Monday, January 5, 2026

კ ა ზ ი ნ ო

 


ამ ნოველას თავისი ისტორია აქვს.

90-იან წლებში ჩვენი ტაძრის წინამძღვარმა მე და მარიამს გაგვაცნო სანდომიანი ქალბატონი და გვითხრა, რომ მას დიდი სადარდებელი ჰქონდა. მერე თვითონ ამ ქალბატონმა, რომელსაც პირობითად ლიას ვუწოდებ, მოგვიყვა, რომ მისი შვილი კაზინოზეა დამოკიდებული და ამის გამო ოჯახიც დაენგრა. გაყიდა მანქანა და იმის საშიშროებაც იყო, რომ ბინაც მიეყოლებინა, ამიტომ ქ-მა ლიამ ბინა თავის სახელზე გადააფორმა. მე და მარიამი ძალიან ვუთანაგრძნობდით მას და შეძლებისდაგვარად, ლოცვითაც შევეწეოდით. ქ-ნი ლია ტაძარში დადიოდა და  ხშირად შინაც გვიწვევდა ხოლმე მე და მარიამს. ის გვიყვებოდა, თუ როგორ ებრძოდა თავისი შვილის ამ მძიმე სენს. ჩვენც, რამდენადაც შეგვეძლო, ვამხნევებდით მას. ფაქტობრივად, ახლობლებიდან, მხოლოდ დედა ედგა გვერდით თავის შვილს. ჰოდა, ერთ დღეს მოდის ტაძარში ქალბატონი ლია და გვეუბნება, რომ მოხდა სასწაული და გვიყვება იმ ამბავს, რაც შემდეგ აღვწერე ამ ნოველის ერთ ეპიზოდში, კერძოდ, ის, რაც ხდება თვით სათამაშო  სახლში. დანარჩენი,  ყველაფერი შეთზულია. 

 ამ სასწაულის შედეგი კი ის იყო, რომ მისმა შვილმა ისეთი შიში განიცადა, აღარც გაუხედავს სათამაშო სახლისკენ. ცხადია, ამ ყოველივემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ეს ნოველა დამაწერინა. ქ-მა ლიამ გვთხოვა, რომ არავისთვის მოგვეყოლა მისი ამბავი. ამიტომ მისი სიცოცხლის პერიოდში არც გამივრცელებია ჩემი ნოველა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სახეცვლილად არის მოთხრობილი. ახლა კი, როცა ქ-ნი ლია უკვე წასულია, ამ ნოველას ვდებ ჩემს ბლოგზე. შესაძლოა,  ბევრ ადამიანს გაკვეთილად გამოადგეს.

 

კაზინო. თითქმის ნამდვილი ამბავი

 ვუძღვნი ქ-ნ ლ. მ.-ს ხსოვნას

ის საბრალო ქალი გუშინ გარდაიცვალა . . . მისი  ამბავი  კი სრულიად შემთხვევით გახდა ჩემთვის ცნობილი და იმდენად უცნაური აღმოჩნდა (თუმცა, შემზარავი უფრო ეთქმის), ძლივს მოვუყარე  თავი, რომ ფურცელზე გადამეტანა.

ყველაფერი ასე დაიწყო:

გაზაფხულის თბილი დღე იდგა. ლექციები დამთავრაბული არ იყო, ინსტიტუტიდან ისე გამოვვარდი.  მეგობრებს არც კი დავემშვიდობე. ბოლო დროს კაზინოში დავიწყე სიარული და ვგრძნობდი, თანდათან როგორ მიზიდავდა. ყოველ დილას თვალს გავახელდი თუ არა, ფიქრს  ვიწყებდი, დღის რომელ მონაკვეთში შევძლებდი იქ წასვლას. თავდაპირველად ლექციების გაცდენას ვერ ვბედავდი, მაგრამ მერე სწავლაზეც ავიყარე გული. მთელი ჩემი გრძნობა და გონება თამაშს დასტრიალებდა.

