Sunday, October 6, 2024

მე და სკოლა

 

მწერლები ძირითადად თხზავენ თავიანთ პერსონაჟებს. მე გადავწყვიტე დავწერო იმ ადამიანებზე, რომლებმაც კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაზე. ზოგს არც შევხვედრივარ, მაგალითად, ჩემს წინაპრებს, რომლებიც ჩემს დაბადებამდე წავიდნენ ამ ქვეყნიდან; ზოგიერთმა დიდი მონაწილეობა მიიღო ჩემს აღზრდაში. ზოგი ჩემი მასწავლებელი იყო სკოლაში თუ უნივერსიტეტში, ზოგი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, ნაცნობი. თითოეული მათგანი უნიკალური ადამიანია ჩემთვის, თავისი არსით.

ვისაც ეს ზედმეტად, უმნიშვნელოდ ან მოსაწყენად მოეჩვენება, ვთხოვ, უბრალოდ, ნუ წაიკითხავს :)

ვიწყებ სკოლის პერიოდით.

მე და სკოლა

ბევრჯერ მითქვამს და ალბათ, დამიწერია კიდეც, სკოლა არ მიყვარდა მეთქი, და როცა დავამთავრე, უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, ახლა რომ დავფიქრდი, სულ რამდენიმე მასწავლებელი შემხვდა ათი წლის მანძილზე(ბედმა გამიღიმა და ათი წელი ვსწავლობდი), რომლებმაც შემაძულეს სკოლაში სიარული, მათ შორის ერთს, დამსახურებული პედაგოგის წოდება ჰქონდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ ტყუილად აკარგვინებენ ახლა ბავშვებს დამატებით ორ წელიწადს. სრულიად საკმარისია ათი წელი, თუ გამართული სასწავლო პროგრამა და პროფესიონალი პედაგოგები იქნებიან.

სკოლაში შვიდი წლის შემიყვანეს 1962 წელს, მაგრამ, რაკი ნოემბრის ბოლოს ვარ დაბადებული, სამიოდე თვეში უკვე რვისა გავხდი, ასე რომ  თითქმის ერთი წლით ჩემზე უმცროს ბავშვებთან ერთად ვსწავლობდი :) დედამ წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე მასწავლა. თუმცა ამას ჩემთვის სწავლის ინტერესი არ გაუნელებია. ახლაც კი, ამ ასაკში, ახლის სწავლის და გაგების სურვილი, ზოგჯერ, ისეთ შინაგან ჟრჟოლას იწვევს ჩემში, როგორსაც მაშინ იწვევდა, პირველად რომ მიმიყვანა დედამ 62-ე საშუალო სკოლაში, ჩემი პირველი მასწავლებლის გასაცნობად.

სკოლა საკმაოდ დიდი იყო და რამდენიმე პარალელური პირველი კლასი გაიხსნა იმ წელსაც. მე გავხდი პირველი პირველი კლასის მოსწავლე, ჩემი კლასის დამრიგებელი იყო აგრაფინა ლეშკაშელი. ხანდაზმული, გამხდარი, საკმაოდ მკაცრი, მაგრამ,  სამართლიანი მასწავლებელი. იმდენად საინტერესო და სასიამოვნო იყო ჩემთვის მასთან სწავლის ორი წელი, რომ დიდი ხნის შემდეგ, როცა ვიხსენებდი, ასე მეგონა, თითქოს არც ერთი მოღრუბლული და ქარიანი  დღე არ ყოფილა იმ პერიოდში. ახლაც სულ მზით განათებული დიდი საკლასო ოთახი მიდგება თვალწინ. მისი გაკვეთილები ფერადი და სურნელოვანი იყო. იაკობ გოგებაშვილის დედა ენამ საქართველოს მთა-ბარის,  ტყე-ველის, ბაღ-ვენახის, თავთავის ყანისა და ოქროსფერი შემოდგომის ბარაქის, ენით გამოუთქმელი ერთიანი განცდით ამავსო, რომელსაც ვერავითარი გრძნობა შეედრება.

 

***

„იზარდე მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო,

იხაროს მისმა მარჯვენამ, ვინც გთესა, მოგიყვანაო“...

***

„შემოდგომა გაგვეპარა,  მიილია, მიიწურა,

ვენახები დაიკრიფა, დასაწური დაიწურა“...

