Thursday, July 18, 2024

დედაჩემის ჩანაწერები

 

წინასიტყვა

დედაჩემი, ახალგაზრდობაში, ხალისიანი და მხიარული იყო, მე ცელქადაც კი მეჩვენებოდა. ვერ წარმოიდგენდა ადამიანი, რომ ბავშვობაში ამდენი ტრავმა და ეკონომიკური სიდუხჭირე ჰქონდა გადატანილი. შემდეგაც, მძიმე ოთხმოცდაათიანებში მხნედ და იმედიანად იყო განწყობილი. დიდი სიხარულით შეხვდა 2003 წლის ვარდების რევოლუციას.

მანამდე კი ჩემთან ერთად დადიოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებზე და ჩემთან ერთად გადაიტანა რეპრესიები.  მაშინ ის იმ ასაკში იყო, ახლა მე რომ ვარ და მიკვირს, რა ენერგია და გამძლეობა ჰქონდა. ჩემთან ერთად ათენ-აღამებდა 89 წლის აპრილის დღეებში, ფეხზე მდგომი, პარლამენტის წინ...

პუტჩის დაწყებისას, 1991 წლის 22 დეკემბერს, როცა ფეხში დამჭრა სნაიპერმა ქაშვეთის გუმბათიდან ნასროლი ტყვიით, დედაჩემიც იმავე ტერიტორიაზე იყო და სასწაულმა გადაარჩინა, რადგან ტყვიებს მიზანმიმართულად გვესროდნენ კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერად მისულ უიარაღო ადამიანებს.

შემდეგ, 1993 წლის ოქტომბერში,  ერთად წაგვიყვანეს სახლიდან მხედრიონელებმა და ათი დღე კომენდატურაში გამოგვკეტეს.

2010 წელს ფეხი მოიტეხა. და მას შემდეგ მოძრაობა შეეზღუდა. მაგრამ, მაინც არ ეპუებოდა ბედს. ცდილობდა „სილვას მეთოდის“ პრაქტიკულ გამოყენებას, რომელიც თვითონ თარგმნა რუსულიდან, წინა წლებში.

ამ ჩანაწერებში ბევრი ისეთი მოგონებაა, რომელიც მე არაერთხელ მომისმენია მისგან. ზოგიერთი რამ კი, არ მახსოვს, თუ არ მოუყოლია, არ ვიცი.

ყველაზე უხერხული ჩემთვის, იმ ადგილების აკრეფაა, სადაც ჩემზე ყვება, მაგრამ, მაინც არ გამოვტოვე. დაე, იყოს აქ, მისი თვალით დანახული ნატოც :)

დედაჩემის ჩანაწერები

 

2004 წლის 12 ივლისია.

ბავშვობისას, სტუდენტობის წლებშიც, 2000 წელი ისე შორს მეგონა, რომ ვერ წარმომედგინა, თუ მოვესწრებოდი. და აი, 2004-საც მოვესწარი.

უცბად გაირბინა წლებმა, წუთისოფელი ტყუილად არ უწოდებიათ ამ ცხოვრებისთვის.

რა გავაკეთე, ამ 77 წელიწადში? შვილები გავზარდე, კარგები. ყველა ასე მეუბნება. მე თვითონაც ვხედავ და მიხარია. ეს არის სულ. ეს არ არის ბევრი. ალბათ ვერ მოვახერხე. ცხოვრება კი წავიდა.

უსიხარულო ბავშვობა მქონდა  მამა პატარას მომიკვდა. შემდეგ წელიწადს, 21 წლის და, საუკეთესო ადამიანი. მთელმა თელავმა დაიტირა. დედას გული დაუავადდა დარდისაგან. უბედურებას უბედურება ემატებოდა. თითქოს არ ეყოფოდა ქმრის და საამაყო შვილის სიკვდილი, მომდევნო წელს გარდაეცვალა 27 წლის ძმა, შემდეგ, ძმასავით მზრუნველი მაზლი. 1937 წელს კი დააპატიმრეს ძმა, რომელთანაც დედას ყველაზე უფრო მეტი სულიერი სიახლოვე ჰქონდა, უყვარდა და ამაყობდა, ეს ძმა დააპატიმრეს და „გადაასახლეს“.

დიდების დარდი ბავშვზე დამთრგუნველად მოქმედებს. ოჯახში სიხარული აღარ არის. მარტო შიშმა დაისადგურა: დედაც არ მომიკვდეს.

მეშვიდე კლასში, 1940-41 სასწავლო წელს, თბილისში გადმომიყვანეს სასწავლებლად, რადგან დედას ოპერაცია უნდა გაეკეთებინა აუცილებლად.

ვღელავდით მე და ჩემი და. მით უფრო, ის. ხელწერილი მოსთხოვეს, რომ თანახმა იყო  დედისთვის ოპერაციის გაკეთებისა, თან უთხრეს, რომ ოპერაცია როგორ დამთავრდებოდა, წინასწარ არაფრის თქმა არ შეეძლოთ; ოპერაციაზე უარის შემთხვევაშიც გართულდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავალალო შედეგებით. ჩემი დაიკო ხან წერდა, ხან ხევდა ხელწერილს...

ოპერაციის დღეს ის საავადმყოფოში იყო დედასთან. მე, სკოლიდან მოსული, სახლში ველოდებოდი. დაბნელდა, ის კი არ ჩანს, სინათლე არ ამინთია. ბნელში ვიჯექი და ვტიროდი ჩუმად, გულამოსკვნილი. მეზობელმა შემოაღო კარი, შეშფოთდა ისიც. წამიყვანა საავადმყოფოში. შიგნით არავის უშვებდნენ, მით უფრო, ნაოპერაციებთან. მაგრამ, ჩემმა მეზობელმა მოახერხა, გამოიძახა სანიტარი, სომეხი იყო, ამანაც სომხურად უთხრა ერთი-ორი სიტყვა, დამინახა რა მდგომარეობაში ვიყავი, ალბათ შევეცოდე და შემიყვანეს დედასთან. ნარკოზიდან გამოსული იყო, მაგრამ, ისე შეცვლილი, რომ ჩემი და რომ მასთან არ ყოფილიყო, არ დავიჯერებდი, რომ ის ნამდვილად ჩემი დედიკო იყო.

გადავრჩით.

თბილისში ერთი წელი ვსწავლობდი, მე-20 სკოლაში. ერთ ეზოში იყო სახლი და სკოლა. ამ ერთ წელიწადში შევიძინე მეგობრები. თითქმის ყველა მათგანი, შემდეგ, ათეული წლების შემდეგ, შეხვედრისას მეუბნებოდა, თითქოს მე მათთან დიდხანს, წლების განმავლობაში ვსწავლობდი. ეს ალბათ იმიტომ, რომ დავამახსოვრდი მათ ჩემი რამდენიმე ინციდენტით. ამის შესახებ, ქვემოთ.

 თბილისში ვსწავლობდი 1940-41 სასწავლო წელს. ამ წელს თბილისში ჯერჯერობით იყო პური, კარაქი, სხვადასხვა პროდუქტი და... შუქშენიღბვა. ამიტომ, დედასთან საავადმყოფოში საღამოს საათებში წასვლისას, ჩემი და, დეიდაშვილი(ცოტა ხნით იყო ნინა ჩვენთან ჩამოსული) და მე, მივდიოდით ასანთით, რომ ბნელ და მიუჩვეველ ადგილებში წამიერად გაგვენათებინა.

დამთავრდა სასწავლო წელი, წავედით მე და დედა ისევ თელავში. დაიწყო ომი 1941 წლის 22 ივნისს, სსრკ-ს და გერმანიას შორის, მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც უამრავი ქართველი შეეწირა ფრონტზე. შინ დარჩენილებს კი, დიდსა და პატარას, გაუსაძლისი მდგომარეობა შეგვიქმნა. თითქოს ბუნებაც გაგვიწყრა, დიდი თოვლები, ყინვები.

ჩემი სკოლა, პირველი საცდელ-საჩვენებელი სანიმუშო სკოლა, ასე ერქვა, ერეკლე მეორის სასახლიდან გადაიტანეს IV სკოლის(პეტრიაშვილის სკოლას ეძახდნენ, დირექტორის ქეთო პეტრიაშვილის გამო) ზედა კორპუსში. კლასების სიმცირის გამო, VIII-X კლასები მეორე ცვლაში ვსწავლობდით, ნავთის ლამფით „განათებულ“ საკლასო ოთახში, ლამფა მასწავლებლის მაგიდას და მის სახეს ანათებდა მხოლოდ.

არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა. ყოველთვის მადლიერებით ვიხსენებ მათ. ასეთი სიდუხჭირის პირობებში ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენთვის საფუძვლიანი ცოდნა მოეცათ. ისეთი მტკიცე ცოდნა, რომ დღემდე მახსოვს ბევრი რამ.

ვხედავდი, როგორ წვალობდა დედა, რომ როგორმე გამოგვეკვება თავი და შიმშილით არ დავხოცილიყავით, მაგრამ, ბავშვი, ვერ ვაცნობიერებდი, რამდენის გადატანა უხდებოდა დედას, ჩუმად, უსიტყვოდ, უწუწუნოდ.

გვშიოდა. ყველას შიოდა.

მეზობლები ერთად ვიკრიბებოდით, რომ ნავთის შუქზე ერთად გვემუშავა. შალებს ვქსოვდით. რუსები ყიდულობდნენ ერთიანად და რუსეთში მიჰქონდათ გასაყიდად. დედა კვირა დღეს ყიდულობდა ერთ კილო მატყლს, რეცხავდა, აშრობდა, წეწავდა, ჩეჩავდა. შემდეგ უკვე მეც ვერთვებოდი საქმეში: დართვა, ქსოვა. კვირამდე უნდა მოგვესწრო, და კვლავ იგივე.

1944 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. ჩემი ატესტატით, რომელ უმაღლეს სასწავლებელშიც მოვისურვებდი, იქ გავაგრძელებდი სწავლას. ბევრი მირჩევდა სამედიცინოზე შემეტანა საბუთები; ქართულის მასწავლებელი, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტში; მათემატიკის მასწავლებელი მირჩევდა მათემატიკის ფაკულტეტზე შესვლას.

დედაჩემი სკოლის დამთავრებისას.

უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები გვიკითხავდნენ სხვადასხვა საგნებს: ნიკო მუსხელიშვილი, ვიქტორ კუპრაძე, ილია ვეკუა, ლევან გოკიელი. გვასწავლიდნენ, გვზრდიდნენ ადამიანებად არჩილ ხარაძე, დავით კვესელავა, ადამ ჩახტაური, შათაშვილი, კოღონია...

ყველა თავისებურად კარგი იყო სტუდენტებისათვის, თავიანთი უცნაურობების მიუხედავად.

1945 წლის 9 მაისს დამთავრდა ომი. ეს ამბავი გავიგეთ მე და დედამ ერთად. მივდიოდით „ლინეიკით“ თელავის სადგურისკენ, მატარებლით თბილისში წამოსასვლელად.

მეორე კურსზე შემოგვიერთდნენ ომიდან დაბრუნებული ბიჭები, ისინი სულ რაღაც ხუთი-შვიდი წლით იყვნენ ჩვენზე უფროსები, მაგრამ, სკოლის მერხიდან მოსულებს გვეჩვენებოდა, თითქოს ბევრად უფროსები და დაბრძენებულები იყვნენ.

გვშიოდა, მაგრამ, ვშრომობდით და ვსწავლობდით. გვციოდა. ტანზე და ფეხზე არ გვეცვა, მაგრამ, ლექციებს არ ვაცდენდით.

პირველ კურსზე, ათიოდე დღის დაწყებული იყო სწავლა, მე და დედა მოვდიოდით ბაზრიდან. პატარ-პატარა ტვირთი გვეჭირა ორივეს, მე ავედი ტროლეიბუსში, დედა დარჩა. კაპიკი არ მქონდა, რომ ბილეთი ამეღო. დაუფიქრებლად ჩამოვედი უკვე კარგად ამოძრავებული ტროლეიბუსიდან და მოცელილივით დავეცი. წამით გავახილე თვალი, დავინახე დედაჩემის სასოწარკვეთილი სახე და მილიციელი. როცა ისევ გონს მოვედი, მილიციელს მივყავდი იქვე მახლობელ საავადმყოფოში. ჩემი თავი მხარზე ჰქონდა მიყრდნობილი, რადგან უამისოდ თავი უკან მივარდებოდა. იმ წუთებში დედა მეცოდებოდა საშინლად. ღამე დაიმალა, რომ როგორმე ჩემთან დარჩენილიყო პალატაში. ჩემს გვერდით ქალი იწვა, ტეამვაის ერთი ფეხი გადაეჭრა. მთელი ღამე წუხდა. იმ ფეხის თითები „სტკიოდა“, რომელიც უკვე აღარ ჰქონდა. მე ისიც საშინლად მეცოდებოდა.

ერთი კვირა ვიწექი. გამომწერეს. ადგომამ და სახლამდე სიარულმა ცუდად იმოქმედა. ექიმებმა ტვინის მსუბუქი შერყევის დიაგნოზი დამისვეს. მაგრამ, უფრო რეალურად დავიწყე აზროვნება და დედას ვთხოვე წასულიყო უნივერსიტეტში და ეთქვა, რომ ავად ვიყავი. დროზე მივიდა, თორემ უკვე სიიდან ამოშლას აპირებდნენ ბევრს შეეშინდა, პირველივე დღეებში, ამ ფაკულტეტზე სწავლისა და წავიდა. ეგონათ, მეც გავიქეცი.

 

***

ახალგაზრდობაში ხნიერებისგან ხშირად გამიგონია, ძველი ყველაფერი მახსოვს, მაგრამ, ახალი მავიწყდებაო. ძველიც კარგად მახსოვს და ახალ განცდებსაც რა დამავიწყებს.

მაგრამ, აი, წერის უნარი კი დამიკარგავს, ვატყობ. ადვილად და დალაგებულად, მოხერხებულად და გასაგებად ვწერდი. ახლა, ვხედავ, აღარ გამომდის, მაგრამ, რასაც მოვასწრებ, მაინც მინდა დავწერო. ნატულიმ მთხოვა და მეც ვფიქრობ.

როცა მოიცლიან, როცა მოხუცდებიან, დრო და პენსია დიდი რომ ექნებათ, იქნებ გადაიკითხონ და ზოგი რამ ამოიკითხონ, თუ დააინტერესებთ, რა ვიცი...

 

***         

 ვკითხულობ „დათა თუთაშხიას“. ვკითხულობ, ალბათ, მესამედ და მაინც, დიდი ინტერესით. და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ამ წიგნის ნამდვილი ავტორი, ადამიანი, რომელსაც მართლა სწამს, რომ რაც მტრობას დაუნგრევია, სიკეთეს უშენებია, ადამიანი, რომელსაც უყვარს დათას პიროვნება, რომელსაც სამშობლო, ვერ შეუერთდებოდა საქართველოს დამანგრეველთა რიცხვს, თუნდაც პირადად ზვიადი არ ჰყვარებოდა.

დათა თუთაშხია და ჭაბუა ამირეჯიბი, სხვადასხვა ტიპის? არა, ხასიათის? არა, ფსიქოლოგიის? არა. სხვადასხვა ადამიანები არიან, სრულიად სხვადასხვა. იოტისოდენადაც არ ჰგვანან ერთმანეთს, და უფრო მეტიც, დათა თუთაშხია მასთან ნაცნობობასაც კი არ მოინდომებდა. ვკითხულობ წიგნს და უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში. ძალიან საყვარელი წიგნია. დიდი მადლობა მის ავტორს, ამისთანა არაჩვეულებრივი წიგნის დაწერისთვის.

ახლახანს წავიკითხე ლევან ხაინდრავას(გუშინ დილით გარდაიცვალა თათია ხაინდრავა, ლევანი და თათია ბიძაშვილები იყვნენ) წიგნი «Час шестой». წიგნი დიდი ინტერესით და განცდით წავიკითხე. ძალიან მომეწონა.არაფერი გადაჭარბებული. ჩემი თაობის, იმ დროის ნამდვილი ასახვაა. პატარა სიხარულების და დიდი წუხილის, წვალებისა და განცდების. წავიკითხე და განცვიფრებული დავრჩე კვლავ. ავტორი ნამდვილად ლევან ხაინდრავაა, მისი შვილები ნამდვილად ივლიანე და გოგა ხაინდრავები არიან.

ლევან ხაინდრავა ხედავდა იმას და ისევე, როგორც ზვიად გამსახურდია. ერთიდაიგივე უბედურება აწუხებდა ორივეს, ერთნაირად აფიქრებდათ სამშობლოს ბედი, და როდესაც ზვიადი ცდილობდა ეშველა ქვეყნისთვის, როცა მიეცა მას ამის შესაძლებლობა, ლევან ხაინდრავას შვილებმა ყველაფერი იღონეს, ყველაფერი გამოიყენეს იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ(მეტი რომ არ ვთქვა) მისთვის.

მინდა ავხსნა ჩემთვის ეს გაუგებრობა და ვერ ამიხსნია.

რაც არ უნდა უხასიათო, მოურიგებელი, თავნება, პატივმოყვარე და, რა ვთქვა კიდევ,  რაც არ უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდია, ის ხომ ხუთი წლით იყო ხალხის მიერ არჩეული. ასეთმა ჭკვიანმა ადამიანებმა(მე არ ვლაპარაკობ სულელ ირაკლი წერეთელზე, ბოროტ ირაკლი ბათიაშვილზე და ბოღმა გია ჭანტურიაზე) ივლიანე და გოგა ხაინდრავები რომ ყოფილან, ასეთმა განათლებულმა და რაც მთავარია, ასეთმა მამის შვილებმა, როგორ აიღეს ხელში იარაღი ზვიადის წინააღმდეგ, ეს ხომ ზვიადის წინააღმდეგ კი არა , საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო... და გაიმარჯვეს კიდეც.

ცამეტი წელი ხომ წყვდიადში, სიცივეში, შიმშილში, უსამართლობაში, გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავით და თითქმის ასი წლით მაინც ხომ ჩამორჩა საქართველო მსოფლიოს. ვერ გამიგია და რა ვქნა! რა ამოძრავებდათ, რა ეშმაკი შეუჩნდათ. მე არ ვლაპარაკობ ვალერი კვარაცხელიასა და ლუიზა შაკიაშვილზე...

 

***

 ვკითხულობ წიგნებს მძაფრი სიუჟეტებით, რომ როგორმე, ცოტა ხნით მაინც, გამოვეთიშო 30 ივნისს მომხდარი უბედურებით გამოწვეულ მტანჯველ ფიქრებს. საღამოს ცხრა საათიანმა ინფორმაციამ დათოს შესახებ თავზარი დაგვცა.

ვერაფრით ვერ მიწყნარდება გული, ვერ მიშუშდება გულისტკივილი, ვერ ვეგუები აზრს, რომ ისეთი მოსიყვარულე, ალალი, გულგახსნილი, უანგარო ახალგაზრდა, როგორიც დათო იყო, აღარ არის ჩვენთან და ვეღარასოდეს ვნახავ.

რატომ, რატომ უშვებს ამას ღმერთი?!

ადამიანი მოკვდავია, კი. მაგრამ, როცა კარგ ახალგაზრდას ჯერ ნახევარი ცხოვრებითაც არ უცხოვრია, შვილები ჰყავს ჯერ კიდევ აღსაზრდელი, გეგმები აქვს კეთილი, გული აქვს მზრუნველი და მოყვარული... რატომ?

სული ფიზიკური სხეულის ტყვეობიდან თავისუფლდებაო. მაგრამ სულს ფიზიკურ სხეულში, ჯერ კიდევ, ბევრი კარგი, საჭირო საქმე რომ ჰქონდა საკეთებელი?!

უცნობ კარგ ახალგაზრდაზეც ვერ დავრჩებოდი გულგრილი და აბა, დათოს ამ ამბავს როგორ შევეგუო?

თუ ვიფიქრებ, რომ ადამიანმა მოათავა აქ თავისი საქმე, აღარაფერი აქვს აქ საკეთებელი, აი, მე, მაგალითად, ეს სხვა ამბავია, აქ სატირალიც არაფერია, მაშინ შეიძლება ვიმსჯელო ისე, როგორც მთავაზობენ: ფრენა უყვარდა, და ამ პროცესში დატოვა სულმა სხეული წინასწარ, ვიდრე თვითმფრინავი დაეჯახებოდა ფერდობს, ამიტომ, ტკივილიც არ უგრძვნია და არც შიში განუცდია. ასეთი სიკვდილი ლამაზიც კია, თავისთავად, როგორც მომღერლის სიკვდილი, სიმღერისას.

მაგრამ, დათოს ჯერ კიდევ უნდა ეცოცხლა. აქ ჯერ კიდევ ბევრი საქმე ჰქონდა, სიცოცხლე უყვარდა, ერევანში წასვლის წინ გვითხრა, ილოცეთ ჩვენთვისო.

მე ვფიქრობდი ხოლმე, რა კარგია, რომ ზურას ისეთი მეგობრები ჰყავს, როგორიც დათოა, ჩემი კუბოს აწევაში მოეხმარებიან მეთქი. სასტიკად გაწბილებული დავრჩი.