გაზაფხულის იმ მშვენიერ დღესაც სწორედ იქ მიმეჩქარებოდა.

სასწავლებლიდან გამოსულმა, მიმოვიხედე, მანქანიანი ნაცნობი ხომ არ არის, რომ გამიყვანოს-მეთქი, მაგრამ ვერავინ დავინახე, ქუჩაზე გადავირბინე და ტაქსი გავაჩერე. ნაცნობ შენობასთან რომ  ჩამოვედი, გამახსენდა --  დილით საუზმე ვერ მოვასწარი, ერთი კი გავიფიქრე, წავიხემსებ-მეთქი, შევყოვნდი, მაგრამ მერე ხელი ჩავიქნიე, ნაბიჯს ავუჩქარე და ის იყო, შენობაში უნდა შევსულიყავი, ქალის ნაზმა, მაგრამ მბრძანებლურმა ხმამ უცებ შემომაბრუნა:

-- ახალგაზრდავ!

მიმზიდველი ქალი იყო, ელეგანტურად ჩაცმული. ასე, ორმოცი წლისა. გამიკვირდა, ნეტავ, რა უნდა-მეთქი ჩემგან. შევყოყმანდი, გზა გამეგრძელებინა, თუ გამეგო, რას მოთხოვდნენ ჩემგან. ქალმა ალბათ ყოყმანი შემატყო,  ჩემკენ წამოვიდა და თითქმის მომაძახა:

--რამდენი წლის ხარ!

-- ოცის -- ვუპასუხე.

-- ჩემი ვაჟი სულ სამი წლით არის შენზე  უმცროსი -- ნაღვლიანად თქვა და შემდეგ თითქმის ჩურჩულით დაუმატა -- ნეტავ ახლა სად არის?

მერე თითქოს გამოფხიზლდა, შემომხედა და მკითხა:

--იქ მიდიოდი? -- თითი შესასვლელისკენ გაიშვირა.

-- ჰო.

-- თამაშობ?

თავი დავუქნიე.

--დიდი ხანია?

-- სამიოდე თვე იქნება.

-- უკვე ძალიან გიზიდავს, არა?

-- თქვენ . .

-- მეც ვთამაშობ . . . ვთამაშობდი -- ჩაილაპარაკა და თვალები აუწყლიანდა -- თუ დრო გაქვს, წამოდი, სადმე დავსხდეთ, ყველაფერს გეტყვი.

იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, რომ დავიბენი და გაშტერებული მივაჩერდი.

--წამოდი -- თითქმის ხვეწნით მითხრა და ჩუმად დაუმატა -- შენგან არაფერი მინდა . . . ჩემს შვილს მიგამსგავსე . . . რახანია არ მინახავს . . . ალბათ ვერც ვნახავ . . . ვერასოდეს . . .

შემეცოდა. უხმოდ დავუქნიე თავი და გავყევი.  მყუდრო კაფეში შევედით. თითქოს იცოდა, რომ მშიერი ვიყავი, ხაჭაპური, ნანცხვარი და ნაყინი დამიწყო წინ, თავისთვის ფინჯანი ყავა აიღო. თავიდან უხმოდ შევექცეოდით, მერე ნელა დაიწყო;

--მე ძველი ტრადიციული ოჯახის შთამომავალი ვარ, მეუღლეც, შესაბამისად, ასეთივე ოჯახიდანაა. ერთი ვაჟი შეგვეძინა. ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი განათლება აქვს და სამსახურიც --  საკმაოდ პრესტიჟული. მეც საინტერესო სამსახური და მაღალი ანაზღაურება მქონდა. ჰოდა, ამ ოთხი-ხუთი წლის წინ ერთმა ნაცნობმა კაზინოში წამიყვანა. ამის შემდეგ მივდიოდი-ხოლმე ხანდახან. მერე თანდათან მოვუხშირე. ჩემმა მეუღლემ არაფერი იცოდა -- არც შვილმა, მაგრამ, როცა ვალები დამედო, ვეღარ დავმალავდი. მეუღლეს გაუკვირდა, ჩემგან ვერც კი წარმოედგინა ასეთი რამ. ჯერ ტკბილი სიტყვით შეეცადა ჩემს დაყოლიებას, მაგრამ როცა მიხვდა, რომ უკვე ძალიან გვიან იყო, მითხრა:

-- ან შვილი და ოჯახი -- ან კაზინო!

