Friday, November 1, 2024

ჩემი წინაპრები

I ნაწილი

დედაჩემის მხარე

სოფლის მწერალი

ჩემი ბებოს დედა, დედის მხრიდან, ანუ ჩემი დიდი ბებო -- ბაბულია,  ბაბე  თელავის მახლობელი სოფლიდან, რუისპირიდან იყო. მამამისი -- ისაკ პაპუნაშვილი ამ სოფლის მწერალი ყოფილა. ასე უწოდებდნენ მაშინ განათლებულ ადამიანს, რომელსაც შეეძლო წერილების თუ საქმიანი ქაღალდების წაკითხვა-შედგენა, ქართულად და რუსულად. მის მეუღლეს  -- ანასტასიას, ანუ ტასია ბალახებით მკურნალობა სცოდნია.  ჩანს, ეს ოჯახი საკმა მნიშვნელოვანი და ამიტომ, შეძლებულიც იყო.

ტასია ტანმაღალი ქალი ყოფილა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სანამ სასახლეს შეუკვეთავდნენ ისაკს სიზმარი უნახავს, თითქოს, სასახლე პატარა აღმოჩნდა და გადაკეთება გახდა საჭირო, შემდეგ სამარეც მოკლე აღმოჩნდა და დამატებით გათხრა გახდა საჭირო. ამიტომ გაუფრთხილებია მუშები და ხელოსნები, ასეთი და ასეთი სიზმარი ვნახე და ზომები კარგად აიღეთო. მიუხედავად ამისა, სასახლეც პატარა აღმოჩნდა და სამარეც და ორივეს შესწორება მოუხდათ თურმე.

მეუღლის  გარდაცვალების  შემდეგ  ისაკი ხელმეორედ დაქორწინებულა, რასაც ოჯახის ქონების განიავება მოჰყოლია. მეორე ქორწინების შედეგად მას ერთი ვაჟი შეეძინა, აბელა, რომლის ვაჟიშვილი -- სურენა, მოსიყვარულე და გარეგნულადაც მეტად სასიამოვნო ადამიანი იყო. როცა კი შეგვხვდებოდა, თელავში ჩასულებს, მეტყოდა, აბა, თქვი ლექსიო, თან თვითონვე წამოიწყებდა: „მაკრატელი, მაკრატრლი, მე ვარ კუკურუჭანა მღვდელი“... ეს ლექსი  სამი-ოთხი წლის ასაკში მითქვამს მისთვის და სულ ახსოვდა.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

* * *

ისაკს და ტასიას ორი ქალიშვილი -- ბაბე და ლიზა  და ერთი ვაჟი -- დარჩია

 ჰყავდათ. მამამ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ორივე ქალიშვილი თელავში გაათხოვა.

ლიზა, მეჭურჭლისთვის -- რუთია ბიჭიკაშვილისთვის მიუცია.  ლიზას და რუთიას  ორი ქალიშვილი ჰყავდათ,  ანა  და შუშანა -- ჩემი ბებოს დეიდაშვილები.

შუშანა იურისტი იყო.  ის ადრევე დაავადდა და მახსოვს, დიდხანს ლოგინად იყო ჩავარდნილი.

უფროსი და ანა ანუ ანიჩკა, როგორც მას რუსულ ყაიდაზე ეძახდნენ, ლამაზი ქალი ყოფილა.  ჩემი ბებო იტყოდა ხოლმე, შუშანა და მე ადიუტანტებივით დავყვებოდით უკან, რადგან მეტად ლამაზი იყო და მარტოს არ უშვებდნენო. მისი გათხოვების ამბავი ცალკე ლამაზი ისტორიაა, რომელსაც ქვემოთ მოვყვები.

ბაბე ბაბოს ოთხი კლასის განათლება ჰქონდა მიღებული, ის თვითონ ასწავლიდა თავის შვილებს წერა-კითხვასა და ანგარიშს. ბაბეს კარგი ხმა და კარგი მუსიკალური სმენა ჰქონია. ის ლექსებსაც წერდა თურმე. გარეგნობითაც მიმზიდველი ყოფილა. დედაჩემი იტყოდა ხოლმე, ბაბე ბაბოს თეთრ-ვარდისფერი ლოყები და მუქი ლურჯი ფერის თვალები ჰქონდაო. ლურჯი თვალები მხოლოდ მის ერთ ვაჟს, ჟორას გამოჰყვა, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.

ბაბე ბაბო რომ გარდაიცვალა, დედაჩემი სტუდენტი იყო და თბილისში ცხოვრობდა თავის დედასთან ერთად.

დედაჩემი იხსენებდა ხოლმე ბაბეს გარდაცვალების ღამის სიზმარს: 

„ღამე ძილში ტირილი დამიწყია, დედაჩემმა გამაღვიძა და მკითხა, ცუდ სიზმარს ხედავო? მე არ ვუთხარი, რომ არ შეშინებოდა. ვნახე, თითქოს ვიღაც მეუბნებოდა: ბაბე ტყეში წავიდა და დაიკარგაო. ცოტა ხანს ვისაუბრეთ მე და დედაჩემმა, და ისევ დავიძინე. მალევე მაღვიძებს დედაჩემი: რა სიზმარს ხედავ, ისევ ტიროდიო. ახლა კი ვეღარ დავუმალე და მოვუყევი პირველი სიზმარიც და მეორეც, რომელიც პირველის გაგრძელება იყო. მეორე დილითვე წავიდა დედაჩემი ბაზარში, თელაველი ქალები ნახა, მეზობლები, რომლებმაც უთხრეს, გუშინწინ წამოვედით თელავიდან, ბაბე მშვენივრად იყოო. ბაზრიდან დაბრუნებულ დედაჩემს კი ფეხდაფეხ  მოჰყვა დეპეშა, რომელიც ბაბეს გარდაცვალებას გვაუწყებდა“. 

ბაბე ბაბოს ძმა -- დარჩია და მისი მეუღლე ადრე გარდაცვლილან და მათი სამი შვილი  -- ნიკალა, მარგალიტა და მანუშაკა -- ბაბეს, ლიზას და ანიჩკას ოჯახებს გაუზრდიათ. ნიკალა ბაბე ბაბოს ოჯახში გაიზარდა. გადმოცემით ვიცი, ის წლების განმავლობაში ციხის ზედამხედველი იყო. პატიმრები მას „ოქროს კაცს“ ეძახდნენ, ალბათ, გულმოწყალების გამო.

* * *

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლიზას და რუთიას უფროსი ქალიშვილი ანიჩკა ლამაზი ქალი ყოფილა. ის მდიდარ კაცს მოუნათლავს, გვარად დემურიშვილს. ხშირად დადიოდა თურმე მის ოჯახში ანიჩკა, ის კარგად კერავდა და ნათლიის ოჯახის წევრებს უკერავდა სხვადასხვა ტანსაცმელს, პალტოებსაც კი. თვითონ იგონებდა მოდელს და თვითონვე ჭრიდა. ერთხელაც, იმ ოჯახში, დიასახლისის დისშვილს, ბაღდია სიმონიშვილს, „მწვანე იაგორას“ შვილს უნახავს და გულში ჩავარდნია. უთხოვია დეიდისთვის მიმეგზავნე ანიჩკას ოჯახში, რომ ხელი ვთხოვოო. მას კი არ მოუნდომებია ხელმოკლე ოჯახის შვილი თავისი დისშვილისთვის და უარი უთქვამს. ბაღდიას დედა გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ,  სათნო დედინაცვალი ჰყოლია, სახელად, ნატო. მისთვის უთხოვია, დამეხმარეო. ნატო ბაბე ბაბოსთან, ანუ ანიჩკას დეიდასთან მისულა და საქმე გაუჩარხავთ. ბაღდია გულსწრაფი კაცი ყოფილა და ჯვრისწერის დღეც მალევე დაუნიშნავთ. ანიჩკას ნათლიის ოჯახმა არაფერი იცოდა. ერთ დღეს, ნათლიას ტაძართან რომ ჩაუვლია, დაუნახავს, რომ ჯვრისწერის მსახურება სრულდება. დაინტერესებულა: ნეტავი, ვინ იწერს ჯვარსო, და შესულა შიგნით, როცა გაუგია, რომ მისი ნათლული და  ცოლის დისშვილი ქორწინდებიან, უბრძანებია: კარგად გაანათეთ  ეკლესია, ჩემი ნათლული იწერს ჯვარსო!

ბაღდია ბაბეს მადლობელი დარჩა და დიდ პატივს სცემდა მას. ბაბე როცა დაქვრივდა, ეხმარებოდა კიდეც ოჯახს.