ღმერთო, მაპატიე, თუ არ უნდა ვმსჯელობდე ასე. ეს შენდამი საყვედურად არ ჩამითვალო. ალბათ, დაბადება და სიკვდილი, ყოველი კაცისა, მაინც ღმერთის ხელით არის. ღმერთო, მიცოცხლე შვილები. მათ დამიტირონ, მათ გამასვენონ.

***   

უღმერთობის წლებში გავიზარდე. სკოლებში შემოღებული იყო უღმერთოთა კავშირები. ერთ-ერთ სკოლაში ამ კავშირის თავმჯდომარედ დანიშნეს მასწავლებელი, ყოფილი მღვდელი. ამ კაცმა ეს ვერ აიტანა და წავიდა სკოლიდან, დაანება თავი მასწავლებლობას და ისევ მღვდლობა დაიწყო. მაშინ ისე სასტიკად აღარ სჯიდნენ უბრალო მღვდლებს. დაცინვით შეხედვა და ქირქილი, კი იყო, მათ მიმართ, ზოგიერთი ცინიკოსისგან.

დედაჩემი გმობდა დაცინვას, საერთოდ, და მით უფრო მღვდლისას.

დედაჩემთან ღმერთზე საუბარი არასდროს მქონია. მე არ ვეკითხებოდი, ისიც არაფერს ამბობდა. ლოცვები კი იცოდა, ბევრი, ზეპირად. როცა ლოცვების წიგნი ჩამივარდა ხელში(60 წელს გადაცილებულს), ვიცანი ის ლოცვები, რომლებიც იცოდა დედაჩემმა. ქრისტეს ჯვარცმაზე და მარიამის გოდებაზე დაიწყო ერთხელ საუბარი. ტუჩები აუკანკალდა, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, და მე , ალბათ, შემატყო, რომ მინდოდა აღარ ელაპარაკა და არ ეტირა, ნელ-ნელა შეცვალა თემა. თვითონაც შვილმკვდარი დედა იყო.

ჩემს სკოლაშიც არ იყო ღმერთის საწინააღმდეგო საუბრები.

ჩემი მასწავლებლები იყვნენ ძალიან განათლებული, თავშეკავებული, თავისი საქმის მცოდნე, ბავშვების მოყვარული, კარგი პედაგოგები.

ყველა მასწავლებელი თავისებურად მიყვარდა. ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი იყო თამარ შიუკაშვილი, დრამატურგი შიუკაშვილის და. თამარი და მისი და ნინო ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავდნენ ჩვენზე. თელავის თეატრში წარმოდგენაც კი დავდგით. სპექტაკლში მე ბატი ვიყავი. გავითამაშეთ „ნაბია და წკიპა“, მე ბებიის როლში ვიყავი. „მოჩხუბარ“ ნაბია და წკიპას -- ალიკა ალბუთაშვილს და მიშა გაგუნაშვილს -- ვაშლები გავუგორე გასაშველებლად. ისინი გაცვივდნენ და  ჩაკბიჩეს ვაშლები. მეც გავედი. იქ დამხვდა ჩემი მასწავლებელი, მომეფერა და მომცა ვაშლი. ზედა კლასებში ჩემი წარმატების შესახებ რომ შეიტყობდა, სიამაყით ამბობდა, საფუძველი მე ჩავუყარეო, და მართალიც იყო.

მეოთხე კლასში საქართველოს გეოგრაფიას მარიკა კუკუჯანიშვილი გვასწავლიდა. ალბათ ლამაზი იყო ის ახალგაზრდა ქალი, რომ მე მზეთუნახავად მეჩვენებოდა. მე მას ჩემს გარდაცვლილ დას, ასტოს ვამსგავსებდი და კიდევ უფრო მეტად ამისთვის მიყვარდა.

***

პირველ კლასში ვიყავი, ასტო რომ გარდაიცვალა, ასტომ წამიყვანა პირველად სკოლაში.

ერთხელ, სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, ქუჩაში, ჩვენი სახლიდან არც თუ ისე შორს, ვიპოვნე წითელი ფანქარი. გამიხარდა ძალიან. მაშინ ჯერ არ მქონდა ფერადი ფანქრები. მივედი სახლში, ასტო დამხვდა,

-- ვისია ეგ წითელი ფანქარი? -- მკითხა.

-- ჩემი, ვიპოვნე ქუჩაში.

-- ვუპასუხე.

-- აბა, წამოდი, მაჩვენე, რა ადგილზე იპოვნე.

ამ კითხვა-პასუხს დაკითხვის იერი სრულებითაც არ ჰქონდა. მე გამიხარდა, რომ გამოვლილ გზას, ისევ გავივლიდი ჩემს დაიკოსთან ერთად. როცა მივედით იმ ადგილამდე, ვუთხარი, აი აქ ეგდო მეთქი. იქ, ქუჩაში, გარეთ ჩამოსაჯდომ მერხზე იჯდა ხნიერი ქალი, ის მიხვდა, ალბათ, რომ ჩემი და ამოწმებდა ჩემს სიმართლეს და მაშინვე გამოეხმაურა: მართალია, შვილო, მე დავინახე, როგორ აიღო ფანქარი და როგორ გაუხარდაო.

      მეორე დღეს ჩემმა დაიკომ მთელი ყუთი ფერადი ფანქრები მომიტანა. ის ყიდულობდა ჩემთვის საბავშვო წიგნებს. პატარა წიგნაკების სერია გამოდიოდა „ჩემი მეგობარი“, თუ „მეგობარი“  ერქვა. მიყიდა წიგნები: „ჩვენი ტყის ჩიტები“, ფერადი სურათებით და მოკლე განმარტებებით, „ვულკანები“, „სატანჯიო“, „გელა და ცქვიტო“, „პატარა ჰოლანდიელნი“, „პატარა შვეიცარიელნი“. ყველაზე მეტად ეს ორი უკანასკნელი საყვარელი წიგნი მენანება, რომ უაზროდ დავკარგე.

ჩემი და რომ გარდაიცვალა, შემდეგ უკვე ახალ საბავშვო წიგნებს ჩემი მეგობრის ოჯახში ვხვდებოდი: „სულდი და ბულდი“, „ ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“,  „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, „საიდუმლო კუნძული“. ტასიკო მათხოვებდა წასაკითხად, მეც ვუბრუნებდი, ფაქიზად წაკითხულს. მასწავლებელი გვავალებდა ზაფხულში, წაკითხულის მოკლე შინაარსის დაწერას და მოწონებული ადგილების ამოწერას. დიდი ხალისით ვაკეთებდი ამას. ვფიქრობ, ამით კარგ საქმეს გვაჩვევდა. უგულისყუროდ გადაკითხვას კი არა, დაკვირვებით წაკითხვას.

„საიდუმლო კუნძული“ მიყვარდა ძალიან, კეთილი მფარველი რომ ჰყავდათ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს.

ეს წიგნები ისე მიყვარდა და ისე მენატრებოდა მქონოდა სახლში, რომ მრავალი წლის შემდეგ, ვიყიდე ჩემი შვილებისთვის, რომელ წიგნსაც შევხვდი.

ძნელი წლები იყო. საკითხავი წიგნები კი არა, სახელმძღვანელოები არ იშოვებოდა ყველა. რომც ყოფილიყო მაღაზიაში, ვიყიდდი? არ იყო ამის საშუალება.

დეიდაჩემი ასტო, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს სურათი კი გადაიღო, მეგრამ, თვითონ ვეღარ ნახა. უკანა მხარეს მისი ბებოს(ბაბე ბაბოს) გულსაკლავი ლექსია მიწერილი: „ეს სურათი გადავიღე, მხოლოდ მე კი ვერა ვნახე/ იმ დროს ვიყავ მხიარული და გუნებით განვიზრახე/ამ სურათს როცა დავიხსნი, ამხანაგებს დავუძახებ/ გავიცინებ, გავაცინებ, როგორი ვარ, აბა მნახეთ“... მერე უფრო მძიმეა და აღარ გავადრძელებ. ქვემოთ თარიღია მიწერილი 1914—1935(ნ. ბ.) 


***

ბევრჯერ მიფიქრია, რომელი წლიდან, რა ასაკიდან მახსოვს ჩემი თავი.

ალბათ ოთხი-ხუთი წლისა ვიქნებოდი, ქუნთრუშით ვიყავი ავად. „ბატონებიან“ ბავშვს უნდა უმღეროო, ასე ამბობდნენ. მე არ მინდოდა დედაჩემის სიმღერა, სევდიანი და ცრერმლნარევი იყო და ვთხოვე ბაბე ბაბოს(დედის დედა), შენ მიმღერე მეთქი.

არ ვიცი, რატომ, ალბათ მშობლების ნათქვამს მოვკარი ყური, რომ ფული სჭირდებოდათ, და მახსოვს, როგორ მქონდა შეერთებული მარჯვენა ხელის სამი თითი(პირჯვრის წერისას რომ ვაერთებთ) და გავუწოდე დედას, აჰა, ფული მიშა ძიამ გამომატანა მეთქი. დედამ სანამ თითები არ გამიშალა, ვთხოვდი, გამოერთმია ფული. ხის პატარა საწოლი, რომელშიც ვიწექი, იდგა ფანჯარასთან.

ამავე წლებში, ზამთარში დიდი თოვლი მოვიდა. ასტომ მომიტანა კალოშები, შავი, პრიალა გარედან, შიგნით კი წითელი, ფუმფულა. სიხარულით თვალები გამიბრწყინდა და მინდოდა სულ ხელში მჭეროდა. ასტომ ჩამაცვა, გამიყვანა აივანზე. იქ, პატარა, წითელი დაბალი მაგიდა გვედგა. ამოიტანა ეზოდან ახალი, ქათქათა თოვლი, დაყარა მაგიდაზე და  დამაყენა ზედ. ფეხს რომ გადავდგამდი, ლამაზი, ფიჭისებური კვალი რჩებოდა თოვლზე და ძალიან მიხაროდა. ღამე, როცა დამაწვინეს დასაძინებლად, მოვინდომე ჩემთან ჩამეწვინა ჩემი ახალი კალოშებიც. სკამი მომიდგეს საწოლთან და ზედ დააწყვეს, გაიღვიძებ და აქ დაგხვდებაო. მე, ყოველი შემთხვევისთვის, ხელიც სკამზე დავდე, რომ უჩემოდ არსად გაპარულიყვნენ.


 დედაჩემი საბავშვო ბაღში. მარცხნივ, ქვემოთ.

 

***

მამა ძალიან ალერსიანი იყო, მასთან არ მოიწყენდი. მიმღეროდა, ზღაპრებს მიყვებოდა.

ზამთარია. მე და მამა ვართ მარტო სახლში, ღუმელი გვინთია, ჩვენ აქეთ-იქიდან ვუსხედვართ ღუმელს, სინათლე გვინთია, ყველა ფარდა დაშვებული გვაქვს. ერთი დაუტოვებია აწეული მამას, რომ კიბეზე სინათლე გავიდეს, დედა მოსასვლელია. ზღაპარს მიყვება, მე ვუსმენ, მაგრამ თან ცალ თვალს ვაპარებ უფარდო ფანჯრისკენ, გარედან შავი ღამე იყურება ოთახში.

--მამა, მე მაგეთ დავჯდები. --ვეუბნები.

--აქეთ? მოდი, გენაცვალე.

და გამიცვალა ადგილი.

ახალი ადგილიდან უფრო კარგად მოჩანს „შავი ფანჯარა“.

და ისევ:

--მამა, მე მაგეთ დავჯდები.

და ისევ მიცვლის მამა ადგილს. ვერ ვახერხებ იმის თქმას, რაც მინდა: შენთან, შენს გვერდით. მამამ გაიცინა, გვერდით დამისვა, ხელი შემომხვია და გააგრძელა ზღაპარი.

მამას ყველაფრის გაკეთება ემარჯვებოდა. ქოლგებს, საკერავ მანქანებს, ვერავინ რომ შეუკეთებდათ, მამას მოუტანდნენ; კლიტეებს თვითონ აკეთებდა, გასაღებებს მოარგებდა. დაზგა ჰქონდა, მასზე მუშაობდა, თან მღეროდა. მე იქვე მიყვარდა ტრიალი, მის სიახლოვეს. ისიც მესაუბრებოდა ჩემი სათამაშოების შესახებ, თუ როგორ ეძინათ წუხელ ჩემ თოჯინებს.ერთხელ შევჩივლე, საწოლი არა აქვს მეთქი. დაანება თავი სამუშაოს და დაიწყო ჩემი თოჯინის საწოლის კეთება. დედა გამიჯავრდა, ნუ აცდენო. მამამ, ძალიან სწრაფად, ისეთი ლამაზი საწოლი გაუკეთა ჩემ საყვარელ თოჯინას, რომ სიხარულით, მეც და თოჯინაც, ცას ვეწიეთ.

მამამ მითხრა, ახლა პატარა ნაჭრებიც გამოართვი დედას და ლოგინიც შევუკეროთო. ასეც მოვიქეცით.

თუ მამა მუშაობდა, მე კი თამაშით ვიყავი იქვე გართული და არ ვაქცევდი ყურადღებას, დაიწყებდა თავის საყვარელ სიმღერას და იქ ერთ სიტყვას „გაიაროს“ იტყოდა განგებ დამახინჯებულად „გაჰიარო“. იმ წუთში ავწევდი თავს და:

--არა, მამა, გაჰიარო კი არა, გაიარო.

--მართლა? ასე? -- და იმღერებდა სწორად. მერე, როცა მოუნდებოდა ისევ ჩემი ყურადღების მიქცევა, „გაჰიაროც“ მზად ჰქონდა.

დედას კარგი ხმა და კარგი სმენა ჰქონდა. მამა მეტყოდა ჩუმად:

--დედა ავამღერო? გინდა?

რა თქმა უნდა მინდოდა.

და დაიწყებდა მამა სიმღერას, დედა აჰყვებოდა. მამა თვალს ჩემიკრავდა. დედა ვერ ხვდებოდა, რა „მოუწყო“ მამამ. იცოდა მამამ, დედას არ შეეძლო სიმღერას არ აჰყოლოდა.

მამას არ ჰქონდა ტექნიკური განათლება. მაგრამ, თელავის ელსადგურში მუშაობდა ტექნიკოსად და ძალიან დაფასებულიც იყო. უფროსს უკვირდა მისი ალღო და მიხვედრილობა. თვითონ ინჟინერი იყო, მამას ძალიან აფასებდა.

თელავში, მაშინ, სინათლე მხოლოდ ქუჩებში იყო და ქარხანას მიეწოდებოდა დენი(პატარა იყო ელსადგური). მაგრამ რამდენიმე თანამშრომელს, და მათ შორის, ჩვენც, სახლშიც გვქონდა სინათლე.

 დედაჩემის დედ-მამა.


***

არ მახსოვს დედას ეთქვა ჩემთვის, გაკვეთილები ისწავლეო. ან როდის მეტყოდა. დედა გვიან ბრუნდებოდა სამუშაოდან. ის კი არა, ერთხელ ისიც კი შეეშალა, რომელ კლასში ვიყავი. ეს ასე გაირკვა: სკოლიდან გამოვიარე „სახელგამში“, წიგნების მაღაზიაში, ვიკითხე, მეხუთე კლასის წიგნები თუ იყო უკვე გასაყიდად გამოტანილი, მითხრეს არისო. იქვე ახლოს მუშაობდა დედა. შევედი და ვთხოვე ფული წიგნების საყიდლად.

მითხრა, შენ წადი სახლში, მე რომ დავამთავრებ მუშაობას, წამოსვლისას გიყიდიო. მოვიდა საღამოს, იმ წუთში ვკითხე წიგნებზე. არც ერთი არ იყოო, მიპასუხა. გამიკვირდა, როგორ იკითხე მეთქი, ვკითხე. ვიფიქრე, შეიძლება ერთი საგნის სახელმძღვანელო ჰკითხა და სწორედ ის არ ჰქონდათ მეთქი. როგორ ვიკითხავდი, ვთხოვე მეოთხე კლასის სახელმძღვანელოებიო.

კიდევ კარგი, მეოთხე კლასის სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ მაღაზიაში.

დედა სკოლაში არასოდეს მოსულა, კრებებზე არ დადიოდა.

ერთხელ, ალბათ, მერვე კლასში ვიყავი, მოვედი სახლში და ვთქვი, ხვალ მშობელთა კრებაა მეთქი. დეიდაჩემი იყო ჩვენთან, მკითხა, რომელ საათზეო. მეორე საღამოს ისევ მოვიდა ჩვენთან, თან სიხარულის ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე და თან დედაჩემს ეუბნებოდა, გული მწყდებოდა, რომ არ იყავი კრებაზე და შენი ყურით არ ისმენდი შენი შვილის ქებასო. არც შემდეგ უვლია დედას კრებებზე.

ერთხელ კი მაინც მოუწია დედას შეხვედრა ჩემი ქართულის მასწავლებელთან, ანიჩკა ზურაბიშვილთან. ბაზარში შევხვდით. იმდენი ქება უთრა დედას ჩემზე, სად გავქცეულიყავი, არ ვიცოდი. კლასში არასდროს მაქებდა. ისე, იშვიათად: აბა ჩემო ციცინათელაო, მიპასუხე გაკვეთილიო. ანდა, თუ დამსწრე იყო გაკვეთილზე, მისი წასვლის შემდეგ, იტყოდა ჩემზე, გაჭირვების ტალკვესიაო.

მე ყოველთვის ვიცოდი გაკვეთილი. ერთხელ კი, როგორღაც, ლექსი რომ მათქმევინა, ეტყობა, კარგად არ მქონდა ნასწავლი, სადღაც ზოგიერთი სიტყვა დამავიწყდა. „მშვენივრად“ შევცვალე სხვა სიტყვებით, რითმაც არ დავარღვიე, არც შინაარსი და ჩავედი ბოლომდე. თან ვიფიქრე, რა კარგია, რომ მასწავლებელმა ვერ შენიშნა, არსად შემაჩერა და გადავრჩი მეთქი. ეს შეიძლება ერთადერთი შემთხვევე იყო, ჩემს საყვარელ მასწავლებელთან რომ დამემართა.

დაჯექიო, მითხრა, ყოჩაღ, ლამაზად გამოგივიდა „შესწორებებიო“, ოღონდ ეს „არჩილიანი“ კი არა „ლუსიკიანი“ იყოო, და თან კეთილად გამიღიმა.

ამის შემდეგ, როგორღა გავბედავდი დედასავით საყვარელ მასწავლებელთან საუკეთესოდ მომზადებული გაკვეთილის გარეშე მისვლას.

ამ ჩემს საყვარელ მასწავლებელზე შემიძლია ბევრი ტკბილი მოგონება დავწერო, მაგრამ სხვას ვეღარაფერს მოვასწრებ. ცოტა რამ კი მაინც არ შემიძლია არ გავიხსენო ტკბილად.

ნატო რომ შემეძინა, თელავში დედასთან, სამშობიაროდან ახალი გამოსული ვიყავი, მისგან მისალოცი დეპეშა მომივდა:“გილოცავ დედობას, გისურვებ ბედნიერებას“.

რამდენიმე წლის შემდეგ, მე და ჩემი და, ჩემს პატარა ზურიკოსთან ერთად, შემთხვევით შევხვდით ჩემს საყვარელ მასწავლებელს. ერეკლეს სასახლის მიმდებარე ბაღში ვიჯექი ბაღის მერხზე, ბავშვთან ერთად და ვუცდიდი ჩემს დაიკოს, მან აფთიაქში შეირბინა, იქვე. უცბად მომიჯდა გვერდით ჩემი ანიჩკა მასწავლებელი. ალბათ ხშირად დადიოსა იქ. იქვე ახლოს ცხოვრობდა, მგონი. დამიწყო საუბარი, მკითხა როგორ და სად ვცხოვრობ. მითხრა, მოწაფე რომ იყავი, მაშინ ვერ წარმომედგინა, რომ შენ როდისმე გათხოვდებოდიო. მთხოვა, მოდი, თბილისში, ჩემთანო. მითხრა თელავის მისამართიც და თბილისისაც. მაგრამ, მე ვერასოდეს გავბედე მასთან სტუმრად მისვლა. ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. ალბათ, ორივე ძალიან გავიხარებდით, ცოტა ხანს ერთად ყოფნით და გულითადი საუბრით.

მე ის უსაზღვროდ მიყვარდა ყოველთვის.

მკითხა დედამთილი გყავსო? კი მეთქი. ძალიან გთხოვ, დედამთილს არასოდეს აწყენინოო.

შემდეგ, ეს ამბავი ვუთხარი ჩემს დედამთილს. ძალიან გაუხარდა და ბევრი ლოცვა და ტკბილი სიტყვა თქვა ჩემს მასწავლებელზე.


***

თელავში, ჩემი სკოლა ყველაზე ძლიერი იყო, საუკეთესო პედაგოგებით დაკომპლექტებული. ჩემი კლასიც ერთ-ერთი ძლიერი იყო, შვიდი-რვა ფრიადოსანი მოსწავლით.