***

 ხანდახან ასე მეგონა, კლასში მხოლოდ მე და ჩემი აგრაფინა მასწავლებელი ვიყავით და მხოლოდ ჩემთვის ატარებდა გაკვეთილს. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ პირველ მერხზე ვიჯექი, როგორც ტანით პატარა, კაფანდარა მოწაფეს შეეფერება :)

ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ წარიმართებოდა ჩემი შინაგანი ცხოვრება, ჩემი მშობლები მოსკოვში რომ დარჩენილიყვნენ საცხოვრებლად, როგორც ეს მამაჩემს უნდოდა, ან დედა რომ დათანხმებოდა მის სურვილს და რუსულ სკოლაში შევეყვანე...

მეორე კლასში რუსულის სწავლა დავიწყეთ. ცისანა ლეჟავა გვასწავლიდა. წლების შემდეგ გავიაზრე, რომ ეს მისი მშობლიური ენა იყო. მალე მას დეკრეტულმა შვებულებამ მოუწია და უკვე მეშვიდე კლასში ვიყავით, როცა დაგვიბრუნდა. იმ დროს პუშკინს გავდიოდით და მახსოვს, დუელის ამბავს რომ გვიყვებოდა, ცრემლები წამომივიდა. ისე შემაყვარა პუშკინი, რომ მისი არასაპროგრამო ლექსებიც  ზეპირად ვიცოდი და პროზაც კი წავიკითხე.

მეორე კლასში რომ ვიყავი, ინგლისურის წრე გაიხსნა სკოლაში და დედამ შემიყვანა. დიდი სიამოვნებით დავიწყე სწავლა, და როგორც მასწავლებელი ამბობდა ძალიან კარგი გამოთქმა მქონდა, თუმცა რატომღაც მალე შეწყდა მეცადინეობა. შესაძლოა, მასწავლებელი სხვაგან გადავიდა, არ ვიცი. მე კი ძალიან შემიყვარდა ინგლისური ენა და შემდეგ, პერიოდულად ვუბრუნდებოდი ხოლმე მის მესწავლას.


მეორე კლასი. აგრაფინა ლეშკაშელი და ცისანა ლეჟავა.

 

მესამე კლასში, კლასის ხელმძღვანელობა ეთერ წიფურიამ გადაიბარა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ის იყო დედაჩემისა და მამაჩემის თანაკურსელის, ვალო ნასყიდაშვილის მეუღლე. საკმაოდ მიმზიდველი, მუდამ ლამაზად ჩაცმული, სამკაულებით გამშვენებული ქალი. განსაკუთრებით უხდებოდა ყელზე მომდგარი მარგალიტის მძივი. მისი დამსახურებაა, ასე თუ ისე, ნორმალური კალიგრაფია რომ მაქვს. იმ წელს გადავედით ცალხაზიან რვეულებზე(მანამდე ბადიან რვეულებში ვწერდით და არ მიძნელდებოდა). ჰოდა, ისე აცაბაცა დავწერე პირველად, რომ ორიანიც გავირტყი. თუმცა შემდეგ, ვარჯიშმა და ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და კარგადაც ვწერდი.

რუსულს მესამე კლასიდან მეშვიდემდე ვენერა ონიანი გვასწავლიდა. ის იყო სკოლის დირექტორის, გრიშა ონიანის რძალი(ძმის ცოლი). ათწლეულების შემდეგ, როცა წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ვკითხულობდი(მედავითნედ ვიყავი), ვენერა მასწავლებელმა დაიწყო ამ ტაძარში სიარული და რამდენჯერმე მსახურებაშიც მიიღო მონაწილეობა, ფსალმუნების კითხვით(ცხადია, ტაძრის წინამძღვართან შეთანხმებით). ტაძრის მრევლის ზოგიერთი წევრი ამით უკმაყოფილო დარჩა. მე კი მიმაჩნდა, რომ ყველას, ვისაც სურდა, უნდა მისცემოდა მსახურებაში მონაწილეობის საშუალება, ძველი ქრისტიანული წესის შესაბამისად. თუ წინამძღვარი ნებას რთავდა, მე სიამოვნებით ვაძლევდი ყველას ამის საშუალებას და ვეხმარებოდი ტიბიკონის სწავლაში.