ჩემი ბებო იხსენებდა: მამის სიცოცხლეში არაფერი გვაკლდა, საჭმელ-სასმელიც გვქონდა და ტანისამოსიც. უფროს გოგოებს, ჭრა-კერვა გვეხერხებოდა და ოჯახსაც ვეშველებოდითო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი საკმაოდ გაგვიჭირდაო. ერთ დღეს ურემმა დიდი ტომრით ფქვილი შემოიტანა ჩვენს ეზოში. დედაჩემს ეგონა, ალბათ შეეშალათო, მაგრამ გვითხრეს, თქვენთან გამოგვატანა ბაღდიამო.

ანიჩკას და ბაღდიას სამი შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი -- ალექსი და ჟორა და ერთი ქალი ტასიკო. ტასიკო ადრევე წაუყვანია ბაღდიას ძმას, ვანოს, მოსკოვში, სადაც თვითონ ცხოვრობდა ოჯახით. ის საკმაოდ წარმატებული ექიმი იყო.          

ტასიკო იქვე გათხოვდა ვასილი ზავარინზე, რომელიც შემდეგ, რამდენიმე წელი, სსრ კავშირის რკინიგზის მინისტრის მოადგილე იყო. დედაჩემის მოსკოვში მუშაობის პერიოდში, ეს ოჯახი დიდი ნუგეში იყო მისთვის. ჩემი სტუდენტობის პერიოდში კი, ნინა, ტასიკო დეიდას ქალიშვილი, თბილისის კონსერვატორიაში სწავლობდა დაუსწრებელზე და გამოცდების დროს ჩვენთან ჩერდებოდა ხოლმე. მერე კი მე, „ტნიისაში“ მუშაობისას, მოსკოვში მიწევდა მივლინებები და ტასიკო დეიდასთან ვრჩებოდი ხოლმე. ზოგჯერ, დილით თვალს რომ გავახელდი, მანამდე, სანამ გამოვფხიზლდებოდი, არ ვიცოდი თბილისში ვიყავი, თუ მოსკოვში, იმდენად ხშირად მიწევდა გამგზავრება. ტასიკო დეიდას სახლს საკუთარივით შევეჩვიე. იმ დროს მისი მეუღლე აღარ იყო ცოცხალი. დედაჩემი ამბობდა ხოლმე მასზე, იშვიათი ადამიანი იყო, თავისუფალი, იმპერიული და შოვინისტური მიდრეკილებებისგანო :) ასეთივე იყო მისი უფროსი შვილი ლოვა, რომელიც  უფრო ქართველს ჰგავდა, გარეგნობითაც და ხასიათითაც. ის რამდენიმე თვე თელავის სკოლაში დადიოდა და სიამოვნებით იხსენებდა იმ პერიოდს.

ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, ლოვამ მანქანით წამიყვანა სმოლენსკში, სადაც ზურა ე. წ. მესამე, ანუ შრომით სემესტრს გადიოდა. იქ, ერთ ებრაულ ოჯახში გავათენეთ ღამე, სადაც გავიგე, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ტასიკო დეიდას გადაურჩენია ამ ოჯახის წევრები დახვრეტას. ფაშისტებისთვის მათზე უთქვამს, ესენი ქართველები არიანო.

 ტასიკო დეიდას შემდეგი ორი ვაჟი, იურა და ვალოდიაც არანაკლებ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდნენ ჩემს მიმართ, როცა იქ ვიყავი ხოლმე. მოჰქონდათ მუზეუმებისა თუ თეატრების ძნელად მოსაპოვებელი ბილეთები, რადგან იცოდნენ, რომ მე, ეს ყველაფერი, მაინტერესებდა. 

ტასიკო სიმონიშვილი-ზავარინა

ტასიკო დეიდა 90-იანებში გარდაიცვალა, ჩვენ, გასაგები მიზეზების გამო, ვერ შევძელით მასთან გამომშვიდობება.

დაე, ნათელში იყოს მისი სპეტაკი, სათნო სული!

* * *

ტასიკო დეიდას ძმები თელავშივე დასახლდნენ. ალექსის და მის მეუღლეს მარგოს ოთხი ულამაზესი ქალიშვილი შეეძინათ. პირველს ოცნება დაარქვეს. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თელავში მუშაობდა ექიმად. ალექსი ძიას მსგავსად,  ჰქონდა საოცარი იუმორის გრძნობა და სახალისო ამბების მოყოლის უნარი. ჩემი ნაცნობი თელაველები მას „ჩვენი ოცნება ექიმიო“, ასე მოიხსენებდნენ ხოლმე, უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ.

მეორე ქალიშვილს ნუნუ ერქვა. სიყვარულით სავსე, მოალერსე გოგონა იყო. ჭრა-კერვის ნიჭი ბებოსგან გამოჰყვა. თავის დებს თვითონ უკერავდა ყველანაირ ტანსაცმელს. ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან ეს ანგელოზის ბუნების ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ძიასთან ურთიერთობა ადვილი და სახალისო იყო, მე მაინც მერიდებოდა მისი. მარგო დეიდასთან კი ისე ვიყავი შეჩვეული, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებთან. უმცროსი შვილს, ირინას, ჩემს ტოლს და მეგობარს, ყოველთვის უხდიდნენ დაბადების დღეს და, რადგან ეს ზაფხულში ხდებოდა, მეც იქ ვიყავი ხოლმე. მარგო დეიდა უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდა და ულამაზეს სუფრას შლიდა. ეს საოცრად სტუმართმოყვარე ოჯახი თითოეულ მისულს, დიდს თუ პატარას, ისე ხვდებოდა, თითქოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ესტუმრათო.

 ჟორას და მის მეუღლეს, ჟენია ძმანაშვილს კი, ორი ვაჟი შეეძინათ. უფროსი წლების განმავლობაში ქირურგი იყო სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. უმცროსი,  დათო, ჩემი და ირინას თანატოლი იყო. ბავშვობაში, ზაფხულობით, მე, ირინა და დათო დიდ დროს ვატარებდით ერთად. წლების მერე, მოსკოვში ჩემი ყოფნისას, დათოც ჩამოვიდა იქ, და, ტასიკო დეიდასთან და ნინასთან ერთად, მათ აგარაკზეც წავედით. აგარაკი მოსკოვთან ახლოს იყო. პატარა სახლს ნაკვეთიც ჰქონდა, სადაც ტასიკო დეიდას სხვადასხვა კენკროვანი ხილი ჰქონდა გახარებული. ამ დასახლებას ლამაზი ტყე აკრავს ირგვლივ, სადაც ვსეირნობდით ხოლმე.

სარაჯი

ტყავის ქამრების, ჩანთების, უნაგირების და სხვა ტყავეულების მკეთებელი

ჩემი დიდი პაპა ალექსანდრე, ანუ ალექსი დანიბეგაშვილი, ბაბეს მეუღლე,  სარაჯი იყო.  ცხენის აღკაზმულობას და  ტყავის სხვა ნაკეთობებს შესანიშნავად კერავდა, როგორც გადმოცემით ვიცი, ბადალი არ ჰყავდა თელავში, და მის შემოგარენში. ერთხელ შეჯიბრიც გაუმართავთ მას,  და სხვა სარაჯს, და ყველას ერთხმად უღიარებია: ალექსი შეუდარებელიაო.

ალექსის დედა-მამას -- მაკას და  აბრამს, მის გარდა, კიდევ ორი ვაჟი -- არტემი და გიგოლა,  და ორი ქალი -- ტასო და ოლა ჰყოლიათ.



მარცხნივ, ჰამლეტის მამა არტემა,;  მარჯვნივ, პარონას მამა, გიგოლა; შუაში, მათი დისშვილები.  

ტასო თელავში იყო გათხოვილი, მას ორი ვაჟი ჰყავდა -- კოტე და არჩილი.

კოტე  ტყვედ ჩავარდნილა  პირველი მსოფლიო ომის დროს;  ბულგარეთში დასახლებულა და იქვე დაოჯახებულა. ოცი წლის შემდეგ მონახა და ჩამოიყვანა თავისი მამიდაშვილი, მიშამ,  ჩემი ბებოს ძმამ, რომელზეც შემდეგ კიდევ ვისაუბრებ, ცოლით -- კალინათი და შვილებით.

კოტე და არჩილი

 

ოლა ველისციხეში გათხოვილა.

ვაჟები კი, ქორწინების შემდეგაც,  ერთ უბანში ცხოვრობდნენ -- დაბღების, ანუ ტყავის  გამომყვანი ხელოსნების, უბნის, დაბახნების  ცოტა ზემოთ.

 მახსოვს, ბავშვობაში, თელავში ჩასვლისთანავე, დაბახნების წყაროზე ჩავრბოდით ხოლმე ცივი წყლის ამოსატანად.  ეს ჩემი ბებოს ქალიშვილობის უბანი იყო. მისი მშობლიური სახლი ამ წყაროს გადმოჰყურებდა.