ალბათ ხვდები, რომ მოკლედ გიყვები. არ მინდა ძალიან გადაგღალო, ამიტომ შენ თვითონ წარმოიდგინე, რა დიდი განსაცდელის წინ დავდექი, რა შინაგანი ბრძოლა და ჭიდილი გადავიტანე; რამდენჯერ დავდე პირობა, რომ აღარ წავიდოდი, მაგრამ ვერ ვძლიე ცდუნებას.

მეუღლემ ცალკე ბინა მიყიდა და ამიკრძალა შვილთან შეხვედრა.

გუშინდელ დღემდე ვერ მივმხვდარიყავი, რა იყო ის ძალა, რომელმაც მე საყვარელი მეუღლე და უსაყვარლესი შვილი დამათმობინა და აი, გუშინ . . . ახლა კარგად მომისმინე! გუშინ საღამოს, სანამ „იქ“ წავიდოდი, უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო. მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი, რაღაც ხდებოდა ჩემში. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, მშობლები, ახლობლები. ახლა ისინი, როგორც კეთროვანს, ისე მარიდებდნენ თავს.

--შენ მათ კარგავ! --  მეუბნებოდა შინაგანი ხმა. სხვა ხმა კი ჩამძახოდა: -- სამაგიეროდ, ახალი მეგობრები შეიძინე!

-- მაგრამ ჩემი მშობლები?  როგორ ნერვიულობენ!

-- მათ შენი არ ესმით!

ეს დიალოგი თითქოს გონებაში მიმდინარეობდა, თუმცა, ვგრძნობდი, რომ მეორე ხმა აშკარად უცხო იყო -- თავსმოხვეული. მაგრამ ძალა არ მყოფნიდა, რომ გავმკლავებოდი,  თანდათან სუსტდებოდა ჩემი შინაგანი ხმა, ხოლო  ის უცხო და დამთრგუნველი --  ძლიერდებოდა. შიშმა ამიტანა. სწრაფად ჩავიცვი და ჩვეულ გზას გავუდექი.

საღამო უიღბლოდ დაიწყო, სულ ვაგებდი. ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ ყურში ვიღაცამ ჩამჩურჩულა: 

--არ წახვიდე, მე ვიხდი შენ მაგივრად!

 უნებლიედ უკან მივიხედე, არავინ იყო. შიშისგან შემაჟრჟოლა. უცებ მაგიდა დოლარებით აივსო. ყვირილი დავაპირე,, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. უნებლიედ გავაგრძელე თამაში. სულ ვაგებდი, თუმცა ფული საიდანღაც ჩნდებოდა.

შინ გამთენიისას დავბრუნდი. ტანსაცმელი არც გამომიცვლია, სავარძელში ჩავჯექი და ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, უცნაურმა შრიალმა გამომაღვიძა. თვალი გავახილე და შიშისაგან ენა წამერთვა: ჩემ წინ ჩემი ორეული იდგა.

-- მიცანი? -- თითქოს წაისისინა.

ხმა ვერ ამოვიღე.

-- შეგეშინდა? მე შენი შეშინება არ მინდოდა, ამიტომ შენივე სახით გეჩვენე. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩ ვ ე ნ ამდენი დრო არ გვაქვს -- სიტყვა „ჩვენ“ გამოკვეთილად თქვა.

ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, ამოვილუღუღე:

-- რა გინდათ ჩემგან?

ჩაიცინა, ისე უსიამოვნოდ, რომ ტანში გამცრა. უნებურად გავიფიქრე, ნუთუ მეც ასე საზარლად ვიცინი?

საკუთარი თავის ფასი კარგად ვიცი, ბევრი მოხიბლულა ჩემი სილამაზით, მაგრამ, გულახდილად გეტყვი, ბოროტად არასოდეს მისარგებლია ამით.

 თანდათან განსჯის უნარი მიბრუნდებოდა და ვცდილობდი დამეჭირა ის სხვაობა, რაც ჩემსა და ჩემს ორეულს შორის იყო. აშკარად ჩემი ორეულია, მაგრამ ცივი და უსიამოვნო, ჰო... თვალები აქვს რაღაც არაბუნებრივად ცივი და გამჭოლი.

--არ მოგწონვარ?  -- ჩაიქირქილა -- რას იზამ, ახლა უკვე ჩ ვ ე ნ ხელში ხარ, ვეღარსად წაგვიხვალ.

--ვისი სახელით მელაპარაკებით, ვინ ხართ თ ქ ვ ე ნ? -- მეც ხაზგასმულად ვთქვი სიტყვა „თქვენ“,

ცოტა ხანს შეყოვნდა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა:

--რად გინდა თავის მოტყუება? კარგად ხვდები, ვინც ვარ. დიახ, დიახ, სწორედ ის ვარ, ვისი არსებობაც არ გჯეროდა, თუმცა, ახლა ხვდები, რომ თურმე ცდებოდი და თანაც -- როგორ! და არა მარტო შენ -- ყველა ჩვენს ხელშია ვინც თავისუფლების სახელით წადილს, ვნებას მიჰყვება.

--თავისუფლების სახელით?

--თავისი სურვილების, ვნებების დაკმაყოფილება თავისუფალი ნება ჰგონია და ამით თავიც მოაქვს, როგორც მსურს, ისე ვცხოვრობ და რაც მინდა, იმას ვაკეთებო. ვერ ხვდება, რომ ვნებები მართავენ, ამ ვნებებს კი ჩვენ ვაკონტროლებთ -- ისევ ჩაიქირქილა.

ვხვდებოდი, რახანია ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი და გარეშე ძალა მმართავდა, მაგრამ, ყოველივე ამის გაცნობიერება მიჭირდა, უფრო სწორედ -- არ მინდოდა დამეჯერებინა. ჩვენი თაობისთვის ხომ აკრძალული იყო რელიგიური ღირებულებები. ამიტომ, როცა ამის საშუალება გაჩნდა,  სარწმუნოებისკენ ლტოლვა, უმეტესად, სინდრომული მოვლენა  უფრო აღმოჩნდა, ვიდრე წრფელი, რაც ჩემში გაღიზიანებას იწვევდა.  ახლა ვხვდები, ამ გაღიზიანების მიზეზი ფორმალური მრწამსი, ორმაგი მორალი იყო. ანუ -- სიტყვით აღიარებული მრწამსისა და ცხოვრების წესის სრული შეუსაბამობა. უფრო ნათლად -- ეკლესიაში ქრისტეს კრავი, ცხოვრებაში -- მგელი. დიახ, მგელი, ნუ გაიოცებ, მგელი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში კლავს კრავს. ორმაგი მორალის კლასიკური მაგალითია ქურდი, რომელიც ტაძარს აშენებს, ცხადია, ქურდს მხოლოდ ბაცაცას მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, და არც ტაძარს -- მხოლოდ შენობის გაგებით, ზოგადად -- ნაძარცვი ფულით ქველმოქმედება. ისევ ძარცვა და ისევ ქვველმოქმედება. ფორმალური აღსარება, იქედნური ზემოდან ყურება იმ ადამიანებზე, ვინც ვერც  ძარცვას „ახერხებს“ და ვერც შეწირვას. ეს ყოველივე რელიგიისადმი ინტერესს მიკარგავდა.

 და, აი, ახლა სულიერი სამყაროს არსება, მაგრამ, სამწუხაროდ, უარყოფითი ძალა ჩემ წინ ირხეოდა და გამომცდელად მომჩერებოდა.