შემდეგ, მე და ვენერა მასწავლებელი დავმეგობრდით. მან ქვემო სვანეთშიც წამიყვანა. მისმა ვაჟებმა გაგვაცილეს თბილისიდან, რომლებიც ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ძალიან პატარები იყვნენ. მისი მეუღლის სოფელს ერქვა სასაში. ათი დღე, თუ ორი კვირა ვიყავი. ყოველდღე ვსეირნობდით ულამაზეს ბუნებაში, მივდიოდით ახლომდებარე ტყეში. ეს ენით აუწერელი სიამოვნება და შვება იყო ჩემთვის, დამღლელი, თბილისური ცხოვრების შემდეგ. ძალიან კარგი მეზობელ-ნათესავები ჰყავდა, გამაცნო. ერთი ჩემი სეხნია იყო, ნატო ერქვა. ვენერა მასწავლებელი მიყვებოდა თავისი ახალგაზრდობის წლებზე(ქალიშვილობის გვარიც მითხრა, მაგრამ, დამავიწყდა), ოჯახზე, შვილებზე, წლების წინ გარდაცვლილ მეუღლეზე. მერე მე წამოვედი თვითონ დარჩა, ქალიშვილს ელოდებოდა, უნდა ჩამოვიდესო მეუღლესთან ერთად, მათ შვილი არ ჰყავდათ და  ძალიან განიცდიდა ამას. 

  [ZB1] 


მესამე კლასი. ეთერ წიფურია და ვენერა ონიანი. ეთერი მასწავლებლის მარცხნივ, ჩემი ბავშვობის მეგობრები, ნინო ვაჩაძე და  ქეთინო ბუღულაშვილი; ვენერა ონიანის მარჯვნივ, მარინა კილასონია, რომელიც ჩემს მხარეს ცხოვრობდა და ხშირად ერთად ვბრუნდებოდით შინ; კილასონიას მარჯვნივ -- მანანა მარგიშვილი, ლიანა ნიაური და მარინა მიკირტუმოვა; ქვემოთ ჩემს გვერდით მარინა თვაური, ასევე ბავშვობის მეგობარი; ნანა ოძელაშვილი, მარინა მებურიშვილი და მანანა ლომიძე. მანანაც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა; ვენერა მასწავლებლის უკან -- ლიანა პეტრიაშვილი, ხოლო სულ ზემოთ, მარჯვნიდან მეოთხე, მარინა ოხანაშვილი, ბოლო ორი ფრიადოსანები იყვნენ; პეტრიაშვილის მარცხნივ -- ზამირა ჯამაგიძე და მარინა ხმალაძე; ოხანაშვილის მარცხნივ -- ნანა ჯავახაძე, ნინო მახარაშვილი, დარეჯან კეკელია, მარინა ცირეკიძე.

კლასში შვიდი მარინა გვყავდა :) 

ბიჭების გვარები ზოგიერთის მახსოვს, ზოგის კი, ჩემდა სამარცხვინოდ, არა, ამიტომ არ ვწერ.

 

***

მეოთხე კლასში ჩემი ქართული ლიტერატურის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი იყო ანგელინა ხუროშვილი. გაკვეთილს რომ გვიხსნიდა, მის მიერ მონათხრობი ამბავი კადრებად მიდიოდა თვალწინ და ასე მეგონა, მეც შემეძლო მაშინვე მომეყოლა. თან მის მაჯაზე მოქანავე ძეწკვს არ ვაცილებდი თვალს, რომელსაც მომწვანო ფერი დაჰკრავდა და საათის სამაჯურზე იყო შებმული.  ანგელინა მასწავლებელი შავ ტანისამოსს ატარებდა. ალბათ, ახლობელი ჰყავდა გარდაცვლილი.

მეოთხე კლასში არითმეტიკა ცალკე საგნად გამოიყო და გვასწავლიდა მერი სპარსიაშვილი. ძალიან კარგად გვიხსნიდა და მკაცრადაც გვთხოვდა.  სულ ერთი წელი გვასწავლა, მაგრამ, საუკეთესოდ ავითვისე, ის მასალა, რომელსაც მეოთხე კლასში გავდიოდით.