არტემს  და მაშოს ექვსი შვილი ჰყავდათ, ვართანა, საქულა, არშაკა, შუშანა, ანეტა და მარგო.  გიგოლას და შუშანასაც, ასევე ექვსი -- მაშო, ვარსენიკა, სონა, მანია, ცაცო და პარონა.

ალექსი პაპასთან ხშირად მოდიოდნენ მწყემსები,  ტყავის სხვადასხვა ნაკეთობებისთვის. ერთხელ, როცა წასულან, პაპას, ცოტა მოგვიანებით, უნახავს, რომ მათ დარჩათ ფულით გატენილი საფულე. მაშინვე შეგირდი გაუგზავნია და გზიდან მოუბრუნებია ის მეცხვარეები. დაულოციათ ჩემი დიდი პაპა, მთელ ნავაჭრს ვკარგავდითო.

ჩემი ბებო ამბობდა, თუ მამაჩემი შემთხვევით ფულს იპოვნიდა და მის პატრონს ვერ მიაკვლევდა, დედაჩემს მისცემდა და ეტყოდა ხოლმე: აჰა, პაპუნაანთ ქალო, რამეში გამოიყენებ, მე ამას ჩემს ფულში ვერ გავურევო.

ერთ დღეს ალექსი პაპა ავად გამხდარა და ისე გართულებია ავადმყოფობა, უგონოდ იწვა თურმე და მის საწოლთან ხან ბაბე მორიგეობდა,  ხან მათი ქალიშვილები, ხან კი პაპას დები. ჰოდა, ერთ დღესაც, უცებ ხმა ამოუღია: ექვსი? ექვსი? მაშინვე ყველანი დაფაცურებულან, ექიმი მოუყვანიათ, რაც საჭირო იყო, ყველაფერი გაუკეთებიათ, და სწრაფადაც მომჯობინებულა. მოუყოლია: დიდ განათებულ ველზე აღმოვჩნდი, იქ დამხვდა თეთრებში ჩაცმული მაღალი კაცი, რომელმაც მითხრა, რატომ მოხვედი? დაბრუნდი უკან,  შენი დრო ჯერ არ მოსულაო.

მაგრამ, არ ახსოვდა, თუ არ ამბობდა, რატომ იმეორებდა „ექვსი, ექვსიო“. ვერც ეკითხებოდნენ, რომ არ შეეშფოთებინათ, შიში კი ჰქონდათ. ექვსი დღე, ექვსი კვირა და ექვსი თვე რომ გავიდა, შვებით ამოისუნთქეს. ამ ამბის შემდეგ დაიბადნენ მარუსია და ვარა. ალექსი პაპა კი ზუსტად ექვსი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ალექსის და ბაბეს, ათი შვილი ჰყავდათ, ხუთი ქალი და ხუთი ვაჟი.

ბაბე თავისი ხუთი ქალიშვილით:

 მარცხნიდან, კატუშა(მესამე ქალიშვილი), სირანა, სათენიკა(პირველი შვილი), ვარა(ყველაზე უმცროსი შვილი), მარუსა.

სავარაუდოდ, ცალკე ექნებოდა ვაჟებთან გადაღებული სურათი, თუმცა, არ მინახავს.

არც ალექსი პაპას სურათი მაქვს.

 

 

* * *

ჩემი ბებო, სირანა, ანუ სირუნიკა, რიგით, მეორე შვილი იყო. ის გარეგნობით ტყუპისცალივით ჰგავდა უფროს დას, სათენიკას, თუმცა ხასიათით და ტემპერამენტით საკმაოდ განხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. სათენიკა მშვიდი, დინჯი, აუღელვებელი ქალი იყო, როგორც ნამდვილ კახელს შეეფერება :) ჩემი ბებო კი, უფრო გამოკვეთილი ხასიათის, პირდაპირი, თავისი სიმართლისთვის მებრძოლი;  ერთგვარად გულსწრაფი, მაგრამ უაღრესად ერთგული და უღალატო. დების გარეგნულმა მსგავსებამ ერთხელ, საკმაოდ გამაოგნა. ჩემი დეიდაშვილი კი, ატირებულა კიდეც, როცა ვეღარ გაურჩევია, რომელი იყო მისი საკუთარი ბებო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბებოს სკოლაში არასოდეს უვლია, მან წერა-კითხვის გარდა, ბევრი ლექსი იცოდა ზეპირად. კარგი ხმა და სმენა ჰქონდა და კარგადაც მღეროდა. ხშირად იხსენებდა თავის ბავშვობასა და ახალგაზრდობას. ამბობდა, ბიძაჩემ გიგოლას უხაროდა, კარგად რომ ვმღეროდი და დიდ სუფრაზე მთხოვდა ხოლმე რომ მემღერაო. ეს ნიჭი მას დედისგან გამოჰყოლია.

ბებო მეზობლებში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა, რისი მოწმეც არაერთხელ ვყოფილვართ მე და ჩემი დეიდაშვილები. ერთხელ, მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, ჩემი დეიდაშვილის შვილმა გაკვირვებულმა თქვა: თურმე ჩემი დიდი ბებო როგორი დაფასებული ქალი ყოფილა უბანშიო.

ადრეულ ბავშვობაში ბებოსთან უფრო შეჩვეული ვიყავი, ვიდრე დედასთან და მერეც, დედაჩემზე არანაკლებ მიყვარდა.

 

ჩემი გამზრდელი ბებო

მეორე კურსზე ვიყავი, ის რომ გარდაიცვალა. თითქოს სიცარიელე დამრჩა გულში, მაშინ სულის უკვდავებაზე წარმოდგენაც არ მქონდა, ამიტომ გამიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ სამუდამოდ დავკარგე უძვირფასესი ადამიანი.

ბებო თელავში დავკრძალეთ.

ჩვენი სახლის უკან, ქუჩის გადაღმა, რომელიც ამჟამად დავით რექტორის სახელს ატარებს, ჩოლოყაშვილების ოჯახი ცხოვრობდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმის, შაქროს შვილთან, ტასიკოსთან, დეიდაჩემი მეგობრობდა, თითქმის ტოლები იყვნენ. ბებოს ქელეხში ტასიკო დეიდამ  სიტყვა მოითხოვა და აი, რა თქვა: ვიცი, რომ სირანა დეიდას ყველა მეზობელი დიდ პატივს სცემს, მაგრამ, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც მის სიმამაცესა და პატიოსნებას კიდევ ერთხელ ამტკიცებსო: როცა ჩვენი იჯახი სასტიკად იდევნებოდა, ჩვენებმა ყველაფერი შეაგროვეს, რასაც ფასი ჰქონდა და სირანა დეიდას ჩააბარეს, თუ ცოცხლები გადავრჩებით, დაგვიბრუნეო. საშიშროებამ რომ გაიარა, მისხალ-მისხალ დაგვიბრუნა ყველაფერიო.

ბებოს ნათესავებმა და შვილებმაც კი, პირველად მაშინ გაიგეს ეს ამბავი. ზოგს კიდეც გაუკვირდა. მე არ გამკვირვებია, რადგან მისი უამრავი დარიგებიდან ყველაზე მკვეთრად ეს დამამახსოვრდა: შვილო, არასოდეს დაივიწყო, იოტისოდენა სიკეთეც კი, ყოველთვის გახსოვდეს ვინ დაგეხმარა, და შემდეგ, რაც უნდა მოხდეს თქვენს შორის, სიკეთეს მაინც ნუ დაუკარგავ მას. შენ კი, თუ ვინმეს, რაიმეში დაეხმარე, ნურასოდეს მოიწონებ ამით თავს. უკეთესი იქნება, თუკი საერთოდ დაივიწყებო.

იშვიათი მოსმენა იცოდა, დიდისა თუ პატარისა, ამბობდა: შესაძლოა, ბავშვმაც კი მნიშვნელოვანი რამ გითხრასო.

კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო, უაღრესად სუფთა ქალი იყო, რაც სირთულეს წარმოადგენდა იმ პირობებში, როცა სასმელი წყალი დაბახნების წყაროდან უნდა გეზიდა, ხოლო სახმარი კი, ეზოს გარეთ მდგებარე ონკანიდან აგევსო, რომლითაც რამდენიმე მეზობელი ოჯახი სარგებლობდა და ამიტომ, მუდამ რიგი იდგა.  ხელებს ისე  იბანდა, როგორც ქირურგი ოპერაციის წინ :) ასე ასწავლა შვილებს და მათ კი -- ჩვენ.