მათემატიკას თინა(თიკო) ქაშაკაშვილი გვასწავლიდა, რამდენიმე წელს. არ მახსოვს, ხმა აეწია, ან რომელიმე ბავშვისთვის დამამცირებელი ეპითეტით მიემართა. თუ გაჯავრდებოდა, რაღაცას ძალიან დაბალი ხმით ჩაილაპარაკებდა და ტუჩებს მაგრად მოკუმავდა. ეს იყო ძალიან გაჯავრების ნიშანი. მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. მან შემაყვარა მათემატიკა და საფუძვლიანი ცოდნა მომცა ალგებრასა და გეომეტრიაში. ეს საგნები, ჩემს გონებაში, ლამაზი ფერადი, ოღონდ სხვადასხვა ფერის, შენობის სახით არსებობდა. ეს, ქაშაკაშვილმა მოახერხა ჩემში ამ გრძნობის გაჩენა ამ საგნებისადმი. ის მკაცრი იყო და ძალიან სამართლიანი, მომთხოვნი, განსაკუთრებით, მათ მიმართ, ვისაც ფრიადს უწერდა.

ფიზიკას ნანობაშვილი მასწავლიდა. არაჩვეულებრივად გასაგებად გვიხსნიდა. ერთხელ გაგვაფრთხილა, თუ ვერ ისწავლეთ, რაიმე მიზეზით, გაკვეთილი, დამხვდით, კლასში შემოსვლამდე და მითხარით. იმ დღეს არ გკითხავთ გაკვეთილს, მაგრამ, ამ გაკვეთილს აუცილებლად როდისმე გკითხავთო. მოხდა ისე, მიზეზი არ მახსოვს, რომ ვერ მოვამზადე ფიზიკის გაკვეთილი. დავხვდი მასწავლებელს და ვთხოვე, იმ დღეს არ გავეძახებინე საპასუხოდ. არც გავუძახივარ.

შემდეგ გაკვეთილზე , რა თქმა უნდა, გამოტოვებულიც ვისწავლე, მაგრამ, არ უკითხავს ჩემთვის არაფერი. ასე გავიდა რამდენიმე გაკვეთილი. ყოველი ახალი გაკვეთილის სწავლისას, ვიმეორებდი იმ „გამოტოვებულსაც“, თან კი ვფიქრობდი, რაღა ახსოვს მასწავლებელს, რომელი გაკვეთილის დროს ვთხოვე, რომ არ გამოვეძახე მეთქი. დაბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, გამიძახა. მკითხა გაკვეთილი, წინა დღისაც და სწორედ იმ დღის გაკვეთილი, რომელიც ყველაზე კარგად ვიცოდი, რადგან ყოველი ახლის დროს, იმ გაკვეთილსაც ყოველთვის ვიმეორებდი. ძალიან გამიკვირდა, რომ ახსოვდა, არ შეეშალა. ის ძალიან თავშეკავებული იყო გრძნობების გამოხატვაში, მაგრამ, ამჯერად მაინც შეეტყო, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა. მე ფიზიკაც ძალიან მიყვარდა. ამ მასწავლებელსაც დიდი პატივისცემით ვიხსენებ ყოველთვის.

რუსულს ნაიბიშვილი გვასწავლიდა, კლასის დამრიგებელიც იყო. კარგად გვასწავლიდა რუსულს და გვაყვარებდა ქართულს. ხშირად უთქვამს, თქვენ ბედნიერები ხართ, რომ ქართულ ენაზე სწავლობთო. ჩემ დროს, ქართულად ერთი სიტყვა რომ წამოგცდენოდა, უსადილოდ დაგტოვებდა მასწავლებელიო. იმ ბავშვს, ვინც უსადილოდ დატოვეს, სხვები „ბეზაპენტას“ ვეძახდითო, მასწავლებლის ნათქვამის მიმსგავსებით(без обеда).

დედაჩემი ფოტოწრის ამხანაგებთან ერთად

 

***

იმ წელს, დედას ოპერაციის გამო თბილისში რომ მომიხდა მეც გადმოსვლა სასწავლებლად, მეშვიდე კლასში, ცოდნის ამ „ბაგაჟით“ ჩამოვედი. ორი კვირა თელავში ვსწავლობდი და შემდეგ წამომიყვანეს. მათემატიკის გაკვეთილები, ეს ორი კვირა, გვიცდებოდა, რატომღაც.

თბილისის მე-20 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო შალვა მხეიძე, უმკაცრესი პიროვნება. მთელი სკოლა მის მხრებზე იდგა, მას სთხოვა ჩემმა დაიკომ(ის უკვე ასწავლიდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქიმია-ბიოლოგიას), რომ მე ჩავერიცხე მე-  კლასში. თხოვნა შეუსრულეს. ჩემ დას მიუტანია სკოლაში ჩემი „ქების სიგელი“, ეს ერთადერთი საბუთი, რომ მე-8 კლასში ვარ გადაყვანილი. რაკი დროებით მოვდიოდი, ჩემი სკოლიდან სხვა საბუთები არ გამოუტანია.

მე-8ა  კლასის ხელმძღვანელი იყო ბახტაძე. არ უნდოდა ჩემი მიღება, რადგან ძალიან გადატვირთული იყო კლასი, ჟურნალშიც აღარ იყო ნუმერაცია და ბოლოს მიმაწერეს, მგონი, 51-დ(ნომერი ხელით ჩაწერა მასწავლებელმა). და გარდა ამისა, „პროვინციიდან“(„ნ“-ს ცოტა ცხვირში ამბობდა) ჩამოსული ბავშვი არ უნდოდა.

შემოვიდა მათემატიკის მასწავლებელი კაცი, გვარად ჯახუა. მოინდომა მაშინვე ჩემი, ახალი მოწაფის, გაცნობა და გამიძახა დაფასთან, გეომეტრიაში. მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო მეპასუხა, რადგან მათემატიკა გვიცდებოდა ჩემს სკოლაში. დამსვა. გაიძახა პატარა ტანის ბავშვი, ბიჭი, მისირელი გვარად, ყოჩაღი მათემატიკაში. მან თეორემა დაამტკიცა ლამაზად და დაჯდა. აბა, კიდევ ვინ მიპასუხებსო, იკითხა მასწავლებელმა. მე ავწიე ხელი. გაუკვირდა, მაგრამ გამიყვანა დაფასთან. მე დავამტკიცე იგივე თეორემა. ისე კარგად იყო იმ ბავშვის მიერ დამტკიცებული და ეს თეორემა ეყრდნობოდა ყველა წინათ ნასწავლ თეორემებს, რომ ამის გაკეთება, ვფიქრობ, არავისთვის არ იქნებოდა ძნელი. ჯახუამ კი ეს ძალიან დიდ საქმედ ჩამითვალა და მითხრა, გადმოდი ჩემ კლასში, აქ ადგილი აღარ არის და მიგაწერეს ზედმეტად, ჩემთან კი, მე-8ბ  კლასში არის ადგილიო. მართალია, მე ორი დღის მისული ვიყავი, ერთი-ორი ბავშვი მაინც უკვე გავიცანი, და რომ გავიდა მასწავლებელი, ცრემლები გადმომცვივდა, რადგან ახლა სხვაგან მიპირებდნენ გადაყვანას. შემოვიდა ქართულის მასწავლებელი, ბურჯანაძე. მკითხა მოწყენილობის მიზეზი. ბავშვებმა უთხრეს. „რა მოხდა მერე, მაგაზე რას წუხხარ, იმ ნაგავში ოქროსავით გამოჩნდებიო“, მითხრა. სახლში რომ მოვედი, ვუთხარი ეს ამბავი ჩემ დაიკოს. „არა, მითხრა მან, მე არ მინდა ნაგავში ჩანდე ოქროსავით, მე მინდა ოქროებში ჩანდე ოქროსავითო“.

ალბათ სთხოვა, რომ არ გადავეყვანე და დამტოვეს. შემდეგში კლასის ხელმძღვანელიც აღარ ამბობდა არ მინდა ზედმეტი ბავშვიო. თვითონაც „ხუთს“ მიწერდა ფიზიკაში. მაგრამ, სამწუხაროდ, მეშვიდე კლასის ფიზიკა ცუდად ვიცოდი, მშვენიერი ფიზიკის კაბინეტი კი გვქონდა.

გავიდა კიდევ დრო. დავწერეთ რუსულში საკონტროლო. ქოჩიაშვილი გვასწავლიდა, რუსი კი იყო. საკონტროლო წერაში ყველამ რაღაც ნიშანი მიიღო, მე კი მივიღე დიდი კითხვის ნიშანი. მასწავლებელმა ეს ასე ახსნა, მე ვერ გავიგე, ვისგან გადაწერეო, რადგან ჩემს წინა მერხზე, ჩემს გვერდით და ჩემს უკან „ხუთი“ არავისთვის დაუწერია, მე კი უშეცდომოდ მქონდა დაწერილი.

საქმე ის არის, რომ თელავში რუსულ გრამატიკას და მართლწერას ძალიან კარგად გვასწავლიდნენ. თბილისელებს კი სიტყვათა მარაგიც ჰქონდათ და ბევრი თავისუფლადაც ლაპარაკობდა რუსულად. მასწავლებლის აზრით, რაღაც „კანონზომიერება“ ირღვეოდა. შემდეგში უკვე აღარ მიწერდა კითხვის ნიშნებს, მაგრამ, ჩემი კარგი ნიშნები დიდად არ ახალისებდა.

ქიმიის კაბინეტი, მოზრდილი, გრძელი ოთახი იყო. პირველად რომ შევედი გაკვეთილზე, მასწავლებელმა მითხრა, შენ კარებთან გაჩერდიო. ყველა ადგილი დაკავებულია, ჯერჯერობით, მერე ვინმეს გავაგდებ გარეთ და შენ მის ადგილზე დაგსვამო. შემდეგ ბავშვებს „გააცნო“ ჩემი თავი: ეს, იცით, საიდან ჩემოვიდა?! თელავიდან! და იცით, რა ჩამოიტანა?! ქების სიგელი!ზოგს ორი ბატი რომ მიაბარო, სახლამდე ვერ მიიყვანს. ამან კი თელავიდან ქების სიგელი ჩამოიტანა!

დაიწყო გაკვეთილი. ვიღაცა გააგდო გარეთ და მე დავჯექი მის ადგილზე, სულ ბოლო მაგიდასთან, ნუნუ კერესელიძის გვერდით(ერთ-ერთი ფრიადოსანი მოსწავლე იყო, შემდეგში, კარგი გინეკოლოგი).

ძალიან მკაცრი, სასტიკი მასწავლებელი იყო ის, გვარად იოსელიანი. ქიმია მთელმა კლასმა შესანიშნავად იცოდა.

ერთ დღეს, მან დაიწყო მთელი კლასის გამოკითხვა. ორ-ორ ბავშვს გაიყვანდა შუაზე გაყოფილ დაფასთან და კარნახობდა, რაზე რით ემოქმედდათ(ელემენტებზე) და მათ უნდა დაეწერათ პასუხი. ჩვენს წინ გაყვანილი ორი ბავშვიდან ერთი დასვა, დარჩა ერთი ადგილი თავისუფალი. დაიძახა: „შემდეგი“. მე და ნუნუმ არ ვიცით, რომელი გავიდეთ, გავედით ორივე. ნუნუ დააყენა დაფასთან, მე მითხრა, იქ დადექიო, კართან მდგარ მინებიან კარადაზე მიმითითა, კუთხეში.

ორიანების წერის ხასიათზე იყო და ყველას ჩამოუმწკრივა ორიანები ჟურნალში, ზოგს შარი მოუდო, მსხვილი ასოებიაო; ზოგს, გრძელიო; ზოგს, წვრილად წერო. მოკლედ, მინდა და ვწერ ორიანებსო. აი, ასე! ბავშვები ნერვიულობდნენ, უცბად ვერ წერდნენ, ამაზეც მოულოდნელად უყვირებდა: ჩქარა, ქალო! და აქ უკვე გათავებული იყო, ბავშვი ვეღარაფერს წერდა; თუმცა კარგი ცოდნა ჰქონდა უმრავლესობას. ნუნუც ძალიან ემოციური იყო. ვხედავ, წერს და მერყეობს; დაწერა O, უნდა დაწეროს O2 და შიშისგან ვერ გადაუწყვეტია, მიუწეროს თუ არა ორიანი. გამოაპარა თვალი ჩემსკენ. მე ტუჩებით ვანიშნებ: ორი, ო ორი. მასწავლებელი ბოლთას სცემს რიგებს შორის. ამ დროს ყოფილა უკვე მობრუნებული და კარადის მინებში დავუნახივარ. წამოვიდა სწრაფი ნაბიჯით, განრისხებულმა, ორივე ბავშვი გაყარა დაფიდან, მეც მიყვირა: წადი, დაჯექი შენს ადგილზე. ყველას ორიანებიო. შუა გზამდე რომ მივედი, მიყვირა: მობრძანდი აქ! მერე რომ არ თქვა, კარნახისთვის დამიწერა ორიანიო, ახლავე დავინახავთ, რა ბაგაჟის პატრონიც ხარო. დადექი დაფასთან, რაზეც გინდა, რითაც გინდა, იმოქმედე, შენ თვითონ შეარჩიე ელემენტები და დამიწერე რვა ფორმულა, რვა რეაქციაო.

მივედი დაფასთან. კლასში ისედაც არ ისმოდა ჩამიჩუმი, ახლა მთლად სამარეა. დავიწყე წერა და ვცდილობ მოვასწრო, რომ „ჩქარა, ქალო!“ არ მიღრიალოს. თან, არც მსხვილად, არც წვრილად, არც გრძლად...

მოვრჩი. დავდე ცარცი.

-- მორჩი? -- მკითხა მკაცრად.

-- დიახ. -- ვუპასუხე.

-- დაჯექი, ხუთიანი.  მთელ კლასში არავინ არაფერი იცის, თურმე ეს კარნახობს ყველას. თუ გაიგებენ, წერენ სწორად, თუ ვერ გაიგებენ, რა უკარნახა, ვერაფერს წერენ.

„მე ვკარნახობ“ დიდი ოთახის ბოლო მაგიდიდან!!!

მეგონა დამცინის და ახლა მოაყოლებს ჩემზე, თავისებურად მეთქი. მაგრამ, დამცინავი გამომეტყველების გარეშე, ჩამიწერა ჟურნალში ხუთიანი და გავიდა. ჩვენც გამოვედით. შემომეხვივნენ ბავშვები, მკოცნიან, მილოცავენ.

აი როგორი უშურველი, უანგარო ბავშვები იყვნენ. მე, ხუთიანზე მეტად, ამ ბავშვების საქციელმა გამახარა და კინაღამ ავტირდი სიხარულისგან.

არავისზე უკეთესად ვიცოდი ქიმია, უბრალოდ, მაგარი ნერვები მქონდა.

აი, ამ ამბებით, რუსულის „კითხვის ნიშნით“, ქიმიის და მათემატიკის ხუთიანებით და ქართულის საკონტროლოთი დავამახსოვრდი ბავშვებს და ამიტომ შემდეგში, მრავალი წლის შემდეგაც ვახსოვდი და ეგონათ, რომ მათთან მხოლოდ ერთი წელი კი არა, რამდენიმე წელს ვსწავლობდი. ნუნუ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო. თელავში რომ დავბრუნდი, იქ მწერდა წერილებს. თუმცა ომი რომ დაიწყო, ამან შეგვიშალა ხელი.

ძალიან დამეგობრებული ვიყავით მე და ლინა ერისთავი, საუკეთესო ბავშვი, შემდეგში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც სკოლის შენობაში ცხოვრობდა დედასთან და „შალიკო ბიძიასთან“ ერთად. მხეიძეზე იყო დედამისი მეორედ გათხოვილი. ულამაზესი ქალი იყო ვენერა დეიდა. მეზობლები ვიყავით და ეს გვიადვილებდა მეგობრობას.

ქართულის საკონტროლოს ამბავი ასე იყო. დავწერეთ ილიას „სარჩობელაზედ“. მოიტანა მასწავლებელმა გასწორებული საკონტროლო წერის რვეულები და გამოაცხადა: მე საშინლად გული დამწყდა, რომ სხვა სკოლიდან, მით უფრო, რაიონიდან ჩამოსულმა არაქართველმა ბავშვმა მიიღო ხუთიანი და მისი ნაწერის მერე სხვა ბავშვებს ვეღარ დავუწერე ეს ნიშანიო. ილაპარაკა, როგორ მოეწონა რაღაც გადასვლა ჩემ ნაწერში. მაგრამ, „არაქართველი“ ისე მომხვდა გულზე, რომ აღარც „ხუთი“ მინდოდა და აღარც მისი შექება.

მოკლე ხანში მივიღე თელავიდან ჩემი კლასელი მეგობარი გოგონას, ლილი როსტომოვას წერილი, მწერდა, მასწავლებელმა დაგვაწერინა საკონტროლო „სარჩობელაზედ“, არც ერთი ხუთიანი არ დაუწერიაო. ანიჩკა მასწავლებელმა თქვა, სად არის ჩემი ლუსიკი, ის დამიწერდა უსათუოდ ხუთიანზეო. მე კი ვიფიქრე: გასკდი მიწავ და ჩამიტანეო.

ასე გულუბრყვილოდ და გულალალად მწერდა ბავშვი თავისი განცდის შესახებ. ის ფრიადოსანი, მართლა ძლიერი მოსწავლე იყო. ძალიან წრფელი და უანგარო ურთიერთობა გვქონდა ბავშვებს ერთმანეთთან.

ისტორიის მასწავლებელი არ მიწერდა ხუთს. გუგუნავა გვასწავლიდა. მეოთხედის ბოლოს სამასწავლებლოში კრება იყო და ღია ფანჯრიდან(ჩვენი სახლი იქვე ეზოში იდგა) ისმოდა მასწავლებლების კამათი და ჩემი გვარი. ეკამათებოდნენ ისტორიის მასწავლებელს. განსაკუთრებით ქიმიის მასწავლებელი აქტიურობდა.

შემდეგ ისტორიის მასწავლებელმა დაგვიბარა მე და კიდევ ორი ბავშვი, სხვა სკოლიდან გადმოსულები, დამატებით სამეცადინოდ. გვიამბო, როგორი კარგი ბავშვი ჰყავს, რა ლამაზი ჯემპრი აქვს იმ ბავშვს და ა.შ. ასე პატარა ხანს „გვამეცადინა“ და ამის შემდეგ მიწერდა ხუთს, იმავე ცოდნაში, რაც ადრე მქონდა. აღარც კი მახსოვს, რას გვასწავლიდა, იმ დროს, როცა ადრეულ კლასებში ნასწავლი ისტორიის გაკვეთილები ახლაც მახსოვს.

გეოგრაფიას გვასწავლიდა დომენტი თოლორაია. ის ლექციებსაც კითხულობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში. საუკეთესოდ გვასწავლა საქართველოს გეოგრაფია.

ფრანგულის მასწავლებელმა დაიბარა ჩემი და და უთხრა: ბავშვს ძალიან აქებენო, ყველა ხუთს უწერს, მე კი არ შემიძლია სამის დაწერაც კი. ის კლასი უკვე მესამე წელი სწავლობდა ფრანგულს, მე კი საერთოდ არ მისწავლია ეს ენა სკოლაში.

მასწავლებელს უთქვამს, აქვე ახლოს ცხოვრობს მოხუცი ქალი, ამ კლასის ბავშვებიც დადიან მასთან დამატებით სამეცადინოდო. ატარეთ მასთან, თვეში ხუთი მანეთი დაგჭირდებათო.

წამიყვანა ჩემმა დამ, იქვე ახლოს ცხოვრობდა. გზაზე მელაპარაკებოდა, მოხუცი ყოფილა, შეიძლება ცოტა უცნაურიც იყოს და შენ არ მიაქციო ყურადღება მის უცნაურობას, ისწავლე კარგად, რომ ბავშვებს დაეწიოო.

ძალიან კარგად შევეწყვეთ მე და ჩემი მოხუცი ფრანგულის მასწავლებელი, მოგვწონდა ერთმანეთი. კვირაში სამჯერ დავდიოდი მასთან. მე რომ მივიდოდი, ჩემი რამდენიმე  კლასელი უკვე გამოდიოდა მისგან.

ფრანგი ქალი იყო, შვილებს და შვილიშვილებს ფრანგულად ელაპარაკებოდა, თუმცა ისინი იშვიათად შემოდიოდნენ იმ ოთახში, სადაც ვმეცადინეობდით. ფეხს შევდგამდი თუ არა, იმ წუთიდან ფრანგული იწყებოდა, მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის სხვა ენაზე, მაგრამ როგორღაც მესმოდა მისი. დიდხანს მამეცადინებდა ხოლმე, თითქოს აღარ უნდოდა გაკვეთილის დამთავრება. ყველა დავალებას ვასრულებდი და შედეგიც კარგი მივიღეთ. ერთ თვეში ვკითხულობდი სხვა ბავშვებივით და ვთარგმნიდი გაკვეთილებს. უკვე აღარ მიკვირდა, ბავშვებისგან რომ მესმოდა წაკითხვისას: Lucy apporte les crayons... მეგონა, ჩემ სახელს განგებ ამბობენ მეთქი.

მართალია, ხუთი მანეთი იყო გადასახდელი თვეში, მაგრამ, არ შეეძლო დედას დიდხანს გადახდა.რაკი დავეწიე ბავშვებს, დამანებებინეს თავი, თუმცა ძალიან მომწონდა ფრანგული ენა და დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი, საშუალება რომ გვქონოდა. დაფქვიაშვილი იყო ჩემი მოხუცი მასწავლებელი.

