ეს ორი ლექსი ერთდროულად მომიფრიდა, 30 ოქტომბერი რომ თენდებოდა, გამთენიის
ოთხ საათზე. თუმცა შემდეგ მათზე გარკვეული
მუშაობა დამჭირდა. საბოლოოდ კი, აი, რა გამოვიდა.
გზა
ეძღვნება იმ ერთადერთს, ვინც მარად ჩემთან არის და
თანაც--ყველგან.
ჩემს სამღერ სიმღერას ვერავინ იმღერებს,
ჩემს სათქმელ ლექსს კი ვერავინ იტყვის,
ჩემს სავლელ ბილიკზე ვერავინ გაივლის,
რადგან ის სად მიდის, არავინ იცის.
მივყვები, მივყვები, ამ ბილიკს ნელა,
ხან ცივა, ხან ცხელა, ხანაც კი ბნელა,
ხან ვტირი, ხან ვმღერი, მაგრამ სულ მჯერა,
რომ მარტო არა ვარ, რომ ჩემთან შენ ხარ.
ბევრია სავლელი ტყეში და ღრეში,
აღმართზე, დაღმართზე, მთასა თუ ხევში,
წვიმაში თოვლ-ჭყაპში, ქარსა და მზეში,
ბოლოს კი ბილიკი მიმიყვანს მე შინ.
ცეცხლოვანი რაში
ჭაობისფერი მოსასხამი მოაპობს ჰაერს,
მეწამული თმა გაუშლია იდუმალ მხედარს,
ვის გაუბედავს ამხედრება ცეცხლოვან რაშზე,
ან ამ წყვდიადში, ამ ქროლვაში, რამეს თუ ხედავს?
მოაპობს სივრცეს ცეცხლის ფრქვევით ამაყი რაში,
მყის გადასერავს დედამიწას ერთი ნახტომით,
ყველა უწმინდურს ამობუგავს მგზნებარე ალში,
და გაანათებს ამ ქვეყანას სხივი მნათობის.
გამობრწყინდება იდუმალი მაშინ მხედარი,
წითურ დალალებს დაუვარცხნის ცელქი ნიავი,
მწვანე მოსასხამს ამოავლებს კამკამა წყალში,
და გადახედავს არემარეს ჩუმი სიამით.
ზურმუხტთვალება თეთრ-ყირმიზი ნაზი ქალწული,
მარად უბიწო, მარად ნორჩი და მარად მშვიდი...
გადმოულახავს ცხრა მთა, ცხრა ზღვა, და ცხრა სამყარო,
რომ გადაუხსნას კაცთა მოდგმას სამეფო შვიდი.
პირველს საფუძვლად აქვს სიმართლე და სამართალი,
მათი წყურვილი აპოვნინებს მგზავრს მის ბილიკებს.
მეორის მტკიცე საფუძველი არის წყალობა,
ჩვილებს და ნორჩებს გადაუშლის თავის თილისმებს.
მესამე ტახტი -- კრძალულების და მოწიწების,
რაც შობს სიწმიდეს და სიმტკიცეს, ზნეობის დედას.
მეოთხე ტახტი არის ნდობის, ანუ მინდობის,
ვინც ფლობს ამ ნიჭებს, განუქარვებს ყოველგვარ სევდას.
მეხუთე არის უშიშობის და სიმამაცის,
მათი მიღწევა შეუძლია მხოლოდ იმ რჩეულს,
ვინც გადალახავს ეჭვისა და სიზანტის მორევს,
შეუპოვრობით მიადგება საყუდელს ეულს.
მეექვსე ტახტის საფუძველში დევს მარგალიტი
და მას სახელად უწოდებენ მადლიერებას.
ამ ექვსი ტახტის ფლობის შემდეგ გვეძლევა სიბრძნე,
რწმენა ურყევი, სიხარული, სახიერება.
მეშვიდე ტახტის საფუძველი და თვით მწვერვალი
არს ბრილიანტი, უზადო და თვალისმომჭრელი,
და ყველა ხვდება, რომ სიყვარულს ვგულისხმობ მე, აქ,
მშვიდია მართლაც, ბედნიერი მისი მფლობელი.
განმარტება
ვფიქრობდი,
საჭირო იყო, თუ არა ლექსების განმარტება. ბოლოს მაინც გადავწყვიტე დამეწერა.
პირველ
ლექსს ბოლოდან დავიწყებ. „შინ“ არის გულისგული, სადაც ადამიანის სული, ღმრთის ნაპერწკალია
დავანებული. მასთან მისასვლელი გზა ვიწროა და შინაგანი წინააღმდეგობებით, ათასგვარი
შიშებით თუ ეჭვებით სავსე...
ეს
„ბილიკი“, ხანდახან, უფსკრულზე დაკიდებულ ბეწვის ხიდს წააგავს...
ყოველგვარ წინააღმდეგობას თანდათან გადალახავს ის ადამიანი, ვისაც „შია და სწყურია“ „შინ“ მისვლა.
მეორე
ლექსი ალბათ უფრო ადვილია, რადგან ყველაფერი პირდაპირ არის
ნათქვამი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მომავალი 2026 ცეცხლოვანი ცხენის წელიწადია. მჯერა,
რომ ეს წელიწადი ბედნიერი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც --
1918, 1978, 1990. ყველა ეს წელი ცხენისა იყო...
იდუმალი
მხედარი, მარად ნორჩი, მწვანე მოსასხამში,
სამეფო ფერის მეწამული თმით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თავად მაცხოვრის მიერ
აღთქმული ნუგეშინისმცემელია...
ქვეყნის
თავისუფლება მისი შვილების თავისუფლებაზე გადის. თავისუფლების მოპოვების გზა კი --
აღნიშნულ სამეფოებზე. რთულია ეს გზა, ვიწრო და ეკლიანი, როგორც საღმრთო წერილი გვაფრთხილებს,
თუმცა, იქვე გვანუგეშებს კიდეც: „ჩემი უღელი ტკბილია და ჩემი ტვირთი -- მსუბუქი“. დედამიწა, ანუ ეს ქვეყანა ჩვენი გულია. მთავარია, მოვინდომოთ, ნუგეშინისმცემელი ამობუგავს ყველა უწმინდურებას ჩვენი გულიდან.