მეოთხე კლასში დაგვემატა, ასევე, ახალი საგანი ბუნებისმეტყველება, რომელსაც ნელი ტაბატაძე გვასწავლიდა. ძალიან მკაცრი იყო, საინტერესოდ გვიხსნიდა და მოითხოვდა კიდეც ჩვენგან ცოდნას.

მახსოვს, ერთხელ ფიზკულტურის გაკვეთილზე წავიქეცი. ეზოში გვიტარდებოდა. ჰოდა, ხელი გადავიქლიშე იდაყვთან. მაშინ სკოლაში სამედიცინო პუნქტები გვქონდა. ექთანად იყო ჩემი მეგობრის, ნინო ვაჩაძის დედა, ქეთო დეიდა. მან ხელი გადამიხვია და დაგვიანებით შევედი ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. არ ვიცი, მასწავლებელმა რა იფიქრა, არ დამსვა და პირდაპირ გაკვეთილის მოყოლა მომთხოვა. კარგად მქონდა ნასწავლი და მოვყევი. ხუთიანი დამიწერა.

საერთოდ, ნიშნები ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა და დედაჩემიც არასოდეს მოითხოვდა, რომ მაღალი ნიშნები მქონოდა, მით უმეტეს, მამაჩემი, რომელიც ამ მხრივაც, და ჩაცმის მხრივაც ლიბერალი იყო :) ჩემი მშობლებისთვის მთავარი იყო ცოდნა მიმეღო და პასუხისმგებლობის გრძნობა მქონოდა, რაც ადამიანში ღირსების აღზრდის საწინდარია. თუმცა, მაღალ კლასებში იყო საგნები, რომლებსაც შეგნებულად არ ვსწავლობდი. ასე გამოვხატავდი პროტესტს არასასურველი პედაგოგების მიმართ.  ცხადია, ეს, მხოლოდ ჩემთვის იყო საზიანო, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ამდენი არ მესმოდა...

საერთოდ, მებრძოლი ვიყავი და რაც უსამართლოდ მიმაჩნდა, ყოველთვის ვაპროტესტებდი. ცხადია, ამის გამო ბევრ უსიამოვნებასაც გადავყრივარ. დედაჩემი ამბოდა ხოლმე, სტალინის პერიოდში რომ გეცხოვრა, შენც დაგაპატიმრებდნენ და ჩვენც, შენს მშობლებსო.


მეოთხე კლასი. ნელი ტაბატაძე, ანგელინა ხუროშვილი, ვენერა ონიანი და ისტორიის მასწავლებელი კაკო კივილაძე. ამ სურათზე მე არ ვარ. მაგრამ ნინო ვაჩაძემ, რომელიც ტაბატაძის გვერდით ზის, ჩემთვისაც იზრუნა.

 

მეხუთე კლასში დავიწყეთ ქართული ენის გრამატიკის შესწავლა და ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი იყო რუსუდან ნატროშვილი, ბრწყინვალე პედაგოგი, რომელმაც ორი წელი გვასწავლა. მან ჩამომიყალიბა მეტყველების კულტურა. მისი დამსახურებით, თავიდანვე ადვილად ავუღე ალღო და ძალიან შემიყვარდა ქართული ენის გრამატიკა, რომელიც, როგორც დედაჩემი ამბობდა(მასაც ძალიან უყვარდა ეს საგანი), მათემატიკასავით ლამაზად აწყობილ კოშკს ჰგავდა.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან გამიმართლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ყველანი, საუკეთესონი მყავდა და ისე მასწავლეს, რომ ფილოლოგიც კი ვგონებივარ ხოლმე,  ხანდახან, ზოგიერთს.


მეხუთე კლასი. რუსუდან ნატროშვილი და ვენერა ონიანი.

 

ამ წლებში ძალიან სუსტი მათემატიკის მასწავლებელი გვყავდა და დედაჩემის დახმარება რომ არა, შესაძლოა, შემძულებოდა კიდეც ეს საგანი, უფრო ზუსტად, საგნები, ალგებრა და გეომეტრია.