ბებოს ხუთი ძმიდან ერთი, გიორგი, ათი წლისა გარდაცვლილა, რაღაც სახადით. ჟორა, როგორც ზემოთ ვთქვი, 27 წლის გარდაიცვალა ტუბერკულიოზით, მას ჯერ ოჯახი არ ჰქონდა.

                                                             
ჟორა(დგას), ძმასთან, გრიშასთან(მარჯვნივ)
და  ბიძაშვილთან, საქულასთან ერთად 

               წარწერა სურათის უკან:
    ვუძღვნი ამ სურათს ჩემ და სირანას
რათა შეინახოს ჩემს ხსოვნისათვის.
 19.XII.31წ.                                

მიშა 37-ში დახვრიტეს. მე ორს მოვესწარი აბელას და გრიშას. გრიშა, თავისი დიდი ოჯახით, ცოლითა და ხუთი შვილით დედ-მამის სახლში ცხოვრობდა, აბელა, მის მეზობლად. მას შვილი არ ჰყავდა. გრიშას ცოლს ლომაანთ ქალს ეძახდნენ, რადგან ლომაშვილი იყო გვარად, ნინა ერქვა. აბელას ცოლსაც ნინა ერქვა, ბიწკინაშვილი იყო და ბიწკინაანთ ქალიო, ასე იტყოდნენ ხოლმე. როგორც კი თელავში ჩავიდოდით, ორივე ნინა მოდიოდა ჩვენთან, ბებოს სანახავად და უყვებოდნენ თელავის ამბებს. ბებოს გარდაცვალების შემდეგ კი, დედაჩემი, თელავში რომ ჩავიდოდით, უეჭველად მიდიოდა თავის ძალოებთან სტუმრად და ჩვენც მივყავდით. ეს თელავის ტრადიცია იყო, უფროსების პატივისცემას ასე გამოხატავდნენ და ნათესავებს შორის კავშირი და სიყვარულიც არ ქრებოდა.

გრიშა და ნინა ლომაშვილი  

            

  აბელა და ნინა ბიწკინაშვილი                

 

* * *

ბებოს განსაკუთრებული, სულიერი სიახლოვე მიშასთან ჰქონდა. მიშას ორი შვილი დარჩა ბერდო, ხუთი წლისა და მედიკო, წლინახევრის. ძალიან დიდხანს, ოჯახს ეუბნებოდნენ, მიშა გადასახლებულიაო. ბაბე ბაბო და ჩემი ბებო რამდენჯერმე შესულან მაშინდელ თანამდებობის პირებთან, რომ გაეგოთ მისი ადგილსამყოფელი. მისი მეუღლე, თამარ ჯაში „პერედაჩებსაც“ უზიდავდა კარგა ხანს. მისი რეაბილიტაციის დროს კი გაირკვა, რომ დაპატიმრებისთანავე დახვრიტეს. ცხადია, ასეც იქნებოდა, რადგან კომუნისტებს ეშინოდათ ასეთი ადამიანების. ის ნიჭიერი და განათლებული იყო, დისერტაცია ჰქონდა დაცული და პოლიტეკონომიას ასწავლიდა უმაღლეს სასწავლებელში. ზემოთ ვახსენე, რომ ოცი წლის შემდეგ ბულგარეთში მიაკვლია და ჩამოიყვანა თავისი მამიდაშვილი კოტე, ცოლ-შვილით. ეს მაშინ საკმაოდ რთული საქმე იყო.

მიშას მეუღლე, თამარა ძალო, როგორც მას დედაჩემი მოიხსენიებდა, და მისი გავლენით, ჩვენც ასე მივმართავდით, ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და ძალიან იშვიათი საბავშვო წიგნები მოჰქონდა საჩუქრად. მედიკო გამომცემლობაში მუშაობდა და, ალბათ, აქედან მიუწვდებოდა ხელი, თორემ ის წიგნები, არც მაშინ და არც მერე, მაღაზიებში არ მინახავს. სავარაუდოდ, მცირე ტირაჟით იბეჭდებოდა. მახსოვს, ერთი, მისი ნაჩუქარი წიგნი, ლენინგრადელი მწერლის, იური ტომინის, „ჯადოქარი დადის ქალაქში“, თელავში წავიღე და დამეკარგა, ალბათ მეზობლის ბავშვებმა წაიღეს :) გული დამწყდა. დღემდე ვეკითხები ხოლმე ბუკინისტებს, მაგრამ, არც სმენიათ.

თამარა ძალო, წარმოშობით, ქუთაისიდან იყო, მას ჩვენს ოჯახთან განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა და დევნისა, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, სტუმრის მოყვარული, მუდამ გულგახსნილი და ხალისიანი.

 

თამარა ძალო                                         მიშა


* * *

ჩემი ბებოს უფროსი და, სათენიკა თელავში იყო გათხოვილი, ვანო ერქვა მის მეუღლეს, საუკეთესო დურგალი იყო. თელავში და მიმდებარე სოფლებში ბევრი სახლი მისი აშენებული იყო. ზაფხულობით სათენიკა ბაბოსთანაც მივდიოდით ხოლმე სტუმრად. ერთხელ, ჩემი ბებო, დედაჩემი, დეიდაჩემი და ჩვენ, მათი შვილები, წავედით ერთად. ბავშვები წინ მივრბოდით, უფროსები უფრო ნელა მოგვყვებოდნენ უკან. სათენიკა ბაბოს სახლს რომ მივუახლოვდით, ვხედავ, აივანზე ჩემი ბებო გადმომდგარა და იღიმება, გაოცებისგან პირი დავაღე, როდის გადაგვასწრო, აივანზეც ავიდა და ვითომც არაფერი, ისე მშვიდად იღიმება მეთქი. უკან მივიხედე და აგერ არ მოდის ჩემი ბებო! მოკლედ, გავოგნდი. პირველად მაშინ აღმოვაჩინე მათი ასეთი მსგავსება.

სათენიკას და ვანოს ორი ვაჟი ნიკალა და გეურქა, და ერთი ქალი -- ნინა ჰყავდათ. ორივე ვაჟი მეორე მსოფლიო ომს შეეწირა. უფროსის, ნიკალას დაღუპვის ამბავი რომ შეატყობინეს, მის მეუღლეს -- კატუშას, „პარალიჩმა დაარტყა“, როგორც მაშინ ამბობდნენ, და დარჩენილი სიცოცხლე ლოგინს იყო მიჯაჭვული. მას სათენიკა ბაბო უვლიდა მასაც და მის ორ მცირეწლოვან შვილსაც, ლოვას და ლიდას.

მეორე ვაჟზე კი არაფერი შეატყობინეს და მთელი სიცოცხლე ელოდა სათენიკა ბაბო, ეგებ გამოჩნდესო.

ნინა სანიორეში გათხოვდა, მისი მეუღლე იყო ალექსი საქუაშვილი.

ნინა დეიდა იმავე სოფელში მუშაობდა ჯერ მასწავლებლად, შემდეგ კი, სასწავლო ნაწილის გამგედ, თუ სკოლის დირექტორად, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ, ვიცი, რომ მის ყოფილ მოსწავლეებს უყვარდათ და აფასებდნენ მას.

ჩემი ბებოს შემდეგი და, კატუშა, თორმეტი თუ ცამეტი წლისა წაუყვანია სახლიდან მის მომავალ მეუღლეს, საქულა სოლომნიშვილს. ჩემი ბებო იტყოდა ხოლმე: თავის თოჯინებიანად წაიყვანესო :) მაშინ მათ სოფელს ურიათუბანი ერთქვა, შემდეგ ვაზისუბანი უწოდეს, მალევე საქმრო ჯარში გაუწვევიათ, და როცა ის დაბრუნებულა, კატუშა მაგიდის ქვეშ შემძვრალა და აღარ გამოდიოდა თურმე, ისე ერიდებოდა მისი :)

კატუშას და საქულას ორი ვაჟი ჰყავდათ, ალექსი და ლოვა. ლოვა დედაჩემის ტოლი იყო. დედაჩემი იხსენებდა ხოლმე, მათთან როცა ჩამიყვანდა დედაჩემი სტუმრად, დილაობით რომ გავიღვიძებდი, საწოლთან ცვრიანი ყურძენი დამხვდებოდა ხოლმეო. ასე ზრუნავდნენ მასზე დეიდაშვილები. ლოვას დედაჩემისთვის, ჯარში ყოფნისას, სურათი გამოუგზავნია, სამხედრო ფორმაში გადაღებული, მაგრამ ძალიან უხარისხო სურათი იყო, ჩანს. დრო-ჟამმა გააფერმკრთალა. უკან წარწერა აქვს: „ეს სურათი გადაღებულია ნახეჩევანში ყოფნისას, 1950 წელს, 20 თებერვალს. სახსოვრად დეიდაშვილს ლუსიკას, დეიდაშვილისგან ლოვასგან.“ მერე, როცა ლოვა დაქორწინდა, დედაჩემი მის მეუღლესთან, მაროსთანაც მეგობრობდა. 

