლება,  რაშიც  ვგულისხმობ  დემოკრატიის  პრინციპების  ცოდნას,  ლიბერალიზმის  და  ჰუმანიზმის  რაობის  გაგებას,  დიპლომატიის  და  იურისპრუდენციის  საწყისებში  გარკვევას,  რაც  ჩემი  აზრით,  საბავშვო  ბაღის  ასაკიდანვე  უნდა  დაიწყოს,  ცხადია,  ამ  ასაკის  შესაბამისი  პროგრამით.  და  გაგრძელდეს  უმაღლეს  სასწავლებლებშიც.  აქვე  აუცილებელია  მასწავლებლების  გათვითცნობიერებაც  ამ  მხრივ,  რადგან,  დღემდე,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ჩვენი  ქვეყნის  საზოგადოების  უმრავლესობამ  დასავლურ  კურსს  მისცა  ხმა,  მაინც  საკმაოდ  მრავლად  არიან  ადამიაიინები,  რომლებიც  რუსეთს  მისტირიან,  ან  მეფის  ინსტიტუტის  დაბრუნებაზე  ოცნებობენ  და  ა.  შ  და  რაც  ყველაზე  მეტად  სამწუხაროა,ხშირად  სწორედ  პედაგოგები  ჩასჩიჩინებენ  მოზარდებს  დრომოჭმულ  და  ხავსმოკიდებულ  აზრებს.
  ეს  მიუთითებს  იმას,  რომ  საქართველოს  სახელმწიფოს  არ  აქვს  ნათლად  წარმოდგენილი  იდეოლოგია,  რომელიც  გასაგები  და  მისაღები  იქნება    ყველასთვის.
მიზეზი,  ჩემი  აზრით,  არის  საზოგადოებაში  სამყაროს  იმ  სულიერი  კანონების  არცოდნა,  ან  უგულებელყოფა,  რომელზედაც  თავად  დემოკრატიის  პრინციპები  და  ადამიანის  უფლებებია  დაფუძნებული.
საზოგადოდ,  ჩვენს  ქვეყანაში    ეს    სფერო    მინდობილი    აქვს    რელიგიურ    სისტემებს,        რაც    უდიდეს    შეცდომად  მიმაჩნია.განსაკუთრებით,  რომელიმე  რელიგიური  ინსტიტუციისთვის  უპირატესობის  მინიჭება.  ამ  მხრივ,  რბილად  რომ  ვთქვათ,  დიდი  შეცდომა  იყო    ე,  წ.  კონსტიტუციური  შეთანხმების  დადება. 
სამყაროს  სულიერ  კანონებზე  საუბრის  ექსკლუზიური  უფლება  მხოლოდ  რელიგიის  წარმომადგენლებმა  დაისაკუთრეს,  და  ფაქტობრივად,  გააუფასურეს  ეს  უმნიშვნელოვანესი  საკითხი.  რადგან  სამყაროს  კანონების  რელიგიურ  ჩარჩოებში  მოქცევა  შეუძლებელია,  ეს  ჭეშმარიტებათა  სისტემის  პროკრუსტეს    სარეცელზე  დაწვენის  ტოლფასია. 
სწორედ  ამ  კანონებზე  დაყრდნობით  უნდა  შემუშავდეს  ჩვენი  სახელმწიფოებრივი  იდეოლოგია,  რომელიც  გასაგები  და  მისაღები  იქნება  საზოგადოების  უდიდესი  ნაწილისთვის  და  რომელსაც  ბავშვობის  ასაკიდანვე  შეისისხლხორცებს  საქართველოს  ყველა  მოქალაქე. 
ბატონო,  პრეზიდენტო,  არ  მინდა  თქვენი  დრო  და  ენერგია  ამაოდ  ხარჯოთ  ჩემი  მოსაზრებების  კითხვაზე.  ამიტომ  აქ  დავამთავრებ.  თუ  დაინტერესდებით  ამ  საკითხით  და  მნიშვნელოვნად  მიიჩნევთ  მას,  შემიძლია  უფრო  დაწვრილებით  მოგახსენოთ.
უდიდესი  პატივისცემით  და  მადლიერებით  --  ნატალია  ბუკია.


No comments:

Post a Comment