ერთხელ ნავთის რიგში შეხვედროდათ დედაჩემს და ჩემ დაიკოს ის ფრანგულის მასწავლებელი და ჩემი დისთვის ეთქვა: არ მინდა ფული, იაროს ჩემთან, მე მეხალისება მასთან მეცადინეობაო.

ჯოლია გვასწავლიდა ფიზკულტურას. „ვერა, ძმაო, ვერა, ვერ დაგიწერ ხუთს!“ მეუბნებოდა. მე ხომ არაფერს მოვითხოვდი და  რატომ მეუბნებოდა, ვერ გამეგო. ხუთი კი არა, ვიცოდი, რომ სამიანიც არ მეკუთვნოდა. საუკეთესოდ მოწყობილ ფიზკულტურის დარბაზში ბავშვები ისე ვარჯიშობდნენ, გაოცებული ვუყურებდი. თავისუფლად დაცოცავდნენ შვედურ კედელზე და თოკზე, ვარჯიშობდნენ რგოლებზე. მე კი, რგოლებიდან, მასწავლებლის ხელს თუ არ ვიგრძნობდი, ჩამოხტომას ვერ ვბედავდი. ძელზეც კი ვერ გავდიოდი, მასწავლებლის თითს თუ არ ვიყავი ჩაჭიდებული. „ოჰ, როგორ გიყვარს შენი თავიო“, მეუბნებოდა მასწავლებელი. მიყვარდა, თუ არა ჩემი თავი, არ ვიცი, მაგრამ, ძალიან მშიშარა ვიყავი, თავბრუ მესხმოდა, თვალები მიჭრელდებოდა. მე როგორ ვისურვებდი მისგან ხუთიანს, მაგრამ, ალბათ, მოითხოვდნენ მისგან ჩემთვის, თვითონ მასწავლებლები. და ისიც მიწერდა. როგორ შეიძლება ეს!

***

ასე, რამდენიმე ტყუილად დაწერილი ხუთიანით, შვიდწლედის ფრიადოსნის ატესტატით ჩავედი თელავში, მერვე კლასში და გავახარე ჩემი თელავის მასწავლებლები, რომ არ შევარცხვინე თბილისის სკოლაში ჩემი სკოლა და გავამართლე მათ მიერ ჩემთვის დაწერილი ხუთები.

დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ სკოლას, მაგრამ სულ სხვა პირობებში.

ჩვენი სკოლის შენობაში, მეფე ერეკლეს სასახლეში, ჰოსპიტალი მოაწყვეს. ჩვენი სკოლა სხვა შენობაში გადავიდა.

თელავში ადრეც ცხოვრების ცუდი პირობები იყო, ახლა მთლად უარესი. დაწესდა სულზე სამასი გრამი პური, მაგრამ, რა პური, ტალახივით შავი და სველი, გამოუშრობელი, ამიტომ სამასი გრამი იყო ძალიან პატარა. მაგრამ, უბედურება ის იყო, ამ პურის საყიდლად ისეთ რიგში მოგიწევდა ჩადგომა, ჭამაც აღარ მოგინდებოდა მერე.

ქალაქი სრულიად ჩაბნელებული. ღამით მორიგეობა ქუჩებში, ცას ანათებდნენ პროჟექტორებით, ზოგჯერ მოისმოდა გერმანული თვითმფრინავების ყრუ გუგუნი. ხმა დადიოდა, სოფელ მერეში(თელავთან ახლოს) ჩამოყარესო ბომბები.

დედაჩემის მორიგეობის დროს მეც მასთან ვიყავი.

სახელმძღვანელოების ყიდვა გაძნელდა. რვეულებს სქელი კარდონივით ფურცლები ჰქონდა, შიგ თითქოს ფანერის ნათალი ჩაჰყოლიათო, ამ ფურცლების გაკეთებისას.

მხატვრული ლიტერატურის კითხვის დრო არ მრჩებოდა, რადგან გაკვეთილების მომზადების შემდეგ დარჩენილ თავისუფალ დროს, უნდა მოვხმარებოდი დედას შალის დამზადებაში. მატყლის დართვა და არშიის ქსოვა ჩემი მოვალეობა იყო.

მაგრამ ჩემი მეზობელი და ნათესავი, ნაზო მიკითხავდა წიგნებს, როდესაც მე ამ საქმით ვიყავი დაკავებული. ასე წამიკითხა „კაცი, რომელიც იცინის“, „დავით კოპერფილდი“, „.მეფე ლირი“ , „ჰამლეტი“. შემდეგ გადავედით მიხეილ ჯავახიშვილზე. იმ დროს ეს მწერალი აკრძალული იყო და მისი ნაწერები, ჩაკეტილი, ნაზომ გამონახა ბიბლიოთეკაში ნაცნობი, რომელიც ჩუმად ატანდა მას წიგნებს და ჩვენც ჩუმად ვკითხულობდით.

როდესაც გერმანელებმა უკან დაიხიეს, მდგომარეობა მხოლოდ იმით გაუმჯობესდა, რომ ღამით მორიგეობა აღარ იყო და ნავთის ლამფის ანთებაც შეიძლებოდა. შიმშილი და სიცივე კი ძველებურად გვაწუხებდა.

მეზობლები ერთად მივდიოდით თელავის ტყეში, ვაგროვებდით ხმელ შეშას და ფიჩხს, ვკრავდით გუდურებად და მოვათრევდით ქვიან გზაზე. ეს ძნელი იყო. ერთხელ დედა დაეცა და ხელი იტკინა. შეუკრა მეზობელმა ვეტექიმმა, მაგრამ დიდხანს სტკიოდა და შეშუპებული დარჩა ბოლომდე. რით, როგორ მეშველა, არ ვიცოდი. ვიყინებოდით, უმწეო მდგომარეობაში ვიყავით. დროდადრო გვაკითხავდა ხოლმე იოსებ ძია, ვარა დეიდას ქმარი, და ერთხელაც ჩვენი ჩვენი მდგომარეობა რომ ნახა, გამოსაზამთრებლად თავის სახლში გადაგვიყვანა მე და დედა.

ომის პერიოდი იყო და სკოლაში ახალი საგნები დაგვიმატეს ანატომია-ფიზიოლოგია, ფარმაკოლოგია, ქირურგია.

რა თქმა უნდა, ზედაპირულად. ერთი-ორჯერ ჰოსპიტალშიც წაგვიყვანეს და გვაჩვენეს ჭრილობების შეხვევის წესი.

ექიმი გვასწავლიდა ამ ყველაფერს, ბაბაკიშვილი იყო გვარად. შემდეგში ის ჩემი ანიჩკა მასწავლებლის რძალი გახდა. ჩემი მასწავლებლის ერთადერთი ვაჟი კი მათემატიკას გვასწავლიდა მერვე-მეცხრე კლასებში. ომი რომ დამთავრდა, მან დაიცვა დისერტაციები, საკანდიდატო და სადოქტორო, ბრწყინვალედ. ის სამთო ინჟინერი იყო, თუ არ ვცდები.

მეათე კლასის გამოსაშვები გამოცდები ჩავაბარე. ჩვენთან მოვიდა იოსებ ძია და საყვედური უთხრა დედას. მატარებლით მოვდიოდიო თბილისიდან, მასწავლებლების ჯგუფი მგზავრობდაო, ჩემთან ერთად.ისინი საუბრობდნენ, რომ წელს ბავშვებს გაუძნელეს გამოცდებიო. ჩააბარებინეს მერვე და მეცხრე კლასისი მასალაც, მეათესთან ერთადო. თელავის რაიონის სკოლებიდან ფრიადოსნის ატესტატს მხოლოდ ერთ ბავშვს აძლევენო და ეს ერთი ბავშვი თურმე ლუსიკა ყოფილაო. მე სხვებისგან რატომ უნდა გავიგო ეს ამბავი, რატომ შენ არ მითხარიო. დედამ თავი იმართლა, მე თვითონაც არაფერი ვიცოდიო ამის შესახებ. დედამ კი არა, მეც არ ვიცოდი.

თბილისში, უნივერსიტეტში საბუთების შესატანად წავედით მე და დედა. უკან რომ დავბრუნდით, თელავში ძალიან მაგრად წვიმდა. ჩამოვედით მატარებლიდან და შევუდექით აღმართს ქალაქში ასასვლელად. მთელი ხალხი ფეხით მივდიოდით, სხვა საშუალება არ იყო.

ერთი კაცი მეუბნება, ხედავ, როგორ სველდება დედაშენი შენი გულისთვის, უნდა დააფასო დედის ამაგიო. არაფერი ვუპასუხე, გულში კი მწარედ გამეცინა, ამ ერთხელ დასველდა? რაც დედაჩემმა წვალება და ტანჯვა გადაიტანა შვილებისთვის, ეს დასველება რა სათქმელი იყო. 

დედაჩემი თანაკურსელებთან ერთად.მის მარჯვნივ, თამარა აბაშიძეა. მარცხნივ დგას მერი ქურციკიძე, მერის უკან ვალერიან ჟვანიაა. დანარჩენების გვარები, სამწუხაროდ, არ მახსოვს.


***

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მინდოდა საქართველოს რომელიმე მიყრუებულ სოფელში მასწავლებლად წასვლა, მაგრამ, ბედის ირონიით აღმოვჩნდი ყველაზე ხმაურიან, გადარეულ ქალაქში. მოსკოვში გამანაწილეს, ერთ-ერთ დახურულ ორგანიზაციაში(СКБ) სამუშაოდ.

ძალიან გამიჭირდა სრულიად უცხო გარემოში ცხოვრება, და დედასგან შორს ყოფნა.

მუშაობა არ გამჭირვებია. ეგ არის, რუსული სიტყვების მარაგი არ გამაჩნდა, მით უფრო, მოსკოველების სწრაფი მეტყველება მაწვალებდა. მაგრამ, მუშაობაში ეს ხელს არ მიშლიდა. მათემატიკას არ სჭირდებოდა მათი რუსული. საწყენი იყო ჩემთვის მათი გაკვირვება, სამუშაოს გაჭირვების გარეშე რომ ვასრულებდი. უკვირდათ, რადგან ეგონათ, რომ ცოდნას მხოლოდ მოსკოვის უნივერსიტეტი აძლევდა.

განყოფილების უფროსი იყო დიმიტრი ალექსეევიჩ ჟუჩკოვი. ძალიან კარგი ადამიანი. მამობრივი მზრუნველობით მეპყრობოდა. მისი თანაკურსელი ყოფილა პროფესორი ჭოღოშვილი. ამბობდა, ნიჭიერი სტუდენტი იყოო. ტკბილად იხსენებდა საქართველოში გატარებულ დღეებს. ბრძენი ხალხიაო, ქართველები. საფლავებსaც კი   ბრძნული წარწერები აქვსო. ჩამომითვალა, ბევრი ზეპირად ახსოვდა. მე ერთი დამამახსოვრდა, რომელიც ერთ საფლავზე წაეკითხა(ალბათ უთარგმნეს): «Ты в гостях, а я у себя дома».

 ჟუჩკოვს არ უკვირდა და ყოველთვის აქებდა ჩემს მიერ შესრულებულ სამუშაოს. მხოლოდ ერთი რამ უკვირდა, საქართველოსკენ რომ მიმიწევდა გული და სხვებივით არ აღმაფრთოვანებდა მოსკოვში ცხოვრება.

გენერალური დირექტორი გაერთიანებისა(Завод САМ, СКБ და НИИ) იყო ლესეჩკო. რამდენიმე წლის შემდეგ მინისტრად დანიშნეს. მივედი მასთანაც თხოვნით, რომ ვადაზე ადრე გავეშვი საქართველოში, მაგრამ, მან ძალიან ტკბილად და თავაზიანად ამიხსნა, რომ მე სამი წლით ვიყავი აქ გამოგზავნილი და ვადაზე ადრე არაფრით შეეძლო ჩემი გაშვება.

ჭოღოშვილი(ჟუჩკოვის ტკბილმოსაგონარი თანაკურსელი) ჩვენ გვიკითხავდა ალბათობათა თეორიას. ერთსემესტრიანი კურსი იყო. გამოცდაზე გავედი მშვიდად და ვფიქრობდი, რომ ეს პატარა საგანი კარგად მქონდა მომზადებული. კარგი საკითხები შემხვდა. ვპასუხობ, ვატყობ, ლექტორი კმაყოფილია. მომცა მაგალითები, გავაკეთე. ნიშანი უნდა დამიწეროს და უცბად, მოუნდა კიდევ ერთი შეკითხვის დასმა თეორიიდან. რომელი თეორემა იყო, არ მახსოვს. ვიცი, ვპასუხობ: ალბათობა იმისა, რომ ეს ასე არის...

--იქნება -- შემისწორა ჭოღოშვილმა.

-- დიახ, იქნება... და გავაგრძელე.

კიდევ მკითხა. ისევ ვპასუხობ: --ალბათობა იმისა, რომ ეს ასე არის...

--იქნება -- ისევ შემისწორა.

--დიახ, რა თქმა უნდა, იქნება, თუ არის, მაშინ ალბათობის გამოანგარიშებაც არ არის საჭირო...

--დიახ, გააგრძელეთ.

გავაგრძელე. ვცდილობ არ წამომცდეს არის. თავს მიქნევს გახარებული ჭოღოშვილი. მეც გახარებული ვამტკიცებ თეორემას, მაგრამ ეს შემოჩენილი არის ისევ წამომცდა. შევჩერდი, შევხედე გამომცდელს და ვთხოვე: „თუ ვიტყვი, არის, თქვენ იგულისხმეთ იქნება“- მეთქი. კარგიო, გავაგრძელე თავისუფლადო. ალბათ მატყობდა, რომ თავს ვაკონტროლებდი ამ სიტყვის გამო და სხაპასხუპით იმიტომ არ ვპასუხობდი.

გავაგრძელე თავისუფლად, საგანი კარგად ვიცი, ვპასუხობ, რასაც მეკითხება. ერთი-ორჯერ კი წამომცდა ისევ არის, მაგრამ აღარ ვასწორებ, უკვე „შეთანხმებული“ ვარ გამომცდელთან.

ძალიან ბევრი მკითხა, ამ პატარა საგანში თითქმის არ დატოვა საკითხი. ბოლოს, როგორც იქნა, დაამთავრა გამოკითხვა და აიღო ჩემი ჩათვლის წიგნაკი ხელში, თან მითხრა:

--ძალიან კარგად მოგიმზადებიათ ჩემი საგანი, დიდი მადლობა. ოღონდ, ახლა მე დაგიწერთ ოთხს და თქვენ იგულისხმეთ, რომ დაგიწერეთ ხუთი. -- თან გაიცინა ეშმაკურად.

ასე „დამსაჯა“ ჭოღოშვილმა დაუდევრობისთვის და ღირსიც ვიყავი.

ჟუჩკოვმა ჭოღოშვილი რომ გაიხსენა, მე ეს ამბავი გამახსენდა, მაგრამ ახალი ჩასული ვიყავი მოსკოვში და ვიფიქრე, რომ კარგად ვერ მოვახერხებდი ჟუჩკოვისთვის ამ ჩემი გამოცდის მოყოლას.

 

***

მოსკოვში, პირველივე დღეებში უსიამოვნო საუბარი მქონდა ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებთან.

--Ты армянка? -- მკითხა თამარა ივანოვა-ჟურავლოვამ.

-- Да.

--Значит из Армении.

--Нет, из Грузии.

--В каком городе окончила Университет?

--В Тбилиси.

--Значит в столице Армении. Странно, армянка и с высшим образованием.

--Почему странно?

--Потому, что у нас армяне только ботинки чистят.

--А у нас русские постыдными делами занимаются, женщины изменники, а мужчины воруют.

მე ეს უსაფუძვლოდ არ მითქვამს. ჩემს პატარობაში, და რომ გარდამეცვალა, დაკრძალვის შემდეგ, ტირილით და დარდით დაქანცულებს, ისე ღრმად ჩაგვეძინა, რომ გაგვქურდეს. წაიღეს ყველაფერი, თეთრეული, ლოგინი, ქვაბებიც კი. რაც გვეცვა და რაშიც გვეძინა, ის შეგვრჩა მხოლოდ. შემდეგ დაიჭირეს ქურდები. მარტო ჩვენ კი არა, ღელავში ბევრი იყო გაქურდული მათგან. ჩვენთან ქელეხში შემოუყვანიათ, ვითომ საცოდავები, უჭმევიათ. მათ კარგად დაუთვალიერებიათ ყველაფერი. ღამით მოსულან ურმით. სამივე რუსი იყო, მათგან ერთი, მასწავლებელი.

ომის დროს კი, თელავში ჩამოსული რუსი ქალები, რომლებსაც ფრონტზე ჰყავდათ ქმრები, თავიანთ უღირს საქციელს ქმრებს აბრალებდნენ, გვწერენ, არ მოიწყინოთო.

თამარამ გაოცებისგან პირი დააღო.

--Так тебе и надо, думать надо, когда говоришь! -- უთხრა ელენა ერემეევამ.

მე კი გავაგრძელე“

--А  вот очень стыдно, что не знаете, что Тбилиси столица Грузии, а не Армении.

--А разве ты знаешь столицы всех республик?

--Знаю. -- და ჩამოვუთვალე ყველა რესპუბლიკა თავიანთი დედაქალაქებით.

ამის შემდეგ ძალიან დამიმეგობრდნენ თამარა და ლენა. ჩვენი საუბარი მშვიდი ტონით და მათი მხრიდან თითქოს გულუბრყვილოდაც კი მიდიოდა.

ზოგჯერ ვსაყვედურობდი კიდეც ჩემს თავს, ასე მკვახედ რომ ვუპასუხე ახლადგაცნობილებს.

ხანდახან მათ, განსაკუთრებით თამარას, უცნაურად ვეჩვენებოდი. მეტყოდა ხოლმე:

--Какая ты странная, ты не от мира сего.

„უცნაური“ მესმოდა, დანარჩენი როგორ გამეგო, მაშინ არ ვიცოდი.

ძალიან კარგი ამხანაგები ვიყავით, ლენა მზად იყო ყოველ წუთში ჩემს დასაცავად.

მეგონა „გამოვასწორე“ რუსობით გაყოყლოჩინებული ეს ჩემი ამხანაგები, მაგრამ...

ნატო წლინახევრის იყო, გვესტუმრნენ ეს ამხანაგები სახლში. ნატომ უთხრა ლექსები მათ. რუსული, ირაკლის და ჩემს მიერ ნასწავლები, ქართული ლექსები, დედაჩემისგან.

რუსული ძალიან მოეწონათ, ქართულზე კი ლენამ მითხრა(იმ ლენამ, თამარას რომ უთხრა რამდენიმე წლის წინ, ჯერ იფიქრე და მერე ილაპარაკეო):

--Люся, зачем вы калечите ребёнка?

--Лена, а ты соображаешь, что ты мне говоришь? – ვკითხე ისევე მშვიდად.

ამის შემდეგ ლენას აღარ წამოსცდენია მსგავსი რამ. ის ძალიან ჭკვიანი გოგო იყო საერთოდ. ნიჭიერი. ძალიან კარგი მათემატიკოსი, ვორონეჟიდან.

მოსკოველი თამარა(ჟურავლYოვა, ქალიშვილობის გვარით), მისი დეიდაშვილი ზოია ვორობYოვა და ტამბოველი ვალია ტოლჩეევა, რომელსაც მოსკოვის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, კი ვერ ისვენებდნენ.

--ქართული ენა ღარიბია.

--იცით ქართული?

--არა.ამბობენ, გაგვიგია.

--მე კი კარგად ვიცი ქართული და ახლა უკვე ასე თუ ისე ვიცი რუსულიც. მეჩვენება, რომ რუსული ღარიბია.

„დიადი რუსული ენა“ „გავულანძღე“, როგორც მე ქართულს „მილანძღავდნენ“.

--რას ამბობ?! ყველამ იცის, რომ რუსული ენა ძალიან მდიდარია. შენ რის საფუძველზე ამბობ მაგას?

--ქართულში ყველა საგანს და ყველა მოვლენას თავისი სახელი აქვს. ზოგს ერთი სიტყვით კი არა, რამდენიმე სიტყვით გამოვხატავთ(სინონიმებს გულისხმობს.ნ.ბ.) რუსულში კი სიტყვები არ გყოფნით, შემოგიღიათ რაღაც „უდარენიები“. ერთ მარცვალზე დასვამთ ამ „უდარენიეს“, ერთ რამეს ნიშნავს, გადაასკუპებთ მეორე მარცვალზე და სხვა რამეს ნიშნავს, იგივე სიტყვა. აქ პასუხი რომ ვერ მოახერხეს, ახლა სხვა საკითხზე გადავიდნენ.

--Как по-вашему «пришёл»?

--მოვიდა.

--А как «пришла»?

--მოვიდა

--Вот видишь? А вам не интересно, он пришёл или она пришла?

--Когда пришёл, уже вижу он пришёл, или она пришла, а когда идёт, почему вам не интересно, она идёт, или он идёт?

--Да, правильно.