მეხუთე კლასში დავიწყეთ, აგრეთვე უცხო ენა და მე ფრანგულის ჯგუფში მოვხვდი. გვასწავლიდა საუკეთესო პედაგოგი მერი ხატიაშვილი, რომელმაც პირველივე გაკვეთილებზე წინადადებების შედგენა გვასწავლა და აგვალაპარაკა. ერთი ასეთი სასაცილო შემთხვევაც მახსენდება. ჩემი თანაკლასელი, მერაბ ღონიაშვილი  ყვებოდა დილით როგორ გაემზადა სკოლაში წამოსასვლელად:

-- დავლიე ჩაი, კარაქიანი პურით -- ყველაფერი ეს ფრანგულად თქვა. -- და ავეკ „პავიდლო“ :)

ჩვენდა სამწუხაროდ, მერი მასწავლებელი, როგორც ფრანგული ენის საუკეთესო მცოდნე, ალჟირში მიავლინეს და იქ დამთავრდა ჩემი ფრანგულის სწავლა. ერთხანს მას წერილებსაც ვწერდი. თავდაპირველად, ფრანგულად დავწერე და ჩემი გულუბრყვილობით, ფრანგულის ახალ მასწავლებელს ვთხოვე, შეცდომები თუ არის, შემისწორეთ მეთქი. ის კი გაბრაზდა, წერილი უხეშად მომიგდო და მითხრა: ვალდებული არ ვარო. მერე ქართულად დავწერე და პასუხიც დამიბრუნა. ახლაც შენახული მაქვს მისი გამოგზავნილი წერილი და ღია ბარათი ალჟირის ხედით.

*************************

სკოლის დამთავრებისას, უკვე ისე ჩამორჩენილი ვიყავი ფრანგულში, რომ საჭირო გახდა დამატებითი მეცადინეობა და მოვნახე ჩემი მერი მასწავლებელი. ის უკვე დაბრუნებულიყო ალჟირიდან და ჩამიტარა რამდენიმე კერძო გაკვეთილი. ძალიან გული დასწყდა, მითხრა, დარწმუნებული ვიყავი ფრანგულ ენას აირჩევდი სწავლის გასაგრძელებლადო. მაგრამ, მე მაშინ უკვე მათემატიკურ სკოლას ვამთავრებდი და გადაწყვეტილი მქონდა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა სწავლა.

ოთხმოცდაათიან წლებში, კიდევ შევხვდით ერთმანეთს აღმოჩნდა, რომ ჩემი ნათლულის -- მავრას შვილთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთ სკოლაში და საგანგებოდ წავედი მის სანახავად. მაშინ უკვე საკმაოდ ხანდაზმული იყო. მერე მითხრეს, რომ მისი უკანასკნელი სურვილი ყოფილა კრემაცია, რაც არ შეუსრულეს, რელიგიური მოსაზრებების გამო. საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა და მემკვიდრეობა დისშვილებმა მიიღეს.

62-ე სკოლას ისე ვერ დავემშვიდობები, ფიზკულტურის მასწავლებელი, ნოე რომ არ გავიხსენო. ხანდახან ნებას გვრთავდა ხოლმე, არ გინდათ ფორმის ჩაცმა, კაბებით იყავითო. ხან კი, როცა ვთხოვდით:

-- მას, კაბებით გამოვალთ.

ხმამაღლა დაიძახებდა:

-- ზონტიკები დაიჭირეთ ხელში, ზონტიკები, და ისე გამოდით!

 

მერვე კლასიდან გადავედი 42-ე საშუალო, მათემატიკურ სკოლაში.

მერვე-მეცხრე კლასში მათემატიკას გვასწავლიდა ჯონდო ცინცაძე, ძალიან კარგი პედაგოგი. იმდენ დავალებებს გვაძლევდა, რომ ზოგჯერ ღამის პირველ-ორ საათამდეც კი ვხსნიდი ხოლმე ამოცანებს და მაგალითებს, ამიტომ, ჯერ სხვა გაკვეთილებს  ვსწავლობდი.

ჯონდო მასწავლებელს სიარულისა და ლაპარაკის დამახასიათებელი მანერა ჰქონდა. ჩემთვის ადვილი იყო მისი განსახიერება და კიდეც ვაკეთებდი ამას, ცხადია, უბოროტოდ და მხოლოდ შინაურებთან, რადგან მას დიდ პატივს ვცემდი. დედაჩემი პირველად რომ წავიდა მშობელთა კრებაზე, ახალ სკოლაში, შინ დაბრუნებულმა მითხრა, როგორც კი შევიხედე სამასწავლებლოში, მაშინვე ვიცანი შენი მათემატიკის მასწავლებელი და ძლივს შევიკავე სიცილიო. ადამიანების მიბაძვა მასაც საკმაოდ ეხერხებოდა.

