Thursday, January 24, 2013

მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას; წერილი მეშვიდე


მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!
წერილი მეშვიდ
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო, ახალ,   2013 წელს!
დაე,  ეს წელიწადი ყოფილიყოს ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ჭეშმარიტ ღირებულებათა  სისტემისკენ  განუხრელად სწრაფვის წელიწადი!
მართლაც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიზნის არჩევას.
იშვიათად გვხდებიან განსაკუთრებული   ნიჭის მქონე ადამიანები, რომელთაც თავისმტვრევა არ სჭირდებათ, რომ მიხვდნენ, რა უნარები უნდა განივითარონ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანმა თავად უნდა აღმოაჩინოს რისკენ აქვს მიდრეკილება, რომელი პროფესიაა მისთვის უფრო საინტერესო და შემდეგ, თუ წარმატების მიღწევა სურს, მთელი ძალ-ღონე ამ პროფესიის ჯერ შესწავლას და შემდეგ ცოდნის გაღრმავებას უნდა მოახმაროს.  სხვა გზა ნიჭის დაკარგვამდე მიგვიყვანს.  ამიტომაც,  არასოდეს მომწონდა ერთი ცნობილი ანეგდოტი, რომელიც ვითომდა კახელების გულარხეინობაზეა აგებული.  ალბათ, ყველა მიხვდა, მაგრამ, მაინც გავიხსენოთ:
ხის ქვეშ წამოგორებულ კახელს უცხოეთიდან ჩამოსული მილიონერი სთავაზობს:  თუ ადგები და მაგ ხის ფოთოლს მომიწყვეტ, მილიონს მოგცემო, ის კი არხეინად წევს, მილიონერის თანმხლები ეუბნება, ადექი, კაცო, მიეცი ეგ ფოთოლი, მილიონერი გახდები და ცხოვრებას ფეხზე დაიკიდებო -- ახლა რა, არა მკიდიაო? -- პასუხობს კახელი და გვერდზე გადაბრუნდება.   ამ თითქოსდა უბრალო ანეგდოტში ძალიან სახიფათო ტენდენცია იკვეთება  -- უსაქმურობის ხოტბა,  მოჩვენებითი დაუდევრობა სიმდიდრის მიმართ,  ცხოვრების მიზნის უქონლობა . . .
ასეთი თვითდინება, მართლაც დამახასიათებელი იყო ჩვენს ქვეყანაში, რამაც საბოლოოდ  უმიზნო საზოგადოება ჩამოაყალიბა.
ეროვნული მოძრაობის დროს თითქმის მთელი  მოსახლეობა იმეორებდა, ოღონდ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და ვიშიმშილებთო. პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ოდნავ მემარცხენე კურსი აირჩია,  რათა მეურნეობების დაშლასა და მიწებისა და წარმოების იარაღების ერთბაშად კერძო მესაკუთრის ხელში  გადასვლას შოკი არ გამოეწვია მოსახლეობაში.  ამის გამო პირველი პრეზიდენტი   კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს --  სოციალისტიაო.  მისი განდევნის შემდეგ,  ვისაც ხელი მიუწვდებოდა,   სახელმწიფო ქონება დაიტაცა.  ასე გამოჩნდნენ პირველი მილიონერები  თქვენი არ ვიცი და, მე ვერავინ დამაჯერებს, რომ მაშინ პატიოსანი გზით  ვინმე გამდიდრდა. ასე რომ, როცა დღეს ვიღაც-ვიღაცეების ქველმოქმედებას გვიფრიალებენ ცხვირწინ,  სასაცილოა! ამ „ქველმოქმედებაში“  მათ მიერ მითვისებული ყოფილი  საბჭოთა  ფული, ანუ ჩვენივე ფულია ჩადებული . . .
პირველი ეროვნული ხელისუფლებისგან  განსხვავებული  კურსი აირჩია ვარდების რევოლუციის გზით მოსულმა ახალგაზრდა გუნდმა, რომლის წევრები, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებულნი, დემოკრატიულ ღირებულებებს იყვნენ ნაზიარები.
ეს გუნდი ახალგაზრდული ოპტიმიზმითა და უკომპრომისობით შეუდგა  აბსოლუტურად დანგრეულ, დაშლილ ქვეყანაში   სახელმწიფო სტრუქტურების, დემოკრატიის მშენებლობას.
მოსახლეობის უმრავლესობისთვის, სამწუხაროდ, სრულიად გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა ის რეფორმები, რასაც ეს გუნდი ახორციელებდა . . .