ცოტა ხანს იყუჩეს, მაგრამ არ ასვენებთ დიდრუსული გრძნობა:

--Как по вашему «папа»?

--მამა.

--А как «мама»?

--დედა.

--А как «деда»?

--პაპა.

--А почему у вас всё наоборот?

--Кто знает? Может быть у вас наоборот?

 

***

ჩვენს საერთო საცხოვრებელში ერთხელ ქორწილი გამართეს თანაკურსელებმა.

გვერდით მიზის ვალოდია კლეპინინი და მეკითხება:

--იცი სომხური ანეგდოტები?

--არა.

--გითხრა?

--მითხარი.

--ორი ფეხით ადის, სამით ჩამოდის.

--ეს რა ანეგდოტია?

--კიდევ გითხრა? თეთრი რაღაც კედელზე ჰკიდია და უსტვენს.

--ანეგდოტი ჭკვიანური და სასაცილო უნდა იყოს, ეს კი რაღაც სისულელეებია. -- ვუპასუხე.

--Да правильно. А как ты думаешь, почему армянские анегдоты такие глупые?

მე ცოტა ხანს დავფიქრდი და შემდეგ გულწრფელად ვუპასუხე:

--Не знаю, наверно потому, что русские придумали.

ვალოდიამ ხმამაღლა გადაიხარხარა. შემდეგ ხმაურიან სუფრას სთხოვა, პატარა ხანს ყურადღება. ყველა გაჩუმდა. ვალოდიამ გამოაცხადა ხმამაღლა თავისი შეკითხვა და ჩემი პასუხი.

მე ცოტა შევკრთი შინაგანად, ვალოდიას ვიცნობდი უფრო ახლოს, სხვებს, უფრო შორიდან, თანაც უკვე ნასვამები იყვნენ. მაგრამ ჩემი შეშფოთება მცდარი აღმოჩნდა, ყველა გულიანად იცინოდა და იმეორებდა ჩემ პასუხს.

ვალოდია ურალიდან იყო. ჰყავდა საცოლე, რომელიც სამედიცინოს ამთავრებდა. ჩამოვიდა ერთხელ სტუმრად მოსკოვში. ვალოდიამ მთხოვა, სულ ორ დღეს დარჩება და თუ შეგიძლია, შენთან დააძინეო. ორივენი ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ.

მოსკოვზე ძალიან ბევრი მოგონება მაქვს. ექვსი წელი ვმუშაობდი იქ.

იქიდან წამოსვლის შემდეგ რეგულარული მიწერ-მოწერა მქონდა თამარა ივანოვასთან და ლენა ერემეევასთან. ლენა ეჭვიანობდა კიდეც, თითქოს მე თამარას უფრო ვპასუხობდი წერილებზე. ვფიქრობდი, რომ ტყუილად ფიქრობდა ლენა ასე.

მაგრამ...

თბილისში, 9 აპრილის ბარბაროსული დარბევის შესახებ მივწერე დაწვრილებით თამარა ივანოვას. მომწერა შეძრწუნებული, თანაგრძნობით სავსე წერილი. მწერდა, რომ წაუკითხა მეზობლებს, ახლობლებს, ნათესავებს და ყველა აღაშფოთა ამ ამბავმა.

ლენასთვის არ მიმიწერია.

მიმოწერა რომ გართულდა, თამარა სულ დამეკარგა. მისამართი შეუცვლია. ბოლო წერილებში მწერდა, ცუდად ვარო. ლენას კი მივაწვდინე წერილი. ხელზე გავატანე, რომ იქ ჩაეგდოთ. მომივიდა პასუხი „მოკითხვამდე“. მწერს, შენი წერილი რომ მივიღე «несказанно обрадовалась»-ო, თან მწერდა, გლაუკომა მაქვსო, მთელი სიცოცხლე უნდა ვიწვეთო წამალიო.

ახლა ვინ იცის, როგორ არიან. თამარას ფილტვებზე ჰქონდა გართულება.

 

***

მოსკოვიდან პირველილ შვებულებით ჩემოვედი 1952 წელს. შვებულების შემდეგ დედაც წავიყვანე. ერთი თვე იყო ჩემთან საერთი საცხოვრებელში. მოსკოვიდან ნელი ტყემალაძის მშობლები მიდიოდნენ საქართველოში და მათთან ერთად გავამგზავრე.

***

1953-ში გავთხოვდი.

ერთი წლის შემდეგ ნატული დამებადა თელავში. გაკვირვებულები იყვნენ ჩემი წამოსვლით. მოსკოვში ჩამოდიანო, აქაურ ექიმებთან. შენ კი თელავში მიდიხარო. მე დედასთან მოვდიოდი.

დეკემბრის პირველ რიცხვებში გამომწერეს სამშობიაროდან, პატარა ნატულისთან ერთად. ეს სახელი წინასწარ ჰქონდა შერჩეული ირაკლის.

ჩემი ნატული დაიბადა დილის 10 სთ. და 50 წთ.ზე. 24 ნოემბერს, ოთხშაბათს. წონა, 3300 გრ. სიგრძე,  53 სმ. შავი თმა ჰქონდა. ისეთი გრძელი, რომ მეხუმრებოდნენ, ახლავე შეგიძლია „ლენტი“ შეაბა თმაზეო.

ბავშვის დაბადების შემდეგ მოსვენება დავკარგე, მინდოდა დღე და ღამე მეცქირა. ერთხელ ღამე ვიგრძენი, რომ ღვიძავს, ავხადე სახეზე, გამიღიმა და გარკვევით მითხრა „აგუუ“, სიხარულისგან კინაღამ დედა გავაღვიძე.

24 იანვარს ორი თვისა გახდა ნატო, ამ დღეს ჩავედით მოსკოვში, დედასთან ერთად. ჩვენთან ერთად წამოვიდა სოსო წიკლაურის დედაც. მოსკოვში დაგვხვდნენ ირაკლი და სოსო.

ვქირაობდით ბინას მოსკოვიდან 45 კმ-ზე, დაბა სხოდნიაში.

დედაჩემი და მე. უკან წარწერა აქვს: ნატო 8 თვისაა, 1955წ.(ნ.ბ.)

დედაჩემის გარეშე რა გვეშველებოდა, არ ვიცი.

ბაგაში მოწყობა მოსკოვში შეუძლებელი იყო, ან სად ვატარებდით თოთო ბავშვს ამ სიშორეზე. ჩვენს თანმშრომლებს ჰყავდათ ძიძები. მხოლოდ პროფკავშირიდან მოყვანილი ძიძა იყო სანდო. მაგრამ პროფკავშირს არ ჰყავდა საკმაო რაოდენობის ძიძები. ისე ნაპოვნი ძიძა კი ძალიან საშიში იყო. ჩემმა თანამშრომელმა მიაკითხა ერთხელ ბავშვს მოულოდნელად. ძიძა სასეირნოდ იყო წასული, ბავშვი კი მარტო დატოვებული, ტირილისგან დაღლილი დახვდა. ასეთი შემთხვევაც იყო: ძიძამ ოჯახის ძვირფასეულობა ჩაალაგა საბავშვო ეტლში, ვითომ ბავშვი მიჰყავდა სასეირნოდ, გამოვიდა და გაიპარა. ბედზე, მეზობლებმა გაიგეს ბავშვის ტირილი და დედას დაურეკეს სამსახურში.

ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ დედა დამთანხმდა მოსკოვში წამოსვლაზე. ეს ნატოს სიყვარულმა გააკეთებინა. ნატოც დიდი სიყვარულით პასუხობდა მის სიყვარულს. უჩვენობას მშვენივრად იტანდა, თუ ბაბოსთან იყო.

ბინას, როგორც ვთქვი, ვქირაობდით დაბა სხოდნიაში. მოსკოვამდე ელექტრიჩკით 45 წუთის სავალზე, ლენინგრადის ვაგზლამდე. შემდეგ სამსახურამდე კიდევ 15 წუთზე მეტი იყო სამგზავრო.

ნატო ოთხი თვისა ოყო. დედას წაყვანა დამჭირდა მოსკოვში, რომ ბანდაჟისთვის ზომები აეღო ექიმს. ვთხოვეთ მეზობლის ბებიას, ბავშვთან ყოფილიყო, სანამ დავბრუნდებოდით. მას სამი-ოთხი წლის შვილიშვილი ჰყავდა. დიდი ხალისით გამოვიდა ბავშვთან ერთად ჩვენთან. დედაჩემის ხნის იქნებოდა, ალბათ. ისეთივე ტანის. დედაჩემს წააგავდა, სიმპათიური, ხანში შესული ქალი იყო. თავზეც ისეთივე თავშალი ეხვია, როგორიც დედას ვუყიდე.

დაძინებული დავტოვეთ ნატო. მაინც წინასწარ დავურეკე ნათელას (აზმაიფარაშვილი, ჩემი ნათლია. ნ.ბ) სამსახურში და ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა, თან ძალიან ვთხოვე სამსახურიდან პირდაპირ ნატოსთან წასულიყო. მეზობელს თავისი შვილიშვილი რომ ჰყავდა მისახედი, ეს მაფიქრებდა.

ნათლამ, რა თქმა უნდა, ჩემი თხოვნა შეასრულა და სწორედ დროულად მივიდა. ნატოს გაუღვიძია, მეზობელს ხელში უჭირავს, ეფერება: Маленкая, родненкая, ამ სიტყვებზე ნატო უფრო უმატებს ტირილს. ნათელას კიბეებზე გაუგონია ნატოს ტირილი და შორიდანვე ეფერება: „რაო, ჩემო ნატო, რა გატირებს? მოვედი, გენაცვალე, არ იტირო“. ნატოს ყურები დაუცქვეტია, უსმენს. შესულა ნათელა ამ ალერსიანი სიტყვებით, დაწყნარებულა ბავშვი.

ნათელა აზმაიფარაშვილი

მეზობლის ქალი განცვიფრებული იყო. როცა დავბრუნდით, მთელი საათი მიხსნიდა გაკვირვებული, მოესმა თუ არა ქართული ლაპარაკი, იმ წუთში დაწყნარდაო. ნუთუ ოთხი თვის ბავშვი ქართულს და რუსულს არჩევსო. არადა, ნათელას მხოლოდ ერთი თვის ჰყავდა ნანახი ნატო. ის ჩვენთან ახლოს მუშაობდა, მაგრამ, მოსკოვში ცხოვრობდა. ვერ იცლიდა მოსასვლელად.

საერთოდ, ნატო უკარება იზრდებოდა. უცხოს დანახვაზე ტიროდა. რძე მოჰქონდა ერთ ძალიან ლამაზ რუსის ქალს. როგორც კი შემოვიდოდა ის, ნატო ტირილს იწყებდა. ნუთუ ასეთი საშინელი ვარო, უკვირდა ნატოს ტირილი ამ ლამაზ ქალს. ეს არის ველური, უცხოს ვერ იტანს მეთქი, ვანუგეშებდი.

ჩემმა დამ მომწერა ივანო-ფრანკოვსკიდან(დასვლეთ უკრაინა), მოვდივარ თქვენთან ბავშვებთან ერთადო, ცხადია გავიხარეთ.

დავხვდი მარატებელს, მიმყავს ელექტრიჩკით სხოდნიაში, თან ვესაუბრები დედაზე, ირაკლიზე, ნატოზე.

--ნატო ველურივით იზრდება, უცხოს დანახვაზე ტირის, შენთანაც არ მოვა და გული არ დაგწყდეს.

--მოვა-- მპასუხობს.

--არა, დაიკო, არავისთან მიდის.

ეზოში რომ შევედით, ჩემი და დაწინაურდა, მე ბავშვებთან საუბრით მივდივარ სახლისკენ. ვხედავ, სახლთან დედაჩემი დგას გაკვირვებული, გვერდით ჩემი და უდგას, ნატო ხელში უჭირავს, ნატოს ხელი მოუხვევია კისერზე დეიდისთვის და ლოყაზე ჰკოცნის.

ეს ისეთი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ თვალებს არ ვუჯერებდი.

თავისი ასაკისთვის არაჩვეულებრივად გონიერი იყო ნატო. პირველივე კვირიდან თვალს ადევნებდა საგნებს. თვისაც არ იყო, რომ შემომცინა. ორი თვისა ისეთ ბგერებს გამოსცემდა, თითქოს ლაპარაკობსო. ერთხელ თქვა კიდეც: „მმა“. იცინოდა უხმოდ, მაგრამ, გულიანად.

სამი თვისა საგულდაგულოდ ათვალიერებდა თავის პაწია მუშტებს. უკვე ხმამაღლა გაიცინა.

 ოთხი თვისა ხმამაღლა კისკისებდა, როცა ველაპარაკებოდი, ფეხებს აბჯენდა, თავს ატრიალებდა თავისუფლად, თავი გულზე აღარ უვარდებოდა.

ხუთი თვისა სათამაშოებზე ხანგრძლივად ერთობოდა, მთელი ძალ-ღონით აჩხრიალებდა. პატარა ხმაურზე რეაგირებდა, უკანაც კი იყურებოდა.

ექვსი თვისა ბზრიალებს, ტრიალებს, მძინარეც არ ისვენებს. როცა რამე გაუხარდება, ამბობს: „აა“, თუ ეწყინება, ტირის: „ბა, ბა, ბა“.

ფეხი აიდგა ერთი წლის და ერთი თვისამ, პირველად გაიარა 23 დეკემბერს. „მამა, პაპა, ბაბოს“ დიდიხანია ამბობს. ახლა კი წიგნში ხელს ადებს დათვს და ამბობს: აი, დათი“, „პაპა ოდი“, „პაპა, კაკა“ და პირზე ხელს იდებს.

 ვთამაშობთ დამალობანას, ხან ის მეძებს, ხან მე. თოჯინას ატარებს და ეუბნება: „ტაა-ტა“.

გუშინ საჭმელს ვაძლევდი, თითი გამომიშვირა, შენ ჭამეო. კიდევ რომ ვთხოვე, თავი გაიქნია და გაიცინა, არ მინდაო. როცა კიდევ გავუმეორე, გაიცინა, თითი დამიქნია და მითხრა: „ციც!“

ჩაწერილი მაქვს მისი პირველი სიტყვები: „მაიმე“--ვაიმე, „ძე“--რძე, „წიწი-კაკა“--წიწი-კვაკვა(ბებიამ ასწავლა), „პუტკა-პუტკა“ -- პუშკა-პუშკა, სახლის პატრონის ძაღლს ერქვა. „ჩა“--ჩაი.

ერთი წლისა და შვიდი თვისა თოჯინას ასწავლის: „“აი თაი, აი ცილი, აი თა(თმა), ფექი, ხეი“.

ერთი წლისა და რვა თვისა იცვამს „ჩულქებს“. თან ლაპარაკობს: „ჩემი ჩუქი, კაქი ჩუქი, ახაი ჩუქი, ლამაზი ჩუქი“. ეძებს, ეძებს ნატოს და თან იძახის: „ნატო, გოგო, აქა ბოდი“. მეორე--„მორე“, მოიტა--„ბოტა“.

ხან ლაპარაკობს დიდხანს, გაბმულად, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის ჩვენს ენაზე თქმული. ალბათ, მხოლოდ თვითონ იცის, რას ამბობს და მისმა თოჯინებმა.

 

***

ორი წლისა და შვიდი თვისამ იხადა წითელა.

1957 წლის აპრილში გადმოვედით მოსკოვიდან თბილისში. დედა და ნატო თელავში იყვნენ. 27 აპრილს გავიგე, რომ ნატოს წითელა შეხვდა. მიშლიდნენ, არ წახვიდეო, ფეხმძიმეს რომ გადაგედოს, არ ვარგაო, მაგრამ რა გამაჩერებდა! გაუხარდა ჩემი ჩასვლა. ლექსებს ამბობდა, ზღაპრებს ყვებოდა. „ვის, რას“ მაგიერ ამბობდა „ვინას, რამას“. „ამაყენეო“ კი არა „ამადგინეო“.

დეკრეტული შვებულება თელავში გავატარე.

დედა სადილს აკეთებს. ნატო მოშორებით კუთხეში თამაშით არის გართული. მე ვრეცხავ. დედა მეუბნება: საპონი გვაქვს საყიდელი, მაგრამ ახლა იოლას წადიო. წამოხტა ნატო: მეც წამიყვანეო.

აგვისტოს შუა რიცხვებია, თვის ბოლოს ველოდები ბავშვს.

საღამოს ხანს დეიდაჩემთან გადასვლა გახდა საჭირო. ნატო შემეხვეწა:

--მეც წამოვალ, დედა!

--არა, შვილიკო, მე უცბად უნდა დავბრუნდე. შენ იქ დასვენებას ვერ მოასწრებ და დაიღლები გზაზე. აყვანას მომთხოვ, მე კი არ შემიძლია.

--არ მოგთხოვ, დედიკო!

წავიყვანე.

დეიდაჩემს ვუთხარი, რაც მინდოდა და იმ წუთას გამოვბრუნდი. შებინდება დაიწყო და ალბათ აჩქარებული ნაბიჯით მოვდიოდი.

შუა გზაზე ნატო მეუბნება:

--დედიკო, შენ რომ პატარა გაიზრდები და მე დიდი  გავიზრდები, როცადაიღლები, მითხარი და აგიყვან.

გარეთ მერხზე ჩამომჯდარმა ქალებმა გაიცინეს: როგორ ქარაგმულად გეუბნება, ამიყვანეო.

მე ძალიან ნელი ნაბიჯით დავიწყე სიარული, თან ამბების მოყოლა დავუწყე ჩემ ნატულის და მშვიდობიანად მივედით სახლში.

 

***

ნატოს დაბადების შესახებ მოსკოვში დეპეშა რომ მიიღო ირაკლიმ, ქართველმა ამხანაგებმა უთხრეს, მოგვილოცავს, შენ უკვე მამა ხარო. რუსებმა გაიკვირვეს: Ты мама? ჰოდა, ირაკლიმ ასწავლა ნატოს, რომ ის არის папа, ჩემზე კი ეუბნებოდა ეს მამააო. ნატომაც ასე ისწავლა, მაგრამ მიიღო მხედველობაში ჩემი პროტესტიც: მე დედა ვარ ყველგან მეთქი, მოსკოვშიც და თბილისშიც, ამიტომ შერეულად მეძახდა.

ახლა, თბილისში ირაკლიმ მოინდომა მამობა. მე ვუხსნი ნატოს(ნატო ამ დროს ორი წლის და ხუთი თვისაა), ნატო, პაპა არის მამა. ნატოს უკვირს: შენ ხომ მამა ხარ და დედა ხარ, ესე იგი პაპაც მამაა და დედაა? ირაკლიმ გაიცინა, მოკლედ, დედობა აქაც არ ამცდაო. მე კი გამიკვირდა ნატოს მსჯელობა: თუ a=b და b=c, ესე იგი a=c.

სამეგრელოში ბავშვებს ეკითხებიან, ბიჭი ეყოლებათ, თუ გოგო და ფიქრობენ, რომ ბავშვის ნათქვამი ხშირად მართლდება.

ირაკლიმაც ჰკითხა ნატოს: და გინდა, თუ ძმა გინდა? ნატომ უპასუხა: მაგიდა -- გაურითმა. --რა არის გოგო, მაგიდა? ნატომ პატარა ხელი მაგიდაზე დაატყაპუნა და თქვა: აი, სტოლი, სტოლი. ირაკლის გაუხარდა, ბიჭი იქნებაო.

მე მგონია, დედას, საერთოდ, ორივე უნდა, გოგოც და ბიჭიც. მამებს კი უფრო ბიჭის დაბადება უხარიათ. ირაკლის უფრო მეტი გამართლება ჰქონდა, რადგან ჩემი მამამთილის მამის,  გვარის გამგრძელებელი ჯერჯერობით არ ჰყავდათ. მამამთილის მამას, თედოს სამი ვაჟი ჰყოლია, მათგან მხოლოდ ჩემს მამამთილს, ბეგლარს ჰყავდა ვაჟიშვილები: ირაკლი და ლავრენტი(მესამე ვაჟი, ჟორჟი მოზარდობისას დაღუპულა ტრაგიკულად .ბ). ლავრენტის ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. ამიტომ ირაკლისგან ელოდნენ ბიჭს გულისფანცქალით.

და დაიბადა კიდეც ჩემი ზურიკო(ეს სახელიც ირაკლიმ დაარქვა). დაიბადა თელავში, 1957 წლის 26 აგვისტოს, ორშაბათს, დილის ოთხ საათზე; წონა 3650 გრ, სიგრძე 51 სმ. კარგად ჩაპუტკუნებული იყო, ძალიან წყნარი. ჭამაზე ხვეწნა არ სჭირდებოდა, ადვილად გასაზრდელი ბავშვი იყო, ამის საშუალება რომ მოეცა მაშინდელ მთავრობას და კანონებს. დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ, მხოლოდ ერთ თვეს იძლეოდნენ უხელფასო შვებულებას.

დედაჩემი ადრევე მაფრთხილებდა, მეორე შვილი აღარ გააჩინოო, მე ვეღარ დაგეხმარები და შენ კი მოკვდები ისეთი დატვირთვით, რაც შენ გექნებაო.

დედაჩემის გაფრთხილება უსაფუძვლო არ იყო. ის ხედავდა, როგორი ძნელი ცხოვრება მქონდა. ისიც, რომ აღარ უნდოდა ჩაბმა ჩემს ცხოვრებაში, სავსებით გამართლებული იყო და მესმოდა კარგად.

მაგრამ მე მინდოდა მეორე შვილი. დედისერთები ყოველთვის მეცოდებოდნენ. დედაჩემი ძალიან ჭკვიანი და გულისხმიერი, ძალიან მოწესრიგებული და სამართლიანი, პატიოსანი და ერთგული ადამიანი იყო. მისი რჩევა ყოველთვის მშველოდა. ჩვენ მეგობრებიც ვიყავით. მას ძალიან უხაროდა, როცა რაიმე საკითხში მე მართალი აღმოვჩნდებოდი და დიდი ხალისით მეთანხმებოდა.

ამ საკითხში კი ვერ შევთანხმდით. ერთი თვე ვიყავი თელავში. დედა ცდილობდა, ზურიკოს ძალიან არ შესჩვეოდა.

ერთი თვე უხელფასო მქონდა. მე ვეხვეწებოდი სამსახურში კიდევ სამ თვემდე მოეცათ საშუალება ვყოფილიყავი სახლში ბავშვთან, მაგრამ ამაოდ. კანონი კანონია.

მოვაწყეთ ბავშვები ბაგა-ბაღში. ამ საზიზღრობის გახსენებაც მიჭირს.

ბევშვებს სძინავთ. აღვიძებ ადრიანად, რომ ჩააცვა და წაიყვანო და შენც არ დაგაგვიანდეს არც ერთი წუთით სამსახურში. თითქოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დილის წუთები რამეს წყვეტს. მე ზოგჯერ ღამეც მიფიქრია, ძილის წინაც ვერ მომისვენია, სანამ მოვიფიქრებდი, როგორ გადამეწყვიტა ესა თუ ის პატარა თუ დიდი ამოცანა. შაბათსაც მიფიქრია და კვირასაც, განა ვერ უნდა გაითვალისწინოს ეს ხელმძღვანელმა?!

ნათელში ამყოფოს ღმერთმა პროფესორი ამბროსი რუხაძე. „თქვენ სამუშაო გამიკეთეთ და თუნდაც მთელი თვე არ მოხვიდეთო“ . სიცხე-პაპანაქებაში გვაძლევდა საშუალებას სახლში, სიგრილეში გვემუშავა. და ნაყოფიერადაც ვიმუშავეთ მე, თამრიკომ და გენრიეტამ. სამწუხაროდ, ეს იყო გვიან, როცა ბავშვები დიდები მყავდა, და ძლიერ ხანმოკლე პერიოდში. ის სულ ერთი წელი იყო ჩვენი განყოფილების უფროსი.

მანამდე კი...

ზურიკო შვიდი თვისა იყო, ნატო სამი წლისა. როგორც კი შევუხვევდით ბაგისკენ, მობრუნდებოდა, კისერზე მოგვხვევდა ხელებს და გულამოსკვნილი ტირილს იწყებდა. ნატოსაც ეტირებოდა, მაგრამ, ჩემი ჭკვიანი ნატო, ტირილისთვის მომზადებული ტუჩებით მამშვიდებდა: „დედა, მე არ ვიტირებ, ბაგაში კარგია, ზურიკოც აღარ იტირებს“. ბაგის აღმზრდელმა მითხრა, უთხარით ნატოს, დაიძინოს ხოლმე, როცა ყველას ვაძინებთ.  ბავშვი თვალს არ აცილებს ზურიკოს საწოლს და არც ერთ ბავშვს ხელს არ ადებინებსო.

არაჩვეულებრივად მოსიყვარულე და მზრუნველი ბავშვი იყო ჩემი ნატო.

ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით. მამია ჭკუასელის ნახევრად სარდაფში. შეიძლება ასე არ ჰქვია, არ ვიცი, ხუთიოდე საფეხური იყო ჩასასვლელი. ორსართულიანი სახლის აშენების უფლებას არ აძლევდა ხალხს მთავრობა და ამიტომ პირველ სართულს სარდაფივით აშენებდნენ. სარეცხს რომ ვრეცხავდი, ეზოში, ონკანის წყალში ვავლებდი. დაძინებულ ზურიკოს ნატოს ვუტოვებდი და თან ვთხოვდი, გაიღვიძებს თუ არა, მაშინვე დამიძახე მეთქი.

გავავლე მთელი სარეცხი, თან მიკვირს, არ მეძახის ნატო. შევედი და რას ვხედავ, აცოცებულა ნატო მაღალ საწოლზე, სადაც ზურიკო იწვა და გაღვიძებულ ზურიკოს სათამაშოებით ართობს. ასე მაცალა ბავშვმა, სამი წლის ბავშვმა, რომ მე საქმე დამემთავრებინა.

ისე გაიზარდნენ ეს ბავშვები, რომ არასოდეს უჩხუბიათ. ზოგი ეჭვის თვალით მიყურებს, ამას რომ ვიტყვი ხოლმე. ერთიმეორეს იცავდნენ და ერთმანეთზე ზრუნავდნენ. ეს ჩემი დამსახურება არ არის. მე ვზრდიდი კი არა, ისინი მზრდიდნენ.

ერთ დღეს ნატომ მითხრა, ზურიკო დააწვინე და მე ამიყვანეო. ის არის, უნდა დავაწვინო ჩაძინებული და ისევ ხმამაღლა გაიმეორებს თხოვნას ნატო და ზურიკო თვალებს აჭყეტს. -- გაჩუმდი! გავუჯავრდი ნატოს. -- მაცალე, პატარაა, დაიძინებს, დავაწვენ და აგიყვან. -- მეც პატარა ვარ, დედა, მეც პატარა ვარ. ახლაც ყურებს მტკენს ნატოს ეს სიტყვები, და მინდა ჩემს ხელს ვცემო, რომლითაც ნატოს ლოყაში გავუტკაცუნე, სანამ ამ სიტყვებს მეტყოდა. მან კი ხელი დამიჭირა და მაკოცა ხელზე. ამ სცენაც ეხლაც უცრემლოდ ვერ ვიხსენებ.

დავაწვინე ზურიკო, ავიყვანე ნატო, კალთაში ჩავისვი. ზურიკოს მარცხენა ხელით ვართობ. ეს ხელიც მომეციო, ნატომ. შემდეგ მეუბნება: დედა, ნეტავი მე ზურიკო ვიყო და ის ნატოო. რატომ მეთქი, რატომ მეთქი, ვკითხე გაკვირვებულმა.

--მაშინ ჩემი დედა იქნებოდი.

კინაღამ გავგიჟდი. -- ახლაც შენი დედა ვარ, გენაცვალე.--ვეხვევი, ვკოცნი. -- არა, უფრო დედა იქნებოდიო.

შემძრა და გონზე მომიყვანა ამ სიტყვებმა.

სადმე ვინმე ზურიკოს რომ მოეფერებოდა, როგორც პატარას, იმ წუთში ნატოს ვიხუტებდი და ვამბობდი: ჩემი გოგო ცხრა ბიჭს სჯობია მეთქი.

მაგონდება:

ერთ საღამოს ბავშვები სათამასოებით ერთობიან. მე იქვე ვქსოვ ბავშვების წინდებს.

ნატო როგორღაც ცუდ ხასიასთზე დადგა. რა სათამაშოსაც აიღებს ზურიკო, ის გამოართმევს და თავის ირგვლივ აწყობს. ზურიკო, ყოველგვარი ჭირვეულობის გარეშე, უთმობს. შევხედე, ზის ნატო, და გარშემო უწყვია უამრავი სათამაშო. ზურიკომ აიღო გატეხილი ასანთის ღერი და გულმოდგინედ ატრიალებს თითებში. ნატომ ესეც გამოართვა. ზურიკოს გაუკვირდა: სუ სეენ, გოგო, სუ სეენ?

მივხვდი, ცუდად არის საქმე. დავაგდე საქსოვი და დავუძახე ჩემთან ზურიკოს:

--მოდი, გორგალით ვითამაშოთ.

ძაფის გორგალს გავაგორებ, დაიჭირს ზურიკო და კისკისებს, გამომიგორებს, „ვერ ვიჭერ“ და კისკისებს. გვიყურა, გვიყურა ნატომ და:

--დედა, მეც მინდა თქვენთან თამაში.

--მოდი, გენაცვალე.

ვთამაშობთ სამნი. საწყალი ჩემი გორგალი სულ აიბურდა.

--ნატო, ბურთით უფრო კარგი იქნება.

--ჰო, დედა.

და გაჩაღდა ბურთით თამაში. მე ქსოვას დავუბრუნდი.

ასეთი რამ აღარასოდეს განმეორებულა. ის კი არა, ნატოსთვის რომ ვიყიდდი რაიმე ჩასაცმელს, იმ წუთში მეტყოდა: -- ზურიკოს? ასევე ზურიკოც.

ერთხელ, თელავში იყვნენ დედასთან. ჩავედი სანახავად. დედაჩემი მეუბნება: -- საძაგელი ბავშვი ყოფილა ზურიკო, ჯიუტი.

--რა მოხდა?

თურმე ნათესავს უნდა წაეყვანა ორივე კინოში. ნატო ავად გამხდარა და ზურიკოც ვეღარ დაუთანხმებიათ კინოში წასვლაზე. მიუჯდა ნატოს და ვეღარ მოაშორეს.

ვინ როგორ შეხედავს. დედაჩემმა ეს „სიჯიუტე“ დაუწუნა, მე კი ზურიკოს საქციელმა აღმაფრთოვანა. ნატოს თანაგრძნობა გამოუცხადა და გული რომ არ დასწყვეტოდა, თვითონაც არ წავიდა. ამ დროს ისინი ძალიან პატარები იყვნენ. ალბათ, ზურიკო ოთხი წლის, და ნატო დაახლოებით ექვსი წლისა იქნებოდა.

მაგრამ, სანამ ამ ცოტა წამოზრდილების ამბავს გავიხსენებ, ისევ პატარებს და ჩემს მაშინდელ მდგომარეობას ვიხსენებ.

მომყავდა ბაგა-ბაღიდან საღამოს. მოხარშულებივით იყვნენ. უამრავი გასარეცხი(ზურიკოსთვის) მომქონდა. უნდა გამერეცხა, გამეუთოვებინა და დილით ისევ მთელი პარკი წამეღო. დამებანა ბავშვები, ხვალისთვის საჭმელზე მეზრუნა... ღამეში ხშირად ორ-სამ საათზე მეტი არ მეძინა. გადავიქანცე. ექიმის ჩარევაც კი გახდა საჭირო., ისე ცუდად გავხდი.

მაშინ ირაკლიმ გადაწყვიტა წასულიყო დედასთან და წამიეყვანა ის და ნატო. ნატო ერთი თვის წინ წაიყვანა დეიდაჩემმა. ნატოს წაყვანამ კიდევ უფრო გამირთულა საქმე და ზურიკოსაც არ დაადგა კეთილი. ყოველდღე დაკბენილი მომყავდა ბავშვი. ხან ერთ ლოყაზე ეტყობოდა რვა კბილი, ხანაც, მეორეზე. აღმზრდელმა მითხრა, მანეჟში კბენენ გოგოები, იმიტომ, რომ უყვართო. დიდი შეღავათი?!

ნატოს არყოფნით ისარგებლეს, თორემ, ვინ გაბედავდა ზურიკოს წყენინებას.

ჩამოიყვანა დედა და ნატო.

გავცოცხლდით.

წლისა და შვიდი თვისა იყო უკვე ზურიკო. ჩემი ტანჯვის პერიოდი დამთავრდა. მდგომარეობა დიდად შემიმსუბუქდა.

საღამოს რომ ვბრუნდებოდი, ბავშვები ცოცხლად მხვდებოდნენ, მოვლილები და ჯანმრთელები(ბაგის პერიოდში ზურიკო ხშირად ავადმყოფობდა). თამაშის ხასიათზე იყვნენ.

ერთ საღამოს ზურიკო ჩამიჯდა კალთაში და მეუბნება:

--ეხლა უნდა შეგჭამო!

და იწყებს “აუ, აუს“ და ჩემ „ჭამას“.

--ეხლა შეენ.--მეუბნება.

ასე ვთამაშობთ, ხან ის „მჭამს“, ხან მე.

დაღლილი ვარ. ძილიც მომერია, და ჩემი ჯერი რომ დადგა ზურიკოს „შეჭმისა“, დამთქნარება მომინდა და პირი დავაღე, მაგრამ, ისე სერიოზულად, რომ ზურიკო მოხვდა, ეს თამაში არ იყო. შემობრუნდა, ორივე პაწია ხელი მომაბჯინა; როგორც შეეძლო, შორს გაიწია და შეშინებულმა მითხრა:

--მათლა ალა შემჭამო, დედაა!

ბევრი ვიცინეთ მე დედამ და ნატომ, ამ ამბავზე.

ზურა


ერთხელ ირაკლი სადღაც მიდიოდა.

--წამოდი ზურიკო, წავიდეთ. -- უთხრა ზურას.

--ნატო?

--შენც წამოდი, ნატო, თუ გინდა.

--მე „ც“ არა ვარ. -- უპასუხა თავმოყვარე ნატომ(მაშინ ის ჯერ ექვსი წლისა იყო, ჯერ ისევ მამიას სახლში ვცხოვრობდით). რაკი ნატო არ წავიდა, ზურიკოსგანაც უარი მიიღო ირაკლიმ, ამის შემდეგ ჭკუა ისწავლა და ფრთხილად იქცეოდა.

 

***

 ბაგა-ბაღის გახსენება არცთუ სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ ჩვენი ცხოვრების პატარა ნაწილია მაინც და ვცდილობ იმ პერიოდიდანაც სახალისო ამბები გავიხსენო.

საღამოს, ბავშვების ბაგიდან გამოყვანისას, ყოველთვის ვეკითხებოდი ხოლმე მომვლელ ქალს, ჭამეს თუ არა ბავშვებმა(ნატო უმადო იყო). და კუჭის მოქმედება ჰქონდათ თუ არა. ის ისე მიეჩვია ჩემ შეკითხვებზე პასუხს, რომ მისვლისთანავე მეტყოდა ხოლმე იმ დღის ამბებს.

ერთხელ ირაკლის ვთხოვე გამოეყვანა ბავშვები. მე კი პირდაპირ წავიდოდი სამსახურიდან სახლში და საჭმელს მოვამზადებდი.. დავამთავრე საჭმლის მომზადება. ირაკლიმ მოიყვანა ბავშვები. ზურიკო ალბათ რვა-ცხრა თვისა იქნებოდა ამ დროს. შევედი ოთახში სუფრის გასაშლელად, ვხედავ ტახტზე წამოწოლილა ირაკლი, გვერდით უწევს ზურიკო და ელაპარაკება ზურიკოს სერიოზული სახით:

-- ზურიკო, პაპა, დღეს მე ძალიან გამახარეს ბაგაში. შენზე მითხრეს, რომ კარგი ბიჭი ხარ. საჭმელიც კარგად ჭამე და ფიში და ქაქაც ქენი. ჩვენთან ინსტიტუტში, მაგალითად, ამისთვის კაციშვილი არ შეგაქებს. აბა, შენ იცი, რაკი თქვენთან ასე ფასდება ეს საქციელი, აწიც ისახელე თავი.

 ნატო კისკისებს. ზურიკოს არაფერი ესმის, რას ეუბნებიან, მაგრამ შესცქერის მამამისს და რაკი ნატო იცინის, ისიც იღიმება. ბევრი ვიცინე ამ სცენის დანახვაზე, მით უფრო, რომ ირაკლის ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა ამ დროს.

 

***

არასოდეს იცის კაცმა, რას უმზადებს მომავალი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს ყველაზე მიყრუებულ სოფელში მასწავლებლობა მქონდა მიზნად. ვფიქრობდი, რომ იქ, რომელიღაც სოფელში, სწავლას მოწყურებული ბავშვები მელიან. შემიძლია ნიჭიერ ბავშვებს გავუღვივო სწავლის სურვილი, საფუძვლიანად ვასწავლო და შევაყვარო მათემატიკა.

სინამდვილეში აღმოვჩნდი სსრკ-ს დედაქალაქში, ყველაზე ხმაურიან და გიჟურ ქალაქში. ისეთ სამსახურში, სადაც ძირითადად უმაღლესი მათემატიკა მჭირდებოდა, თანაც ის საგანი, რომელიც ზერელედ მქონდა ნასწავლი.

უნივერსიტეტში მიახლოებით ანალიზს გვიკითხავდა ცხადაია. დაფაზე წერდა უგრძეს ფორმულებს, თავისი რვეულის დახმარებით. ზოგჯერ ერთი ფორმულა თითქმის მთელ დაფას იკავებდა. რამდენჯერმე ისიც კი გვითხრა, ამ ფორმულების გამოყენებით განტოლების მიახლოებითი ფესვების გამოთვლას, სხვადასხვა სიზუსტით, ადამიანის მთელი სიცოცხლეც შეიძლება დასჭირდესო. ვისწავლეთ უმცირეს კვადრატთა მეთოდი, ეილერის და რუნგე-კუტას მეთოდები.

ბავშვები, მათ შორის მეც, ვფიქრობდით, ვის რად უნდა ისეთი ფორმულები, რომლის დახმარებით რაიმეს გამოთვლას თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრებსო. ასე რომ ფიქრობ, ცხადია, ზერელედაც სწავლობ. მეც ასე ჩავაბარე ეს საგანი. მაგრამ სამსახურში სწორედ ეს ფორმულები დამჭირდა. იქ იქმნებოდა ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლისთვისაც ეს ფორმულები გვჭირდებოდა.

მეოთხე კურსზე ვიყავით. ვიქტორ კუპრაძე გვიკითხავდა ინტეგრალურ განტოლებებს. მან ერთხელ ლექციაზე, სხვათა შორის, თქვა, საზღვარგარეთ არის ისეთი მანქანები, რომლებიც ინტეგრალურ განტოლებებს ხსნიანო. ეს, ისე, გაკვრით თქვა, მაგრამ მე ჩამრჩა მეხსიერებაში. რას წარმოვიდგენდი, რომ საბჭოთა კავშირში პირველი ასეთი მანქანის დაბადების მონაწილე გავხდებოდი. იმ მანქანას უწოდეს „სტრელა“(მთავარი კონსტრუქტორი იყო პროფესორი ბაზილევსკი). ის წამში ორას ოპერაციას ასრულებდა. საზღვარგარეთს უაღრესად ჩამორჩენილები ვიყავით, რადგან დიდხანს, სსრკ-ში, კიბერნეტიკა ცრუ მეცნიერებად მიიჩნეოდა.

ერთხელ, გლუზბერგმა(ეფრაიმ აბრამოვიჩმა) დამავალა მესარგებლა უცხოური ჟურნალებით და მიმოხილვითი ხასიათის მოხსენება გამეკეთებინა განყოფილებაში.

ჩავედი ბიბლიოთეკაში, ავარჩიე ჟურნალები და მივეცი მთარგმნელებს. იქ, საზღვარგარეთ, უკვე წამში ხუთი მილიონი ოპერაცია კეთდებოდა. გლუზბერგი დიდად უკმაყოფილო დარჩა ჩემი მოხსენებით. რაღაცა ან შენ გეშლება, ან მთარგმნელებს შეეშალათო. არავის არაფერი შეგვშლია, ეს იყო რეალობა.

მათემატიკური განყოფილების გამგე იყო დიმიტრი ალექსეევიჩ ჟუჩკოვი, მაგრამ განყოფილების ერთ ნაწილს ხელმძღვანელობდა თვითონ. მეორე ნაწილს კი, რომელსაც მე ვეკუთვნოდი, გლუზბერგი. ეს იყო თავისებურად ძნელი ადამიანი. არასოდეს უნდოდა თანამშრომლებისთვის გაეადვილებინა. უფრო სწორად, არ გაეძნელებინა ცხოვრება. ვთქვათ, ვინმეს უნდოდა შვებულებაში გასვლა 15 რიცხვიდან, ის უსათუოდ სთავაზობდა ათ ან ოც რიცხვს. აუცილებელ საქმეზეც კი არ გაუშვებდა თანამშრომელს 2-3 საათით, ჩვენს განყოფილებაში სულ ახალგაზრდები ვიყავით. რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ. ყველა დაუოჯახებელი იყო იმ დროს. ერთი იყო ქმარშვილიანი, ჩვენზე უფროსი, ლიდია ვასილევნა ფილიპოვა და ერთი ებრაელი ქალი, ბრუნშტეინი(სამწუხაროდ, სახელი და მამის სახელი კარგად არ მახსოვს). ძალიან კარგები, ორივენი.

ერთ დღეს ლიდია ვასილევნა მოვიდა სამსახურში და დილითვე სთხოვა გლუზბერგს შუადღის ხანს სამსახურიდან განთავისუფლება. ქმარი მივლინებაშია, დეპეშა მივიღე, მთხოვს დავხვდეო.

-- Сам доедет. -- უპასუხა გლუზბერგმა.

ლიდია ვასილევნა შეწუხდა, არასოდეს უთხოვია დახვედრა და ეხლა როგორ არ დავხვდეო. ჟუჩკოვიც შვებულებაში იყო. წავიდა გენერალურ დირექტორთან, ლესეჩკოსთან, მან ცხადია, გაუშვა ულაპარაკოდ.

დახვდა, ქმარი გარდაცვლილი ჩამოასვენეს, მასთან ერთად მივლინებაში მყოფმა თანამშრომლებმა.

აი, ეს გლუზბერგი მეც ძალიან მირთულებდა საქმეს.

დავალებას რომ მომცემდა, თან მეტყოდა: -- გამოთვალე რუნგე-კუტას მეთოდით. როცა ვხედავდი, რომ ფესვებს კი არ ვუახლოვდებოდი, ვშორდებოდი და ვეტყოდი ამას, მეტყოდა: -- განაგრძეთ, მიდით ბოლომდე. ბოლო უშედეგო პასუხის მიღებისას კი გაწყრებოდა: რატომ ითვლიდი რუნგე-კუტას მეთოდით, მე თავიდანვე ეილერის მეთოდი გითხარიო. ამიტომ იძულებული ვიყავი, მისგან დამოუკიდებლად ამერჩია გზა და ისე მემუშავა. მაგრამ ამაზეც ჯავრობდა, დადებითი შედეგის მიუხედავად.

ერთხელ მომცა სამუშაო და მითხრა, ერთ კვირაში უნდა გააკეთოო. მე და თამარა ივანოვა(ტექნიკოსი) ვმუშაობდით. მე ვუთხარი: დამიმატეთ კიდევ ორი ტექნიკოსი და ორ კვირაში დავამთავრებ მეთქი. ამ პირობებში კი შეუძლებელია(невозможно) მეთქი. მითხრა:

--Одно дело можно, а другое нужно. Раз нужно, надо сделать.

--Ефрем Абрамович, ведь очень нужно, чтоб с завтрашнего дня у нас был коммунизм. Давайте возмёмся все сегодня и сделаем так, чтоб завтра уже был построен коммунизм. Невозможно ведь, хотя очень нужно.

შემოვიდა ამ დროს ოთახში ჟუჩკოვი. გაბრაზებულმა გლუზბერგმა ჩაუჭიკჭიკა ჩვენი საუბრის დეტალები. ეს საუბარი ესმოდათ ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებს და იმ ორ უფროს ქალბატონს. ყველა უცდიდა სულგანაბული, რას იტყოდა ჟუჩკოვი.

--Молодец Люсенька! Смотрите, как она хорошо научилась по-русски рассуждать и говорить!

ყველამ შვებით ამოისუნთქა. თუმცა სხვანაირ რეაქციას მისგან არც მოველოდით.

იმ ღამეს სიცხე მომცა. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, სამსახურში ვერ წავედი. ორი კვირა ვიავადმყოფე. მივედი სამსახურში. იმ საქმეს ოთხი კაცი აკეთებდა და ჯერ დამთავრებული არ ჰქონდათ.

იყო ასეთი შემთხვევაც:

მუშაობის შედეგად მიღებული დიფერენციალური განტოლება დავიყვანე კვადრატულ განტოლებამდე და შემდეგ მარტივად ამოვხსენი. მოვიდა, დახედა ნაწერს და მითხრა: -- დაწერეთ განცხადება და დაჯექით მეშვიდე კლასში, თქვენ არ იცით კვადრატული განტოლების ამოხსნა.

აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი:

--Ефрем Абрамович, я не позволю себе сказать Вам, что Вы не знаете, но, что забыли, это точно. Откройте справочник Семендяева, стр. 167 и вспомните:

Если у нас есть уравнение в виде: 

ax^2+bx+c=0

Употребляется формула:

x=(-b±√(b^2-4ac))/2a

Вы, видимо, только это помните, по Вашему замечанию. Но, когда уравнение в форме:

ax^2+2kx+c=0

Т. е. x имеет чётный коеффициент, можно вычислить проще: 

x=(-k±√(k^2-ac))/a

Как я и вычислила.

А есть ещё простой вариант: 

x^2+px+q=0

x= -- p/2±√(p^2/4-q)

 

ვუთხარი ეს ყველაფერი ისე, როგორც მან მითხრა, ყველას გასაგონად, მაგრამ თან ცრემლები წამომივიდა, რადგან ასაკით უფროს ადამიანთან ასე უხეშად მომიხდა ლაპარაკი.

შესვენებაზე ბრუნშტეინმა(რაისა ერქვა, მგონი) მიმიხმო თავისთან და მითხრა: ავტობუსში ვიღაცა გიჟმა საწყენი რომ გითხრას, უნდა იტიროო?

მე შვებულებაში ვიყავი, როცა მომივიდა ვალია ტოლჩეევას წერილი. მწერდა, საპატიო დაფისთვის გვარებს ასახელებდა გლუზბერგი, ჟუჩკოვი კარნახობდა შენს გვარს, მაგრამ იმას ვითომ არ ესმოდაო. რომ დაამთავრა, ჟუჩკოვმა შემაჯამებელი სიტყვა თქვა ჩვენი განყოფილების მუშაობაზე და ბოლოს დაიწყო გვარების ჩემოთვლა, შენი გვარითო. თან თქვა: «Она стала професором своего дела» -ო «и мы все здорово аплодировали»-ო.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჟუჩკოვი გადაიყვანეს ჩვენი გაერთიანების  НИИ-ის დირექტორად. განყოფილების გამგედ კი გლუზბერგი დანიშნეს. უარეს დღეში ჩავვარდით.

მანქანა კეთდებოდა ვიტენბერგის ლაბორატორიაში, ჩვენი განყოფილებიდან მე ვაკეთებდი მათემატიკურ უზრუნველყოფას ამ მანქანისთვის.

მოვამზადე 25 ამოცანა , ე. ი. ამოცანათა კრებული საკვანძო წერტილების გამოთვლით, მანქანის მუშაობის შესამოწმებლად. სქელი ტომი გამოვიდა.

უშვებენ ამოცანებს, ვერ ღებულობენ პასუხებს. ვიტენბერგი ბრაზობს ჩემზე. გლუზბერგი ამოწმებს, სწორია ყველაფერი, მაგრამ არ მიცავს მე. საეთო საცხოვრებლის ჩემი ოთახის გოგოები, ირა კაზაკოვა, ბაქოელი, და მურა ბუილო, სიმფეროპოლიდან, მეუბნებიან ყოველ დილით, ღამის მორიგეოდან დაბრუნებულები, კიდევ ვიპოვნეთ შეცდომა მანქანის მონტაჟშიო. შენ ნუ ნერვიულობ ნურაფერზეო. ესმის ეს ვალია ტოლჩეევას, ჩვენი ოთახის მეოთხე წევრს და მეორე დღეს ეჩხუბება გლუზბერგს, რამდენჯერ უნდა ამოწმოთ ლუსიასთან ერთად ღამის ათ საათამდე, ისეთი დაღლილი მოდის! რატომ არ ეტყვით ვიტენბერგს, რომ მას ყველაფერი სწორად აქვს გამოთვლილიო.

მაგრამ ახლოვდება მანქანის ჩაბარების დრო, ერთი კვირაღაა დარჩენილი და ვიტენბერგი ჯიუტად მე მაბრალებს.

ერთ დღეს ყველასთან ერთად გამომიცხადა თავის ლაბორატორიაში: -- Мы молнию напишем, что по твоей вине не сможем сдавать машину.

გულში ვიფიქრე: ღმერთო, ვიტენბერგმა ამავე ხალხის თანდასწტებით მითხრას: -- Извините, Люся, у вас всё правильно, мы нашли у себя ошибки. -- მოვალ ელოხოვის ეკლესიაში და ხუთი მანეთის სანთლებს დავანთებ მეთქი.

ყოველ დღე სამსახურიდან ბაუმანის მეტროსკენ მიმავალი, ამ ეკლესიას ჩავუვლიდი ხოლმე. მე მაშინ რელიგიისგან ძლიერ შორს ვიყავი. ეკლესიაში თბილისშიც კი არ შევსულვარ არასდროს. სახარება საერთოდ არ გამეგო.

ის ღამე ისევ გაათენეს. დილით მითხრეს გოგოებმა, გახარებულებმა: გავასწორეთ კვლავ შეცდომები მონტაჟში და ყველაფერი დაემთხვა შენს გამოთვლებსო.

მივედი დილით. ავდივარ კიბეზე. კიბის თავზე დგას ვიტენბერგი, თავის ჯგუფთან ერთად, გახარებული. დამინახა და ხმამაღლა დაიძახა: -- Вот наша Люся идёт. -- და მოაყოლა ზუსტად, სიტყვა-სიტყვით ის, რაც მე ასე გულით ვთხოვე ღმერთს. მე გავჩერდი, -- Что? --  ვკითხე. გამიმეორა კვლავ იგივე. მე შემეშინდა, ხომ არ გავგიჟდი და რაც მინდოდა, ის ხომ არ მეჩვენება მეთქი.

შემდეგ ყველაფერი მოვუყევი ჩემებს, ლაბორატორიაში. ლიდია ვასილევნამ, საღამოს, სახლში წასვლისას, ხელი მომკიდა, ეხლა უნდა შევიდეთ მე და შენ ელოხოვის ეკლესიაში და შენ შენი დანაპირები უნდა შეასრულოო. ისიც იქით ცხოვრობდა და იმ გზაზე უხდებოდა სიარული. ასე დამანთებინა მან ხუთი მანეთის სანთლები.

 

***

უმაღლეს სასწავლებელში შესვლისას მოითხოვდნენ ხოლმე ექიმის ცნობას, ყველა ექიმის კაბინეტში გვამოწმებდნენ ნამდვილად და შემდეგ გვაძლევდნენ ცნობას. ნევროპათოლოგის კაბინეტი დამამახსოვრდა. დამსვა სკამზე, უყურე ამ ჩაქუჩსო, გამიტარა და გამომიტარა თვალებთან. თვალს არ ვაცილებ, ნეტავი რა მოხდება მეთქი, ვფიქრობ. არაფერი. მერე დამადებინა ფეხი ფეხზე და ჩაქუჩით ჩამიკაკუნა მუხლზე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მერე მეუბნება: -- შვილო, -- მოხუცი კაცი იყო. -- შენ ცოცხალი ხარ? არაფერი გაწუხებს? შენთვის ომი არ არის? არც გშია და არც გცივა? ამისთანა ნერვები განძია, დიდი ხანია არ შემხვედრია.

აი, ამ წყნარმა ნერვებმა ბევრჯერ მიშველა, იმ უცნაურ განყოფილების უფროსთანაც, მათ შორის.

კომისიას მანქანა რომ ჩააბარეს ჩვენებმა, ის წაიღეს მოსკოვის უნივერსიტეტში. მე მიხდებოდა იქ სიარული მივლინებით, მანქანის ექსპლუატაციაში მონაწილეობისთვის, პირველ ხანებში.

უნივერსიტეტი მაშინ ტრიალ მინდორზე იდგა. მეტროდან კარგა დიდი მანძილის გავლა ფეხით მიხდებოდა. იმ დროს საშინელი ყინვები იყო, თოვლი და ქარბუქი. ვალიამ სთხოვა გლუზბერგს, მეც წავყვები ხოლმე, მარტო ცოდოა ასეთ ამინდშიო. ჯორზე შეჯდა, არაო. ერთხელ მართლა კინაღამ წამაქცია ქარმა, ნამქერს პირდაპირ სახეში მაყრიდა. მთლად თოვლით დაფარული მივედი უნივერსიტეტში. საღამომდე გაგრძელდა უამინდობა. მარტო არ გამომიშვეს, მეტრომდე მიმაცილეს.

მოვიდა მოთხოვნა, მოგვყიდეთ ამოცანათა კრებულიო. ასევე მოითხოვეს ბალტიისპირეთიდან, სადაც აგრეთვე შეიძინეს მანქანა.

დარიგდა პრემიები, თითო ხელფასის ოდენობით, ყველა მონაწილეს. 1250 მანეთი მქონდა ხელფასი(ძველი კურსით). მე მხოლოდ 180 მანეთი მომცა გლუზბერგმა. განრისხდნენ ჩვენი გოგოები. ლენა ერემეევამ უთხრა: ისეთი კრებული შეადგინა, რომ ისიც კი შეიძინეს, რამდენი იშრომა, რატომ ექცევით ასე უსამართლოდო.

--Аннотацию я написал. -- უპასუხა მან. მართლაც, ხუთსტრიქონიანი ანოტაცია წაუმძღვარა მან კრებულს, თითქოს, მე ვერ დავწერდი იმ ხუთ სტრიქონს.

ამის გარდა ჟუჩკოვის წასვლისთანავე შეცვალა თანამშრომელთა სია, ბინის მიღების რიგისა. მე ვეწერე მეორე ნომრად, გადამწერა მეშვიდე ნომრად.

ლენამ მითხრა, წავიდეთ ჟუჩკოვთან და ვთხოვოთ რჩევაო. ლენა უფრო ახლოს იყო მასთან, მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა. გავედით შესვენებაზე, შენობა ახლოს იყო. ჟუჩკოვმა დიდი სიხარულით მიგვიღო. ლენამ უამბო ყველაფერი.

-- გადმოდით ჩემთან. -- გვითხრა მან.

მე მაშინ უკვე მყავდა ოჯახი. ქმარ-შვილი და დედაჩემიც ჩვენთან იყო. ვცხოვრობდით ხიმკებში. იმ დღეებში მისცეს ბინა ირაკლის სამსახურიდან. ერთხელ ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალმა დავინახე  შენობაზე განცხადება, სჭირდებოდათ მათმატიკოსები. შევედი. ეს იყო п/я 1323(почтовый ящик --საფოსტო ყუთი, პირობითად, ასე უწოდებდნენ ისეთ სამსახურებს, სადაც კოსმოსთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებდნენ. ნ. ბ.). ერთ კვირაში გამოიარეთო. ასე მითხრეს მეორედაც. ვუთხარი ეს ჟუჩკოვს, გაიცინა, რეკომენდაცია უნდათო. იქ სოტსკი არისო, დაურეკა იმ წუთშივე, უთხრა, მე ვთავაზობ ჩემთან გადმოსვლას, მაგრამ ტერიტორიულად თქვენთან ახლოს არის და მანდ ურჩევნიაო. მოვიდესო. მიმიღეს. გლუზბერგმა, არ გაგიშვებო. მაგრამ მე უკვე ხუთი წელი მქონდა შესრულებული იქ მუშაობისა, და ამავე დროს, გამოვიდა ბრძანება(წინა დღეს მოვისმინე რადიოში), რომ ტერიტორიულად თუ მოსახერხებელია ადამიანისთვის, არ უნდა შეუქმნან გადასვლის დაბრკოლება.

გადავედი. კამენსკი იურა იყო ლაბორატორიის უფროსი, განყოფილებისა -- გოლუბევი, ორივე ახალგაზრდა, ალბათ ჩემი ხნისები. ძალიან კარგად შემხვდნენ.

ვიმუშავე ერთი წელი. დავუმეგობრდი უკრაინელ გოგონას -- ალა ფიოდოროვნა ირხას(სურათიც გვაქვს ერთად გადაღებული). მეხვეწებოდა, ჩამოდი კიევში, დაგათვალიერებინებ ქალაქს, გიჩვენებ ხრეშჩატიკსო. ჰყავდა საქმრო, პოლონელი. ბევრს მიყვებოდა თავის ოჯახზე.

დედაჩემი ალა ირხასთან ერთად

ძველ სამსახურში -- СКБ 245-ში ჟუჩკოვს ვუთხარი: მე არ შემიძლია ვიმუშაო , ისე, რომ არ ვიცოდე, რისთვის ვაკეთებ ამას მეთქი. მან ჩამიყვანა ლაბორატორიაში და ეკრანზე მაჩვენა, თუ შემოიჭრა მტრის თვითმფრინავი  და გარკვეული რადიუსის მქონე წრის შიგნით მოხვდა, ჩვენების მიერ გასროლილი რაკეტა ძაღლივით გამოეკიდება და აუცილებლად ჩამოაგდებსო. სწორედ ამ რადიუსის გამოთვლაზე მუშაობო. ამ ახალ სამსახურში ასეთი კითხვის დასმაც არ შეიძლებოდა ამ ახალგაზრდა უფროსებისთვის. შემდეგში კი მაინც მითხრეს ძველმა თანამშრომლებმა, რაღაცა რაკეტების თუ ობიექტების ტრაექტორიებს ვითვლითო.

ამასობაში, თბილისში შეიქმნა ხელსაწყოთა მშენებლობის და ავტომატიზაციის კვლევითი ინსტიტუტი ბორის სამსონის ძე ბუკიას თაოსნობით. ის, პატარა ჯგუფთან ერთად, მოსკოვში ჩამოვიდა კადრების მოსაძიებლად. ამ ჯგუფში იყო ამბროსი რუხაძეც, რომელიც სტუდენტობისას ორ საგანს გვიკითხავდა, დრეკადობის თეორიას და ვარიაციათა აღრიცხვას. СКБ 245-ში რომ მივიდნენ, მათემატიკურ განყოფილებაში უთქვამთ, აქ იყო ერთი თანამშრომელი, რომელიც სულ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა და ის უსათუოდ წამოვაო. რუხაძემ სთხოვა მათ დაერეკათ ჩემთვის. შევხვდით СКБ-ს შესასვლელში. მიცნო. ვსაუბრობთ და ამ დროს გლუზბერგი შემოვიდა. დაგვინახა რუხაძესთან უკვე გაცნობილი იყო, მე ერთი წელი არ ვენახე. დაუწყო რუხაძეს ჩემზე საუბარი, ჩემი ქება-დიდება. რუხაძემ მოკლედ მოუჭრა: ვიცნობ, ორი საგანი ჩამაბარა ბრწყინვალედო.

ახალ სამსახურში რომ ვთქვი, ალბათ მალე წავალ მეთქი, გაოცდნენ, ბინა მიიღეთ(უკვე ერთი წელი ხდებოდა, რაც ახალ ბინაში ვცხოვრობდით), ასეთი მაღალი ხელფასი გაქვს, ყოველ თვე ხელფასის ოდენა პრემიას ღებულობ, ხუთი წლის შემდეგ გაორკეცებულს მიიღებ. იქ ბინა არა გაქვს, არც ხელფასებია ამხელა, კარგად იფიქრეო. მოსკოვში ხალხს ერთი კუთხეც კი ენატრებაო.

ირაკლისაც უთხრა თავისმა უფროსმა: როგორ მიდიხართ ასეთ რისკზე, თუ ეხლა ერთი ოთახი მოგეცით, სულ მალე გაგაფართოებთო. მაგრამ, რაკი შეატყო, რომ ვერ დაითანხმებდა, შემდეგ, ძალიან ჭკვიანური რჩევა მისცა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ბოლოტივი იყო გვარად ის. გადაყვანა გააკეთეთო, მაშინ იქ ჩაგწერენ და ბინის მიღების შანსიც გექნებათო. რომ განთავისუფლდეთ აქედან და ისე წახვიდეთ, თბილისში  ჩაწერაც კი გაგიჭირდებათო. ეს იყო აბსოლუტური სიმართლე და ძვირფასი რჩევა. სხვებს ხელფასებიც კი მიზერული მისცეს. ჩვენც, ცხადია, მოსკოვთან შედარებით, ხელფასიც დაგვაკლდა და პრემია ხომ სათქმელიც არ იყო. მაგრამ, სამაგიეროდ, საქართველოში ვიყავით.

სამსახურიდან( п/я 1323) წამოსვლის წინ ლაბორატორიის უფროსმა იური კამენსკიმ დამიწერა დახასიათება ახალ სამსახურში წარსადგენად, ასე იყო მაშინ და ეს იცოდნენ მათ.

არ შემიძლია არ გადმოვწერო ხელნაწერიდან, რომელიც ჩემი თხოვნით მომცა იურიმ:

Характеристика

Инженера Букия Люси Георгиевны,

1926 г. рождения, беспартийной, окончившей

Тбилисский Государственный Университет 1951 г.

 

Инженер Букия Л. Г. работает на предприятии п/я 1323 с 20 июля 1956 г. За время работы  Букия Л. Г. выполняла ряд теоретических исследований и расчётов. При выполнении этих работ она показала достаточную математическую подготовку и умение продумано и аккуратно организовать проведение сложных вычислений.

К работе относится добросовестно.

В общественной жизни участие не принимает.

Начальник СКБ-30                                       /Кисунько/

   Секретарь партбюро                                 /Колибаба/

Прелседатель профкома                      /Демяненко/

15.03.57 г.

(ახლაღა ვიფიქრე, СКБ-245-დან სადაც 1951 წლის 26 აგვისტოდან 1956 წლის 8 ივლისამდე ვმუშაობდი, ე. ი. თითქმის ხუთი წელი, დახასიათება არ მახსოვს, თუ წავიღე იმ ახალ სამსახურში. გლუზბერგისთვის არ მითხოვია დახასიათება. ჟუჩკოვი უკვე НИИ-ს დირექტორი იყო, არ მახსოვს, დამიწერა და გამატანა, თუ დარეკვა სოტსკისთან საკმარისი იყო ჩემი მიღებისთვის იმ სამსახურში).