--ნუთუ არ არსებობს ძალა, რომელიც შენგან დამიხსნის? -- ეს უფრო საკუთარ თავთან გასაუბრება იყო.

მისი რეაქცია ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. თითქოს უცებ დაპატარავდა, მოიკუნტა, მერე მხრები შეარხია და ჩამიმარცვლა:

--არსებობს, მაგრამ შენთვის მიუწვდომელია!

მივხვდი, რომ ახლა მხოლოდ ჩემს ნებაზე, ნებისყოფაზე იყო დამოკიდებული ჩემი მომავალი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე  გავდიოდი. უნებურად წამოვდექი და მუხლებზე დავეცი:

--მიშველე, ღმერთო! მხოლოდ შენ ერთს ძალგიძს ჩემი გადარჩენა!

თვალთაგან ნაკადულად მომდიოდა ცრემლები. როცა გონს მოვეგე, ორეული გამქრალიყო. რაღაც საოცრად თბილი და ტკბილი შევიგრძენი. სავარძელს დავუბრუნდი და დაღლილ-დაქანცულს ჩამეძინა. მოსაღამოებულზე გამეღვიძა. არ ვიცოდი, რა მექნა, თუმცა „იქ“  წასვლის სურვილი სრულიად  აღარ მქონდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა მემოქმედა.

ახლა უკვე გააზრებულად დავდექი მუხლებზე და ღმერთს შევთხოვე:

--ღმერთო, ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. ვიცი, არ ვარ ღირსი არც დედობის, არც ოჯახის, მაგრამ, შენ მოწყალე ხარ და არ გამწირავ. მითხარი, შთამაგონე, როგორ შეიძლება გამოვისყიდო ჩემი დანაშაული.

მთელი ღამე არ დავწოლილვარ. ვგრძნობდი, თანდათან ძალა მემატებოდა.  მუხლებზე დაჩოქილმა გავათენე და ამ დილას ცოტა წავიძინე სავარძელში.

თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა, უცებ გამოვფხიზლდი. კარგად გათენებულიყო. თავიდან გადავავლე გონების თვალი გუშინდელ დღეს. ასე მეგონა, ძალიან დიდი დრო გავიდა.

სახლიდან გამოსულმა ვიცოდი, რომ რაღაც უჩვეულო უნდა მომხდარიყო. ჩვენი შეხვედრაც, ცხადია, შემთხვევითი არ არის . . . ამ ერთი თვის წინ უძლურება ვიგრძენი და ექიმს მივმართე. ანალიზები ამიღეს და სწორედ დღეს დილით მივიღე პასუხი: სარკომა უკანასკნელ სტადიაში -- მოურიდებლად მამცნო ექიმმა. ცხადია, დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია, მაგრამ შიშის გრძობა არ მაქვს.  თუ შენთვის გაკვეთილი აღმოჩნდება ჩემი ცხოვრება, თავს ბედნიერად ვიგრძნობ. იმედი მექნება, რომ ნაწილობრივ მაინც აღვასრულე ჩემი მისია.

ქალი გაჩუმდა, მერე მცირე დაყოვნების შემდეგ მითხრა:

--მე სრულიად მარტო ვარ . . .  ვიცი, ძალიან ბევრს გავალებ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს -- შემდეგ ჩანთიდან ქაღალდი ამოიღო და ტელეფონის ორი ნომერი დაწერა.

--ძალიან გთხოვ, ყოველდღე 12 საათზე დამირეკე-ხოლმე. დაგელოდები. როცა აღარ გიპასუხებ, იცოდე, რომ . . . აღარ ვარ და მეორე ნომერზე დარეკე და შეატყობინე . . . ჩემი ბინის სათადარიგო  გასაღები ჩემს მეუღლეს აქვს . . .

 

 

ნატალია ბუკია.

თბილისი.

2002 წ. სექტემბერი. 

 

 

  

No comments:

Post a Comment