 და ახლა მე დავასახელებ ხელისუფლების  პირველ და უმთავრეს შეცდომას, რამაც, ჩემი აზრით,   ხალხის ერთი ნაწილის მისგან  გაუცხოება გამოიწვია:
ახალმა ხელისუფლებამ ყურადება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ  კომუნისტური იდეოლოგიის ჩანაცვლება  90-იანი წლების დასაწყისშივე, ისევ ჩრდილოეთიდან   დაიწყო  ეროვნული მოძრაობის დაწყების პარალელურად,  და ძალიან იოლად მოხერხდა,  რადგან  ის  კომუნისტური იდეოლოგიის მონათესავე აღმოჩნდა. 
საყოველთაოდ ცნობილია, რომ კომუნისტებს ფართოდ გაშლილი აგიტაცია-პროპაგანდა  ახასიათებდათ.  მათ ძალიან კარგად ჰქონდათ შესწავლილი მასებთან (როგორც თვითონ უწოდებდნენ) მუშაობის და მათი დარწმუნების  მეთოდები. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  იარაღი იყო სიცრუის მანქანა, რომლის საშუალებითაც ავრცელებდნენ სრულიად დაუჯერებელ ჭორებს, იმ  პიროვნებებზე, რომლებიც ავტორიტეტით  საგებლობდნენ ხალხში და ამავე დროს თავიანთი  ნდობით აღჭურვილი პირებისგან ავტორიტეტებს ქმნიდნენ.
 სხვა, ასევე მნიშვნელოვანი იარაღი იყო ე. წ. შეთქმულების თეორიების შეთხზვა, რომელთა საშუალებითაც ხალხის ყურადღება მოხერხებულად გადაჰქონდათ კონკრეტული მტრებიდან და მნიშვნელოვანი პრობლემებიდან არარეალურ, მითიურ  მტრებზე.
 კიდევ სხვა მრავალი მზაკვრული იარაღი ჰქონდა საბჭოთა იმპერიას, მაგრამ, ჯერ-ჯერობით აქ შევჩერდეთ.
 უკვე აპრობირებული მეთოდების გამოყენება საკმაოდ წარმატებულად  გააგრძელა იმავე ძალამ, რომელიც ამჯერად,  სხვა სამოსით მოგვევლინა . . .
სასულიერო სასწავლებლიდან დაბრუნებულმა შევნიშნე, რომ ძალადობით პატივაყრილი და უმწყემსო ცხვრებივით დაფანტული ხალხი  ეკლესიებს მიაწყდა, მრევლმა იმატა. მაგრამ, ამ ერთი შეხედვით დადებით მოვლენას თან ახლდა გარკვეული უცნაურობა:  ბევრი ადამიანი თანდათან  კარგავდა საღი განსჯის უნარს. უხილავი ძალით შებოჭილებს, თითქოს, უჭირდათ აზროვნება,  ეშინოდათ თავიანთი აზრის    გამოხატვა.  მათი მეტყველება  შაბლონური, სტერეოტიპული ტერმინებით გაჯერებული გახდა, ხოლო მნიშვნელოვან საკითხებზე  სრულიად არაადეკვატურად მსჯელობდნენ. დაარბენინებდნენ  რაღაც საეჭვო წარმომავლობის მასონური შეთქმულებისა თუ სიონელ ბრძენკაცთა ოქმებს.  ავტორიტეტებად მოჰყავდათ ვიღაც  ფსიქიურად არაჯანსაღი  ადამიანების  ცხოვრების ეპიზოდები, ვითომდა, როგორც მართლმადიდებლური, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქრისტიანობასთან, პირიქით, ანტიქრისტიანული იყო. ხშირად, ასეთ ადამიანებს სალოსებს არქმევენ ხოლმე. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სალოსობა სრულიადაც  არ არის  ხელწამოსაკრავი ფენომენი, ის იშვიათობაა და  ამით მანიპულირება,  უცილობლად, არასასურველი შედეგის მომტანია.
სასწავლებელში კარგი  ურთიერთობა მქონდა რამდენიმე პედაგოგთან, რომლებიც  კვირაში ერთხელ ჩამოდიოდნენ და სხვადასხვა საგნებს გვასწავლიდნენ. ზოგიერთთან   მეგობრობა კურსის დამთავრების შემდეგაც გავაგრძელე.  მათი რჩევით ძველი ხელნაწერების შესწავლა დავიწყე. თავდაპირველად, ეპიფანე კვიპრელის, გრიგოლ ნოსელის, სოფრონ იერუსალიმელის თუ სხვათა ჰომილიების შესწავლას, გადმოწერას და დამუშავებას შევუდექი. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ მათი თავისთავად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწარმოებები  გამორჩეულია ავტორების ტონითაც. ისინი კატეგორიულად და  უპირობოდ არ გახვევენ თავიანთ აზრს და ყოველთვის გიტოვებენ სააზროვნოს. 