 * * *

უმცროს დებზე, მარუსასა და ვარაზე, ჩემი ბებო იტყოდა ხოლმე, ჩემი გაზრდილები არიანო. მარუსას ქმარი, მიშა ლუარსაბიშვილი 37-ში გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც ვეღარ დაბრუნდა. ერთი შვილი დარჩა, თენგიზი, რომელმაც ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ლექსებსაც წერდა. გარდაცვალებამდე შეძლო ორი თუ სამი პატარა კრებულის დაბეჭდვა, შვილების ხელშეწყობით, რამაც სიბერე გაუხალისა. მეუღლის, მიშას გამოგზავნილ წერილებს სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა მარუსა ბაბო. მეგონა, ალბათ, მერე საფლავში ჩაატანეს მეთქი, მაგრამ თენგიზის მეუღლემ, ეთერმა, ამ უაღრესად გულიანმა და მოსიყვარულე ადამიანმა. ორიოდე წლის წინ მაჩვენა: აი, შენახული მაქვსო.

თენგიზი და მარუსია

ვარა გათხოვილი იყო იოსებ კვაცაშვილზე. იოსები ძმასავით ეხმარებოდა ჩემს ბებოს, გაჭირვების პერიოდში. მერეც, ჩვენს ეზოს ის უვლიდა და თელავში ჩასულებს ბოსტნეულს და ხილს დაგვახვედრებდა ხოლმე.

ვარა, თავისი ოჯახით 

ვარა ბაბო დიდხანს ავადმყოფობდა და დაახლოებით, ორმოცდათხუტმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. მე და დედაჩემის ბიძაშვილი(გრიშას, უმცროსი ვაჟი) ამირანი, ექვსი წლისანი ვიყავით მაშინ, და მახსოვს, აივანზე ვიდექით და „ფილოსოფიურად ვმჯელობდით“ სიკვდილ-სიცოცხლეზე :) 

გიორგი პაპა

დედაჩემის მამის მშობლებს -- ანას და არტემს ოთხი შვილი ჰყავდათ. პირველი იყო დედაჩემის მამა გიორგი, მის გარდა, ჰყავდათ კიდევ ერთი ვაჟი -- ვანიჩკა და ორი ქალიშვილი: ვარინკა და სონა.

ანა, ანუშკა ნაზირიშვილი მორწმუნე ქალი ყოფილა. ოთხივე შვილი მას სიცოცხლეშივე გარდაეცვალა. ჩემი ბებო იხსენებდა, ქმარი რომ გარდამეცვალა, მამშვიდებდა: ამდენს ნუ ტირი, შვილო, თვალებს გაიფუჭებ, პატარები გყავს გასაზრდელიო.

ანუშკა კარგად კერავდა თურმე და თავის გოგონებს თვითონ უკერავდა კაბებს.    

ჩემი ბებო იხსენებდა ხოლმე, შვილი რომ შემეძინებოდა, მაშინვე გადმოვიდოდა ჩემი დედამთილი ჩვენთან, დასახმარებლად. ორმოცი დღე რჩებოდა და ყველანაირად ხელს მიწყობდაო.

ვარინკა შვილიან კაცს გაჰყოლია ცოლად, ფოსტის უფროსს. ეს კაცი ცოლმა მიატოვა თოთო ბავშვიანად, მას ნინა ერქვა. ის ჩემმა პაპიდამ, ვარინკამ გაზარდა და შრომაც დაუფასდა, ნინას ღვიძლი დედასავით უყვარდა თავისი გამზრდელი. ვარინკასა და მის მეუღლეს საერთო ქალიშვილიც შეეძინათ, თაქუშა, რომლის ოჯახთან ახლო ურთიერთობა გვქონდა. თაქუშა დეიდას მეუღლე ხრისტო ძია, სტუმართმოყვარე, გულთბილი ადამიანი იყო. ორი ქალიშვილი ჰყავდათ, ვენერა, ფილოლოგი, რომელიც თელავის ინსტიტუტში მუშაობდა, და მანონი.

თაქუშა დეიდა  


ხრისტო ძია, ვენერა და მანონი                    

სონას ქმარი ფრანგი იყოო, იტყოდნენ ხოლმე. მე ვფიქრობ, ალბათ კათოლიკე იყო. მანდოლინების ოსტატი ყოფილა და დეიდაჩემისთვის უჩუქებია თავისი ნაკეთობა. დეიდაჩემი ნებისმიერ მელოდიას აწყობდა და უკრავდა თურმე. უფროსი დის, ასტოს გარდაცვალების შემდეგ, დეიდაჩემს მიუტოვებია დაკვრა და მანდოლინა უმოქმედობისგან გასკდა.

სონას შვილები არ ჰყავდა.

ვანიჩკაც უშვილო იყო, მისი მეუღლე ანა, ანეტა და ჩემი ბებო, ქმრების გარდაცვალების შემდეგაც, ინარჩუნებდნენ ახლო ნათესაურ ურთიერთობას. ანეტა ბაბოს ძმა სოფლიდან ამარაგებდა თავის დაქვრივებულ დას პროდუქტით და შეშით, ის კი მაზლის ოჯახს უნაწილებდა, მეორე მსოფლიო ომის დროს, გაჭირვების პერიოდში.

დედაჩემი იხსენებდა ხოლმე: „ერთხელ მე და დედაჩემი  დაღლილები დავბრუნდით ტყიდან, თითო გუდურა ფიჩხი მოვათრიეთ. შინ საჭმელიც არ გვეგულებოდა. აივანზე დაგვხვდა ქვაბი, რომელის სახურავზედაც შეშის რამდენიმე ნაჭერი იდო, ძაღლს ან კატას რომ არ გადაეხადა. ქვაბში კი ჯერ კიდევ თბილი ჭინჭრის ხინკლები იყოო“. ანეტა ბაბოს გადმოუტანია და დაუტოვებია.

ერთხელ, ბავშვობაში, დედაჩემი მძიმედ გამხდარა ავად, ორმოცი დღე მაღალი სიცხეები ჰქონია. ეგონათ ვეღარც გამომჯობინდებოდა, მაგრამ გადარჩა. იხსენებდა: „ისე გავხდი, ლანდი გამდიოდაო. ანეტა ძალომ „ჩაპაევის“ ქუდი შემიკერა, რათა ცოტა მაინც გავეხალისებინეო“.

ერთ ასეთ სასაცილო ამბავსაც ყვებოდა ხოლმე: „ერთხელ ანეტა ძალომ წამიყვანა თავისთან, 3-4 წლის ვიყავი. მასთან მოვიდა ანეტა ძალოს ძმა თავისი მეგობრით. სუფრაზე, ის მეგობარი გადამეკიდა, უნდა გაგათხოვოო, მე ვპასუხობდი: არ მინდა მეთქი გათხოვება, მაგრამ აღარ მომეშვა. მე პურის ლუკმა მეჭირა ხელში და ვესროლე. შიგ შუბლში მოხვდა“ :) ანეტა ძალოს უთქვამს, ძალიანაც კარგი, ბავშვი აღარ მოასვენაო.

ზაფხულობით თელავში ჩასულები, ხშირად ვსტუმრობდით მას. ლამაზი ყვავილები ჰქონდა ეზოში, სახლის უკან ხეხილის ბაღი ჰქონდა და გვიკრეფდა ხოლმე ხილს.

  

ანეტა ძმისშვილთან და რძალთან ერთად

* * *

შვილების გარდაცვალების შემდეგ გიორგი პაპას დედას, ანუშკას კიდევ კარგა ხანს უცოცხლია, ამბობდა, თურმე: რა ვქნა, ღმერთის შვილები იყვნენ და მანვე წაიყვანაო. სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნებია მას კარგი მხედველობა, თუმც ყურთ კი დაჰკლებია.

 


   
ანუშკა, თავის ქალიშვილთან -- სონასთან ერთად.           

სონა

 

* * *

ანუშკას ძმის დავითის შვილები, თავიანთი ოჯახებით, ჩვენს უბანში ცხოვრობდნენ. მათ შვილებთან დედაჩემი მეგობრობდა, განსაკუთრებით, სარქის პაპას უფროს ქალიშვილთან, ნაზოსთან. სარქის პაპას და მისი ძმების შვილიშვილებთან ერთად კი, მე და ზურა ვთამაშობდით ხოლმე, ბავშვობაში. სარქის პაპას ოჯახი იქვე მეზობელად ცხოვრობდა. მას ცხენები ჰყავდა, ურემი ჰქონდა და დაგვსვამდა ხოლმე ურემზე. ბაბო იხსენებდა, ბევრჯერ ამოუყვანივარ სადგურიდან, როცა სხვა ტრანსპორტი არ იყოო. მატარებლის სადგური შორს იყო ქალაქის ცენტრიდანაც კი.