მეათე კლასში, სკოლის დირექტორი, ოთარ ღაღანიძე გვასწავლიდა მათემატიკას. დავალებებს კი გვაძლევდა, მაგრამ არ გვიმოწმებდა, ამიტომ, ზოგჯერ კლასში მხოლოდ მე და კოტე შალამბერიძეს გვქონდა ხოლმე დავალება შესრულებული.

ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, მთელი სამი წლის მანძილზე, იყო ფატი საგინაშვილი, რუსულის მასწავლებელი. მისი შვილი, ალეკო ჯინჯიხაძე ჩემი თანაკლასელი, ძალიან გულწრფელი, ხალისიანი და კონტაქტური ყმაწვილი იყო. ერთ მხარეს ვცხოვრობდით და ხშირად ავტობუსით ერთად გვიხდებოდა მგზავრობა.

ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი მარიკა ჩლაიძე. მისი შვილიც, მარინა ზარდიაშვილი, ჩემი თანაკლასელი იყო და იმ წლებში, კიდეც ვმეგობრობდი  მასთან. მარიკა მასწავლებელმა იცოდა, რომ ძალიან დატვირთულები ვიყავით მათემატიკის დავალებებით და ყველანაირად გვიწყობდა ხელს. თუმცა ისე, რომ პროგრამას არ აზარალებდა.  ცდილობდა გაკვეთილზევე მაქსიმალურად აგვეთვისებინა ახალი მასალა. გვაწერინებდა საინტერესო თავისუფალ თემებს.

მეათე კლასში ისე აღარ ვიყავით გადატვირთულები, იმ პერიოდში  ბევრი არასაპროგრამო ლექსიც  ვისწავლე ზეპირად, განსაკუთრებით, გალაკტიონის ლექსები, და მხატვრული ლიტერატურის კითხვასაც ვახერხებდი.

 


მეათე კლასი. მასწავლებლები: ფატი საგინაშვილი, ლევან მნათობიშვილი, ისტორიის მასწავლებელი;სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი -- ოთარ ღაღანიძე, ინგლისურის მასწავლებელი -- მერი, რომლის გვარი არ მახსოვს, რადგან მე ფრანგულის ჯგუფში ვიყავი; ქიმიის მასწავლებელი -- ქეთო ტუსკია, ნათელა ჩაჩავას გვერდით, მარიკა ჩლაიძე.

ზემოდან: ანტონ მგელაძე, ზურა კაპანაძე, ანზორ სახვაძე, ჯიმშერ ქუბრიაშვილი, ჯემალ ჩაჩუა, მერაბ ეჯიბია, ალეკო ჯინჯიხაძე, არჩილ გოგშელიძე; სოსო ფირადაშვილი, ლევან ფალავანდიშვილი, კოტე შალამბერიძე, დათო მეფარიშვილი, ბიძინა გუნია, ავთო კახნიაშვილი; ნათლა ჩაჩავა, ნათლა ცქიტიშვილი, ნინო გვარამაძე, მე :), მანანა ქვარაია, ირინე შუბლაძე.

 

დაბოლოს, იმ მასწავლებლებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომელთა გამოც სკოლის დამთავრებისას  უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს. ამ გადასახედიდან ვხედავ, რომ მათ დიდი როლი შეასრულეს ჩემი სულის განმტკიცებაში. მათი წყალობით აღმოვაჩინე, ამ ქვეყანაზე, ისეთ ადამიანთა არსებობა, რომლებმაც შესაძლოა მოწმენდილ ცაზე აგითვალწუნონ და მოინდომონ შენი დაჩაგვრა. თუმცა, დაჩაგრულად არასოდეს მიგრძვნია თავი, რადგან მათმა მცდელობამ კრახი განიცადა. ზოგჯერ, ასე მგონია, არაპროპოციულ ძალასაც კი ვიყენებდი :). მოკლედ, როგორც ჩანს, ნიუტონის მესამე კანონი მტკიცედ მუშაობდა ჩემში :)

ასე რომ დიდი მადლობა ყველა მათგანს და დიდი მადლობა არსთა განმგებელს იმ გზისთვის, რაც გამატარა.

 

 


 [ZB1]