Tuesday, April 29, 2025

სტუდენტობის პერიოდი

 


ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. სულ ხუთი წელიწადი გრძელდებოდა და მიხარია, რომ არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ არ შემეგრძნო მისით ტკბობა.

მე, ჩემი თანაკლასელი და მეგობარი  -- მანანა ქვარაია და კიდევ ორი თანაკლასელი ანტონ მგელაძე და დათო მეფარიშვილი ერთ კურსზე ვსწავლობდით.

  პირველ კურსზე მათემატიკურ ანალიზს იოთამ(ბიბი) ქარცივაძე გვიკითხავდა. ძალიან შემიყვარდა ეს საგანი, განსაკუთრებით, ზღვართა თეორია. ბიბი საოცრად თავისუფალი ადამიანი იყო. აუდიტორიაში მის ქარიშხალივით შემოიჭრას, თითქოს სუფთა ჰაერის ნაკადი შემოჰყვებოდა ხოლმე. მისი ლექციები სანახაობასავით იყო, იქვე გამოჰყავდა თეორემები. ასე მეგონა, რომ თვალის დახამხამებაში მთავრდებოდა ლექცია.

საოცრად დახვეწილი, თავშეკავებული ადამიანი იყო უმაღლესი ალგებრის ლექტორი -- ხვედრი ინასარიძე. მას, ბავშვობა და ყრმობა, საფრანგეთში, პარიზში ჰქონდა გატარებული. შემდეგ, 1990-91 წლებში, იგი უზენაესი საბჭოს წევრი იყო „მრგვალი მაგიდიდან“, რაც ძალიან მახარებდა.

მეოთხე კურსზე ფუნქციონალურ ანალიზს გვიკითხავდა, საინტერესო, მრავალმხრივ განათლებული ლექტორი -- გურამ ბერიშვილი. ეს საგანიც მომეწონა და კარგად მოვამზადე.

პირველ-მეორე კურსზე, ფიზკულტურის მასწავლებლები ყოველ კვირას(შაბათი არ იყო დასვენების დღე, ლექციები გვქონდა) აწყობდნენ ლაშქრობას. ძირითადად, უძოს მთაზე ავდიოდით ხოლმე. ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ, როგორ მიყვარდა ტყის ბილიკებზე, შეყვითლებული ფოთლების შრიალში სიარული... ალბათ, ოდესმე, „იქიდან“ თუ გამახსენდება დედამიწა, გავიხსენებ სწორედ ტყეებს,  კიდევ, კავკასიონის დათოვლილ მთებს, მწვანე წიწვებს შორის მოელვარე ლურჯ ცას; ვარსკვლავებს, რომლებითაც მოჭედილი იყო ზაფხულში თელავის ცა და... საქანელას, რომელიც ზოგიერთ ადამიანის გასაკვირად, ახლაც მიყვარს და თუ საშუალება მომეცა, ვქანაობ კიდეც :) 

მესამე-მეოთხე კურსზე კი, ჩვენ თვითონ, კურსელები, სხვადასხვა ჯგუფიდან, გავდიოდით ყოველ კვირას  ქალაქგარეთ, ბუნებაში.

კურსი სამ ჯგუფად იყო დაყოფილი, სხვადასხვა განხრით. „მოხეტიალე გუნდი“ ნაკრები იყო ამ ჯგუფებიდან.

მერაბ კვანტრიშვილი, ლინგვისტების ჯგუფიდან, ლექსებს გვიკითხავდა ხოლმე.  იცოდა გალაკტიონის, ლებანიძის, ვაჟას... მოკლედ, ბევრი პოეტის ლექსი, განსაკუთრებით კი, მე მგონია, მუხრან მაჭავარიანი უყვარდა, მისი თითქმის ყველა ლექსი იცოდა ზეპირად.

დღის ბოლოს ბიჭები უეჭველად ასუფთავებდნენ იმ ტერიტორიას, სადაც ვჩერდებოდით წასახემსებლად. ეს მაშინ ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა, მაგრამ, მერე და მერე, როცა ვხედავდი, თუ რა მდგომარეობაში ტოვებდნენ ადამიანები, გარემოს, დროსტარების შემდეგ, მაშინ დავაფასე და გამიკვირდა კიდეც ჩემი თანაკურსელების ეს მნიშვნელოვანი ჩვევა.

საერთოდ, ფეხით სიარული მიყვარს. რამდენჯერ წამოვსულვართ მე და ჩემი მეგობარი, მარინა კვაჭაძე, მაღლივი კორპუსიდან, ხან ჩემ სახლამდე(ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისამდე), ხან მარინას სახლამდეც კი(მაშინდელ ენგელსის ქუჩამდე). მარინა თავის ლექსებს მიკითხავდა ხოლმე გზადაგზა, ხან მეცნიერული კომუნიზმის, თუ რაღაც ამგვარი საგნის ახსნას ცდილობდა ჩემთვის, რასაც, მათემატიკისგან განსხვავებით, ისხლეტდა ჩემი ტვინი :) თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ კურსზე ლენინის რამდენიმე ნაშრომი, პირდაპირ მისი ტომეულებიდან დავამუშავე :) მაგალითად, „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“, და სულ მაკვირვებდა იმ კაცის უნარი, ერთიდაიგივე აზრით, ოღონდ, სიტყვათა მრავალჯერადი გადანაცვლებით შედგენილი წინადადებებით შეევსო ფურცლები.

დიპლომის დაცვის დღეს კი საარაკო რამ დამემართა. უნივერსიტეტში მისულმა აღმოვაჩინე, რომ სადიპლომო ნაშრომი დამრჩა შინ. სასწრაფოდ გამოვიქეცი სახლში, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გასაღები დამრჩა ჩანთაში, რომელიც მეგობრებთან დავტოვე. არადა, სამუშაო დღეა, შინ არავინაა! „გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო“, მოგეხსენებათ, ნათქვამია, და სასოწარკვეთილი სართულებზე რომ ჩამოვდიოდი, მეზობლების საკეტების თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ მესამე სართულზე მცხოვრებ ოჯახს ჩვენნაირი საკეტი ჰქონდა და ჩემს ბედზე, შინ იყვნენ... 

მაგრამ, ამდენ ნარბენ-ნანერვიულებს, რაღა მომეკითხებოდა. ჰოდა, ჩემივე დაწერილ, მთელი წლის ნაშრომ-ნაწვალებ დიპლომში ოთხიანი დავიმსახურე(მაშინ სისტემა ხუთბალიანი იყო) :)

სტუდენტობის ყოველი დღე და წუთი ძვირფასია ჩემთვის. ამის შემდეგ, ასევე ბედნიერი და  დაუვიწყარი პერიოდია ეროვნული მოძრაობის წლები.   

No comments:

Post a Comment