სარქის პაპას მეუღლე, ანო ბაბო, მე და ზურას თითო უზარმაზარ ჩურჩხელას დაგვახვედრებდა ხოლმე, თელავში ჩასულებს. ის შილდიდან იყო წარმოშობით, სადაც  ვენახები ჰქონდათ.

ამ ოჯახს ნაზოს გარდა, კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავდა: მერი, დოდო და იზა ნაზირიშვილები, ყველანი თბილი, მოსიყვარულე ადამიანები. დოდო თბილისის 50-ე სკოლის მასწავლებელი იყო, მას სწავლების თავისი მეთოდი ჰქონდა. წიგნიც მაჩუქა, თავისი გამოცემული: „ისწავლე კითხვა ფერადი მარცვლებით“.

სარქის პაპას ძმებიც, დავითი, გოლა და მიშა, როგორც ვთქვი, იქვე ახლოს ცხოვრობდნენ თავიანთი ოჯახებით. გოლა პაპას არღანი ჰქონდა და უკრავდა, ის რამდენიმე წამით ჩანს ფილმში „ალავერდობა“, თავისი არღნით :) მისი ქალიშვილი, სონია დეიდა,  ალბათ ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იქნებოდა, მე უკვე ასაკში მახსოვს, ლურჯთვალა და ეშხიანი.

 

* * *  

დედაჩემის მამას, გიორგი პაპას, მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ გადმოცემით, ვიცი, რომ ძალიან ფაქიზი სულის ადამიანი იყო, გულწრფელი, მოსიყვარულე, მშრომელი. ცხენები ჰყოლია და ერთიც ვირი, რომელსაც სახელი ბავშვებმა დაარქვეს, კოლას ეძახდნენ. დედაჩემი იხსენებდა, მეტად უყვარდა და უფრთხილდებოდა ცხოველებსო. ერთხელ მეზობელს უთხოვია  ვირი. ათხოვა, მაგრამ დაუნახავს რომ გაჯიუტებულ ვირს სახრე გადაუჭირა იმ კაცმა. პაპა გაჯავრებულა და უთქვამს, აღარასოდეს გათხოვებ, ამის შემდეგო.

ერთი ასეთი სასაცილო ამბავიც მახსენდება. ერთხელ ბებო მარტო ყოფილა შინ, პატარა ბავშვებთან. აივანზე კვიცი ამხტარა. ბებოს ოთახის კარის დახურვა მოუსწრია და ფანჯრიდან მეზობლის ბავშვისთვის გაუძხია: კვიცი ამომიხტა აივანზე, წადი, ვინმეს უთხარი, მომეხმაროსო. ბავშვი გაქცეულა ყვირილით: ჩქარა, ჩქარა, მოდით, სირანამ კვიცი გააჩინაო :)

ჩვენი პატარა სახლის აშენება(ორი ოთახი და აივანი), პაპამ დაიწყო, მაგრამ მეორე ოთახი ბოლომდე ვეღარ დაამთავრა, ისე გარდაიცვალა და შემდეგ ბებომ და ასტომ დაამთავრეს. სახლს ეზო აკრავს, რომელიც ჩემს ბავშვობაში პაპას მოტანილი ნერგებიდან გახარებული ხეხილით იყო სავსე. იშვიათი ჯიშები უყვარდა თურმე. მაგალითად, გვქონდა ყვითელი შინდი; ალუბლები, რომელსაც არასოდეს უჩნდებოდა მატლი; ლეღვი, თუთები, შავიც, თეთრიც; ქლიავები, სხვადასხვანაირი; ღოღნოშო, ტყემალი, რომელიც ბალივით ტკბილი იყო, რამდენიმე ძირი კომში, ვაშლი; უტკბილესი გარგარი, მსხალი. ეზოს ბოლოს ჟოლოს ბუჩქები, კრუჟონიკი(ხურტკმელი). გვქონდა ასევე, უწიპწო ყურძნის ხეივანი.

პაპა კარგი თამადაც ყოფილა. ბებო ამბობდა, მთელი ღამე ქორწილის სუფრა სახალისოდ და საინტერესოდ მიჰყავდა, მხოლოდ ერთ ბოთლ ღვინოს დაიდგამდა ხოლმე თავისთვის და ჩემთვის, სხვებსაც ეუბნებოდა, რამდენიც გესიამოვნებათ, იმდენი დალიეთო.

 

ჩემი ბებო და პაპა

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ბებომ მაინც შეუწყო ხელი ორივე ქალიშვილს, რომ უმაღლესი დაემთავრებინათ.

ბებოს და პაპას ხუთი შვილი შეეძინათ. პირველი, შვილი ასტო, ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინის გართულებამ შეიწირა, ოცდაერთი წლის ასაკში. ის მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ წავიდა ამ ქვეყნიდან. მანამდე კი, ბებოს და პაპას ორი შვილი, ქალ-ვაჟი, შუშანა და ალექსანდრე გარდაცვლილან, ორ-ორი წლის ასაკში.  ასე, რომ მხოლოდ ერთი დეიდა დამრჩა.

დეიდაჩემი -- ლუიზა -- ძალიან ნიჭიერი ქალი იყო, მან თხუთმეტი წლისამ დაამთავრა სკოლა, შემდეგ პედაგოგიური ინსტიტუტი, ერთი პერიოდი სკოლაში ასწავლიდა, სადაც მუშაობდა მისი მომავალი მული, რომელმაც თავის ძმას, გოგის გააცნო დეიდაჩემი. მალევე შეუღლდნენ. ბიძაჩემი რკინიგზელი იყო. მეორე მსოფლიო ომის წინ მიავლინეს დასავლეთ უკრაინაში, ივანო- ფრანკოვსკში, დეიდაჩემი თავისი ოჯახით იქ, დაახლოებით, ოცი წელი ცხოვრობდა. შემდეგ გადმოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად. გოგი ძია, თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო. დედაჩემს, როგორც თავის უმცროს დას, ისე მფარველობდა. ის საქართველოში გადმოსვლის პერიოდში გარდაიცვალა, ძალიან უყვარდა თელავი და ამბობდა ხოლმე, აქ მინდა დავიმარხოო. შეუსრულეს ეს უკანასკნელი სურვილი.

დეიდაჩემი შვიდი წლით იყო უფროსი დედაჩემზე. ხალისიანი, ენერგიული, ნათესავები იტყოდნენ ხოლმე, ყარაჩოღელი ქალიაო :)

დეიდაჩემი, ლუიზა

უკრაინაშიც და მერე, თბილისშიც, საბავშვო ბაღში მუშაობდა აღმზრდელად და ისე უყვარდათ ბავშვებს, ქუჩაში რომ დაინახავდნენ, მისკენ მირბოდნენ და შემოეხვეოდნენ ხოლმე. უკრაინაში ცხოვრებისას ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა თელავში შვილებთან ერთად. მათთან შეხვედრა ჩვენთვის ზეიმი იყო. ერთად ვატარებდით ზაფხულს. ერთად ვთამაშობდით და ვერთობოდით. დავდიოდით ნათესავებთან, ხან კი სასეირნოდ, ნადიკვარზე.

დეიდაჩემი ლუიზა თავისი ოჯახით

* * * 

დედაჩემი, ნაბოლარა შვილი, მე მგონია, გარეგნობით და ხასიათით უფრო მამას ჰგავდა. ჰქონდა უსაზღვრო მოთმინების უნარი, იყო ალერსიანი, თუმცა მომთხოვნიც.

ფაქიზად იცოდა ყველაფრის მოხმარება და მოვლა: ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ჭურჭლის, ავეჯის. ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, რომ კარგად ერკვეოდა მათ ხარისხში, ასევე, სხვადასხვა ქსოვილის ფაქტურაში, თითქოს ამას ბავშვობიდან იყო შეჩვეული. შეეძლო გახეული ტანსაცმლის ისე ამოკერვა, რომ ვერც შეატყობდით. სად იყო დაზიანებული.  

უსაზღვროდ უყვარდა წიგნების კითხვა. სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ედო „ვეფხისტყაოსანი“ და ვაჟას თხზულებების კრებული. თუ ახალ წიგნს მოვიტანდით მე ან ზურა, პირველად დედაჩემს უნდა წაეკითხა. ყოველთვის ცდილობდა მე და ზურას გვქონოდა ზოგადი განათლება, კულტურასა თუ ხელოვნებაში. დავყავდით მუზეუმებსა და თეატრებში.