აქ, კი, გამოდის, რომ ერთი წელიც არ მიმუშავია სრულად. აბა, როგორ დავიმსახურებდი ამდენ ქებას. ერთი წინადადება კი ჭეშმარიტი იყო. ეს ბოლო წინადადება -- საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ მონაწილეობას არ ვღებულობდი. მე ვერ ვხედავდი საზოგადოებრივი მუშაობის პროცესს და აბა, რა მონაწილეობა უნდა მიმეღო. მაგრამ სწორედ ეს მართალი წინადადება არ მოეწონა განყოფილების გამგეს გოლუბევს, ისეთივე ახალგაზრდას, როგორიც კამენსკი იყო და უთხრა: იურა, ეს რა დაგიწერია, როგორ შეიძლება ამ დახასიათებით ლუსიას გაგზავნაო. მე მეკითხება: შენ მოგწონსო? მე ვუთხარი, ქებაა მეთქი ზედმეტი, თორემ ეგ წინადადება ჭეშმარიტებას მეტყველებს მეთქი. არაო, წაშალა და ამ წინადადების ადგილზე მიაწერა: Выдана для представления в отдел кадров.

იურამ გადაბეჭდა ხელახლა და ამის დახევას აპირებდა, შევეხვეწე, მომეცი, არ დახიო, მაგ ერთი მართლისმთქმელი წინადადებისთვის უნდა შევინახო მეთქი.

როცა СКБ-245-ში ვმუშაობდი, ამირჩიეს „კომსორგის“ მოადგილედ(ვალია კარავაშკინა იყო „კომსორგი“), მაგრამ მალე მომეშვნენ, უჩემოდაც აუდიოდნენ „უამრავ“ საქმეს. მერე რაღაცა არჩევნები იყო, მგონი უმაღლესი საბჭოსი, თუ რაღაც ამის მსგავსი. შემიყვანეს საარჩევნო კომისიაში, მაგრამ, მეორე დილით ექვს საათზე წასვლის მაგიერ ლოგინში აღმოვჩნდი და ლიდა და ტოსია ჩემი ოთახის(საერთო საცხოვრებლის) გოგოები გაიქცნენ ამ ამბის შესატყობინებლად კომისიის თავმჯდომარესთან(იქვე ცხოვრობდა). საქმე ის იყო რომ წინა საღამოს ეს გოგოები ქილიდან ჭამდნენ ხამსას. გადამეკიდნენ, გემრიელიაო. მე არ მშიოდა, უარს ვამბობდი, მაგრამ დიდი ხვეწნის გამო, ხათრით ავიღე ერთადერთი თევზუკა ქილიდან, ჩემი ხელით... სწორედ იმ პაწიამ კინაღამ მომკლა მთლი ღამე და სამაგიეროდ, არჩევნებსაც ამაცილა, ხმაც კი არ მიმიცია, კომისიის წევრობას ვიღა ჩიოდა.

აი ასე, ძველ სამსახურშიც კი „в общественной жизни участие не принимала.

ამგვარად, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1957 წლის 26 აგვისტოდან 1956 წლის 8 ივლისამდე, ე. ი. თითქმის ხუთი წელი ვმუშაობდი СКБ-245-ში; 1956 წლის 20 ივლისიდან 1957 წლის 25 მარტამდე п/я 1323-ში. პირველი ეკუთვნოდა მანქანათმშენებლობის და ხელსაწყოთა მშენებლობის სამინისტროს, მეორე დაწესებულება კი -- თავდაცვის სამინისტროს.

პირველ სამსახურში მუშაობის დროს მე ვმუშაობდი თემაზე, რომელსაც შემოკლებით 13.23-ს თემას ვეძახდი, იმიტომ, რომ ასეთი დაწესებულებისთვის კეთდებოდა ეს საქმე. როცა გადავდიოდი კი, ეს ჩემს მიერ ორ-ორად დანაწევრებული(გონების მიერ დაწერილი წერტილით) ოთხნიშნა რიცხვი -- 1323 იგივე რომ იყო, ძალიან გვიან მივხვდი. გვიან აღმოვაჩინე, რომ ამ დაწესებულებისთვის მქონდა ნამუშევარი. აი, ჩემი უყურადღებობა! თუ არ ვიცი, ერთ შემთხვევაში რუსულად ვკითხულობდი და მეორეში --- ქართულად. ამიტომ გვიჭიანურდებოდა გადაყვანის(перевод)-ის საქმე. აქ თბილისის ინსტიტუტი მოგვეხმარა.

 

***

თბილისის ინსტიტუტში -- ТНИИСА(თბილისის ავტომატიზაციისა და ხელსაწყოთა მშენებლობის ინსტიტუტი) -- ყველაფერი ნათელი იყო, ვისთვის რას ვაკეთებდით.

პირველი თემა, რომელშიც ჩამრთო რუხაძემ, ელექტროენერგიის განაწილება იყო ობიექტებზე. საქართველოს ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის განაწილება მთელი ქვეყნისთვის. ხოლო თუ რომელიმე სადგური ავარიის გამო ან რემონტისთვის დროებით დაიხურებოდა, სწრაფად რომ მომხდარიყო დატვირთვის გადანაწილება სხვა სადგურებზე. ადრე ეს კეთდებოდა ხელით გამოთვლებით, სჭირდებოდა დიდი დრო. მანქანა კი უმცირეს დროში ასრულებდა ამას. მანქანა გაკეთდა ელკინის ლაბორატორიაში, მათემატიკური უზრუნველყოფა, ჩვენთან.

რუხაძემ შემომთვაზა ასპირანტურა. ორი წლის მუშაობის სტაჟია საჭირო, შენ კონკურენტიც არ გეყოლებაო.

შემდეგი ბალტიისპირეთის თემა იყო. მე და თამრიკო მაჩაბელი, ორივენი ბალტიისპირეთის, ოღომდ, სხვადასხვა თემაზე ვმუშაობდით. მაგრამ მაგიდები ერთმანეთის გვერდით გვედგა და ერთიმეორის საქმე ისე ვიცოდით, როგორც საკუთარი.

თემა რომ დამთავრდა, ჩვენი შრომა დაიბეჭდა ინსტიტუტის შრომებში. რობერტ გოგსაძე, უნიჭიერესი და უაღრესად კარგი ადამიანი იყო ჩვენი ლაბორატორიის გამგე. მე და თამრიკოს გვითხრა, მოგცემთ თემას, ყოველმხრივ დაგეხმარებით და დაიცავით დისერტაციებიო. ის მართლაც ყველას ეხმარებოდა უანგაროდ. თუმცა თვით მას გასაქანს არ აძლევდა ერთი, რომ მას საკანდიდატო დაეცვა. ასეთი დრო იყო. ბოლოს მაინც დაიცვა საკანდიდატოც და სადოქტოროც, ბრწყინვალედ. და სამწუხაროდ, სამუშაოდ სხვაგან გადავიდა. შემდეგ, როგორც მითხრეს, აკადემიკოსი გახდა.

ამის შემდეგ ვმონაწილეობდი მიხაილოვსკის ცემენტის ქარხნის თემაზე მუშაობაში. ასევე, ვმუშაობდი მოსკოვის რკინიგზის და ავიაციის ინსტიტუტის თემებზე(შავი ყუთის ჩანაწერების გაშიფვრა). დაბოლოს, ირანში შვიდი თვე მომიხდა მუშაობა თამრიკო მაჩაბელთან ერთად, თბოელექტროსადგურის თემაზე -- ავარიული სიტუაციების რეგისტრაცია.

უცხო ქვეყანაში, რომლის ენაც არ იცი, შვიდი თვე ცხოვრება ხანგრძლივად გვეჩვენებოდა და ბევრი საინტერესო ამბებიც გადაგვხდა მე და თამრიკოს.

 

***

ერთხელ, ნათელა აზმაიფარაშვილმა თქვა, რომ მოვკვდებით, რა ცოტა თემებში გვექნება მიღებული მონაწილეობაო. ბევრი ვიცინეთ ამაზე, ღმერთი ხომ არ მოგვთხოვს ანგარიშსო. მაგრამ, ახლა მეც ასე მეჩვენება, თითებზე ჩამოთვლი კაცი, თუმცა, შრომა კი ბევრი უნდოდა.

ზოგი ფიქრობდა, რომ ჩვენს ინსტიტუტში არაფერი კეთდებოდა. მე არ ვიცი, რა ხდებოდა სხვა თემებში, მაგრამ რომელ თემაზეც მე მომიხდა მუშაობა, ყველა, აბსოლუტურად ყველა, დაინერგა პრაქტიკულად.

 

***

ახლა ჩვენი პატარა დათა მიზის გონებაში და თუ შემდეგში დრო დამრჩება, დავწერ ცოტაოდენ მოგონებებს ირანზეც.

ჩვენი დათა მოვიდა ჩვენთან 2005 წლის 4 თებერვალს. შვიდი თვის პაწიამ უდიდესი სიხარული შემოიტანა ჩვენს ოჯახში.

----------------------------------------------------------------------------

შენიშვნა 1:

ამის შემდეგ დათაზე წერს. და ვინაიდან დათა უკვე სრულწლოვანია, მისი ნებართვის გარეშე, ამ ჩანაწერებს ვერ დავდებ ბლოგზე, ცალკე ფაილად  კი ავკრებ და შევინახავ.

თუმცა, მისი ერთი ლექსის ფოტოს დავდებ, რომელიც დათასთვის დაუწერია.

დედაჩემს კარგი ხელნაწერი ჰქონდა, თუმცა ბოლო წლებში,  ვეღარ წერდა ისე ლამაზად. ეს ლექსი კი,  საკმარისად კარგად იკითხება.


 


***

შენიშვნა 2:

სამწუხაროდ, აღარ დაუწერია მოგონებები ირანზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო და სახალისო იქნებოდა...

თუმცა, არის კიდევ ერთი ჩანაწერი, 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული. ამ დროს ის უკვე 94 წლისაა.

 

***

ნატო მეუბნება, ცუდზე არ იფიქროო. ფიქრი თავისით მოდის. „უფალო, შემიწყალე“ თქვიო. ვამბობ. ზოგჯერ მშველის, ზოგჯერ, თითქმის ვერა.

აი, გამახსენდა ჩემი სადიპლომო შრომის ისტორია.

 რაღა დროსია!

 ეს ალბათ 1950-51 წლებში იყო. მე 51-ში დავამთავრე. ბოლო კურსზე ვიყავი ალბათ, რომ მომცეს სადიპლომოდ „კირჰხოფის კანონი“. წავიკითხე წიგნი, მაგრამ ჩამაფიქრა ერთმა ამბავმა. ერთ დილას შემხვდა თენგიზ გეგელია, ჩემი წინა კურსელი, საუკეთესო სტუდენტი, რომელიც კათედრაზე დატოვეს. მისალმების შემდეგ მკითხა, როგორ მიდის შენი სადიპლომო შრომის წერის საქმეო. მე ვუთხარი, რაც მაწუხებდა. კირჰხოფს დაწერილი ჰქონდა ორი ტოლობა და შემდეგ ეწერა: „მათემატიკური ოპერაციების ჩატარებით მივიღებთ შემდეგ ფორმულას...“, რომელიც ცნობილია კირჰხოფის კანონის სახელით. სადიპლომოს ამ სიტყვებით ხომ არ დავწერ მეთქი, ეს ხომ გადაწერა გამოვა. თენგიზმა მითხრა: შენ შეასრულე ეს ოპერაციები და მიიღე ფორმულაო, შენ ეს არ გაგიჭირდებაო. სადიპლომოშიც ასე გაშლილად ჩაწერეო, და გამიმეორა: შენ ეს არ გაგიჭირდებაო. არც კი იცოდა თენგიზმა, ამ რჩევით, რამხელა დახმარება გამიწია. დამაჯერა, რომ მე ამას შევძლებდი. გავაკეთე. შეუძლებელი არ იყო. დავამთავრე სადიპლომო შრომის წერა. ზოგმა შრომა დააბეჭდინა, ზოგმა ყდაშიც ჩაასმევინა ლამაზად. ამას ფული უნდოდა. მე ეს არ შემეძლო. თორმეტფურცლიან რვეულში გადავწერე, რამდენადაც შემეძლო ლამაზად და უშეცდომოდ და დაცვის წინა დღეს წავედი უნივერსიტეტში. გრძელი დერეფნის ბოლოს ჩემი კურსელები დავინახე, გამოცდაზე შესულებს უცდიდნენ და თან მხიარულად საუბრობდნენ. მათთან მინდოდა მისვლა, მაგრამ უცბად შემაჩერა ნიკანორ პატარაიამ. დერეფნის დასაწყისში, ცარიელ მერხზე იჯდა. მითხრა, დაჯექი, მე ვარ შენი სადიპლომო შრომის ხელმძღვანელი და მინდა წამიკითხოო. კარგია, რომ თან მქონდა. დავიწყე კითხვა, მაგრამ ნახევარი გვერდიც არ მქონდა წაკითხული, შემაჩერა: თქვენ მხატვრულ ლიტერატურაში დაწერეთ სადიპლომო, თუ დრეკადობის თეორიაშიო.

-- იცით, ვისთან იცავთ?

-- ვიცი. -- ვუპასუხე. -- ნიკო მუსხელიშვილთან.

-- ჰოდა, მერე? იცით რა მკაცრია? მე რასაც გეტყვით, ის სიტყვები შეცვალეთ და გადაწერეთ. გააგრძელეთ კითხვა.

მე დავკეცე რვეული, ჩავდე ჩანთაში და ავდექი.

-- შუადღეა, ხვალ დილით დაცვა მაქვს. როდის უნდა გადავწერო, გავათენო?

-- ჰოდა, თუ ბატონი ნიკო შენიშვნას მოგცემთ, მე ვეტყვი, რომ გითხარით, მაგრამ თქვენ ეს არ შეასრულეთ.

მე ნიკო მუსხელიშვილის ლექციებს ვისმენდი მეოთხე კურსზე. ამბროსი რუხაძე თბილისში არ იყო და ნიკო მუსხელიშვილმა წაგვიკითხა რამდენიმე თვეს. ის არაჩვეულებრივად კეთილმოსურნე ადამიანი იყო, ტკბილად მომღიმარი. ძალიან გასაგებად გვიხსნიდა და თითოეულ სტუდენტს თითქოს ეფერებოდა, ისე უყურებდა. ჯგუფში მხოლოდ შვიდნი ვიყავით.

მივედი უნივერსიტეტში მეორე დილით. მივეცი რვეული მომღიმარ ნიკოს. დავინახე როგორი ხალისით ათვალიერებდა. მერე მითხრა:

-- დაიწყეთ.

დავიწყე. დაფაზე დავწერე ის მოქმედებები, რაც რვეულში მეწერა და ვილაპარაკე ისე, როგორც რვეულში მეწერა. ჩავედი ბოლოში.

ალბათ ჩემი კურსელები მესწრებოდნენ, პატარაიაც, ალბათ, მე ის არ დამინახავს.

ბატონმა ნიკომ დამიბრუნა რვეული, ძალიან შეაქო ნაშრომი. მითხრა, მიიტანეთ აკადემიაში და აკადემიის ჟურნალში დავბეჭდავთო. პერიოდული გამოცემა ჰქონდა აკადემიას. „ფრიადი“ დამიწერა.

ჩემი ნაშრომის მიტანა აკადემიაში ძალიან მეუხერხულა და არ მიმიტანია. იმას კი ძალიან ვნანობ, რომ ის რვეული დავკარგე. გადავიკითხავდი, გავიხსენებდი...

-----------------------------------------------------------------

ბოლოსიტყვა     

და ეს არის დედაჩემის ბოლო ჩანაწერი.

შემდეგ წელს, 2022 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა, 95 წლის ასაკში.

-----------------------------------------------------------------

ოთხმოციან წლებამდე, როცა საბუთებში საჭირო იყო დედაჩემის ეროვნების მითითება, ვწერდი, „სომეხი“. მას ასე ეწერა პასპორტში.

მაგრამ, როცა ისტორიკოსმა რონალდ  თოფჩიშვილმა დაიწყო გვარების წარმომავლობის გამოკვლევა, მეც შევიტანე განცხადება, ისე, რომ დედაჩემისთვის წინასწარ არაფერი  მითქვამს. მივიღე პასუხი. აღმოჩნდა, რომ დედაჩემის ნამდვილი გვარი იყო აბელიშვილი და ის ქართველი იყო. დედაჩემს ეს ამბავი ძალიან გაუხარდა, რადგან თავის ერთადერთ სამშობლოდ ყოველთვის საქართველო მიაჩნდა და სულის სიღრმემდე უყვარდა.  ქართულ ენასა და მწერლობას აღმერთებდა და ჩვენც, შვილებს, მის სიყვარულს გვინერგავდა, ბავშვობის ასაკიდან.

ახალციხის სასულიერო სასწავლებელში საეკლესიო ისტორიას მეუფე ანანია ჯაფარიძე გვასწავლიდა. მას გამოკვლეული ჰქონდა ქართველების გასომხების ისტორია. განსაკუთრებული ინტენსივობით ეს პროცესი კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობდა, მე-19 საუკუნეში. მასიურად ნათლავდნენ სომეხი ტერტერები ბავშვებს და სომხურ სახელებს არქმევდნენ.

ამიტომაც იყო, რომ თელავში მრავალი „სომხური“ ოჯახი იყო, მაგრამ მათ ერთი სომხური სიტყვაც არ იცოდნენ. იმ სომხურ ოჯახებს კი, რომლებიც  თურქების დევნის შედეგად იყვნენ გადმოსახლებული, „ნამდვილ სომხებს“ ეძახდნენ.

დედაჩემის მამიდაშვილის ქმარი, ხრისტო ძია, იტყოდა ხოლმე: პაპაჩემი სულ გვეუბნებოდა, ჩვენ დემინაშვილები ვიყავითო და თუ ეს ასე არ არის და მართლა სომეხი ვარ, გული ქართულად რატომ მიძგერსო. ეროვნული მოძრაობის დროს, ამ ოჯახმაც დაიბრუნა თავისი გვარი.

გასომხების პოლიტიკის დაგვირგვინება იყო ბავშვების სომხურ სკოლაში შეყვანა. დედაჩემის ორი უფროსი დაც სომხურ სკოლაში სწავლობდა. მაგრამ დედაჩემზე რომ მიდგა ჯერი, ჩემმა ბებომ სასტიკი უარი განუცხადა სომხური სკოლის მასწავლებელს, რომელიც მოსახლეობაში დადიოდა და თავისი სკოლისთვის მოსწავლეებს აგროვებდა. თან მშობლებს ამუნათებდა, სომხები ხართ და ბავშვებმა უნდა იცოდნენ მშობლიური ენაო. ჩემს ბებოს უთქვამს, ძალიან დავაშავე, ის ორიც რომ შევიყვანე მაგ სკოლაში, გავტანჯე ბავშვებიო. ენის უცოდინარობის გამო, თავიდან თურმე გაუჭირდათ სწავლა. შემდეგ კი, თავიანთი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ორივემ წარმატებით დაამთავრა სკოლა.

მაგრამ, ეს ფაქტი, ვფიქრობ, სასარგებლო იყო ჩემი სულიერი განვითარებისთვის. ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა არაჯანსაღი გარჩევა ეროვნებისა თუ სხვა კატეგორიების მიხედვით.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეროვნული მოძრაობის პერიოდში დედაჩემი ჩემთან ერთად დადიოდა მიტინგებზე და ძალიან აქტიურად ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს. 1990 წლის 28 ოქტომბრის, პირველი თავისუფალი არჩევნების კომისიის წევრიც იყო. ეცინებოდა, ზოგიერთს კომპარტიიდან ვეგონე და როცა გაიგებდნენ, რომ მრგვალი მაგიდის წარმომადგენელი ვიყავი, უკვირდათ და უხაროდათო(ალბათ, ასაკის გამო ფიქრობდნენ ასე) და ამბობდა: აი, თუ არ ვღებულობ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაშიო :)

იმას კი ძალიან განიცდიდა, მოსკოვის დახურულ ინსტიტუტებში რომ ჰქონდა ნამუშევარი: თურმე ჩვენს მტერს ვეხმარებოდი შეიარაღების საქმეში და არ ვიცოდიო.

ძლიერ უყვარდა და უღრმეს პატივს სცემდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. თავზარდამცემი იყო მთელი ჩვენი ოჯახისთვის მისი მკვლელობა. დიდი ტკივილი გადავიტანეთ პუტჩის პერიოდში.

 ასევე, პატივს სცემდა და აფასებდა მესამე პრეზიდენტს, მის რეფორმებს, და იტყოდა ხოლმე: მიშამ დიდი ჭაობიდან ამოგვიყვანაო.

ამიტომაც, ძალიან განიცადა 2012 წლის მოსკოვის სპეცოპერაცია, რის შედეგადაც ხელისუფლება პრორუსმა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში.  

არც ერთი არჩევნები არ გამოუტოვებია, იმ იმედით, რომ საქართველო ისევ დაადგებოდა განვითარების გზას. როცა სიარული აღარ შეეძლო, სახლში ვიძახებდი ხოლმე საარჩევნო ყუთს.

გული მწყდება, რომ ვერ მოესწრო ოლიგარქის და მისი რუსული იმპერიის სრულ პოლიტიკურ კრახს და  გაცამტვერებას და საქართველოს სრულ თავისუფლებასა და აღორძინებას.  

No comments:

Post a Comment