მიუხედავად ამისა, რომ ჩემს სამსახურებს ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობაც დაემატა  და თავისუფალი დრო  ძალიან ცოტა მქონდა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ ადამიანთან მიხდებოდა შეხვედრა.  გარკვეული ხნის შემდეგ, როცა მათ  ტაძარში დაიწყეს სიარული, შევნიშნე, რომ ისინი თანდათან  სრულიად იხსნიდნენ პასუხისმგებლობას თვით უაღრესად პირადი, ინტიმური საკითხების გადაწყვეტისას  და არ ფიქრობდნენ, რომ ამით კარგავდნენ თავისუფლებას, რომელიც ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია:  „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ --  ეს ქრისტეს სიტყვებია და ის სრულიადაც არ გულისხმობს პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას, მეტიც, რაც უფრო მაღალია ეს გრძნობა პიროვნებაში, მით მეტია თავისუფლების ხარისხი მასში და პირიქით,  რაც უფრო მეტად თავისუფალია პიროვნება, მით მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია მას თავის თავზე.  
ზემოაღნიშნულმა ფაქტებმა ძალიან დამაფიქრა, რადგან  საზოგადოება, რომლის წევრთა უმრავლესობა  პასუხისმგებლობას სხვას გადააბარებს,  ადვილად სამართავი ხდება.
კიდევ ერთი,  არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა იყო სასულიერო ხასიათის ლიტერატურაში აპოკალიფსის -- სამყაროს აღსასრულის თემის ექსპანსია, რაც საზოგადოებაში შიშს ნერგავს.
შიში ძალიან ცუდი თანამგზავრია რწმენისთვის.  შიში  იმედს აქრობს ადამიანში და იმედთან ერთად -- ღირსებასაც.
სხვათა შორის, ნებისმიერი ფსიქოლოგი დამეთანხმება, რომ უსაფუძვლო შიშების,  ფობიების დანერგვა მხოლოდ არათავისუფალ სოციუმშია შესაძლებელი.
2003 წლიდან დავიწყე კირიონ II-ის არქივის შესწავლა.  მისი პირადი წერილების გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი რუსი სასულიერო პირი, რომელიც  სიცოცხლეს უმწარებდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლ პატრიოტებს და მათ შორის -- კირიონს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დღეს  წმინდანადაა  აღიარებული . . .
კირიონის წერილების მცირე ნაწილი შემდეგ  წიგნადაც გამოვეცი.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, აქვე მინდა განვმარტო, რომ საზოგადოდ, რუსული კულტურა ნაცნობია ჩემთვის.  ბევრი მწერალი, პოეტი თუ ფილოსოფოსი, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მათ.  სხვათა შორის,  სწორედ რუსი ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი ააშკარავებს  რუსი სასულიერო პირების სერვილიზმს.   ბევრი მათგანი, დღეს ჩვენი მორწმუნე საზოგადოებისთვის, ე. წ. ეკლესიური ადამიანებისთვის,  სამწუხაროდ, შეუვალ  ავტორიტეტად ქცეულა. მართლაც სამწუხაროდ --  რადგან,  ხშირად მათი ნააზრევი ქრისტიანობას ისე ეხმიანება, როგორც დღევნდელ რუსეთში არსებული პუტინიზმი -- დემოკრატიას.
აქვე აღვნიშნავ იმ ტერმინის (ეკლესიური ადამიანი)  უხერხულობას, რომელმაც, რატომღაც საუკუნეების მანძილზე არსებული სადა ტერმინი ქრისტიანი  ჩაანაცვლა. შესაძლოა, ეს წვრილმანად მოეჩვენოს  ვინმეს, მაგრამ, ზოგჯერ წვრილმანი მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს სარწმუნოებაში და მეტიც -- ქვეყნის ისტორიაში. მით უმეტეს,  თუ   ბევრი ასეთი წვრილმანი დაგროვდა . . .
საქართველოში ქრისტიანული ტერმინოლოგია პირველივე საუკუნიდან ყალიბდებოდა, რადგან, როგორც საყოველთაოდ ცნობილია,  ჩვენს ქვეყანაში თავად  ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს პირველი ეკლესიები.   
და საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეკლესიას, მარტივად,  საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერქვა, ხოლო  ჩვენ -- ქრისტიანები.  ეს სახელწოდება, ჩემი აზრით,  დამატებით განმარტებებს აღარ საჭიროებს.  
საზოგადოდ, ტრადიციული ტერმინების შეცვლა ჩრდილოეთიდან მობერილი ტერმინებით,  ვნებს, როგორც ჩვენს ეკლესიას, ისე --  ისტორიას. რადგან  ტერმინების ცვლილება, ხშირად, არსის ცვლილების მომასწავებელია.
      ხოლო არსში რას ვგულისხმობ, ამას შემდეგ წერილში მოგახსენებთ.   
             
პატივისცემითა და სიყვარულით -- ნატალია ბუკია.
24.01.2013 წ.  


წერილების სერია:  „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას“    იხ. Google-ში მისამართზე: