Monday, November 3, 2025

ორი ლექსი

 

ეს ორი ლექსი ერთდროულად მომიფრიდა, 30 ოქტომბერი რომ თენდებოდა, გამთენიის ოთხ საათზე. თუმცა შემდეგ მათზე  გარკვეული მუშაობა დამჭირდა. საბოლოოდ კი, აი, რა გამოვიდა.

 

გზა

ეძღვნება იმ ერთადერთს, ვინც მარად ჩემთან არის და თანაც--ყველგან.

 

ჩემს სამღერ სიმღერას ვერავინ იმღერებს,

ჩემს სათქმელ ლექსს კი ვერავინ იტყვის,

ჩემს სავლელ ბილიკზე ვერავინ გაივლის,

რადგან ის სად მიდის, არავინ იცის.

 

მივყვები, მივყვები,  ამ ბილიკს ნელა,

ხან ცივა, ხან ცხელა, ხანაც კი ბნელა,

ხან ვტირი, ხან ვმღერი, მაგრამ სულ მჯერა,

რომ მარტო არა ვარ, რომ ჩემთან შენ ხარ.

 

ბევრია სავლელი ტყეში და ღრეში,

აღმართზე, დაღმართზე, მთასა თუ ხევში,

წვიმაში თოვლ-ჭყაპში, ქარსა და მზეში,

ბოლოს კი ბილიკი მიმიყვანს მე შინ.

 

 

ცეცხლოვანი რაში

 

ჭაობისფერი მოსასხამი მოაპობს ჰაერს,

მეწამული თმა გაუშლია იდუმალ მხედარს,

ვის გაუბედავს ამხედრება ცეცხლოვან რაშზე,

ან ამ წყვდიადში, ამ ქროლვაში, რამეს თუ ხედავს?

 

მოაპობს სივრცეს ცეცხლის ფრქვევით ამაყი რაში,

მყის გადასერავს დედამიწას ერთი ნახტომით,

ყველა უწმინდურს ამობუგავს მგზნებარე ალში,

და გაანათებს ამ ქვეყანას სხივი მნათობის.

 

გამობრწყინდება იდუმალი მაშინ მხედარი,

წითურ დალალებს დაუვარცხნის ცელქი ნიავი,

მწვანე მოსასხამს ამოავლებს კამკამა წყალში,

და გადახედავს არემარეს ჩუმი სიამით.

 

ზურმუხტთვალება თეთრ-ყირმიზი ნაზი ქალწული,

მარად უბიწო, მარად ნორჩი და მარად მშვიდი...

გადმოულახავს ცხრა მთა, ცხრა ზღვა, და ცხრა სამყარო,

რომ გადაუხსნას კაცთა მოდგმას სამეფო შვიდი.

 

პირველს საფუძვლად აქვს სიმართლე და სამართალი,

მათი წყურვილი აპოვნინებს მგზავრს მის ბილიკებს.

მეორის მტკიცე საფუძველი არის წყალობა,

ჩვილებს და ნორჩებს გადაუშლის თავის თილისმებს.

 

მესამე ტახტი -- კრძალულების და მოწიწების,

რაც შობს სიწმიდეს და სიმტკიცეს, ზნეობის დედას.

მეოთხე ტახტი არის ნდობის, ანუ მინდობის,

ვინც ფლობს ამ ნიჭებს, განუქარვებს ყოველგვარ სევდას.

 

მეხუთე არის უშიშობის და სიმამაცის,

მათი მიღწევა შეუძლია მხოლოდ იმ რჩეულს,

ვინც გადალახავს ეჭვისა და სიზანტის მორევს,

შეუპოვრობით მიადგება საყუდელს ეულს.

 

მეექვსე ტახტის  აფუძველში დევს მარგალიტი

და მას სახელად უწოდებენ მადლიერებას.

ამ ექვსი ტახტის ფლობის შემდეგ გვეძლევა სიბრძნე,

რწმენა ურყევი, სიხარული, სახიერება.

 

მეშვიდე ტახტის საფუძველი და თვით მწვერვალი

არს ბრილიანტი, უზადო და თვალისმომჭრელი,

და ყველა ხვდება, რომ სიყვარულს ვგულისხმობ მე, აქ,

მშვიდია მართლაც, ბედნიერი მისი მფლობელი.


განმარტება

ვფიქრობდი, საჭირო იყო, თუ არა ლექსების განმარტება. ბოლოს მაინც გადავწყვიტე დამეწერა.

პირველ ლექსს ბოლოდან დავიწყებ. „შინ“ არის  გულისგული, სადაც ადამიანის სული, ღმრთის ნაპერწკალია დავანებული. მასთან მისასვლელი გზა ვიწროა და შინაგანი წინააღმდეგობებით, ათასგვარი შიშებით თუ ეჭვებით სავსე...

ეს „ბილიკი“, ხანდახან, უფსკრულზე დაკიდებულ ბეწვის ხიდს წააგავს...

ყოველგვარ წინააღმდეგობას თანდათან გადალახავს ის ადამიანი, ვისაც „შია და სწყურია“  „შინ“ მისვლა.

მეორე ლექსი ალბათ უფრო ადვილია, რადგან ყველაფერი პირდაპირ არის ნათქვამი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მომავალი 2026 ცეცხლოვანი ცხენის წელიწადია. მჯერა, რომ ეს წელიწადი ბედნიერი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც -- 1918, 1978, 1990. ყველა ეს წელი ცხენისა იყო...

იდუმალი მხედარი, მარად ნორჩი,  მწვანე მოსასხამში, სამეფო ფერის მეწამული თმით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თავად მაცხოვრის მიერ აღთქმული ნუგეშინისმცემელია...  

  ქვეყნის თავისუფლება მისი შვილების თავისუფლებაზე გადის. თავისუფლების მოპოვების გზა კი -- აღნიშნულ სამეფოებზე. რთულია ეს გზა, ვიწრო და ეკლიანი, როგორც საღმრთო წერილი გვაფრთხილებს, თუმცა, იქვე გვანუგეშებს კიდეც: „ჩემი უღელი ტკბილია და ჩემი ტვირთი -- მსუბუქი“. დედამიწა, ანუ ეს ქვეყანა ჩვენი გულია. მთავარია,  მოვინდომოთ, ნუგეშინისმცემელი ამობუგავს ყველა უწმინდურებას ჩვენი გულიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Tuesday, April 29, 2025

ჩემი სამსახურები ეროვნულ მოძრაობამდე

 


უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საწარმოო გაერთიანება „ელვას“ ინსტიტუტში, „ტნიისაში“ დავიწყე მუშაობა. ასეთი სახელწოდებით იყო ცნობილი ეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ეს იყო რუსული დასახელების აბრევიატურა. ის  მოსკოვის ანალოგიური ინსტიტუტის ფილიალი იყო. მისი სრული დასახელება, ქართულად, ასეთი იყო  -- თბილისის ავტომატიზაციისა და ხელსაწყოთა მშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. აქ მუშაობდნენ ჩემი მშობლები, მოსკოვიდან გადმოსვლის შემდეგ, და დედაჩემის თხოვნით, ამ ინსტიტუტმა მოთხოვნა გაუგზავნა უნივერსიტეტს, კურსდამთავრებული სტუდენტების სამუშაოდ განაწილებისას, რომ მე სამუშაოდ იქ მივევლინებინე.

ჩემი განყოფილების გამგე იყო ომარ გოგოლაძე. განყოფილებაში სამი ლაბორატორია შედიოდა. ჩემი ლაბორატორიის გამგე, დემურ გვიშიანი, იუმორით სავსე ადამიანი, რომელმაც კარგად იცოდა საქართველოს ისტორია-გეოგრაფია, კულტურის ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, ხშირად გვესაუბრებოდა ამ საკითხებზე, შესვენებების პერიოდში. საერთოდაც, ენთუზიასტი იყო. ერთხელ შემოგვთავაზა, ამერიკის შტატების დასახელება ვისწავლოთო. გადავინაწილეთ ასოების მიხედვით. მე ასო „კ“ მერგო. ახლაც მახსოვს კოლორადო, კაროლინა, კენტუკი, კონექტიკუტი... ჰოდა, ამერიკაში ყოფნისას, რამდენჯერაც ვკითხე სტივენს, ეს რა მდინარეა მეთქი, სულ მპასუხობდა კონექტიკუტიო :).    

ჩემი მეგობარი და ყოფილი თანაკურსელი, იმჟამად კი, თანამშრომელი, ნუნუ რაფავა იწერდა ხოლმე დემურის ხუმრობა-გამონათქვამებს. მაგალითად, რაიმე საჭმელი, თუ მოეწონებოდა, იტყოდა: ისეთი კერძია, ქალის უნახავს გაგხდისო :).

* * * 

 „ტნიისაში“ მუშაობისას ერთი ასეთი ისტორია გადამხდა თავს. ერთ დღეს, სამსახურში მისულმა, წავიკითხე განცხადება: ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე ინსტიტუტში მოვა პროფესორი, ისტორიკოსი ...  რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე...  დეტალები არ მახსოვს, მაგრამ, ფაქტია, დავინტერესდი და მივედი აღნიშნულ დროს, მითითებულ ოთახში. საკმაოდ ბევრი თანამშრომელია შეკრებილი, ძირითადად ახალგაზრდები. მოულოდნელად შემოდის ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი და ცინიკურად ამბობს:

--აი, თურმე რამდენი ყოფილხართ. ვერ ვახერხებდით თქვენს შეკრებას. ახლა ჩავატარებთ კომკავშირის კრებას.

ცხადია, აღვშფოთდით, მაგრამ მან კარი ჩაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და დაიწყო რაღაცის ლაპარაკი. არაფერი ისმოდა, ვხმაურობდით, კარის გაღებას ვითხოვდით, მაგრამ, ამაოდ. გვაყურყუტა დაახლოებით ორი საათი, მერე ალბათ, თვითონვე მობეზრდა ჩვენთან ბრძოლა და გაგვიშვა. მე გაცეცხლებული ვიყავი და აღარ ვიცოდი, როგორ გამომეხატა ჩემი აღშფოთება, შინ თუ გარეთ. და აი, გადის რამდენიმე დღე და ვკითხულობ განცხადებას: ამა და ამ რიცხვში ჩატარდება საწარმოო გაერთიანების კომკავშირის კრება, რომელზედაც ერთ-ერთ საკითხად განიხილება  ფორმალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაო, თუ რაღაც ამგვარი. მოკლედ სიტყვა ფორმალიზმი ფიგურირებდა. და აჰა, მომეცა შანსი, ახლა გიჩვენებთ ფორმალიზმს მეთქი ვიფიქრე. დათქმულ დღეს, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, დავდიოდი და ვბურტყუნებდი იმ ტექსტს, რომლის თქმასაც ვაპირებდი კრებაზე. დემურ გვიშიანმა შემატყო მოუსვენრობა და მკითხა, რა გჭირსო. არაფერი მეთქი. და ამ დროს რეკავს ტელეფონი. დემური პასუხობს. ყურმილი რომ დადო, ვეკითხები:

--ვინ იყო?

--პარტკომი.

--მე მიბარებს?

--შენთან რა საქმე აქვს, პარტიული ხომ არ ხარ! -- გაოცდა. -- არა, შენ რაღაც გაწუხებს, მითხარი.

ჰოდა, მოვუყევი რასაც ვაპირებდი და საკმაოდ კარგი რჩევებიც მომცა. ერთი მახსოვს, მითხრა, ვერ მოითმენს ის ქალი(კომკავშირის მდივანი), სიტყვას შეგაწყვეტინებს თავისი რეპლიკებით, შენ ყურადღება არ მიაქციო, გააგრძელე ლაპარაკიო.

იმ დღეს ჩემი ახალგაზრდა თანამშრომლები გავაფრთხილე, დაესწარით კრებას, ცირკს გიჩვენებთ მეთქი.

საწარმოო გაერთიანებაში ჩვენი ინსტიტუტის გარდა, კიდევ ორი დიდი წარმოება შედიოდა. კრება დიდ სააქტო დარბაზში ტარდებოდა. ახალგაზრდების გარდა, ესწრებოდნენ განყოფილების უფროსები, პარტკომი, გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე -- ჯონდო თოდუა, რომელიც თავისი უცნაურობით და მოულოდნელი რეაქციებით იყო ცნობილი და ინსტრუქტორი რაიკომიდან. ამის გამო კრების დღის წესრიგი მკაცრად იყო გაწერილი და ძალიან გაჭირდებოდა იქ სიტყვით გამოსვლა. მე პირველ რიგში დავჯექი და რამდენიმე გამომსვლელის აბდაუბდას შემდეგ წერილი გადავეცი პრეზიდიუმს, სადაც ვწერდი: „გთხოვთ მომცეთ სიტყვის უფლება. უფრო სწორედ, მოვითხოვ. თუ არა და, დემონსტრაციულად ვტოვებ კრებას“. დავინახე, როგორ გადააწოდეს წერილი ერთმანეთს. მხრებს იჩეჩავდნენ და ქირქილებდნენ. ბოლოს მაინც გადაწყვიტეს და მომცეს საშუალება ავსულიყავი ტრიბუნაზე. ავედი და დავიწყე:

-- ეს კრება ფორმალიზმს ეძღვნება. მე მოგიყვებით ერთ ამბავს და თქვენ თვითონ განსაჯეთ ფორმალიზმია თუ უფრო უარესი მეთქი.

სხვა გამომსვლელებს, ცხადია, არავინ უსმენდა. დარბაზში ყრუ ზუზუნი იდგა. ჩემი პირველივე წინადადების შემდეგ ყველა გაისუსა. ჰოდა, მოვყევი, თუ როგორ მიგვიტყუეს ლექციის ჩატარების დაპირებით, როგორ ჩაგვიკეტეს კარი და ჩაატარეს სამარცხვინო კრება, ჩვენი ყიჟინის ფონზე. მართლაც მესროლა რაღაც რეპლიკები კომკავშირის მდივანმა, მაგრამ მისკენ არც გამიხედავს ისე დავამთავრე ჩემი სათქმელი. პირველ რიგში იჯდა ჯონდო თოდუა, შევხედე, თავი დაეღუნა და სიცილს ძლივს იკავებდა.

ამ ამბავს რეზონანსი მოჰყვა. როგორც მითხრეს, დიდი საყვედური მიუღიათ პრეზიდიუმის წევრებს, როგორ შეიძლება ასე შეუმოწმებლად რომ იძლევით სიტყვით გამოსვლის უფლებასო.

მეორე დღეს ისევ დარეკა პარტკომმა. დემურმა მითხრა:

-- აი, ახლა კი მართლა შენ გიბარებსო.

შევედი მის კაბინეტში, წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა და მითხრა:

-- ყოჩაღ! -- ხელი ჩამომართვა, მერე მცირე ხანს მესაუბრა, აღარც მახსოვს, რა მითხრა. დავბრუნდი უკან გაფხორილი ინდაურივით :)

ფაქტია, ამ ფორმალიზმის საკითხმა სწორედ დროზე მომისწრო, თორემ ალბათ გავსკდებოდი სიბრაზისგან :) აი, ასეთი ვიყავი მაშინ, 23-24 წლის ასაკში, სამოცდაათიანი წლების ბოლოს.

უცნაურია, მაგრამ ჩვენს ინსტიტუტს არ ჰქონდა თავისი გამომთვლელი მანქანა და ამოცანების გასაშვებად მანქანურ დროს ქირაობდნენ სხვადასხვა გამოთვლით ცენტრებში. მივდიოდით მივლინებით და მიგვქონდა ამოცანები, ანუ ე.წ. პერფობარათების  დასტა. მანქანაში ამოცანის გაშვების შემდეგ, ამოიბეჭდებოდა შედეგები და ჩვენ ვბრუნდებოდით ინსტიტუტში. ერთი ასეთი მივლინებისას, კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე, ენერგეტიკის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრიდან ვბრუნდებოდით მე  და ნუნუ რაფავა. მთავრობის სასახლესთან(ახლანდელი პარლამენტი) დავინახეთ ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. ეს დღე იყო 1978 წლის 14 აპრილი. ჩვენ დავინტერესდით, მალევე გავარკვიეთ, რომ სახელმწიფო ენის საკითხი წყდებოდა და ულაპარაკოდ შევუერთდით აქციას. რუსთაველის გამზირის მხრიდან კიდევ და კიდევ მოდიოდა ახალგაზრდათა კოლონები და ისე მოხდა, რომ ჩვენ, სულ წინ, კიბესთან, უშუალოდ ორგანოების თანამშრომელთა პირისპირ აღმოვჩნდით. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იდგნენ, პირით ჩვენსკენ. უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელმა, სახელდახელოდ მოწყობილი ტრიბუნიდან, ილაპარაკა სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე. ასევე, სიტყვას წარმოთქვამდნენ სტუდენტები. მე სიხარულისგან დავფრინავდი, რომ მომეცა ასეთ აქციაში მონაწილეობის საშუალება. ორგანოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც კეთილგანწყობილი ჩანდა, გვკითხა, ფილოლოგები ხართ თუ ისტორიკოსებიო. ვუთხარით მათემატიკოსები, მაღლივიდანო. გაუკვირდა, განა მათემატიკოსებიც მონაწილეობენ ამ აქვიაშიო? მართლაც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძირითადად, უნივერსიტეტის პირველი-მეორე კორპუსის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ორგანიზებული იყო ეს აქცია.

ამ დღეს საქართველომ გაიმარჯვა! ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ყველა ასპექტში.

წესით, იმავე დღეს უნდა დავბრუნებულიყავით სამსახურში, მაგრამ, ცხადია, აღარ დავბრუნებულვართ. მეორე დღეს კი, მთელი დღე გვაყოლებდნენ აქციის ამბებს. მოკლედ, იმ დღის გმირები ვიყავით. ომარმა გვისაყვედურა, რატომ არ უთხარით, სად მუშაობთო. უნდა აღვნიშნო, რომ  ომარი არ იყო კომპარტიის წევრი. რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ, უარით გაისტუმრა. ის თავისუფალი აზროვნების ადამიანი იყო.

* * *

ადრეც ვწერდი, რომ ამ ინსტიტუტში მუშაობისას ხშირად მიწევდა მოსკოვში გამგზავრება. ერთხელ მე და ერთ თანამშრომელს, ლალი ფანცხვას, ერთად მოგვიხდა მივლინებაში ყოფნა. ამოცანები გვქონდა გასაშვები მანქანაზე. სამანქანო დარბაზში არ შეგვიშვეს, ოპერატორს შეჰქონდა და გამოჰქონდა რეზულტატი შესასწორებლად. მაგრამ ეს პროცესი საათობით გრძელდებოდა. ვკითხე, ამდენი ხანი რატომ უნდებით, სულ თხუტმეტი წუთის საქმეს მეთქი. მიპასუხა, ამოცანები პრიორიტეტების მიხედვით არის დალაგებული და თქვენს ამოცანებს დაბალი პრიორიტეტი აქვსო. გამეცინა. მერე, მიანიჭეთ მეთქი მაღალი პრიორიტეტი, ხომ ხედავთ, მივლინებაში ვართ, საათობით აქ ვისხდეთ და გელოდოთ? მითხრა, ვერაო. -- კარგი, სად არის უფროსი? ვეკითხები. აი, იმ კაბინეტშიო. ლალი მაჩერებს, უხერხულიაო. -- რა არის უხერხული? ის უფრო უხერხულია მთელი დღე აქ რომ გვაყურყუტებენ. -- და შევედი და ვუთხარი: ჩვენ აქ მივლინებაში ვართ და უნდა მოვასწროთ ჩვენი საქმის დამთავრება, უთხარით ოპერატორს, დააჩქაროს პასუხების გამოტანა, რომ შევძლოთ პროგრამის გასწორება და ხელახლა გაშვება. როგორც ჩანს, დამაჯერებლი იყო ჩემი არგუმენტი, რადგან მაშინვე დაუძახა ოპერატორს და ჩვენი ამოცანების ყველაზე მაღალი პრიორიტეტით გაშვება უბრძანა. ლალის გაუკვირდა, შენ რა პრინციპული ყოფილხარო, მე მომერიდებოდა უფროსთან შესვლაო :)

„ტნიისაში“ ხუთი წელი ვიმუშავე და გადავედი სახმომარაგების გამოთვლით ცენტრში სისტემურ პროგრამისტად.

საზოგადოდ, ერთ ადგილას მუშაობა მბეზრდებოდა, ასე მეგონა, ჭაობში ვიძირებოდი და ასეთ დროს სხვა სამსახურში გადასვლას ვამჯობინებდი ხოლმე. თუმცა, სკოლაში ცხრა წელიწადი ვიმუშავე, უნივერსიტეტში -- დაახლოებით თვრამეტი, ხოლო ტაძარში -- ოცი თუ ოცდაერთი. ალბათ იმიტომ, რომ ამ სამსახურებში მთელი დღე არ მიხდებოდა ყოფნა. მივდიოდი, ჩემ საქმეს ვაკეთებდი და ვბრუნდებოდი შინ, ან მივდიოდი სხვა სამსახურში.

* * *

გამოთვლით ცენტრში განყოფილების უფროსი იყო კოტე კვირკველია, თანამშრომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ერთ დღეს საუბარს მოჰყვა და ერთმა თანამშრომელმა, ლამარა გაგლოშვილმა, თქვა: ახალი აღთქმა მაქვს ძველ ქართულ ენაზე, მაგრამ ვერ ვკითხულობ, რადგან ვერ ვგებულობო. თუ შეგიძლია, მათხოვე მეთქი, ვუთხარი. მეორე დღესვე მომიტანა. დავიწყე კითხვა და სულ ორიოდე ფურცლის შემდეგ, მათეს სახარების მესამე თავში, როცა მივედი წინადადებამდე: „და ნათელ-იღო იესო, და მეყსეულად აღმოვიდა რაY წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა“, უეცრად ისეთი სიხარული ვიგრძენი, მანამდე რომ არასოდეს განმიცდია. ეს იყო პირველი უდიდესი სულიერი ბიძგი ჩემში. ყველასთან მიმქონდა წიგნი და ამ პასაჟს ვუკითხავდი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ვერავისზე მოახდინა შთაბეჭდილება. მაშინ არ მესმოდა, რომ ყველა ადამიანს თავისი დრო და წერტილი აქვს, სადაც შეიგრძნობს ასეთ სულიერ გამონათებას, ოღონდ, თუ ამისკენ ისწრაფვის.

ოთხმოციან წლებში დაიწყეს ახალი აღთქმის წიგნების ბეჭდვა, თანამედროვე ქართულით, ძალიან მცირე ტირაჟით, და მხოლოდ სასულიერო პირებისგან იყო შესაძლებელი მისი ყიდვა, წიგნების მაღაზიაში არ იდო. შევიძინე, მაგრამ, დიდი სურვილი მქონდა, რომ სწორედ ის ეგზემპლარი დარჩენილიყო ჩემთან, რომელმაც სულიერი გადატრიალება მოახდინა ჩემში. მორიდებით ვთხოვე ლამარას, ხომ არ გამიცვლიდი მეთქი. სიხარულით დამთანხმდა. მას შემდეგ ბევრჯერ გამოიცა ახალი აღთქმა და ზოგიერთი შევიძინე, ან მაჩუქეს, მაგრამ ის პირველი წიგნი ყველაზე მეტად მიყვარს. მერე აღმოვაჩინე, რომ განსაკუთრებულიც არის, რადგან კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის ლოცვა-კურთხევითაა გამოცემული, 1963 წელს.

მომარაგების გამოთვლითი ცენტრის შემდეგ ლენინგრადის ფილიალში გადავედი, სადაც, მანამდე მამაჩემმა დაიწყო მუშაობა. იქ მომისწრო ეროვნულმა მოძრაობამ. ცხრა აპრილის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ „შავი სიები“ შეადგინა, სადაც, ცხადია, მეც მოვხვდი და გამომიშვა სამსახურიდან, ვითომდა, შემცირების საბაბით. შემდეგ ეს ფილიალი დაიხურა, გასაგები მიზეზების გამო. მისი ქონება კი დირექტორმა მიიტაცა.

ამის შემდეგ, ორი წელიწადი 1990-1992წწ. ვისწავლე ახალციხის სასულიერი სასწავლებელში. აქედან პირველი წელი საფარის მონასტერში გავატარე. მონასტრის ამბები, აღწერილი მაქვს მონოგრაფიაში „შვიდი თვე საფარის მონასტერში“, რომელიც არ დევს ბლოგზე და არც ვაპირებ მის დადებას, მაგრამ  იქ განვითარებული მოვლენები, მოკლედ მაქვს აღწერილი ჩემი წერილების ციკლში „მოვუხმოთ ჩვენს ღირსებას, მეგობრებო!“

სტუდენტობის პერიოდი

 


ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. სულ ხუთი წელიწადი გრძელდებოდა და მიხარია, რომ არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ არ შემეგრძნო მისით ტკბობა.

მე, ჩემი თანაკლასელი და მეგობარი  -- მანანა ქვარაია და კიდევ ორი თანაკლასელი ანტონ მგელაძე და დათო მეფარიშვილი ერთ კურსზე ვსწავლობდით.

  პირველ კურსზე მათემატიკურ ანალიზს იოთამ(ბიბი) ქარცივაძე გვიკითხავდა. ძალიან შემიყვარდა ეს საგანი, განსაკუთრებით, ზღვართა თეორია. ბიბი საოცრად თავისუფალი ადამიანი იყო. აუდიტორიაში მის ქარიშხალივით შემოიჭრას, თითქოს სუფთა ჰაერის ნაკადი შემოჰყვებოდა ხოლმე. მისი ლექციები სანახაობასავით იყო, იქვე გამოჰყავდა თეორემები. ასე მეგონა, რომ თვალის დახამხამებაში მთავრდებოდა ლექცია.

საოცრად დახვეწილი, თავშეკავებული ადამიანი იყო უმაღლესი ალგებრის ლექტორი -- ხვედრი ინასარიძე. მას, ბავშვობა და ყრმობა, საფრანგეთში, პარიზში ჰქონდა გატარებული. შემდეგ, 1990-91 წლებში, იგი უზენაესი საბჭოს წევრი იყო „მრგვალი მაგიდიდან“, რაც ძალიან მახარებდა.

მეოთხე კურსზე ფუნქციონალურ ანალიზს გვიკითხავდა, საინტერესო, მრავალმხრივ განათლებული ლექტორი -- გურამ ბერიშვილი. ეს საგანიც მომეწონა და კარგად მოვამზადე.

პირველ-მეორე კურსზე, ფიზკულტურის მასწავლებლები ყოველ კვირას(შაბათი არ იყო დასვენების დღე, ლექციები გვქონდა) აწყობდნენ ლაშქრობას. ძირითადად, უძოს მთაზე ავდიოდით ხოლმე. ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ, როგორ მიყვარდა ტყის ბილიკებზე, შეყვითლებული ფოთლების შრიალში სიარული... ალბათ, ოდესმე, „იქიდან“ თუ გამახსენდება დედამიწა, გავიხსენებ სწორედ ტყეებს,  კიდევ, კავკასიონის დათოვლილ მთებს, მწვანე წიწვებს შორის მოელვარე ლურჯ ცას; ვარსკვლავებს, რომლებითაც მოჭედილი იყო ზაფხულში თელავის ცა და... საქანელას, რომელიც ზოგიერთ ადამიანის გასაკვირად, ახლაც მიყვარს და თუ საშუალება მომეცა, ვქანაობ კიდეც :) 

მესამე-მეოთხე კურსზე კი, ჩვენ თვითონ, კურსელები, სხვადასხვა ჯგუფიდან, გავდიოდით ყოველ კვირას  ქალაქგარეთ, ბუნებაში.

კურსი სამ ჯგუფად იყო დაყოფილი, სხვადასხვა განხრით. „მოხეტიალე გუნდი“ ნაკრები იყო ამ ჯგუფებიდან.

მერაბ კვანტრიშვილი, ლინგვისტების ჯგუფიდან, ლექსებს გვიკითხავდა ხოლმე.  იცოდა გალაკტიონის, ლებანიძის, ვაჟას... მოკლედ, ბევრი პოეტის ლექსი, განსაკუთრებით კი, მე მგონია, მუხრან მაჭავარიანი უყვარდა, მისი თითქმის ყველა ლექსი იცოდა ზეპირად.

დღის ბოლოს ბიჭები უეჭველად ასუფთავებდნენ იმ ტერიტორიას, სადაც ვჩერდებოდით წასახემსებლად. ეს მაშინ ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა, მაგრამ, მერე და მერე, როცა ვხედავდი, თუ რა მდგომარეობაში ტოვებდნენ ადამიანები, გარემოს, დროსტარების შემდეგ, მაშინ დავაფასე და გამიკვირდა კიდეც ჩემი თანაკურსელების ეს მნიშვნელოვანი ჩვევა.

საერთოდ, ფეხით სიარული მიყვარს. რამდენჯერ წამოვსულვართ მე და ჩემი მეგობარი, მარინა კვაჭაძე, მაღლივი კორპუსიდან, ხან ჩემ სახლამდე(ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისამდე), ხან მარინას სახლამდეც კი(მაშინდელ ენგელსის ქუჩამდე). მარინა თავის ლექსებს მიკითხავდა ხოლმე გზადაგზა, ხან მეცნიერული კომუნიზმის, თუ რაღაც ამგვარი საგნის ახსნას ცდილობდა ჩემთვის, რასაც, მათემატიკისგან განსხვავებით, ისხლეტდა ჩემი ტვინი :) თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ კურსზე ლენინის რამდენიმე ნაშრომი, პირდაპირ მისი ტომეულებიდან დავამუშავე :) მაგალითად, „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“, და სულ მაკვირვებდა იმ კაცის უნარი, ერთიდაიგივე აზრით, ოღონდ, სიტყვათა მრავალჯერადი გადანაცვლებით შედგენილი წინადადებებით შეევსო ფურცლები.

დიპლომის დაცვის დღეს კი საარაკო რამ დამემართა. უნივერსიტეტში მისულმა აღმოვაჩინე, რომ სადიპლომო ნაშრომი დამრჩა შინ. სასწრაფოდ გამოვიქეცი სახლში, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გასაღები დამრჩა ჩანთაში, რომელიც მეგობრებთან დავტოვე. არადა, სამუშაო დღეა, შინ არავინაა! „გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო“, მოგეხსენებათ, ნათქვამია, და სასოწარკვეთილი სართულებზე რომ ჩამოვდიოდი, მეზობლების საკეტების თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ მესამე სართულზე მცხოვრებ ოჯახს ჩვენნაირი საკეტი ჰქონდა და ჩემს ბედზე, შინ იყვნენ... 

მაგრამ, ამდენ ნარბენ-ნანერვიულებს, რაღა მომეკითხებოდა. ჰოდა, ჩემივე დაწერილ, მთელი წლის ნაშრომ-ნაწვალებ დიპლომში ოთხიანი დავიმსახურე(მაშინ სისტემა ხუთბალიანი იყო) :)

სტუდენტობის ყოველი დღე და წუთი ძვირფასია ჩემთვის. ამის შემდეგ, ასევე ბედნიერი და  დაუვიწყარი პერიოდია ეროვნული მოძრაობის წლები.