ჰქონდა საუკეთესო მეხსიერება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ბოლომდე ახსოვდა საბავშვო ბაღის თანაჯგუფელებიც კი. იხსენებდა ხოლმე ბაღის მომვლელ ქალს -- ნატო ბებოს, რომელიც თურმე გემრიელ კრემს უვეთებდა ხოლმე ბავშვებს :)

ყოფილი თანაკლასელები, თანამშრომლები დიდ პატივს სცემდნენ და უყვარდათ.

სურათების გადარჩევისას გვერდი ვერ ავუარე მის ერთ-ერთ, თანაკლასელელთან და მეგობართან -- მარო ლუარსაბიშვილთან გადაღებულ სურათს. მარო იყო ჩვენი უბნის ფოსტალიონის ზურაბ ძიას შვილი. ზურაბ ძია პატიოსანი, მშრომელი ადამიანი იყო ის არიგებდა პენსიებსაც, და როცა ჩემი ბებო თვეობით ჩვენთან, თბილისში იყო, ზურაბ ძია უგროვებდა ფულს, და თელავში დაბრუნებულს, ერთიანად ჩაუთვლიდა ხოლმე.

თელაველები ამბობდნენ, სერგო ზაქარიაძე, ფოსტალიონის როლის შესრულების წინ, თელავში იყო ჩამოსული და მისი სიარულისა და საუბრის მანერას უკვირდებოდაო. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს, მაგრამ, მისი გმირი ფილმში -- „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ -- ზურაბ ძიას მაგონებს ხოლმე :)    

 მარო ლუარსაბიშვილი და დედაჩემი 

 

დანარჩენს, რაც გამახსენდება, შემდეგ წერილებში დავწერ თანდათან.

 

II ნაწილი

მამაჩემის მხარე

წინაგოლა

მამაჩემის მამის მშობლები აღათი ტაბაღუა და თედო ბუკია ადრე გარდაცვლილან. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: ანდრი, ბეგლარი, დიანოზი და გუდუ.

მამაჩემი იტყოდა ხოლმე, თედო ბაბუა, თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, თეთრ ცხენს დააჭენებდაო. არ ვიცი ეს მისი ფანტაზია იყო, თუ გადმოცემით იცოდა.

ამრიგად, ჩემი ბაბუა, მამაჩემის მამა, ბეგლარ ბუკია, ადრე დაობლებულა. ალბათ, ამან თუ განაპირობა მისი უდიდესი შრომისმოყვარეობა. გასაბჭოებამდე მას დიდი მეურნეობა ჰქონია. ჰყოლია იშვიათი ჯიშის ძროხები, რომლებიც დილით თვითონ მიდიოდნენ ტყეში და საღამოს ბრუნდებოდნენ შინ. სიმინდის ყანებს თვითონ უვლიდა და ამუშავებდა, ეზოში ჰქონია ხეხილი და დაფნა.

ბებია და ბაბუა სოფელ წინაგოლაში ცხოვრობდნენ.

საბჭოთა პერიოდში ბაბუას განკულაკება განუზრახავთ, მაგრამ, მისი უფროსი ვაჟი, ლავრენტი და ერთ-ერთი ძმისშვილი აქტიური კომკავშირლები ყოფილან და ამან გადაარჩინა თურმე.

შესაძლოა, ესეც გახდა მიზეზი, რომ ბაბუა, თავისი ოჯახით, სოფელ ხეთაში გადავიდა საცხოვრებლად. ალბათ, მეურნეობის ნაწილის დათმობა მოუხდა.

ბაბუა მაღალი, ძვალმსხვილი კაცი იყო, ნელი ნაბიჯით დადიოდა, ნაბადმოხურული. მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა, მრგვალი პირისახე. მე ბუნდოვნად მახსოვს, რადგან რვა წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ამიტომ, თითქმის ყველაფერი, მის შესახებ, გადმოცემით ვიცი.

ჩემი ბაბუა ბეგლარი

დედაჩემი ბაბუაზე იტყოდა ხოლმე, საოცარი ადამიანი იყოო. მისი გარდაცვალების ამბავი, მართლაც რომ სასწაულია.

ბაბუა, შეუძლოდ რომ გახდა, მას ექიმმა ნემსები დაუნიშნა, რომელსაც ჩემი ბიცოლა, ლავრენტის მეუღლე, ჟენია უკეთებდა. ეს ამბავი მამიდაჩემმა და ბიცოლაჩემმა ცალ-ცალკე მიამბეს. ბიცოლაჩემი მიყვებოდა: „ნემსი რომ მოვამზადე, გასაკეთებლად, უცებ სიმღერის ხმა მომესმა. ღამე იყო და ჯერ ვიფიქრე: ნეტა, ვინ მღერის? მერე შემეშინდა, ალბათ წნევამ ამიწია და ყურებში ხმები ჩასმესმის მეთქი. შევხედე ნორას და ისიც, რაღაცას მიყურადებული, მეკითხება: „გესმის? რა ხმებია?“ როცა შეწყდა სიმღერა, მივბრუნდით ჩემი მამამთილისკენ და ვხედავთ, აღარ არის, გარდაცვლილა“.

აი, ასე გალობით გაემგზავრა მისი სული დედამიწიდან.  

* * *

ბებიას -- სოფიას ანუ სონიას -- მშობლები იყვნენ მაკირინე კუკავა და დუტუ გოგოლიშვილი. გადმოცემით მსმენია, რომ დუტუს წინაპრები უკრაინიდან იყვნენ გადმოსახლებული და მათი გვარი გოგოლი ყოფილა. შემდეგ ქართული გვარის შესაბამისი „შვილი“ დაემატა.

ბებია თხელი, ძვალწვრილი ქალი იყო. მუდამ საქმიანი და მოფუსფუსე. ხეთაში ჩასულებს ჭიშკართანვე გამოგვეგებებოდა ხოლმე ტკბილმეგრული, ალერსიანი სიტყვებით.

ბებიამ ქართული არ იცოდა, დედაჩემმა კი, მეგრული. ამიტომ დედაჩემის და მისი საუბარი სახალისო მოსასმენი იყო.

ერთხელ ბებია ეკითხება:

-- კობეშია გიორცო?

დედაჩემი პასუხობს

-- არ ვიცნობ, როგორ უნდა მიყვარდეს?

--თქვენში არ ცხოვრობს?

--არა, თელავში ხუნწარიები ცხოვრობენ, კობეშია არ გამიგონია.

ბებიას თვალები შუბლზე აუვიდა, ხუნწარია რა შუაშიაო. უხმეს თარჯიმნად მამიდას და გაირკვა, რომ ბებია გოგრაზე ეკითხებოდა დედას, გიყვარსო? მას კი გვარი ეგონა :)

  შემდეგ დედამ თანდათან იმდენი მეგრული ისწავლა, რომ გაეგო, რას ეუბნებოდნენ.

 ზურა და მე, ბებიასთან და მამაჩემთან ერთად

* * *

ბებიას და ბაბუას უფროსი ვაჟი, ლავრენტი ანუ ლაუ, გარეგნობით, ყველაზე მეტად ჰგავდა ბაბუას. მისი მეუღლე, ჟენია ჭაკუა,  ლამაზი ქალი იყო, უზომოდ შეყვარებული თავის მეუღლეზე. როცა ბიძაჩემი გარდაიცვალა, მის საფლავზე თავისი სურათიც წინასწარ დაამაგრებინა. სიცოცხლის ბოლო წლებში ამბობდა, ლაუ ცოცხალიაო. ერთ დღეს, შვილებმა მის საფლავზე წაიყვანეს და უთხრეს: „აი, აქ არის მამა დაკრძალული, სურათსაც ხომ ხედავო?“. მან კი უპასუხა: „ჩემი სურათიც მანდ არის, მაგრამ, ხომ მხედავთ, ცოცხალი ვარო!“ :)

ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი.

* * *

მამიდაჩემი -- ნორა, საოცრად მშვიდობიანი ადამიანი, წლების მანძილზე, ხეთის სკოლის პედაგოგი იყო. მას და მის მეუღლეს, კოლია ხარებავას შვილი არ ჰყავდათ. საკმაოდ გვიან იშვილეს ბიჭუნა, რუსლანი. უფრო სწორად, იყიდეს, ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო საბჭოთა საქართველოში. გონიერი და კარგი ბუნების ბავშვი აღმოჩნდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს და გერმანიაში მოხვდა. იქიდან რომ ჩამოვიდა, გვესტუმრა თბილისში, დავაჟკაცებული, ლაღი და მხიარული. გეგმები ჰქონდა, სოფელში დავსახლდები, მეურნეობას მივხედავ, დავოჯახდები და რაიმე ხელობასაც შევისწავლიო. მაგრამ, შემდეგ გავიგეთ, რომ ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ, სოფელის სხვა ახალგაზრდებთან ერთად. ხეთაში მამამისის გამო ვერ გაჩერდა, რომელიც გადაჭარბებულად სვამდა. რამდენიმე წელიწადში შეგვატყობინეს, რომ გარდაიცვალა. შემდეგ გავიგეთ, რომ მოკლეს, მაგრამ, ვინ იყო ამ ამბის გამომკვლევი! მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე მგონია, რამენაირად წავიდოდა იმ ქვეყანაში და გაიგებდა სიმართლეს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ამ ამბავს გადაჰყოლოდა კიდეც, ისეთი დრო იყო, 90-იანები. დიდი ტკივილი იყო ჩვენთვის მისი დაკარგვა. ნიჭიერი, ნაკითხი, გონიერი ახალგაზრდა იყო. მის ბიბლიოთეკაში, მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრი საინტერესო წიგნი აღმოვაჩინე. მის სამახსოვროდ, მამიდაჩემის ნებართვით, წამოვიღე ლაო ძის „დაო დე ძინი“. 


                

                             

 





მამიდაჩემი ნორა   


 რუსლანი


 რუსლანი ჯარში ყოფნისას

* * *

ბაბუა, გამორჩეულად, მამობრივ სიყვარულს და მზრუნველობას იჩენდა დედაჩემის მიმართ. შესაძლოა, იმის გამო, რომ დედაჩემს მამა ძალიან პატარას გარდაეცვალა. ლეღვის ხე იდგა ეზოში და არავის აკარებინებდა თითს, სანამ დედაჩემი არ ჩავიდოდა ხეთაში. მერე თვითონ მიადგამდა კიბეს, ხეს და თავისი ხელით უკრეფდა ნაყოფს. ამის შემდეგ ყველას ჰქონდა ჭამის უფლება:) ოჯახის წევრები ხან იცინოდნენ, ხან ბრაზობდნენ, თურმე, ამაზე.

ბაბუამ ქართული კარგად არ იცოდა, მეგრულის შემდეგ უფრო რუსული ეხერხებოდა, რომელიც ჯარში ყოფნისას  უსწავლია, და დედაჩემს რუსულად ეტყოდა ხოლმე, თუ რამ სჭირდებოდა.

ბაბუას ძმებს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდათ. ბებიას და ბაბუას, ლავრენტისა და მამაჩემის გარდა, კიდევ ერთი ვაჟი -- ჟორჟი ჰყოლიათ, მაგრამ ყმაწვილობისას ტრაგიკულად დაღუპულა. ბიძაჩემს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემის პირველი შვილი მე ვიყავი, ისევ გოგო. ასე, რომ ზურას დაბადება დღესასწაული იყო ოჯახში :) ბაბუამ სახლის შენება დაიწყო. მანამდე ხის სახლი იდგა ზედ მიწაზე. პირველი სართული ქვით ააშენეს და ეს ხის სახლი ზემოთ დაადგეს.

მშენებლობის პერიოდიც მახსოვს, ქვის კიბეს რომ ადგამდნენ.


 ზურა და მე, ხეთაში

მამაჩემს შემოდგომაზე და გაზაფხულზე მივყავდით ხოლმე ხეთაში. ხეხილით სავსე დიდი ეზო გვქონდა. სახლის წინ, ქუჩის მხარეს, ეზო  მწვანე ბალახით იყო დაფარული. კარალიოკის, ხურმის, ლიმონისა და მანდარინის ხეები სახლთან ახლოსაც იდგა და სახლის უკანაც, დიდ ნაკვეთში.  იყო ასევე თხილისა და კაკლის ხეები.    

ეს სახლი ოთხმოცდაათიანებში დაიწვა, გაურკვეველი მიზეზების გამო.

იმავე ეზოში იდგა მამიდაჩემის კოხტა სახლი, ხის ფეხებზე, რომელიც, ჩვენი სახლის მსგავსად, შემდეგ წლებში ასწიეს და ქვით ნაშენებ პირველ სართულს დაადგეს თავზე.


* * *

მამაჩემს უსაზღვროდ უყვარდა თავისი მშობლები და და-ძმა, და უდიდეს პატივს სცემდა მათ. თვითონ ნაბოლარა იყო, ისევე, როგორც დედაჩემი :)

პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა ჯარში გაიწვიეს. შემდეგ ის პირდაპირ ფრონტზე მოხვდა.  ორჯერ ზედიზედ იყო გადარჩენილი სიკვდილს, და ეს იყო ზეცის საჩუქარი, მისი თავისუფალი სულის გამოვლინებისთვის.

ახლად დაწყებული იყო მეორე მსოფლიო ომი. მამაჩემი მოხვედრილა სამხედრო ნაწილში, რომელსაც  „ხისთავიანი“ მეთაური ჰყავდა, ჯარისკაცებს  ძალიან უხეშად ექცეოდა და  ყოველ შეხვედრაზე მოითხოვდა მისალმებას. მამაჩემს უთქვამს: უნივერსიტერტში ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს ერთხელ ვესალმებოდი და ეს ვინ არის, ორჯერ რომ მივესალმოო? ამის გამო სხვა ნაწილში გაუგზავნიათ, ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ადგილზე ჩავიდა, შეიტყო, რომ ეს ნაწილი დაიბომბა და აღარავინ გადარჩა ცოცხალი. უკან დაბრუნებულს კი, თავისი ძველი ნაწილიც განადგურებული დახვდა. ჩანს, ეს იყო მისი „ნათლობა“. ამის შემდეგ მსახურობდა, როგორც საზღვაო, ასევე, საჰაერო ფლოტში. არც დაჭრილა, ისე ჩააღწია ბერლინამდე.

მამაჩემი

მამაჩემს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და უყვარდა ხუმრობა. სუფრაზე, ერთი-ორი ჭიქის  შემდეგ, თამადას სთხოვდა სიტყვას, აიყოლიებდა სტუმრებს და  ყველას ერთად ამღერებდა თავის საყვარელ მეგრულ სიმღერას, „დიდავოი ნანას“.

ექსპრომტად მიუძღვნიდა სახუმარო ლექსს ახლობელს, თანამშრომელს, დაბადების დღეზე, მაგალითად, : „ხელში მიჭირავს ღვინის გრაფინა და ვადღეგრძელებ ჩვენს აგრაფინას“ :)

ეხერხებოდა ნაკვესებიც:

„ეს ფრიდონა ინჯია შედარებით დინჯია,

მაგრამ, მაინც უნდა ითქვას: ამ ცხოვრების ხინჯია“.

ინჯია, მაშინ, ინსტიტუტის დირექტორი იყო, სადაც მამაჩემი მუშაობდა. ცხადია, მაშინვე გამოჩნდნენ „კეთილმსურველები“ და მიურბენინეს ეს ლექსი ინჯიას. მაგრამ, მან ვერაფერი მოუხერხა მამაჩემს :)

იყო საკმაოდ ფიცხი ხასიათის, რაც ალბათ, ფრონტზე ყოფნითაც აიხსნება. არ შეეძლო მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყურება, განსაკუთრებით, ომის თემაზე. მაგრამ, ამავე დროს, იყო ლიბერალი, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ :) მაგალითად, არასოდეს გვიკონტროლებდა ჩაცმის ან ვარცხნილობის სტილს, არ გვზღუდავდა ამხანაგებთან ურთიერთობაში. უყვარდა თეატრი, განსაკუთრებით კი, ბალეტი. დედაჩემს და მამაჩემს ყოველთვის ჰქონდათ ოპერისა და ბალეტის თეატრის აბონემენტები.

  უყვარდა სურათების გადაღება. თვითონაც ჰქონდა კარგი ფოტოაპარატი, რომელიც ყოველთვის დაჰქონდა თან, ქალაქგარეთ გასვლისას, ან როცა  დასვენების დღეებში ერთად დავდიოდით სასეირნოდ. ხშირად, თვითონვე ამჟღავნებდა გადაღებულ სურათებს. ჩვენც გვასწავლა ეს პროცესი. ჩავაბნელებდით ხოლმე ერთ ოთახს და შევუდგებოდით „ჯადოსნობას“ :)         


                                                                 

                                                    




                     

 მამაჩემი ზურასთან ერთად                                                                        






მე და მამაჩემი

ალბათ, კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლებოდა, მაგრამ, ამჯერად აქ დავამთავრებ. 



No comments:

Post a Comment